„ჩემმა ბებია-ბაბუამ, მშობლებმა ქვეყანა რუსული ოკუპაციის გამო დატოვეს. მე ამის გაკეთებას არ ვაპირებ“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი მედიასთან. ის ერთადერთი ხელისუფალია, რომელსაც დღეს ხალხი აღიარებს, თუმცა ემუქრება „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება.
როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ და რაზეა დამოკიდებული პროტესტის ძალა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მე-9 მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერს [„ქართული ოცნება“], იურისტს, თამარ ჩუგოშვილს ესაუბრა.
- ზურაბიშვილს ევროპარლამენტში გამოსვლის შემდეგ პოლონელმა ჟურნალისტმა ჰკითხა, ხომ არ ეშინია საქართველოში დაბრუნების. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მოხდეს ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, რა ელოდება სალომე ზურაბიშვილს?
პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილია მათთვის („ოცნებისთვის“) ნომერ პირველი პრობლემა – იმიტომ, რომ ის არის ერთადერთი პირი, რომელსაც ხალხი აღიარებს ლიდერად.
ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მიდიან ხალხთან, საპროტესტო აქციებზე, მაგრამ ერთადერთი, ვისაც ტაშით და ოვაციებით ხვდებიან და სრული აღიარება აქვს, ეს არის სალომე ზურაბიშვილი.
ერთადერთი ადამიანია, ვისაც აქვს ოპოზიციურ ველზე რესურსი, შესაძლებლობა და უნარი იმისა, რომ აი ეს, ძალიან ძლიერი საპროტესტო მუხტი მართოს და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერაც მიიღოს, არის სალომე ზურაბიშვილი. ეს კი „ოცნებისთვის“ ძალიან დიდი პრობლემაა. ამიტომ ყველანაირად ეცდებიან მის ნეიტრალიზებას.
- რა ფორმით?
ყველანაირად ეცდებიან, რადგან ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ბოლო კვირების განმავლობაში ადამიანები აწამა. ხალხი არის ნაწამები. ჟურნალისტები არიან ყველას თვალწინ ნაცემი, სასტიკად გაუსწორდნენ მედიას, ექიმებს, ახალგაზრდებს, მსახიობებს, დაკავებული არიან ადამიანები, რომლებიც პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ იყვნენ და აწამეს.
ეს არის უსასტიკესი, უმძიმესი დანაშაულები, რომელიც შემთხვევით კი არ იყო, დავალებით იყო ჩადენილი და იყო სისტემური.
ამიტომ, ესენი არიან აბსოლუტურად ყველაფერზე წასულები და ჩადენილი აქვთ უმძიმესი კრიმინალი. ყველა სისხლის სამართლის დანაშაულის მონაწილეა, ამიტომ ამ ხალხს გადაკვეთილი აქვს ის ზღვარი, რაზეც იტყვიან, რომ „ეს არ შეიძლება“.
- შეიძლება იმ დონეზეც გადაკვეთონ ზღვარი, რომ სალომე ზურაბიშვილი დააკანონ?
მე მგონი ამაზე ვერ წავლენ, რადგან უბრალოდ ვეღარ შეძლებენ ხალხის მასის გაჩერებას. განა არ იკადრებენ, უბრალოდ, ფიზიკურად ვეღარ შეძლებენ ხალხის მასის მართვას, თუ ასეთ რაღაცას ჩაიდენენ.
ვფიქრობ, გაუჭირდებათ ამის გაკეთება და არა იმიტომ, რომ სინდისი შეუშლით ხელს.
- „ოცნება“ იმუქრებოდა, რომ თუ არ დატოვებს ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეს, მოუწევდათ მისი გამოყვანა. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, ძალას გამოიყენებენ, რა პროცესს შეიძლება ველოდოთ?
სიმართლე გითხრათ არ ვიცი, რადგან არა მგონია თვითონ პრეზიდენტმაც ისე წაიყვანოს პროცესი, რომ ფიზიკურად გამოყვანის, ანუ ამ სურათის დადგმის შესაძლებლობა მისცეს „ოცნებას“.
ისინი, რა თქმა უნდა, სადღაც შეიკრიბებიან და დაარქმევენ ინაუგურაციას, რომელსაც არ ექნება არც ხალხის და არც საერთაშორისო აღიარება, რომლის გარეშეც ვერავინ ვერ გახდება ლეგიტიმური თანამდებობის პირი. პრეზიდენტი ზურაბიშვილიც ალბათ სხვა ადგილიდან და სხვა ფორმით გააგრძელებს თავის საქმიანობას. ალბათ პირდაპირ შევა პოლიტიკურ პროცესში.
- ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის აპირებს ხალხის გვერდით დგომას და ხალხიც მას აღიარებს, როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტს. თავის მხრივ, „ოცნების“ მთავრობა ყაველაშვილს ნიშნავს პრეზიდენტად – ფაქტობრივად ორხელისუფლებიანობა გვაქვს ქვეყანაში, როგორი ბოლო ექნება ამ ყველაფერს?
აი, ახლა უკვე ვართ იმ მდგომარეობაში, როცა ვისაც გამძლეობა ეყოფა, იმის სასარგებლოდ დასრულდება პროცესი. თუ ხალხი ფიზიკურად, ემოციურად გაუძლებს ამ ყველაფერს, გამარჯვება იქნება ხალხის. ეს არ არის მარტივი, მაგრამ მე ისეთ გამძლეობას ვხედავ, რომ ეს უბრალოდ ვერ აორთქლდება, უბრალოდ ვერ წავა.
არალეგიტიმური ხელისუფლების მოლოდინი არის ის, რომ ხალხი საახალწლო განწყობაზე გადაერთვება და თავისით ჩაცხრება ეს პროტესტი, მაგრამ ვერ მოხდება, არ მოხდება ეს, რადგან ყველა ვაპირებთ, რომ ახალ წელსაც გარეთ ვიყოთ, ერთად ვიყოთ ქუჩაში და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც თუ გაგრძელდება მხარდაჭერა, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ჩანიშნოს ახალი არჩევნები.
თუ ძალით და რეპრესიებით მოერია ხალხს (და იმედი მაქვს, რომ ეს ვერ მოხდება), მაშინ საქართველო იქნება დასავლეთისგან სრულიად იზოლირებული ქვეყანა, დამოკიდებული მხოლოდ რუსეთზე, ჩინეთზე, ირანზე და ამ ქვეყნის ფუნქციონალი იქნება ის, რომ ძალიან დიდი რაოდენობის შავი ფული იტრიალებს კენწეროში მსხდომი ადამიანების ხელში, ხალხი კი იქნება სრულად იზოლირებული და მარტო თავის სიღატაკესთან.
- ზოგიერთი კრიტიკოსის შეფასებით, ქართული სახელმწიფო ადგას „ჩეჩნეთიზაციის გზას“. ამ ყველაფერს რა შეაჩერებს – ფიქრობთ, რომ ზურაბიშვილმა უნდა აიღოს ხელში ლიდერის პოზიცია და რამდენად აქვს მას ამის შესაძლებლობა?
ახლა ძალაუფლება, ამ ქვეყნის გადარჩენის ძალა ხელში უჭირავთ საქართველოს მოქალაქეებს. ერთ, ცალკე აღებულ ადამიანს, არავის. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ძალიან მედგრად დგანან, ძალიან ბევრნი არიან და მკაფიოდ გამოხატავენ თავიანთ პოზიციებს.
რა თქმა უნდა, სასარგებლოა და საჭიროა, რომ პოლიტიკური კალაპოტიც მიეცეს ამ ყველაფერს და პრეზიდენტს ამის კარგი შესაძლებლობა აქვს, რომ ეს პოლიტიკური კალაპოტი შექმნას ამ დინებისთვის. ეს არის ჩვენი ვალდებულებაც, რომ ვისაც არ შეგვიძლია ის უნდა გავაკეთოთ და სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ჩვენზე მეტი, რადგან იმ სტატუსმა, რომელიც მას ამ წლების განმავლობაში ჰქონდა, მისმა პოზიციონირებამ, მისმა სითამამემ, გამბედაობამ და საერთაშორისო ურთიერთობებმა, ძალიან დიდი რესურსი შესძინა.
რა თქმა უნდა, მას შეუძლია დადებითი როლი შეასრულოს და იყოს ლიდერი ამ წინააღმდეგობის მოძრაობის, მაგრამ მისი წარმატება დამოკიდებული იქნება ხალხის აქტიურობაზე. ის მარტო ვერაფერს შეძლებს.
- ფაქტია, რომ დასავლეთს არ ელაპარაკება „ოცნების“ ხელისუფლება. თავის მხრივ, „ოცნება“ სანქცირებულ პირებს აჯილდოებს, ინაუგურაციის შემდეგ კი ღირსების მედლებს დაჰპირდა ძალადობაში ბრალდებულ პირებს. რა არის ეს, რა მდგომარეობაშია „ოცნება“?
ვფიქრობ, ეს ცოტა ისტერიული მოცემულობაა. ალბათ ეს არის ბოლო გაბრძოლება, რადგან მათ სხვა გზა არ აქვთ. ცდილობენ ერთმანეთი გაამაგრონ, რადგან ხედავენ, რომ არიან დაუცველები, რადგან პერსონალურად ხდებიან სანქცირებულები და აღარ უშველით არაფერი. ამიტომ „ოცნება“ ცდილობს რაღაც ნიშან-წყალი გამოავლინოს, რომ თითქოს ამ ხალხის დაცვა შეუძლია და ამისთვის აკეთებს ამ ყველაფერს.
თავის დროზე სააკაშვილსაც დაუჯილდოებია მეგის ქარდავა და ძალიან ნიშანდობლივია, რადგან ხელისუფლების დასასრულის ნიშნებია ეს ჩემთვის, რასაც ესენი ახლა აკეთებენ.

თამარ ჩუგოშვილი
მათ არ აქვთ რესურსი, რომ პოლიტიკური რესურსით მართონ ხალხი. ფორმიან და იარაღიან კაცს მაშინ იყენებს ხელისუფლება, როდესაც ლაპარაკით ვერ აგვარებს პრობლემას. პოლიტიკოსი კი იმიტომ სჭირდება ქვეყანას, რომ ლაპარაკით გადაჭრას საკითხები და არა იარაღით, თავში რტყმით და ადამიანების წამებით.
ამ ხალხს აღარ გააჩნია არანაირი რესურსი, რომ ან ქვეყნის შიგნით აუხსნას რაიმე ხალხს, ან ქვეყნის გარეთ. ყველა, ვინც მათი ყურმოჭრილი მონა არ არის და ავტომატურად არ იმეორებს მათ ნათქვამს, ყველას ეძახიან მტერს, ყველა გამოაცხადეს ნაცებად, ყველას დაარქვეს გლობალური მტერი და ასეთ ხელისუფლებას და თანამდებობის პირებს არ შესწევს უნარი იყონ საზოგადოებაში ან ავტორიტეტი, ან გამაერთიანებელი ან პოლიტიკოსი, რომელსაც ვიღაც გაუწევს ანგარიშს.
იტყუებიან ყოველ ფეხის ნაბიჯზე. როცა შენი ყოველი სიტყვა არის ტყუილი, ვერ გეყოლება ვერც პარტნიორები, ვერც მეგობრები და ის საზოგადოება, რომელსაც შენი სჯერა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მათ ძალიან გაუჭირდებათ.
- ყველაზე პესიმისტური სურათი რომ წარმოვიდგინოთ, რა შემთხვევაში შეიძლება დატოვოს ზურაბიშვილმა ქვეყანა და თუ ასე იქნება, ხომ არ დააზიანებს ეს საპროტესტო მუხტს ქვეყანაში?
პირველ რიგში, მე არ მგონია, რომ ზურაბიშვილი წავა, როცა ის ამბობს, რომ ბოლომდე იქნება ამ პროცესში ჩვენთან. მე ამისი მჯერა და არ მაქვს საფუძველი, რომ არ ვენდო. იმიტომ, რომ ის არც მშიშარაა და არც მხდალი, ბევრი რაღაცისთვის გაუძლია და ბევრის გაძლებაც შეუძლია. და რაც ყველაზე მთავარია, ეს პროცესი არ არის არცერთ ადამიანზე დამოკიდებული. ზურაბიშვილს აქვს დიდი ავტორიტეტი, მაგრამ ეს პროცესი ულიდეროდ მიდის და ხალხი ხედავს, გრძნობს, როგორ უნდა იმოქმედოს, როგორც ერთმა ორგანიზმმა.
საერთოდ უცნობი ადამიანები დგანან და მოქმედებენ სინქრონში იმიტომ, რომ საზოგადოება გრძნობს მთელი სხეულით, ახლა რა არის გასაკეთებელი.
სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ძალიან დიდი როლის შესრულება და დარწმუნებული ვარ, ის არასად არ წავა, მაგრამ მისი ფაქტორი რომც არ იყოს, მაინც ვერ გაჩერდება ეს მოძრაობა, მე ასე ვფიქრობ.