მთავარი,სიახლეები

„ახლა სასამართლოს დროა. ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება“ – მზია ამაღლობელი

04.08.2025
„ახლა სასამართლოს დროა. ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება“ – მზია ამაღლობელი

4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვით მიმართა სასამართლოს. „ბათუმელები“ თითქმის სრულად გთავაზობთ მის მიმართვას. 

„მიხარია, რომ ისევ ვხედავ ჩვენს მეგობრებს, ოჯახს, გულშემატკივრებს, თუმცა უხერხულობის განცდაც მაქვს, რომ ისევ მოგიწიათ სასამართლო დარბაზში მოსვლა. ერთხელ მახსოვს, ვთქვი, რომ სხდომიდან სხდომამდე ისე ვითარდება პროცესები გარეთ, რომ ჩემს საქმეზე და პატიმრობაზე ვერ ვკონცენტრირდები-მეთქი. ასეა ამ შემთხვევაშიც.

4 აგვისტო მონიშნული მქონდა, როგორც თარიღი, როცა ნინო დათაშვილის – სინდისის პატიმრის, მარტოხელა დედის -აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უნდა ემსჯელა სასამართლოს.

ნინო იმ პენიტენციურ დაწესებულებაშია, სადაც მე ვარ. თუმცა ისეთ პირობებში ვართ, შემთხვევითაც კი ვერ გადავეყრებით ერთმანეთს. მას სოლიდარობის ნიშნად წიგნიც კი ვერ შევუგზავნე. თვეზე მეტია, ჩემს საკანშია მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი“, წარწერით – ნინო, გამაგრდი, მარტო არ ხარ!

მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ პროკურატურა ნინოს ფსიქიატრიულში გამოკეტვას უპირებს, სრულიად ჩამოვიშალე. მიჭირს გავიხსენო, მორალისგან ასეთი დაცლილი გარემო კიდევ როდის იყო. შემდეგ გამახსენდა ნინოს სიტყვები: „მე მსხვერპლი არ ვარ“ და დალაგდა ყველაფერი. აზრის სიცხადე დავიბრუნე. მჯერა, ნინო ამ გამოწვევას გაუმკლავდება და რეჟიმიც საკადრის პასუხს მიიღებს.

ისე, ბატონო პროკურორებო, ბრაზის და უსამართლობის გამო, ზოგჯერ მეც ამიწყლიანდება, მიცრემლდება თვალები, ხმაში ბზარიც მიჩნდება, ენაც მებმება ზოგჯერ და სიტყვებსაც ვერ ვპოულობ. რას ფიქრობთ, ჩემი ეს მდგომარეობა ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ხომ არ საჭიროებს?

ჩემს საბოლოო სიტყვაში სათქმელი ბევრი საკითხი, დათაშვილის ფაქტის გამო, უმნიშვნელო გახდა.

ძალიან მინდოდა, მესაუბრა „ნეტგაზეთის“ და „ბათუმელების“ მისიაზე, მიუკერძოებლობაზე. თან ბატონი პროკურორი მიუთითებდა პასუხისმგებლობიან ჟურნალისტიკაზე და თქვენთვის, ბატონო თორნიკე [მიმართავს პროკურორ თორნიკე გოგეშვილს], რამდენიმე მაგალითიც მქონდა, როცა აკრძალულ ადგილას გადაღებულ ფოტოს, დამალული ინფორმაციის და მავნე პრაქტიკის გასაჯაროებას საზოგადოებისთვის რა სიკეთე მოაქვს. ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებების მაგალითები მქონდა. ამ გამოძიებების საფუძველზე კანონში ცვლილებები შესულა და კონკრეტული მოქალაქეების სიცოცხლეც გადარჩენილა.

ძალიან მინდოდა, დღეს უფრო ვრცლად მესაუბრა სოლიდარობის მნიშვნელობაზე და რუსული კანონის მავნებლობაზე – იმ კანონის, რომელსაც რუსულს ვეძახით და მართლაც რუსულია. თუმცა დღეს ძალიან მოკლედ მხოლოდ იმ საკითხებს გაგიზიარებთ, რომელზეც აუცილებლად მხოლოდ მე უნდა ვთქვა.

საქმის სამართლებრივ ნაწილზე ადვოკატებმა ამომწურავად ისაუბრეს. ვფიქრობ, სასამართლოსაც და საზოგადოებასაც ამის დანაკლისი არ აქვს. არ უნდა ჰქონდეთ, ყოველ შემთხვევაში.

პირველი, რაზეც საბოლოო სიტყვის ფორმატში მინდა ვისაუბრო, პროკურატურის მხრიდან შემოთავაზებული საპროცესო გარიგებაა.

