მთავარი,სიახლეები

რიჟვაძემ შვილები საჯარო სკოლიდან ამერიკულ სკოლაში გადაიყვანა

27.12.2024
რიჟვაძემ შვილები საჯარო სკოლიდან ამერიკულ სკოლაში გადაიყვანა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ორივე შვილი ბათუმის მე-8 საჯარო სკოლიდან კერძო, ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესში“ გადაიყვანა.

ინფორმაცია თავდაპირველად „აჭარა-თაიმსმა“ გაავრცელა, თუმცა სკოლის ადმინისტრაციამ ინფორმაცია „ბათუმელებსაც“ დაუდასტურა.

სკოლის ინფორმაციით, რიჟვაძემ შვილები კერძო სკოლაში ახლახან გადაიყვანა.

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლის წლიური საფასური 2025-2026 სასწავლო წლისთვის 8 000 ლარია.

თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის მე­უღ­ლე პრო­ფე­სი­ით ინ­გლი­სუ­რი ენის მასწავლებელია და ისიც მე-8 საჯარო სკოლაში ასწავლიდა.

ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობს ირაკლი ღარიბაშვილის შვილიც. ირაკლი ღარიბაშვილი უცხოელ ახალგაზრდებში საგანგაშო „ლგბტ პროპაგანდაზე“ საუბრობს.

მაგალითად, წელს, შვილი თბილისის მერმა კახა კალაძემაც ფრანგულ სკოლაში შეიყვანა. კალაძე ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა.

ამავე სკოლაში სწავლობს თეა წულუკიანის შვილიც.

საჯარო სკოლებში თითქმის არც ერთი მაღალი თანამდებობის პირის შვილი არ სწავლობს.

ბოლო რამდენიმე წელი მშობლები, მასწავლებლები და სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ, რომ გაუმჯობესდეს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა და დაინერგოს სასკოლო კვება, რადგან ფაქტები და კვლევები აჩვენებს, რომ საჯარო სკოლებში ბავშვებს შიათ.

წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ სასკოლო კვება არ დანერგა და ხშირად შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობას და ბიუჯეტში არასაკმარის თანხას ასახელებს მიზეზად. თუმცა, ამის პარალელურად, არ ზოგავს თანხებს სპორტსმენებისთვის, იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს „ოცნების“ ანტიდასავლურ და რუსულ პოლიტიკას.

„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა.

რუსული პოლიტიკისა და ანტიდასავლური რიტორიკის მიუხედავად, დასავლური განათლების სისტემაზე უარს არ ამბობენ „ოცნების“ მაღალჩინოსნები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: