„დღეს ეს 44 900 000 ლარი ეკუთვნით დიუშენით დაავადებულ ბავშვებს. სწავლის ხარისხს და მოსწავლის ქცევას ფორმა ვერ გამოასწორებს“- ამბობს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია.
როგორ უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტიდან 44 მლნ ლარი ეფექტურად ქვეყანაში, სადაც ბავშვების მშობლები წამლის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს მართავენ, ბავშვების ნაწილს საკმარისი საკვები არ აქვს, მმართველი პარტია კი სასკოლო ფორმების შემოღებას მიიჩნევს განათლების სისტემის მთავარ გამოწვევად? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ სიმონ ჯანაშიას.
- ბატონო სიმონ, რამდენიმე წელია მასწავლებლები, მშობლები, ბავშვები და სამოქალაქო აქტივისტები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ სკოლებში ბავშვების კვება დააფინანსოს, მაგრამ „ოცნების“ ხელისუფლებამ არ გამოყო კვების თანხა. ქუჩაში მშობლები ღამეებს ათენებენ და ითხოვენ წამალს შვილების სიცოცხლისთვის, თუმცა მათ არც წამლის შეძენას აპირებენ. სამაგიეროდ, უცებ გაჩნდა ბიუჯეტში 44 900 000 ლარი სკოლის ფორმებისთვის. რას ნიშნავს ეს?
პოლიტიკაში რაც ხდება, ეს აჩვენებს იმას, რომ ამ ქვეყანაში არ არის დემოკრატიული მართვის მექანიზმები. მეორეს მხრივ, არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც საზოგადოება დაუკვეთს ხელისუფლებას თავის პრიორიტეტებს. ეს რომ მუშაობდეს, სკოლის ტანსაცმელი ნამდვილად არ იქნებოდა პრიორიტეტი დღეს. პრიორიტეტი იქნებოდა, მაგალითად, თანასწორობა, ბავშვთა კვება, ბავშვების ჯანმრთელობა და სკოლების მშენებლობების სწრაფად დამთავრება, რადგან სამ ცვლაში უწევთ დღეს ბავშვებს სწავლა.
ესენი საკვების ნაცვლად ბავშვებს სთავაზობენ ფორმებს, მაგრამ სამაგიეროდ აღარ ექნებათ ბავშვებს ალტერნატიული სახელმძღვანელოები, 12-ის ნაცვლად 11 წელს ისწავლიან.
ყველა ცვლილება არის შეზღუდვაზე ორიენტირებული და შემაკავებელიც არაფერი არსებობს.
თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლებთან კონფლიქტში არიან. პროტესტში არიან მსახიობები, მწერლები, ჟურნალისტებთან ვერ თანამშრომლობენ, ვერ გამონახეს ენა დიპლომატებთან, სამხედროებთან და სპორტსმენების გარდა, ფაქტობრივად ყველა სფეროსთან დაპირისპირებაში არიან. მათ შორის განათლების სფეროსთანაც.
ბავშვებისთვის ამ ფორმების ჩაცმაც არ არის შემთხვევითი, რადგან რაც უფრო ავტორიტარული ხდება სისტემა, მით უფრო მეტად უნდა აჩვენოს საზოგადოებას, რომ აწესებს რაღაც შეზღუდვებს, რომელსაც აუცილებლად ყველა უნდა დაემორჩილოს. ამ ფორმების შემოტანა ამ კონტექსტში ამას ნიშნავს – „ჩვენ ვამყარებთ წესრიგს და ჩვენ ვმართავთ“.
- ბავშვების ჩარჩოში მოქცევის სიმბოლოა ეს ფორმა?
რეალურად, ოჯახებს დაუწესეს გადასახადი და ეს 44 მილიონიც არ არის ის თანხა, რომელიც ბიუჯეტიდან დაიხარჯება ფორმებზე. ეს არის ფულის ნაწილი, ნაწილს გადაიხდიან მშობლები, როცა ვალდებულება გაუჩნდებათ, რადგან ითქვა, რომ სახელმწიფო მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებს მისცემს ფორმას უფასოდ, დანარჩენებმა უნდა იყიდონ, ასე გამოდის.