იქ, სადაც მეშვიდე თვეა უკანონოდ გამოკეტილი ვარ, ბევრისთვის საპროცესო გარიგება სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია. ვერასდროს დავივიწყებ იმ პატარა გოგოს ტირილს, – „დედა მენატრება, დედასთან მინდა“, – რომლის ხმა ჩემს საკანშიც აღწევდა. როცა გავიგე, რომ ამ გოგოს მშობლები პროკურატურასთან საპროცესო გარიგებას აწარმოებდნენ, ძალიან გამიხარდა.

ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. პირიქითაა.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. შემოთავაზებაც კი ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის. ახალს ვერაფერს ვიტყვი, ადვოკატებმა ჩემი პოზიცია უკვე გაახმოვანეს, რომ არა და ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო გარიგებას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, ის არ იყო თავდასხმა. სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა და შეფუთვა ბოროტებაა. რა სამართალია, მე პირადად არ ვიცი.

7 თვეა, ამაზე ვფიქრობ და არ ვიცი.

ჩემი დაპატიმრების პირველი დღიდან ამ სასამართლო დარბაზში არაერთგზის მკაფიოდ დამიფიქსირებია და ახლაც გავმეორდები: პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით, ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან.

პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და მგონია, კანონში არსებობს ჩემი ქმედების, – სილის გაწვნის – პასუხისმგებლობისთვის ადეკვატური მუხლი.

მახსოვს, ერთხელ, სხდომაზე, ბატონმა პროკურორმა დაახლოებით ასეთი შინაარსის შეკითხვა დამისვა: ბრალდების კვალიფიკაციას თუ არ ეთანხმებით, რომელი მუხლი გერგებაო. ამას მეკითხება ბრალდება მაშინ, როცა ათამდე გამომძიებელმა ისე შეკრა და მოიტანა სასამართლოში საქმე, რომ ჩემთვის კითხვა არ დაუსვამთ, ჩემი აზრი არ აინტერესებდათ.

დარწმუნებული ვარ, თავის დროზე, გამომძიებლებს პროფესიული კითხვები რომ დაესვათ, მიუკერძოებელი გამოძიება რომ ჩაეტარებინათ, ე.წ. დაზარალებული დგებუაძის ინტერესები რომ არ გაეტარებინათ, ეს საქმე თავდასხმის კვალიფიკაციით არ შემოვიდოდა სასამართლოში. სისხლით დავიჭერო, შემპირდა და საჯაროდ მომცა ბრალდება დგებუაძემ 4-დან 7 წლამდე, პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა, სამწუხაროდ.

თუმცა ამას დღეს მნიშვნელობა აღარ აქვს. ახლა სასამართლოს დრო დადგა. სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჩემს დანაშაულზე, თუ რა სასჯელი მერგება.

ოღონდ ერთი რამ გარდაუვალია. ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება. ეს იქნება თქვენი სასჯელიც, ბატონო პროკურორებო. ეს იქნება ყველა იმ პირის პროფესიული სასჯელი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩართული იყო ამ საქმეში.

სამწუხაროა, რომ სასამართლომ არ დაგვიკმაყოფილა შუამდგომლობები და არ მოგვცა საშუალება, კითხვები დაგვესვა იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც დღემდე ჩემს დისკრედიტაციას ეწევიან.

მაშინ როცა სასამართლოში საქმის წარმოება მიმდინარეობს, როგორც დამნაშავეს მომიხსენიებენ, ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ ჩემზე. საუბრობენ იმაზე, რომ აგენტი ვარ, გლობალური ომის პარტია მიმაგრებს ზურგს, ტრენინგებზე მასწავლეს სილის გარტყმა, დავალებით ვმოქმედებდი, ფულიც ავიღე თურმე, პოლიციელს ზურგზე ვაკრავდი სტიკერს, პოლიციის დაკნინებაზე და სისტემის ჩამოშლაზე ვმუშაობდი… ათასი სიგიჟე და ბოდვა…

ბოდიში, ამას რომ ვამბობ, მაგრამ სხვანაირ ახსნას ვერ ვუძებნი.

ქალბატონო მოსამართლევ,  არ გეგონოთ, ამას შემთხვევითი პირები ამბობენ. ისინი ძალაუფლებაში არიან და მმართველ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენენ. წინა სასამართლო პროცესზე ვთქვი და ვიმეორებ, რომ განსაკუთრებით აქტიურობს „ქართული ოცნების“ პრემიერ- მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ამიტომაც მას მინდა მივმართო:

ბატონო ირაკლი, პოლიციის რეპუტაციის შელახვას „დიფ სთეითი“ არ სჭირდება. თავად იქცევიან ისე, რომ ანადგურებენ საზოგადოების ნდობას. პოლიციის ნდობის კრიზისი მაშინ შეიქმნა და მზარდი გახრდა, როცა მათ რიგებში არსებულ მოძალადეებს გადაეფარეთ და არ დასაჯეთ; არ გამოიძიეთ ისეთი საქმეები, როგორიცაა ჩემს კოლეგებზე, გურამ როგავაზე, მაკა ჩიხლაძეზე, შეწირულზე, ქეშელაშვილზე და ბოდიში, ყველას ვერ ვთვლი – თავდასხმის ფაქტები.

