მთავარი,სიახლეები

მოსამართლემ, რომელიც მზია ამაღლობელის ნათესავია, საქმის აცილებაზე უარი განაცხადა

06.03.2025
მოსამართლემ, რომელიც მზია ამაღლობელის ნათესავია, საქმის აცილებაზე უარი განაცხადა

დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეს.

სხდომას მზია ამაღლობელი დისტანციურად ესწრება.

საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. ადვოკატები ამ საქმეზე მოსამართლის აცილებას ითხოვდნენ, რადგან სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელის ნათესავია [დეიდაშვილის სიძე]. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მიხედვით კი, „მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის მხარის, ან მისი წარმომადგენლის ნათესავია“.

სალიხ შაინიძემ საქმის აცილებაზე უარი განაცხადა.

სასამართლო სხდომაზე სალიხ შაინიძემ ასეთი განმარტება გააკეთა:

„რაც არ უნდა გასაკიცხი დარჩეს ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიმე მხარისათვის, შეიძლება ეს არ იყოს ადამიანურად სასიამოვნო, მაგრამ მთავარია მე ვიყო მართალი და სწორი. მე არ მქონია ქალბატონ მზიას ოჯახთან რაიმე შემხებლობა ამ ორი თვის განმავლობაში, ადმინისტრაციული წესით როცა იყო დაკავებული.

ის არის ჩემი სიმამრის დეიდაშვილი, გასაგებია, თუმცა შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ არსებობს საფუძველი, აცილების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და აღნიშნული დადგენილება შეუძლიათ მხარეებმა გაასაჩივრონ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად“ – განაცხადა სალიხ შაინიძემ.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს საპროტესტო აქციაზე თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შს სამმართველოს ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის.

მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი კი, მის ადმინისტრაციულ საქმეში არსებული გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი].

სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეოკადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მზიას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.

ნახეთ ვიდეო: 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: