მაღალმთიან აჭარაში დღეს, 21 ოქტომბერს, თოვლის საფარი 50-55 სანტიმეტრს აღწევს. ხულოს ბევრ სოფელში ოჯახებმა ვერ მოასწრეს მოსავლის აღება და ზამთრისთვის მომზადება.
„არის ოჯახები, რომლებმაც კარტოფილის ამოღება ვერ მოასწრეს. ყველასთვის მოულოდნელი იყო ეს ამინდი. მე პირადად შეშა ვერ მოვიმარაგე. ველოდებით გამოდარებას. იქნებ რამე მოვახერხოთ”, – გვეუბნება თეიმურაზ გაბაიძე, რომელიც ხულოს სოფელ ქვედა თხილვანაში ცხოვრობს. მისი თქმით, მსგავსი ვითარებაა მეზობელ სოფლებშიც.
„ასე ადრე არ მოდიოდა ზამთარი და არც ველოდებოდით, ამიტომ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში”, – გვეუბნება თეიმურაზი და დასძენს, რომ შეშის მომარაგება ისედაც გართულებულია მათთვის, რადგან შეშის მოჭრა საკმაოდ მიუწვდომელ ადგილას უწევთ: „გზა არ შედის, ისეთ ადგილსაა, რამაც შეგვაფერხა და ამიტომაც ვერ მოვიმარაგეთ”.
მისი თქმით, თოვლმა განსაკუთრებით დააზიანა ხეხილი:
„სულ დატეხა ყველაფერი. ტოტებმა ჩახერგა სოფლის შიდა გზაც, მაგრამ სანამ სამაშველო მოვიდოდა, ადგილობრივებმა გავასუფთავეთ. მასწავლებელი ვარ და საგაკვეთილო პროცესი არ შეჩერებულა სკოლაში“.
თეიმურაზ ქამადაძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა კომუნიკაციის საკითხიც, რადგან, გარდა იმისა, რომ სოფელში არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და ვერ მუხტავენ მობილურებს, დაბალია მობილური კავშირის სიხშირეც.
ქვედა თხილვანაში ახლაც თოვს. ადგილობრივებს მეორე დღეა არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.
„ჩვენი სოფელი მეწყერსაშიში ზონაა, მუდმივად სჭირდება მონიტორინგი. 2017 წელს ჩამოვიდა მეწყერი და საფრთხე შეუქმნა მთელ სოფელს. ეს საშიშროება არსად წასულა. მუდმივად შიშის ქვეშ ვართ და ამიტომ, გეოლოგიური მონიტორინგი მუდმივად სჭირდება ჩვენს სოფელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის შესაძლებელია განმეორდეს ეს პროცესები და არამარტო ჩვენს სოფელში, არამედ ჩვენ მეზობელ სოფლებსაც შეექმნათ მსგავსი საფრთხე, ისეთი მასშტაბურია [მეწყერი]. ეს ამინდები ცეცხლზე რომ ნავთი დაასხა, ისეა”, – გვეუბნება თეიმურაზ ქამადაძე.

თეიმურაზ ქამადაძე
ხულოს სოფელი მეკეიძეებში ცხოვრობს ნოდარ ვანაძე. როგორც ის ამბობს, აქაც მეორე დღეა არ აქვთ შუქი და გზა:
„კავშირი დაკარგული გვაქვს ყველასთან. ჩვენს სოფელში ბევრს კარტოფილი დარჩა მიწაში, ზოგს – ყანიდან მოსაზიდი. ჩვენს სოფელში 70 პროცენტს არ მოუტანია შეშა ზამთრისთვის. ტყეში გზის გაუვალობის გამო ხალხმა ვერ მოიტანა შეშა. აქ უკვე სერიოზული ზამთარია“.
კაცის თქმით, გარდა ერთეულებისა, ვერავინ ახერხებს ტყის იმ მონაკვეთში შესვლას, საიდან დაშვებულია შეშის გამოტანა:
„გზა არ არის, ჭაობის მაგვარი ადგილია. დაბალი გამავლობის მანქანით აქ ვერ შეხვალ, ჩვენ კი არ გვყავს მაღალი გამავლობის მანქანები. ვერ შევედით და ამიტომ ვერ მოვიტანეთ შეშაც.
ხულოს სოფლებში მოსახლეობის 60-70 პროცენტს არ მოუმარაგებია შეშა. მოქალაქეებმა დამირეკეს სხვადასხვა სოფლიდან. ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირა წვიმა იყო, ტყეში არ არის გზა და არც მერიიდან გააგზავნეს ტექნიკა გზის გასაყვანად, ამიტომ, მოსახლეობამ ვერ მოიმარაგა შეშა. მე შემიძლია თავი გავიტანო ამ ზამთარში როგორმე, მაგრამ იმ ხალხს რა ეშველება, ვისაც საერთოდ არ აქვს შეშა და არც მოსავალი აუღია?!“ – კითხულობს ნოდარ ვანაძე.
მისი თქმით, მოსახლეობა ვერ ხედავს აზრს მუნიციპალიტეტს დახმარების თხოვნით მიმართოს, რადგან ადგილობრივები თვლიან, რომ ეს უშედეგო იქნება.
„ზამთარი მთაში ყოველთვის მოსალოდნელია, მაგრამ ამ რაოდენობის ნალექი ამ დროს ბოლო 20 წელია არ ყოფილა. ყველასთვის მოულოდნელი იყო“ – ამბობს ის.
ხვალ, 22 ოქტომბერს, 12 საათზე, ხულოში საკრებულოს სხდომაა. ოპოზიცია აპირებს დასვას კითხვები, თუ რა სახის მხარდაჭერას გამოუცხადებს მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს.
„მოსახლეობის 40-50 პროცენტმა ვერ მოასწრო მოსავლის აღება. ვერც თივის მომარაგება. ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია, რას აპირებს მერია”, – გვეუბნება ზაზა ვანაძე, ხულოს საკრებულოს წევრი ოპოზიციური პარტიიდან.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ხულოს მუნიციპალიტეტის პრესსამსახურს კითხვით – თუ განიხილავენ მოქალაქეების მხარდაჭერას და რა ფორმით, თუმცა ხულოს მერიას ჩვენთვის ამ დრომდე არ უპასუხია.
_______
მთავარ ფოტოზე: 21 ოქტომბერი, ხულოს სოფელი გორგაძეები. ფოტო: ლუიზა შანიძე