ყველას გექნებათ ეს ვიდეოები ნანახი.

რასაც უკეთებენ მაკა ჩიხლაძეს, გურამ როგავას, შეწირულს, – ეს არის თავდასხმა. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, იმ პირებს, რომელთაც თავზე გადაახიეთ კონსტიტუცია და უთხარით, თქვენი მომავალი ევროპაში არ არისო, თავ-პირი დაულეწეთ ახალგაზრდებს, დააკავეთ და სცემეთ „მარშრუტკებში“, არც ეს საქმეები გამოიძიეთ. ამიტომაც ძალიან მიჭირს და აღარაფერს ვამბობ იმ ღირსების შემლახველ მოპყრობის გამოძიებაზე, რაც ჩემ მიმართ ჩაიდინა პოლიციამ.

ქალბატონო მოსამართლევ, მე ამის კადრები არ მაქვს და ამიტომ უნდა გთხოვოთ, წარმოიდგინეთ, რასაც მოგიყვებით და აქამდეც მომიყოლია:

სრულიად მშვიდ გარემოში, მოულოდნელად ჩნდება პოლიცია, აწყობს ჭყლეტას და მაქცევს ნიღბიანების გარემოცვაში. ძლიერი ბიძგების და ზურგიდან დარტყმის შედეგად ასფალტზე ვეცემი. შემდეგ ფეხებით გადამივლიან, გადამთელავენ.

ახლა მეორე ეპიზოდი წარმოიდგინეთ – ეს სილის გარტყმის შემდგომი ეპიზოდია. ფეხშიშველი, რამდენიმე წუთის წინ დაწიხლული, თითქმის შოკურ მდგომარეობაში მყოფი, პოლიციის განყოფილებაში ვზივარ. ხმაურითა და გინებით ოთახში შემოვარდება პირი, მოიწევს ჩემკენ ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის. გაჰყავთ ოთახიდან. ძალიან ცუდია, რომ ვერ დავიმახსოვრე ის სახეები, ვინც ამარიდა მაშინ ამ პირისგან ფიზიკურ თავდასხმას. მადლობა ეკუთვნით მათ ჩემგან და იმიტომ.

ეს შემოვარდნები, თავზე დადგომები, გინებები ორ-სამჯერ მეორდება და ყოველი მომდევნო შემოვარდნა იმაზე უფრო შეურაცხმყოფელი და აუტანელია, ვიდრე იყო პირველი. ერთ-ერთი ასეთი ბოლო შემოვარდნის დროს, როცა ჩემთან ახლოს მოვიდა და თავი ავწიე, შემაფურთხა სახეში. შემდეგ თავის თანამშრომლებს უთხრა, რომ წყალი არ მოეწოდებინათ და არც საპირფარეშოში გავეყვანე. ვერ წარმოვიდგენდი, რომ საჯაროდ გავიმეორებდი, როგორ მეტყვიან: „ჩაიფსას, არ გაიყვანოთ“. ძალიან მინდა, ეს კადრად წარმოიდგინოთ. ეს პირი ეგრეთ წოდებული დაზარალებული ირაკლი დგებუაძე იყო.

ამის შემდეგ დამცირება, ოღონდ სხვა ფორმით, მისმა თანამშრომლებმა გააგრძელეს. ხელბორკილები დამადეს, ოღონდ ზურგს უკან შემიკრეს. მახსოვს, „ვივამედში“ როცა ვიყავი, ტელევიზიით აჩვენეს კადრი, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს პირი. საჩვენებელი კადრი იყო და ხელები წინ შეუკრეს. ბრალდება უთხრეს. რომ ინატრებ, ასე დაგაკავონ… ამას იმიტომ ვამბობ, რომ წარმოიდგინოთ, ეს [ჩემი დაკავების ფორმა] ნორმა არ არის.

მათაც არ მიაჩნიათ ეს ნორმად, თორემ საჩვენებელ კადრებს რომ გამოიტანდნენ, როგორც მე მომექცნენ, ისე მოიქცეოდნენ იქაც.

მესამე კადრი. ამის წარმოდგენა არ გჭირდებათ. ეს ვიდეო გაქვთ. ის 44-წამიანი ვიდეოა და თქვენი გადასაწყვეტია, რას დაარქმევთ მას – თავდასხმას, თუ დამცირებული, შეურაცხყოფილი ადამიანის იმპულსურ რეაქციას, სილის გაწვნას.

