პირველ აგვისტოს მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულდა – ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა უკვე თქვეს.
ბოლო სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელი ცისფერი პერანგით მოვიდა – დარბაზში შემოადგა თუ არა ფეხი, დარბაზს ხელი აუწია მოსალმების ნიშნად და გაუღიმა.
„თავისუფლება მზიას“- ამ შეძახილებით ახმაურებული დარბაზი დახვდა მოსამართლე ნინო სახელაშვილს.
დარბაზში, სადაც მზია ამაღლობელის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართა, ბევრმა ვერ შეძლო შესვლა: მზია ამაღლობელის დღევანდელ სასამართლოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა, ევროპული ქვეყნების ელჩები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები, პოლიტიკური ლიდერები…
დარბაზში ერთი თავისუფალი ადგილიც აღარ იყო, როცა სასამართლოსთან სინდისის პატიმრების დედები გამოჩნდნენ.
„ჩვენ, ოჯახის წევრები გავალთ და ისინი შემოვიდნენ,“- დარბაზი დატოვა მზია ამაღლობელის ძმამ.
„მზიას რა უნდა ციხეში?“- ამ ფრაზას მოისმენდით პირველ აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ყველაზე ხშირად. ეს შეკითხვა წუხელ ენათმეცნიერმა და აკადემიკოსმა, მზექალა შანიძემ დასვა: „რა უნდა მზია ამაღლობელს ციხეში?“
„დღეს მინდა გესაუბროთ მზია ამაღლობელის შესახებ. წინა პროცესზე მე მას ვთხოვე, რომ ესაუბრა საკუთარ თავზე, მაგრამ არ ისაუბრა,“- ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა თავისი დასკვნითი სიტყვა მზია ამაღლობელის შესახებ საუბრით დაიწყო. მან თავდაპირველად პროკურორს ის გაახსენა, მზია ამაღლობელს წინა სხდომაზე რომ ჰკითხა: საერთოდ სამართალდარღვევა თუ ჩაგიდენიათო.
მზიას პასუხი იყო, მგონი, არაფერიო.
დასკვნით სიტყვაში კი, მზია ამაღლობელს პროკურორმა 2007 წლის ამბავი გაახსენა, როცა მზია ამაღლობელი ჟურნალისტური საქმიანობის – საბაჟოზე ფოტოების გადაღების გამო შეუდგინეს სამართალდარღვევის ოქმი.
„პროკურორმა ეძება, ეძება და ამის მეტი ვერაფერი ნახა – ფოტოები გადაუღია,“- პროკურორს ირონიით გადახედა მაია მწარიაშვილმა და შემდეგ მოსამართლეს მოუყვა, როგორ აღმოჩნდა მზია ამაღლობელის მიერ დაფუძნებული „ბათუმელები“ დაარსებიდან მალევე ხელისუფლების სამიზნე, ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის მმართველობის წლებში.
„ბათუმელები“ მზია ამაღლობელმა ეთერ თურაძესთან ერთად 2001 წელს დააფუძნა 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. იმ დროს აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე იყო. ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მზია ამაღლობელის ჩვენებიდან იმ ნაწილზე მიუთითა, როცა მან თქვა, კარგად ვიცი, რაც არის რეალური თავდასხმაო – აბაშიძის მმართველობის დროს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა. ილუსტრაცია: ია ფრანგიშვილი/„ბათუმელები“
მაია მწარიაშვილმა თხრობა განაგრძო:
მზია ამაღლობელის და ეთერ თურაძის მიერ დაფუძნებული „ბათუმელები“ გამორჩეული გამოცემა ხდება სარედაქციო დამოუკიდებლობით, ადამიანის უფლების დაცვით, შეუვალობით, პრინციპულობით… მალევე, „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდოების მფლობელი ხდება, ამ ჯილდოებს შორისაა, „ცაიტის“ ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაციის – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ – ჯილდოები.
„ამიტომაც დაბლოკეს მზია ამაღლობელის მიერ დაფუძნებული გამოცემები რუსეთში“ – დასძინა მაია მწარიაშვილმა.
ადვოკატმა ისაუბრა მზია ამაღლობელის და „ბათუმელების“ სხვა პროექტებზეც, მაგალითად, სტალინურ რეპრესიებზე, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დამოუკიდებელი უკრაინული მედიის მხარდაჭერაზე, „მოგზაურ ბიბლიოთეკაზე“, რომლის ფარგლებშიც სოფლად მცხოვრებ ბავშვებს გადასცეს წიგნები, ასევე მოეწყო დისკუსიები და ქართველი მწერლები შეხვდნენ ახალგაზრდებს…
მზია ამაღლობელს ჰქონდა მედიასკოლაც ჟურნალისტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, ასევე „პრესკაფე“, სადაც ასობით პრეზენტაცია, დისკუსია და გამოფენა გაიმართა უფასოდ…
ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა გამოყო საქველმოქმედო პროექტებიც, მაგალითად, როგორ შეუგროვა „ბათუმელების“ მკითხველმა თანხა მარტვილში მყოფ უსახლკაროს, რომელიც ფულს დედის ოპერაციისთვის აგროვებდა – მოხერხდა ოპერაციის ჩატარება და ბინის შეძენაც.
მზია ამაღლობელის შესახებ საუბარი ადვოკატმა ასე დაასრულა:
„მზია ამაღლობელის სამუშაო ოთახი „ბათუმელებში“ მეოთხე სართულზეა, სადაც შუქი გვიანობამდე არ ქრებოდა, იქ მუშაობდა მზია…
ამ ჩუმი ადამიანის საქმეები ძალიან ხმამაღალია“- მზია ამაღლობელს გახედა ტრიბუნასთან მდგომმა მაია მწარიაშვილმა და იმ განცხადებების კითხვას შეუდგა, რომლითაც არალეგიტიმურმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, ასევე არალეგიტიმური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფცია მზია ამაღლობელის მიმართ.
„….როცა პრემიერი მომდევს ფეხდაფეხ, როგორ მქონდეს რწმენა, რომ სასამართლო გაუმკლავდება ამ ტიპის ზეწოლას?“ – მოსამართლეს მიმართა მაია მწარიაშვილმა და პაუზის შემდეგ დასძინა, პირად შეურაცხყოფად არ მიიღოთ, საერთოდ სასამართლო სისტემაში არ მეგულება მოსამართლე, ვისაც შეეძლება არალეგიტიმური პრემიერი, რომელიც სამართლებრივ შეფასებას აკეთებს – „დასვას თავის ადგილზე“.
მაია მწარიაშვილმა შეახსენა მოსამართლეს, რომ გამოძიება ისე დასრულდა, რომ გამომძიებლებს მზია ამაღლობელისთვის საერთოდ არაფერი უკითხავთ:
„გამოძიებას აწარმოებდა 2 რეგიონის – აჭარის და გურიის 8 გამომძიებელი, ზედამხედველობდა 2 პროკურორი. ისე დასრულდა საქმე, რომ არცერთ მათგანს თვალით არ უნახავს მზია ამაღლობელი…
იქნება და იბრალებდა დანაშაულს, მაგრამ ირაკლი დგებუაძემ ხომ დაჰპირდა, სისხლით დავიჭერო, რისთვის უნდა დაეკარგა დრო გამომძიებელს, რომ აქედან რუსთავში ჩასულიყო?“- იკითხა მაია მწარიაშვილმა და აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ ირაკლი დგებუაძის მხრიდან ჩადენილი მუქარის, გინების, არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებიც არავის გამოუძიებია.
გამოძიებას არც აქციაზე მყოფი სამოქალაქო პირები გამოუკითხავს მაშინ, როცა გამოძიების ვალდებულებაა ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება ჩაატაროს.
„ორი პოლიციელი იჭერდა ირაკლი დგებუაძეს – დასაკავებელი იყო იმ მომენტში,“- აღნიშნა მაია მწარიაშვილმა და შემდეგ დაასაბუთა: რატომ არ დაუკავებია გიორგი ბჟალავას მზია ამაღლობელი და როგორ დასტურდება ეს დაცვის მხარის მიერ მოპოვებული უწყვეტი ვიდეო კადრების ანალიზით.
გიორგი ბჟალავა ირაკლი დგებუაძის, ანუ ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილეა. პროკურატურის ვერსიით, მან დააკავა მზია ამაღლობელი – კადრების მიხედვით კი, მზია ამაღლობელს სხვა ნიღბიანი პირი აკავებს.

მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა. ილუსტრაცია: ია ფრანგიშვილი/„ბათუმელები“
ადვოკატმა ვრცლად ისაუბრა ადმინისტრაციულ საქმეზეც – შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი თავდაპირველად შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს. გაყალბებული ოქმის მიუხედავად, მზია ამაღლობელი ერთი და იგივე ქმედების გამო სასამართლომ ორჯერ გაასამართლა და დააჯარიმა.
ეს საქმე რომ გაყალბებულია, დასტურდება ვიდეოჩანაწერებით: მზია ამაღლობელი უხმოდ აკრავს სტიკერს და ამ დროს მას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელი უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის დროს პოლიციელებს თითქოს „ძაღლებოს“ და „ღორებოს“ ეძახდა და ის ბესელიამ კი არა, ირაკლი დგებუაძის მოადგილემ, გოჩა ვანაძემ დააკავა.
კადრებში ასევე ისმის ირაკლი დგებუაძის ხმა: დიახ, სტიკერის გაკვრის გამო დავაკავეთო, მაგრამ ოქმში სხვა რამ ჩაწერეს – პოლიციელების შეურაცხყოფისთვის დავაკავეთ მზია ამაღლობელიო (კანონი პოლიციელს არ აძლევს უფლებას, სტიკერის გაკვრის გამო ვინმე დააკავოს).
„პროკურორს ხომ უნდა გასჩენოდა კითხვა, იქ თუ ამბობ 150-ე მუხლით დავაკავეთო (სტიკერის გაკვრის გამო), ოქმში სხვა რამ როგორ ჩაიწერა? მაგრამ პროკურატურას არაფერი გაურკვევია… პროკურორის დასკვნით სიტყვას როცა ვუსმენდი, გამიჩნდა განცდა, რომ დაცვის მხარეს რომ არ ემუშავა, პროკურატურას არაფერი ჰქონდა წარმოდგენილი…
ამ დროს მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეს აქვს, როლები შეცვლილია, სამწუხაროდ“, -თქვა მაია მწარიაშვილმა.
რაც შეეხება სილის გაწვნას – ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განმარტა, რომ პროკურატურამ სილის გაწვნის ეპიზოდი განყენებულად და იზოლირებულად წარმოადგინა, მანამდე კი, პოლიციამ არაერთი პირი (მათ შორის, მზია ამაღლობელი) დააკავა ძალადობით და თვითნებურად, ასევე პოლიციელებმა მოაწყვეს ჭყლეტა, სადაც ფეხით გადაუარეს წაქცეულ მზია ამაღლობელს.
„ბრალდებას არ გაუცია პასუხი, რატომ ვერ წარმოადგინა კადრები სრულად და რატომ არ შეასრულეს სასამართლოს გადაწყვეტილება დემონსტრაციულად?“- მოსამართლეს მიუბრუნდა ისევ მაია მწარიაშვილი და განჩინება გაახსენა, რომლის მიხედვითაც პროკურატურას აჭარის ტელევიზიიდან სრულად უნდა ამოეღო 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციის კადრები, მათ შორის, შავი მასალა, ანუ ის, რაც ეთერში არ გასულა.
მოგეხსენებათ, მზია ამაღლობელის საქმეში პროკურატურის მთავარი მტკიცებულება აჭარის ტელევიზიის მიერ გადაღებული 44-წამიანი კადრია, სადაც ჩანს სილის გაწვნა.
„მხოლოდ 44 წამი გადაიღო ტელევიზიამ? სილის გაწვნას ელოდა, რომ ეს გადაეღო და გამორთო კამერა?“- ჰკითხა მოსამართლეს მაია მწარიაშვილმა.
მოსამართლემ, რომელიც სხვადასხვა დოკუმენტის კითხვით და დროდადრო ჩანაწერების გაკეთებით იყო დაკავებული, უსიტყვოდ ამოხედა ადვოკატს და ისევ თავის ფურცლებს მიუბრუნდა.
ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ იძალადეს ადმინისტრაციული წესით დაკავებულებზე, მათ შორის, გიორგი და ლაშა გაბაიძეებზე – პოლიციელებმა რომ მათზე იძალადეს, ეს დოკუმენტებით დასტურდება, თუმცა მათ დაკითხვაზე სასამართლომ უარი თქვა – სხვა არაერთ მოწმესთან ერთად მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გიორგი გაბაიძე მოწმეთა სიიდან ამორიცხა.
სწორედ გიორგი და ლაშა გაბაიძეების თვითნებური დაკავების შემდეგ მიმართავს მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძეს და ცდილობს გარკვევას, რატომ დააკავეს აქციის მონაწილეები თვითნებურად.
„პოლიცია უნდა მოქმედებდეს მართლზომიერად, ეს უნდა დაედასტურებინა ბრალდებას, მაგრამ არანაირი მტკიცებულება პროკურატურამ არ წარმოადგინა… წარმოადგინეს მხოლოდ ვიდეო, სადაც ისმის ირაკლი დგებუაძის ხმა: ვინ, გაბაიძე, მთვრალი, პოლიციელს რომ აგინა? – ირაკლი დგებუაძის ნათქვამი ბიბლია და სახარებაა? სადაა მტკიცებულება?“ – სათვალე მოიხსნა ადვოკატმა და დარბაზისკენ გამოიხედა.
პაუზის შემდეგ მაია მწარიაშვილმა იკითხა – „რომელ ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებთ, რომ გამოძიება არ დაინტერესებულა, რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე მზია ამაღლობელი?“
ადვოკატმა ისიც აღნიშნა, იმდენად ცუდად გრძნობდა თავს მზია ამაღლობელი, მას სასწრაფოც კი გამოუძახესო.
დაკავებულ მზია ამაღლობელთან დაახლოებით 3 საათი არ შეუშვეს ადვოკატები: თამარ წულუკიძე და პაატა დიასამიძე, გამომძიებლების თქმით კი, მზია ამაღლობელმა თითქოს არ მოითხოვა ადვოკატებთან შეხვედრა.
ამ ადვოკატების ჩვენებასაც მოისმენდა მოსამართლე, წინასასამართლო სხდომის მოსამართლეს, ვიქტორ მეტრეველს რომ არ ამოერიცხა საქმიდან ეს მტკიცებულებები:
„ამიტომაც, მოყვა სანქციების ქვეშ“- აღნიშნა ადვოკატმა სანქცირებული მოსამართლის, ვიქტორ მეტრეველის შესახებ.
სანქცირებულია მოსამართლე ნინო სახელაშვილიც, რომელმაც მზია ამაღლობელის საქმე არსებითად განიხილა.

მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა. ილუსტრაცია: ია ფრანგიშვილი/„ბათუმელები“
„სასამართლომ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია ამ დარბაზში – არ იზრუნა, რომ ასე არ გვეყურებინა მზიასთვის, გისოსებს მიღმა,“- თქვა მაია მწარიაშვილმა და შესვენება ითხოვა.
შესვენების შემდეგ ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა პროკურატურის თითოეულ ცრუ მოწმეს ჩამოუარა და ახსნა, როგორ გამოიჭირა ისინი ტყუილში:
მაგალითად, მოწმე გიორგი ბჟალავამ თქვა, რომ მზია ამაღლობელი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს.
„ბოზებს გვეძახდაო. როცა ვკითხე, რატომ არ ახსენა ეს აქამდე, გვიპასუხა, ახლა გამახსენდაო…“- ადვოკატის ამ სიტყვაზე დარბაზს ჩაეცინა და გაეღიმა მზია ამაღლობელსაც, მან ბრალდებულისთვის განკუთვნილ ადგილზე დარბაზისკენ გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი, შემდეგ კი უკან მიბრუნდა.
პირველ აგვისტოს, პირველი საათიდან საღამოს ცხრამდე მზია ამაღლობელი ფეხზე იდგა. იგი არც ერთხელ არ ჩამომჯდარა ბრალდებულისთვის განკუთვნილ სკამზე.
მოწმე გიორგი ბჟალავამ ჩვენების მიცემის დროს სასამართლოში აღნიშნა, რომ მისი განკარგულებით დაადეს მზია ამაღლობელს ხელბორკილი შენობის პირველ სართულზე, სხვა მოწმის, პოლიციელ თამარ კერესელიძის თქმით კი, ეს მან დაადო ხელბორკილი მზია ამაღლობელს შენობის მესამე სართულზე.
ადვოკატმა მიუთითა ვიდეოზეც, რომლითაც პოლიციელი ანთიძე გამოიჭირა ტყუილში: არაფერი მინახავს, არ ვიციო, ვიდეოს მიხედვით კი სწორედ მის თვალწინ დააკავა სტიკერის გაკვრის შემდეგ მზია ამაღლობელი გრიგოლ ბესელიამ.
ანთიძე მონაწილეობს ძმები გაბაიძეების ძალადობრივ დაკავებაშიც. კადრში ეს ჩანს, თუმცა პროკურატურის მოწმე, ცრუ სამართალდამცველი ამას უარყოფს. ის სასამართლოში იმიტომ მოიყვანეს, რომ ეთქვა, კარგად დავინახე, როგორ გაულაწუნეს ირაკლი დგებუაძესო.
„კადრებში ჩანს, აღელვებული ხალხი მას და სხვა პოლიციელებს მიმართავს – რატომ დააკავეთ? მას პასუხს სთხოვენ მოქალაქეები, რატომ დაარტყა ხელი ნიღბიანმა ქალს – იგულისხმება მზია ამაღლობელი, რომელიც ამ დარტყმის შედეგად წაიქცა…“- აღნიშნა მაია მწარიაშვილმა.
ადვოკატმა სიცრუეში ამხილა გრიგოლ ბესელიაც – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, რომელმაც მოსამართლეს უთხრა, რომ მას არ დაუკავებია სტიკერის გაკვრის შემდეგ მზია ამაღლობელი.
ვიდეო კადრში კი, ცხადად ჩანს, მზია ამაღლობელს აკავებს გრიგოლ ბესელია.
გრიგოლ ბესელიას ვერსიით, მან პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით შეიყვანა პოლიციის დეპარტამენტის ეზოში მზია ამაღლობელი, შემდეგ კი მზია ამაღლობელი გოჩა ვანაძემ დააკავა – ირაკლი დგებუაძის მოადგილემ.
აქ ადვოკატმა სტიკერის გაკვრის ადმინისტრაციულ საქმეზე გოჩა ვანაძის მიერ მიცემული ჩვენება ამოიღო: ჭიშკართან დავაკავე მზია ამაღლობელი, ის წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებსო…
ასე აღმოჩნდა ურთიერთსაწინააღმდეგობაში ცრუ მიწმე გოჩა ვანაძის ჩვენება ცრუ მოწმე გრიგოლ ბესელიას ჩვენებასთან.
ცრუ მიწმე გრიგოლ ბესელიას (ამჟამად იგი კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე) ჩვენება ვერ დაემთხვა ბათუმის პოლიციის უფროსის და ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი – ირაკლი დფებუაძის ჩვენებას: ბესელიას თქმით, ძმები გაბაიძეების დაკავების დროს ის და ირაკლი დგებუაძე პოლიციის შენობაში იყვნენ, ირაკლი დგებუაძემ კი თქვა, ამ დროს ეზოში ვიყავიო.
„ბესელია ასევე ცრუობს, როცა ამბობს, რომ ეთერ თურაძე გამოირჩეოდა მის მიმართ აგრესიით, სინამდვილეში კადრში ჩანს, რომ ეთერ თურაძე არავითარ აგრესიას არ იჩენს მის მიმართ იმის მიუხედავად, რომ ძმები გაბაიძეების დაკავების შემდეგ გრიგოლ ბესელია ეთერ თურაძეს ამბის გარკვევას და დაკავებულების გამოშვებასაც კი დაპირდა, მაგრამ შენობიდან გამოსული ბესელია საერთოდ აღარ პასუხობს შეკითხვას“- აღნიშნა მაია მწარიაშვილმა.
„მე ყველა სიცრუეს არ ვყვები, ძალიან ბევრი დრო სჭირდება ამას“ – მორიგი ცრუ მოწმის, ირაკლი დგებუაძის შესახებ საუბრის დაწყებამდე ესეც აღნიშნა მაია მწარიაშვილმა.
ადვოკატმა ახსენა იმ ექიმების ჩვენებები, რომელთა თანახმადაც, არ ჩანს ობიექტური მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმას, რომ ირაკლი დგებუაძემ განიცადა ტკივილი.
„პროკურორმა გვითხრა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ირაკლი დგებუაძე სიმულირებს. რატომ არ შეიძლება ირაკლი დგებუაძე სიმულირებდეს?“- პროკურორს მიმართა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა და იქვე მიუთითა მზია ამაღლობელის ხელებზე, შეხედეთ, ხელში კალმის გარდა არაფერი სჭერიაო.
ადვოკატმა ხაზი გაუსვა გარემოსაც: რა სიტუაციაში გააწნეს სილა ირაკლი დგებუაძეს? – პოლიციელების ნიღბიანების ალყაში, ძალადობრივ გარემოში და პოლიციის დეპარტამენტის შენობის წინ.
„მას არავითარი დაზიანება არ აქვს… ეს ნაწილი ძალიან აშიშვლებს ირაკლი დგებუაძის ჩვენების სანდოობას,“- აღნიშნა მაია მწარიაშვილმა.
ადვოკატმა მოსამართლის ყურადღება გაამახვილა ასევე იმაზე, რომ პროკურატურის მოწმეებმაც კი ვერ თქვეს, რომ მზია ამაღლობელი აყენებდა შეურაცხყოფას პოლიციელებს.
„გიორგი ბჟალავა ამბობს მხოლოდ… როგორ შეიძლება ერთ ნაწილში ის სიმართლეს ამბობდეს, მეორე ნაწილში – სიცრუეს?“- იკითხა ადვოკატმა და მოსამართლე სალიხ შაინიძის გადაწყვეტილებაც (სტიკერის გაკვრის საქმე) მოიშველია: იმის მიუხედავად, რომ ამ მოსამართლემ გაყალბებული საქმის მიუხედავად მზია ამაღლობელი დააჯარიმა, მანაც არ დაადასტურა მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელების შეურაცხყოფა.
ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა პროკურორს არნოლდ ჩიქობავას განმარტებითი ლექსიკონიდან სილის გაწვნის განმარტება წაუკითხა იმის საჩვენებლად, რომ საქმე მართლაც სილის გაწვნასთან გვაქვს და არა „ხელის გარტყმასთან“- როგორც ამას პროკურატურა ამბობს.
„ასე ვერ შეიცვლება ქმედების აღქმა, ტერორისტული აქტიც რომ დაარქვათ მას“ – უთხრა პროკურორებს ადვოკატმა.
ადვოკატის მტკიცებით, სილის გაწვნა არ არის თავდასხმა და მითუმეტეს – სისხლის სამართლის დანაშაული. მაია მწარიაშვილის თქმით, ყველაზე მძიმე შემთხვევაში სილის გაწვნა შეიძლება შეფასდეს, როგორც გადაცდომა, სამართალდარღვევა.
ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა გამოკვეთა ბრალდების სამართლებრივი პრობლემა – პროკურატურამ ვერ თქვა, რა განზრახვა ჰქონდა მზია ამაღლობელს, კანონი კი ამბობს, რომ თავდასხმა უნდა უქმნიდეს საფრთხეს ამ შემთხვევაში პოლიციელის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ან საკუთრებას.
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც აჩვენებს იმას, რომ სილის გაწვნა არ შეიძლება აღვიქვათ, როგორც თავდასხმა. ამ კუთხით პროკურორებს ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა რამდენიმე ასეთი განჩინება წაუკითხათ:
„მოინიშნეთ, რას წერს უზენაესი სასამართლო,“- პროკურორებს მიუთითა ადვოკატმა და აღწერა, ერთ-ერთი საქმის მიხედვით, თბილისში პოლიციის უფროსის მანქანას როგორ დააჯახეს მანქანა, შემდეგ კი, პოლიციელს წარბის არეში დაარტყეს მუშტი. პოლუციელს სახეზე სისხლნაღჟენთები ჰქონდა.
ამ საქმეზეც უზენაესმა სასამართლომ თქვა, რომ ეს არ იყო პოლიციელზე თავდასხმა, რადგან „მსჯავრდებულის მოქმედებები არ იყო აგრესიული აქტი, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც პოლიციელზე თავდასხმა“.
უზენაესმა სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ პოლიციელისთვის თავში მინის ბოთლის ჩარტყმა, ან საზარდულში ფეხის ამორტყმა არ არის პოლიციელზე თავდასხმა.
ადვოკატი შეეხო პროკურორ თორნიკე გოგეშვილის მიერ წინა სხდომაზე დასახელებულ, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ სხვა განჩინებებს – პროკურორის მტკიცებით, თავდასხმის კატეგორიისთვის არ არის მნიშვნელოვანი ქმედების სიმძიმე და ამას ადასტურებს, მაგალითად, საქმე, რომლის მიხედვითაც პოლიციელს ჯანმრთელობის დაზიანება არ მიუღია, მაგრამ ეს ქმედება სასამართლომ შეაფასა, როგორც თავდასხმა:
„დიახ, ეს იყო თავდასხმა, როცა 8 კაცმა გაიგდო წიხლქვეშ პოლიციელი და ერთ-ერთმა მას თითი გადაუგრიხა… ამის შედარება არც შეიძლება სილის გაწვნასთან,“- პროკურორ თორნიკე გოგეშვილს მიმართა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, პროკურატურას კონკრეტულად უნდა დაესაბუთებია, პოლიციელის კონკრეტულად რომელი უფლებამოსილების განხორციელებას უკავშირდებოდა სილის გაწვნა.
„ამდენი საათია ვამტკიცებ, რომ ორჯერ ორი არ არის შვიდი, ეს არის აბსურდი… კი ბატონო, არ შეიძლება პოლიციელის შეურაცხყოფა, მაგრამ ეს არ წერია სისხლის სამართლის კოდექსში, ეს წერია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც ითვალისწინებდა ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას.
რაც არ უნდა შეურაცხყოფილი იყოს ირაკლი დგებუაძე, ეს შეურაცხყოფა ვერ იქნება სისხლის სამართლის დაცული სფერო…
სამართალი ვერ იტყვის, რომ სილის გაწვნა არის პოლიციელზე თავდასხმა. თუ სასამართლო ამას გვეტყვის, ეს იქნება პაროდია სამართალზე.
ბრალდება არ გრძნობს პასუხისმგებლობას. მზია ამაღლობელის საქმე არის სარკე, როგორ იყენებს ხელიფლება ბოროტად ძალაუფლებას, ბრალდება ცდილობს, მსხვერპლი მოძალადედ წარმოაჩინოს.
დარწმუნებული ვარ, ყველა მოსმართლემ იცის თავისი როლი… დღეს მე მისმენთ, ჩემს მერე თქვენ მოგისმენთ მზია ამაღლობელი.
ბევრი წელი მთელი საქართველო მოისმენს თქვენს განაჩენს. თაობები ისაუბრებენ ამ საქმეზე!“- დაასრულა მაია მწარიაშვილმა.
დარბაზმა ადვოკატ მაია მწარიაშვილს ტაში დაუკრა.
რადგან მაია მწარიაშვილის სიტყვას დაახლიებით 7 საათი დასჭირდა, სხვა ადვოკატებმა რამდენიმე მთავარ გარემოებაზე გაამახვილეს ყურადღება: საიას ადვოკატმა, ჯუბა ქათამიძემ ადმინისტრაციული საქმის გაყალბებაზე ისაუბრა:
„რაც არ უნდა სპეკულაცია მოხდეს, ყველას კარგად გვესმის, რომ გრიგოლ ბესელიაა მზია ამაღლობელის დამკავებელი პირი… ეს დაკავება იყო უკანონო.
სისხლის სამართლის წესით დაკავების მომენტიდან იწყება მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობა,“- აღნიშნა ჯუბა ქათამაძემ და ისაუბრა იმაზე, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არაფერი გამოიძია.
ირაკლი დგებუაძის მხრიდან მუქარის და გინების გარდა, რაც ვიდეო კადრითაც დასტურდება, მზია ამაღლობელის თქმით, მას ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა.
ასევე დადასტურებულია, რომ დაკავებამდე მოყოლილ ჭყლეტაში მზია ამაღლობელმა მიიღო სხეულზე დაზიანებები.
ჯუბა ქათამაძემ მოსამართლე ნიმო სახელაშვილს შეახსენა, რომ ის მის აცილებას ითხოვდა, რადგან ეს მოსამართლე დაასანქცირა ესტონეთმა მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების გამო.
„დიახ, მზია ამაღლობელი არის ტყვე და ყველა სახელმწიფო უწყება ხელს უწყობს, რომ მზია დარჩეს ტყვეობაში,“- თქვა ჯუბა ქათამაძემ. მას მოსამართლე ჩაერთო, მხოლოდ 3 წუთს გაძლევთ, რომ სათქმელი დაასრულოთო.
„თქვენ უზღუდავთ მზია ამაღლობელს დაცვის უფლებას“- უპასუხა ჯუბა ქათამიძემ მოსამართლეს. მას მოსამართლემ შენიშვნა დაუფიქსირა.
„პოლიციის მაღალჩინოსანმა დადო პირობა, სისხლით დაგიჭერო და ამას მიყვა მთელი სისტემა… თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ეს ჯაჭვი, ეს სჭირდება შსს-საც, როგორც პრევენცია,“- მოსამართლეს მიმართა ადვოკატმა კახაბერ წერეთელმა.
კიდევ ერთმა ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა კი, ყურადღება იმ გამომძიებლების ჩვენებაზე გაამახვილა, რომლებმაც თქვეს, რომ მზია ამაღლობელმა თითქოს უარი თქვა ადვოკატებზე, რაც პრაქტიკაში თითქმის არ ხდება.
„დაახლოებით ეს ისეთივეა, პაციენტს სჭირდებოდეს ექიმი და უარს ამბობდეს შველაზე,“- თქვა გიორგი ხიმშიაშვილმა.
რეპლიკის ეტაპზე პროკურორი თორნიკე გოგეშვილი ისევ მიუბრუნდა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, თუმცა მისი ხმა ძირითადად სასამართლოსთან შეკრებილი მოქალაქეების საპროტესტო შეძახილებში ჩაიკარგა – „თავისუფლება მზიას! ცეცხლი ოლიგარქიას“ – ისმოდა ქუჩიდან შეძახილები სასამართლო დარბაზში.
პროკურორმა საპროცესო შეთანხმებაზეც ისაუბრა, მან ხაზი გაუსვა, ამით ბოდიშის მოხდა ჩვენ კი არ მოგვითხოვია, უბრალოდ ბრალის აღიარება შეიძლებოდაო.
პროკურორი მოკლედ შეეხო ცრუ მოწმეებსაც, მაგალითად, პოლიციელ არჩილ ანთაძეს, რომელმაც თქვა, რომ ვერ დაინახა ვერაფერი, კადრებში კი, ჩანს, რომ მაგალითად, ირაკლი დგებუაძის გვერდითაა, როცა ის მზია ამაღლობს აგინებს და ემუქრება.
„შესაძლოა, მოწმეს რაღაც არ ჰქონდეს აღქმული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იტყუება… დაცვის მხარეს მოწმეებმა აბა, თითქოს ყველაფერი იცოდნენ…“ – თქვა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.
„თავდასხმა უნდა იყოს მიმართული ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ან ქონების ხელყოფისკენ“ – რეპლიკით ისარგებლა ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ.
„პოლიციელისთვის მუშტის ჩარტყმა წარბში თუ არ იყო თავდასხმა, შემოლაწუნება როგორ არის თავდასხმა?“- პროკურორს მიუბრუნდა მაია მწარიაშვილიც და უზენაესი სასამართლოს კონკრეტულ საქმეს გამოეხმაურა, სადაც პროკურორის ვერსიით, იმიტომ არ სცნეს ბრალდებული დამნაშავედ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, რომ პოლიციელთან მანამდე პირადი დაპირისპირება ჰქონდა და გაბრაზებული იყო.
„აქ მზია ამაღლობელმა თვალწინ დაინახა, რომ მთელი ცხოვრება რასაც აკეთებდა, უცებ უთხრა აგერ დგებუაძემ, მე შემიძლია ყველაფერი შევცვალო, როგორც მე მინდა ისეო…,“ – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა პროკურორს მაია მწარიაშვილმა.
ადვოკატი შეეხო საპროცესო შეთანხმების თემასაც:
„ჩვენ ის არ მოგვითხოვია, ეს არ მოგვითხოვია…. ბრალის აღიარების გარეშე აპირებთ საპროცესოს?“- ჰკითხა პროკურორს ადვოკატმა.
„არა“ – სწრაფადვე უპასუხა ადვოკატს პროკურორმა.
„როცა დამოუკიდებელი არბიტრი არ არსებობს, ამ დროს ხდება იძულებული ბრალდებული, დათანხმდეს საპროცესოს… ეს ზეწოლის ინსტრუმენტია.
ეს შვებაა პროკურატურისთვის და არა მზიასთვის – კეთილსინდისიერი ადამიანი ვერ დაიბრალებს იმას, რაც მას არ ჩაუდენია!
ამ დარბაზში ყველაზე ხმამაღლა ისმის მზია ამაღლობელის ხმა, რომელსაც მთელი დღეა ხმა არ ამოუღია და ერთი წუთით არც დამჯდარა“ – მაია მწარიაშვილის ამ სიტყვას დარბაზი ისევ ტაშით შეხვდა.
„ვთხოვ სასამართლოს საბოლოო სიტყვის თქმის უფლებას, ამისთვის, რომ ჩანიშნოთ ცალკე პროცესი, ძალები რომ აღვიდგინო, რომ რის თქმაც მინდა, ვთქვა ხმამაღლა“ – უთხრა მოსამართლე მზია სახელაშვილს მზია ამაღლობელმა.

მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა. ილუსტრაცია: ია ფრანგიშვილი/„ბათუმელები“
მზია ამაღლობელმა ერთი შეკითხვა დაუსვა პროკურორებს:
„ბატონო პროკურორო, რა ბედი ეწია დეტექტივ ჩიტაიას? ჩემი ტელეფონი დღემდე ხომ გამოძიებას აქვს, მართლა მაინტერესებს, რა დადგინდა, იპოვეთ თუ არა დიფ სტეითი?“- იკითხა მზია ამაღლობელმა.
„ტელეფონი არის ექსპერტიზაზე, კვლევის შედეგები ჯერ არ არის ცნობილი“ – მოკლედ უპასუხა ჟურნალისტს პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა
სასამართლო სხდომა 4 აგვისტომდე გადაიდო, როცა სასამართლო უკვე მზია ამაღლობელის საბოლოო სიტყვას მოისმენს.
ვრცლად ამ თემაზე ნახეთ აქ: აღიარე, რომ გვირაბს თხრიდი ბომბეიმდე და ვიფიქრებთ საპროცესოზეო – მზია ამაღლობელის ადვოკატი
- რას ედავებიან მზია ამაღლობელს?
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის თითქმის 7 თვე უკანონო პატიმრობაშია – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ.
მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
________
ილუსტრაციები მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომიდან, რომელიც 1 აგვისტოს გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოში ფოტო/ვიდეო გადაღება აკრძალა და ჩანახატები სასამართლო პროცესების ვიზუალური გაშუქების ერთადერთ გზად რჩება.






