საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ აკადემიის სტუდენტთა ნაწილს დღეს, 3 დეკემბერს, სასწავლებლის კარი ჩაუკეტა და აკადემიის ეზოში არ შეუშვა.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ, მიეცათ მათთვის იმ სასწავლებლის ეზოში შესვლის უფლება, რომელშიც სწავლობდნენ, თუმცა საზღვაო აკადემიამ საკუთარი სტუდენტებისთვის კარი არ გააღო.
საზღვაო აკადემიის სტუდენტთა ერთი ნაწილი აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას, ევროპული ინტეგრაციის შეჩერების შესახებ. ისევე როგორც სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, საზღვაო აკადემიის სტუდენტებიც უერთდებიან გაფიცვას და პროტესტის ნიშნად არ შედიან აუდიტორიებში.
დღეს, 3 დეკემბერს, პროტესტის მონაწილე სტუდენტებს სურდათ შეხვედრა საზღვაო აკადემიის რექტორთან, მურთაზ დევაძესთან, თუმცა ისინი აკადემიის ადმინისტრაციამ სასწავლებლის ეზოშიც კი არ შეუშვა.
„თუკი აკადემიის სახელით წარმატებას ვაღწევ, მაშინ აკადემიის სტუდენტი ვარ, ხოლო როცა პროტესტით გამოვდივარ, მაშინ აღარ ვარ.
ვითხოვდით აკადემიაში შესვლის უფლებას, ასევე გვინდოდა ჩვენთან შესახვედრად გამოსულიყო რექტორი და დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუმცა არც შეგვიშვეს და არც რექტორი გამოვიდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საზღვაო აკადემიის სტუდენტმა იაკობ მახარაძემ.
მოგვიანებით რექტორთან შესახვედრად რამდენიმე სტუდენტი შევიდა. სტუდენტების მოთხოვნა უცვლელი იყო, შეეჩერებინა აკადემიას სასწავლო პროცესი და გაეკეთებინა მკაფიო განცხადება, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა სტუდენტებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ უარი თქვა სტუდენტთა მოთხოვნაზე პროტესტის ნიშნად გაეჩერებინა სასწავლო პროცესი.
„ჩვენ ასევე ვითხოვთ, აკადემიამ გამოხატოს ოფიციალური პოზიცია, გაავრცელონ განცხადება, რომ გმობენ ძალადობას და რომ აკადემია იცავს ქვეყნის ევროპულ კურსს. თუ ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, მერე ვიმოქმედებთ შესაბამისად,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სტუდენტებმა.
იმ დროს, როცა საზღვაო აკადემიის ერთი ნაწილი ქუჩაში იდგა და აკადემიაში შესვლას ითხოვდა, საზღვაო აკადემიის შესასვლელ ჭიშკართან ათამდე პოლიციელი ჩააყენეს, ისინი აკადემიის კარს იცავდნენ.
„ბათუმელებმა“ საზღვაო აკადემიის რექტორს, მურთაზ დევაძეს ჰკითხა, რატომ არ შეუშვა მან აკადემიაში სტუდენტები და რატომ გახდა აუცილებელი აკადემიის დაცვა მისივე სტუდენტებისგან პოლიციის ძალით.
მან კითხვა მოისმინა და ტელეფონი გამორთო.
თუკი აკადემიის ადმინისტრაცია კომენტარს გააკეთებს, მას აქვე შემოგთავაზებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას თავისი ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია, გუშინ, 2 დეკემბერს, ევროპული ინტეგრაციის შეჩერების შესახებ განცხადება გაავრცელეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებმა, ადმინისტრაციულმა პერსონალმა და კურსდამთავრებულებმა. განცხადებას ხელს 70 პირი აწერს და მასზე ხელმოწერა ისევ გრძელდება.
„გარდა იმისა, რომ ეს არის საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობის უმრავლესობის ნების უგულებელყოფა და პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ის უშუალოდ მოახდენს ნეგატიურ გავლენას საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულების დასაქმების პროცესებზე.
ჩვენ ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების ერთგულნი და ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც გულწრფელად და მშვიდობიანი გზით გამოხატავენ უკმაყოფილებას ევროინტეგრაციის პროცესების შეჩერების გამო,“ – ნათქვამია განცხადებაში.