მთავარი,სიახლეები

პესკოვი ირწმუნება, რომ რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევა, დასავლეთი კი ერევა

15.10.2024
პესკოვი ირწმუნება, რომ რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევა, დასავლეთი კი ერევა

საქართველოს შესახებ კრემლის აქტიური პროპაგანდის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ რუსეთი დასავლეთისგან განსხვავებით, არ ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში.

„რუსეთი არ ერევა და არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“, – ეს დიმიტრი პესკოვმა დღეს, 15 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს მომავალი არჩევნები და „დასავლეთის განცხადებები რუსეთის იზოლაციის შესახებ“, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის ბრიფინგის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

პუტინის პრესსპიკერის დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად, „დასავლეთი ცდილობს გავლენა მოახდინოს საქართველოში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე“, რაც ბოლო დღეებში საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებების იდენტურია.

„რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ ვხედავთ დასავლეთის ქვეყნების დაუფარავ მცდელობებს, განახორციელონ ზეწოლა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე და ჰქონდეთ პირდაპირი, დაუფარავი გავლენა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე.

ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავერევით საქართველოს საშინაო საქმეებში, ჩვენ ამას არ ვაპირებთ“, – თქვა პესკოვმა, რომელიც თავიდანვე პოზიტიურად გამოეხმაურა საქართველოში რუსული კანონის მიღებას.

რუსულ კანონზე საუბრისას პესკოვმა აღნიშნა, რომ „რუსეთი დაინტერესებულია საქართველოში სიტუაცია სტაბილური და პროგნოზირებადი იყოს“.

„საქართველო ჩვენი მეზობელია. თქვენ იცით, რა გართულებებია ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში, რაც ამავდროულად არ აფერხებს ორი ქვეყნის საზოგადოებებსა და ხალხებს შორის ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას“, – თქვა მან. – „ხალხი აგრძელებს რუსეთიდან საქართველოში და საქართველოდან რუსეთში მიმოსვლას“.

„ქართული ოცნების“ მიერ დისკრიმინაციული და რეპრესიული კანონების მიღების შედეგად, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხის შესაძლო გადახედვის ფონზე, 10 ოქტომბერს, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების კონკრეტული ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა.

პესკოვმა მაშინაც გაავრცელა განცხადება მოწოდებით, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაფართოება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს არ დაუკავშირონ. „სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ერთია, ჰუმანიტარული ურთიერთობები მეორე… დიდი ქართული დიასპორა გვყავს, ჩვენი ტურისტები დადიან იქ“, – თქვა მან.

ამავდროულად რუსეთის საგარეო დაზვერვამ საქართველოსთან დაკავშირებით, მინიმუმ ორი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლებშიც აღწერილი სიუჟეტები საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შესახებ, იმეორებს „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიებს.

გარდა ამისა, ოკუპანტი ქვეყნის პროკრემლისტური მედია, ყოველდღიურ რეჟიმში ავრცელებს პროპაგანდისტულ ცნობებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მათ შორის ქართულ ენაზეც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: