ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობასთან შეხვედრებისას მან მიიღო დაპირება რუსულ კანონში ცვლილებების შეტანაზე.
„მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ შინაარსს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებების, რომელიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში,“ – თქვა სამდღიანი ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ.
ალენ ბერსემ იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ცვლილებები შევა სხვა კანონებშიც, რომლებიც არ შეესაბამება ევროპის საბჭოს.
„ვიმედოვნებ, რომ ამგვარი პროცესები შეიძლება განხორციელდეს ასევე სხვა მიმართულებით, როგორიც არის თანასწორობა, დისკრიმინაციის აღმოფხვრა, საარჩევნო რეფორმები… ბოლო დროინდელი კანონები ნამდვილად არ მოდის შესაბამისობაში ევროპის საბჭოსა და კონვენციის მოცემულობასთან.
ჩვენ მივიღეთ გარკვეული დაპირებები.
ევროსაბჭოს, როგორც მოგეხსენებათ, აქვს სამოქმედო გეგმა 2024-27 წლებისთვის, ეს არის ევროსაბჭოს მიერ მომზადებული გეგმა, რომელიც შემდგომ მინისტრთა კომიტეტისთვის არის დამტკიცებული. ეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის და ეს გეგმა არის მთავარი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ დავეხმაროთ საქართველოს თავისი ევროპული სულისკვეთების განხორციელებაში,“ – თქვა ალენ ბერსემ.
დღის მეორე ნახევარში ალენ ბერსეს განცხადებას გამოეხმაურა “ქართული ოცნების” პრემიერი ირაკლი კობახიძე.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს განცხადების მიუხედავად, რომ „ოცნების“ მთავრობასთან შეხვედრებისას მიიღო დაპირება რუსულ კანონში ცვლილებების შეტანაზე, ირაკლი კობახიძე კანონის შეცვლის გარანტიას არ იძლევა.
„ჯერ უნდა შედგეს დისკუსია. იქნებ დისკუსიის პროცესში დგინდება ის, რომ კანონი არის თავიდან ბოლომდე კარგი, რას ვშვებით მაშინ, მაინც უნდა შევცვალოთ?! რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში კანონის შეცვლა არ შეიძლება. ჯერ უნდა დასაბუთდეს პუნქტობრივად, რა არის კარგი, რა არ არის კარგი. ასე რომ ჯერ უნდა დავიწყოთ დისკუსია, მერე ვთქვათ, შეიცვლება თუ არა და მერე ვთქვათ, რომ შეიცვლება, რა შეიცვლება“, — განაცხადა კობახიძემ.
მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და თქვა, რომ ის პირველი ევროპელია, რომელიც მზად არის დისკუსიისთვის.