- გამოდის, ხელისუფლებამ მილიონები უნდა დახარჯოს ისეთ რამეში, რაზეც არ ყოფილა მშობლების დაკვეთა?
ასე გამოდის კი, რომ სახელმწიფომ უნდა მიჰყიდოს მშობელს ის, რაც მას არ დაუკვეთავს. თუმცა, მშობელს არც იმის შესაძლებლობა აქვს, რომ გააპროტესტოს.
აქ საუბარი არ არის უბრალოდ დრესკოდზე, რომ მოსწავლეს უნდა ეცვას, ვთქვათ, თეთრი პერანგი ან რაღაც ფერის შარვალი, რომ შემდეგ მშობელმა გადაწყვიტოს სად იყიდოს და როგორ, არამედ ეს არის სტანდარტიზებული ტანსაცმელი, რომელიც ყველამ უნდა ჩაიცვას. როგორც საბჭოთა კავშირში იყო, სწორედ ისე და მაშინაც ეს ფორმები იყო საზოგადოების დისციპლინირების ერთ-ერთი მექანიზმი.
საბჭოთა სკოლაშიც კი ამ ერთფეროვნების გამო, [ბავშვები] სახელოებს ახევდნენ, ჯიბეებს აძრობდნენ ღილებს და ცვლიდნენ ტანსაცმელს, რომ არ ყოფილიყვნენ სისტემის ნაწილი და ეს წინააღმდეგობა აუცილებლად ჩნდება მაშინ, როცა სისტემა უსამართლოა.
- თუმცა საზოგადოებას ისე მიაწოდეს ეს ინფორმაცია, როგორც ბავშვებს შორის თანასწორობაზე ზრუნვა. ბულინგი შემცირდებაო – ამბობენ.
სინამდვილეში, ამ ფორმით თანასწორობის დამყარებაც დისციპლინირებაა, რადგან თუ მე არ მინდა ვიყო თანასწორი და სახელმწიფო მაიძულებს და მთხოვს, რომ სხვასთან მიმართებაში მოვიქცე ისე, თითქოს ვართ თანასწორი, ეს ნიშნავს, რომ მე მაიძულებს მოვიქცე ისე, რაც ჩემთვის ბუნებრივი არ არის. ეს არ არის თანასწორობა.
თანასწორობა არის შესაძლებლობის გათანაბრება. მაგალითად, ვიღაცას რომ ასეთი ფორმა აცვია, სხვას არ აქვს შესაძლებლობა ასეთი ფორმა იყიდოს და შენ ეხმარები, მაშინ ეს იქნებოდა თანასწორობისკენ გადადგმული ნაბიჯი. როცა ხედავ, რომ ვიღაც სკოლაში მშიერი მოდის, ვიღაც – არა და შენ მშიერს აწვდი საკვებს, ეს არის თანასწორობისკენ მიმართული ნაბიჯი.
როცა ვიცით, რომ დედაქალაქის და სხვა ქალაქის სკოლების მოსწავლეებს უფრო უკეთესი შედეგები აქვთ, მაგალითად, მისაღებ გამოცდებზე და სხვებს არა, ამიტომ მათთვის აკეთებ გახანგრძლივებულ გაკვეთილებს – აი, ეს არის თანასწორობა.
როცა მასწავლებლების კვალიფიკაცია არათანაბარია და შენ სოფლებში გყავს უფრო მეტი ნაკლები კვალიფიკაციის მასწავლებელი, ეს არის უთანასწორობა. მაგალითად, ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებელი რომ არ არის სკოლაში და ფიზკულტურის მასწავლებელი ასწავლის ფიზიკას, ეს არის უთანასწორობა.
სოფლის და ქალაქის სკოლის ბავშვს, რომ ერთნაირი ფორმა აცვია, ეს არაფერს ცვლის.
- ფასადურ „თანასწორობას“ ქმნიან და არა რეალურს?
ფასადურია კი და ზოგადად, თანასწორობის პრობლემა არის არა მხოლოდ სკოლების შიგნით, არამედ სკოლებს შორისაც, რადგან თუ ჩემი შვილი უკეთეს სკოლაში დადის, ვიდრე სხვისი, ფორმების ჩაცმით ვერ ექნებათ მათ თანასწორობა.
სად არის თანასწორობა, როცა ერთს ეუბნები, რომ შეუძლია 12 წელი ისწავლოს და მეორეს არ აძლევ ამის შესაძლებლობას. თუ, მაგალითად, სოფლის სკოლაში ერთი ბავშვი იტყვის, რომ უნდა მე-12 კლასში სწავლის გაგრძელება, ის არ აღმოჩნდება წნეხის ქვეშ?!
მეორეა ის, რომ ასეთი სისტემის შემოღებით შეიძლება ხელი შეუწყო კორუფციასაც. თუ ერთ სკოლაში მასწავლებლები დაიყოლიებენ ბავშვებს, რომ გააგრძელონ სწავლა მე-12 კლასში, მიუხედავად იმისა, ივლიან თუ არა ისინი სკოლაში, მხოლოდ იმიტომ, რომ საათები შეინარჩუნონ მასწავლებლებმა, ეს არ აჩენს კორუფციის ელემენტებს სკოლაში?!
რომელიღაც სკოლაში მეტი ხელფასი რომ ექნება მასწავლებელს და რომელიღაც სკოლაში ნაკლები, ეს არ იქნება უთანასწორობა?!
ცალკე საკითხია, წამალს რომ ითხოვენ ბავშვები და სახელმწიფო ეუბნება ფული არ გვაქვსო. მერე აღმოჩნდება, რომ ფული არ არის პრობლემაა, რადგან მილიონობით ლარს ყრი ფორმებში, რომელზე მოთხოვნაც არ არსებობს.
ფაქტობრივად გადაყრილია ფულია ეს, რაც ფორმებში იხარჯება, რადგან ვერ მოიტანს შედეგს. სწავლის ხარისხს და მოსწავლის ქცევას ფორმა ვერ გამოასწორებს. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ნახევარ წელიწადში გაიზრდებიან და თავიდან გაუხდებათ საყიდელი ეს ფორმები.
- თანაც ტანსაცმელი არ არის, მაგალითად, წიგნი, რომ ერთის გამოყენებული მისცე სხვას…
სინამდვილეში, ამ ფულს მხოლოდ იმიტომ ხარჯავენ, რომ ერთხელ, სექტემბერში აჩვენონ საზოგადოებას, რომ რაღაც გააკეთეს განათლების სისტემაში. გადაუღებენ ფოტოებს ბავშვებს და მერე აღარავინ მოიკითხავს.
- ანუ ჩავარდება ეს პროექტი?
„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა თავის დროზე ფორმების პროექტი, რომ ყველას ერთნაირი ქურთუკი უნდა ჰქონოდა, ერთნაირი ზურგჩანთა და ასე შემდეგ და მერე ეს იქცა რაღაც კოშმარად, რადგან განათლების სამინისტრო თვეების განმავლობაში დაკავებული იყო ზომების აღებით და შეკვეთებით.
ჯარშიც კი, ზრდასრულ ადამიანებთან რთულია იმის მიღწევა, რომ ყველას მოარგო ფორმა და ისეთ ასაკში, როცა ბავშვი ყოველ წელს, ყოველ სეზონზე იზრდება, რამდენად შეიძლება იმის მიღწევა, რომ ყველას მოარგებ ერთხელ შეკერილი ფორმას?! ამიტომ, გადაყრიან ამ 44 მილიონს და შემდეგ მიივიწყებენ ამ პროექტს.
ისევე, როგორც მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ხარჯავდნენ 50 მილიონს წელიწადში, მაგრამ გაიზარდა კვალიფიკაცია?! სადღაც 300 მილიონზე მეტია დახარჯული ამ პროგრამაში და ისე გააუქმეს, ვითომც არაფერი. არ სჯობდა, რომ მასწავლებლების ხელფასების გასაზრდელად დაეხარჯათ ეს თანხები?
- რისი გაკეთება შეიძლება 44 მილიონად დღეს ბავშვების სასარგებლოდ?
მახსოვს ასეთი ამბავი, რომ ისრაელის დაარსების წლისთავზე გოლდა მეიერმა [ისრაელის მეოთხე პრემიერ-მინისტრი] თქვა, ჩვენ არ გავმართავთ ღონისძიებებს, სად გვაქვს ამდენი ფული, ქვეყანა გვაქვს ასაშენებელიო. საქართველოში კი უამრავი 44 მლნ-ია, რომელიც უაზროდ იხარჯება.
დღეს ეს თანხა სჭირდებათ დიუშენით დაავადებულ ბავშვებს. ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი და არა ის, რომ ყოველ წელს ავტომობილების პარკი განვაახლოთ და უაზრო ღონისძიებებში ვყაროთ ფული. ვანში იყო ახლა ამბავი, რომ მანქანები არ ჰყავდათ, მაგრამ ბენზინი იხარჯებოდა და ბევრი ასეთი რამ ხდება ამ ქვეყანაში, როცა ერთ ქუჩას ათასჯერ აგებენ და ერთი და იმავე საქმეში ხარჯავენ მილიონებს.
განათლებაშიც უამრავი საკითხია. არის ბავშვების ნაწილი, რომლებიც რამდენიმე წლით ჩამორჩებიან თანატოლებს და მათთვის დამატებითი გაკვეთილები იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა.
უფასო კვების პროგრამები თავისთავად მნიშვნელოვანია, რადგან თუ სოციალური მხარე ძლიერდება, შედეგებიც უკეთესია.
მაგალითად, მეზობელ თურქეთში იყო დანერგილი პირობითი ფულის გადაცემის პროგრამები, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო მშობელს უყენებს პირობას, რომ ოჯახს დაეხმარება, ანუ მისცემს სტიპენდიას, თუ ბავშვს არ ამუშავებს, მაგალითად, თხილის პლანტაციაში და ამის გამო არ გააცდენინებს სკოლას. მაგრამ, როცა ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, იქ მმართველის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული რა იქნება და რა არა.
ხოლო იმის რწმენა, რომ შენ თვითონ შეგიძლია რაღაც შეცვალო, ადამიანებს ნაკლებად აქვთ, როცა ხედავენ, რომ პოლიცია შეიძლება სასტიკად გაუსწორდეს ადამიანს ან უმიზეზოდ დააპატიმროს.
- როცა ასე, ერთჯერად პროექტებში მილიონები იხარჯება, რამდენად არსებობს იმის ალბათობა, რომ ეს შესაძლოა ვიღაცისთვის იყოს ფულის კეთების საშუალებაა და არა ის, რომ ზრუნავენ ბავშვებზე?
არ არის გამორიცხული რომ კორუფციაც იდგეს ამის უკან. ვნახეთ რა მოხდა სკოლების რეაბილიტაციის პროექტებში, როცა კომპანიებმა ფული მოიპარეს და არ ააშენეს სკოლები, მაგრამ ისევ იღებენ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას. სკოლის ფორმების შეკერვითაც ვიღაცის კომპანია იქნება დაინტერესებული.
როცა, მაგალითად, გამომცემლობებს სახელმძღვანელოების ბეჭდვის შესაძლებლობა წაართვეს, აღმოჩნდა, რომ იმ სტამბას დაუკვეთეს წიგნების ბეჭდვა, რომელიც ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული.
თვითონ თანამდებობის პირები აღმოჩნდებიან ხოლმე შემსრულებლების მხარეს. ან გაიყიდება რაღაც უნივერსიტეტი და შემდეგ აღმოჩნდება, რომ მინისტრი ამ უნივერსიტეტის მმართველ საბჭოშია.
ალბათ თვითონაც არ სჯერათ, რომ სკოლის ფორმები გაამართლებს.






