ოზურგეთში, სოფელ მერიაში, „გიბერია ბიზნეს ჯგუფის“ მიერ იჯარით აღებული შენობის ეზოში სხვადასხვა ქვეყნის დროშასთან ერთად ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის დროშაა აღმართული.
ფოტო და ვიდეო, რომლებზეც შენობის წინ მოფრიალე რუსეთის დროშა ჩანს, მოქალაქემ კვირას, 10 ნოემბერს გადაიღო და „ბათუმელებს“ მოაწოდა.
შენობა, რომლის ეზოშიც ოკუპანტი ქვეყნის დროშა ფრიალებს, ამჟამად შპს „სანეს“ ეკუთვნის და ის იჯარით აქვს აღებული შპს „გიბერია ბიზნეს ჯგუფს“.
12 841 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობებს 2023 წლამდე სახელმწიფო ფლობდა და მასში შპს „აგროსერვის ცენტრის“ ოზურგეთის სერვის ცენტრი იყო განთავსებული. სახელმწიფო ქონებას თავდაპირველად 866 276 ლარად ჰყიდდა, თუმცა ბოლო აუქციონზე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები 519765 ლარად იყო გამოტანილი. საბოლოოდ ქონება 689 765 ლარად გაიყიდა და მისი მესაკუთრე რეესტრის მიხედვით კომპანია „ს მოტორსი“ გახდა.
სახელმწიფომ კუთვნილი შენობა უპირობოდ გაყიდა.
ქონების ამჟამინდელი მფლობელის, კომპანია „სანეს“ იურისტი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიაში მდებარე მათი კუთვნილი შენობა ამჟამად იჯარითაა გაცემული და კომპანია „სანეს“ ოკუპანტი ქვეყნის დროშის აღმართვასთან არაფერი აკავშირებს.
„კომპანიას უამრავი საიჯარო ხელშეკრულება აქვს. ამ შემთხვევაში ეს შენობაც იჯარითაა გაცემული და იქ დროშების აღმართვასთან ჩვენ კავშირი არ გვაქვს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ შპს „სანეს“ იურისტმა, შოთა სონიშვილმა.
„ბათუმელებმა“ გამოარკვია, რომ სოფელ მერიაში მდებარე შენობა, რომლის წინაც მოიჯარემ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის დროშა აღმართა, შპს „გიბერია ბიზნეს ჯგუფს“ აქვს იჯარით აღებული.
შპს „გიბერია ბიზნეს ჯგუფში“ წილებს სამი პირი ფლობს. კომპანიის 45 %-იანი წილი ეკუთვნის გიგა მახარაძეს, ასევე 45 % ეკუთვნის გრიგოლ აბრალავას, ხოლო 10 %-იანი წილის მფლობელი გივი ჩიქოვანია.
დოკუმენტების მიხედვით, კომპანიას გიგა მახარაძე და გრიგოლ აბრალავა ერთობლივად მართავენ.
კომპანიის წესდების მიხედვით, „გიბერია ბიზნეს ჯგუფი“ ქვიშა-ხრეშს მოიპოვებს.
„ბათუმელები“ ესაუბრა „გიბერია ბიზნეს ჯგუფის“ წარმომადგენელს, ვინმე ჯეკოს (საკუთარი გვარის თქმაზე მან უარი განაცხადა), რომელმაც უარყო „გიბერია ბიზნეს ჯგუფის“ მიერ იჯარით აღებული შენობის ეზოში რუსული დროშის აღმართვის ფაქტი და გვითხრა, რომ ფოტო და ვიდეო, რომლებიც საწარმოს ეზოში რუსული დროშის არსებობას ადასტურებდა, ფოტოშოფია.
„აბსურდია. თუ გინდათ თქვენი თვალით ნახეთ, ფოტოშოფია ალბათ,“ – გვითხრა მან.
„ბათუმელებმა“ მას განუმარტა, რომ ფოტო და ვიდეო ნამდვილი იყო და ის კვირას, 10 ნოემბერს იყო გადაღებული. კომპანიის წარმომადგენელს ვთხოვეთ, იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთის დროშა აღარ იყო აღმართული შენობის ეზოში, გამოეგზავნა ფოტო, რომელზეც შენობა და დროშები იქნებოდა ასახული.
„თქვენი „ზადაჩებისთვის“ ვაფშე არ მცალია. მაგზავნი საღაცა სურათი გადამიღე და გამომიგზავნეო, თავი ვინ გგონია შენ,“ – ასეთი იყო მოიჯარის წარმომადგენლის პასუხი „ბათუმელების“ თხოვნაზე.
გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც 12 წამია, უწყვეტი კადრია და მასზე ჩანს, რომ „გიბერია ბიზნეს ჯგუფის“ მიერ იჯარით აღებული შენობის წინ ნამდვილად არის აღმართული ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის დროშა.