ქალბატონო მოსამართლევ, ბრალდების შეფასებისას არ გთხოვთ გაითვალისწინოთ ის, რომ ქალი ვარ. პროკურორმა აღნიშნა ერთ-ერთი პრეცედენტის განხილვისას, ჩვენ რომ ახლა ეს მივიღოთ, სხვა დროს მამაკაცმა რომ გაარტყას ხელი და უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, მაშინ როგორ მოვიქცეთო.

ამიტომაც არ გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის, რომ ქალი ვარ შუახნის ასაკში. ნურც იმას გაითვალისწინებთ, სახარბიელო ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არ მაქვს. ჩემი საქმის სამართლიანობის დასადგენად თქვენივე პიროვნების, თქვენივე პროფესიის პატივისცემა და ჩვენი მტკიცებულებების შესწავლაც კი საკმარისია თქვენი მხრიდან მხოლოდ.

და მაინც, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად ვთვლი. ამ განწყობისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ადვოკატებს და უფრო მეტს, უფლებადამცველებს.

მაშინ, როცა სახელმწიფო დამიპირისპირდა და მისი ყველა რგოლი ჩაერთო ჩემს გაშავებაში, ვისაც არ დაეზარა, ყველამ ქვა და ტალახი მესროლა, სახელისუფლებო ტროლ-ბოტები მყავს მხედველობაში – ჩემმა ადვოკატებმა შეძლეს და ფაქტებით დაუპირისპირდნენ პროპაგანდას. მათ შეძლეს, ჩემს სიმართლეზე ამ სასამართლო დარბაზში და მის მიღმაც ხმამაღლა, არგუმენტებით და მტკიცებულებებით ელაპარაკათ. მათ შეძლეს, ადამიანების მიმართ ნდობა შემენარჩუნებინა და მათთან ერთად სამართლიანობისთვის ბრძოლა გამეგრძელებინა.

დაიმახსოვრეთ მათი სახელები, დადგება დრო და ისინი ქართული მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის საყრდენები გახდებიან. ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა მათ.

რადგან მადლიერებაზე დავიწყე საუბარი, რამდენიმე ადრესატი კიდევ მყავს.

რამდენიმე კი არა, უთვალავი ადამიანი იმსახურებს ჩემგან მადლობას. კიდევ ერთი სიცოცხლე რომ მომეცეს, ესეც არ იქნებოდა საკმარისი იმ სიკეთის დასაბრუნებლად, რომელსაც ვიღებ და ვგრძნობ 200 დღეზე მეტია.

ამ დარბაზში, ჩემგან მარცხენა მხარეს, ხშირად ვხედავ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს თუ ელჩებს, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომლებიც მედიის და ადამიანის უფლებებზე მუშაობენ. არ დაგიმალავთ და ძალიან მახარებს ეს ამბავი.

მათი აქ ყოფნა არასდროს აღმიქვამს ჩემს პერსონალურ მხარდაჭერად. ისინი აქ ჩვენი არჩევანის, საქართველოს ევროპული მომავლის, დემოკრატიის, თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად არიან. მათი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ ჩვენ მარტო არ ვართ დიქტატურისკენ მიმავალ რეჟიმთან ბრძოლაში. მადლობა საქართველოს მეგობრებს.

მადლობა ჩემს კოლეგებს, ჟურნალისტებს, კრიტიკულ მედიაში მომუშავე ყველა პირს, სამოქალაქო სექტორს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც წინააღმდეგობის ჯგუფს წარმოადგენს. სადაც არ უნდა იყოთ, გახსოვდეთ, რომ განუზომელი ენერგიის მატარებელია ის ხმა და ძალა, რომელიც თქვენგან მოდის. ზუსტად თქვენი სოლიდარობის შედეგია, შიმშილობის დროს ფიზიკურად რომ გადავრჩი. ამიტომაც ნუ დაკარგავთ თქვენი შესაძლებლობების რწმენას. დრო ჯერ კიდევ არის. ბრძოლა გამარჯვებამდე!

სულ მადლობების მოხდაც არაა, ბოდიშიც მაქვს მოსახდელი.

ჩემს ოჯახს, მეგობრებს, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ გუნდს მინდა ვუთხრა, რომ ვწუხვარ. ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაზე რთულ და ამავდროულად მნიშვნელოვან დროს თქვენთან არ ვარ. არ გატყდეთ! ჩემმა პატიმრობამ არ დაგასუსტოთ. მე თქვენი მჯერა. მჯერა იმის, რომ როგორი მტრული და საფრთხის შემცველი გარემოც არ უნდა გქონდეთ, თქვენი ყველა ნაბიჯი იქნება ღირსეული, აზრის, სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მიმართული.

დაბოლოს, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! ჩვენ დამნაშავეები არ ვართ“.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში ამით დასრულდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილი განაჩენს 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: