მთავარი,სიახლეები

„დღეს, შინდისში, კობახიძემ დაადასტურა, რომ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი არ შეიძლება“

11.08.2026
„დღეს, შინდისში, კობახიძემ დაადასტურა, რომ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი არ შეიძლება“

 

„კობახიძის ეს განაცხადი ვნებით ვერ ავნებს საქართველოს ინტერესებს დიდ სურათში, მაგრამ ეს შეფასებები უკვე გამოყენებულია და შემდეგშიც აუცილებლად გამოიყენებს მოსკოვი, ცხინვალი და სოხუმი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ,“ – მიიჩნევს საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი. მას ვესაუბრეთ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე: „ირაკლი კობახიძემ სააკაშვილის ბრალეულობა აღიარა, პასუხისმგებლობა ქვეყანამ უნდა აიღოს“.

რამდენად აზიანებს ირაკლი კობახიძის განცხადებები რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით საქართველოს? – „ბათუმელებმა“ ვალერი ჩეჩელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი დიპლომატია, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, პოლიტიკური მოძრაობა „ჯერ საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი:

  • ბატონო ვალერი, რამდენად ცვლის საქართველოს დიპლომატიურ და პოლიტიკურ მოცემულობას ირაკლი კობახიძის განაცხადი – „8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი… 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი“. ამ განცხადების შემდეგ ცხინვალის პოზიციაა: „კობახიძემ სააკაშვილის ბრალეულობა აღიარა, პასუხისმგებლობა ქვეყანამ უნდა აიღოს“. 

დიდი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რასაც ლაპარაკობენ ცხინვალში: ცხინვალში ლაპარაკობენ იმას, რასაც დაუწერენ მოსკოვში. სუბიექტურობა ცხინვალის რეჟიმს ნამდვილად არ გააჩნია. პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის გამონათქვამები გამოიყენება ცხინვალში, მოსკოვსა და სოხუმში საიმისოდ, რომ გაამყარონ საკუთარი პოზიციები, შესაბამისად დაასუსტონ საქართველოს პოზიციები. ეს კი, მინიმუმ, ვნებს, რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესებს.

ამიტომ, ვისაც დღეს ხელისუფლების სადავეები ხელში უჭირავს, უნდა დაფიქრდეს, როდესაც ცდილობს, ნებსით თუ უნებლიეთ დააკნინოს საქართველოს ინტერესები, რომ ამას გამოიყენებენ ცხინვალში, გამოიყენებენ სოხუმშიც.

ეს ტრაგიკული მოვლენები 7 აგვისტოს და შემდგომ პერიოდში უნდა გახდეს ჩვენი საზოგადოების გაძლიერების და გამთლიანების წინაპირობა. ამ დღეებმა, იმ პატრიოტიზმმა, იმ შეუპოვარმა, თავდადებულმა ბრძოლამ, რაც ჩვენ ვიხილეთ მაშინ საქართველოში, ჩვენი ჯარისკაცებისა და მოსახლეობის თავდადებამ, წინააღმდეგობამ – ამ ყველაფერმა უნდა შთაგვაგონოს, რომ ჩვენ უკეთესად გავიაზროთ ვინ ვართ, რა ვართ და რა გვინდა საკუთარი ქვეყნისთვის.

  • თქვენი დაკვირვებით, რისკენ იყო მიმართული ირაკლი კობახიძის განცხადება საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე? 

უნდა ვთქვათ, რომ საქართველო ვერანაირად ვერ დაიწყებდა ომს 8 აგვისტოს – საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი 7 აგვისტოს დილით ადრე გადმოკვეთეს რუსეთის რეგულარულმა საჯარისო ფორმირებებმა, რომლებსაც არაფერი საერთო არ ჰქონდათ ე.წ. სამშვიდობო შენაერთებთან. მათი როლი ცალკე გასაანალიზებელია.

  • ეს დაადასტურა ტალიავინის კომისიამ? 

მკაფიოდ ამასთან დაკავშირებით ტალიავინის კომისიაში არაფერი არ არის ნათქვამი და ზუსტად ამაზე მიუთითებს „ქართული ოცნება“. სამაგიეროდ, არის უამრავ რუსულ წყაროში აღიარებული 7 აგვისტო. ერთ-ერთი ასეთი საქმეა რუსი ჯარისკაცის, ვლადიმერ სელიპეტოვის საქმე. ეს რუსი ჯარისკაცი დაიღუპა 7 აგვისტოს დილის 5 თუ 6 საათზე, ჯავის რაიონის ტერიტორიაზე – დაახლოებით 155 მეტრით იყო დაშორებული როკის გვირაბის სამხრეთით მდებარე შესასვლელთან.

რატომ ვამბობ ასეთი სიზუსტით, რომ იყო 155 მეტრი? – ეს დაადგინა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, რომელმაც სპეციალური გამოძიება აწარმოა. ამ ახალგაზრდა კაცის [1986 წელს იყო დაბადებული და ჯარში გაიწვიეს 2007-ში] მშობლებს მისი დაღუპვის შედეგად კომპენსაცია არ გადაუხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რის გამოც დავა დაიწყეს მშობლებმა.

ამ გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დიახ, ვლადიმერ სელიპეტოვი დაიღუპა საქართველოს ტერიტორიაზე 7 აგვისტოს დილის 5 საათზე, ოღონდ ის დაიღუპა არა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შედეგად, არამედ უბედური შემთხვევის გამოო. შესაბამისად, მშობლებს უარი ეთქვათ კომპენსაციის გაცემაზე.

ეს არის ძალიან ცნობილი შემთხვევა, რომელიც უტყუარად ადასტურებს იმას, რომ რუსეთის სამხედრო ფორმირებები როკის გვირაბით შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე დილით, 7 აგვისტოს. ამ კოლონებმა საქართველოს სიღრმეში გააგრძელეს მოძრაობა და სხვა გამოსავალი არ დარჩა საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ შეეწინააღმდეგებოდა რუსეთის ღია აგრესიას.

ამიტომაც, საკუთარი ქვეყნის ასე დადანაშაულება უხარიათ მოსკოვში, ცხინვალში და სოხუმში.

  • მართალია, ირაკლი კობახიძემ გამიჯნა საქართველო და იმდროინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა, მაგრამ როგორი დიპლომატიური დატვირთვა ექნება ამ გზავნილს დასავლეთში, ასევე საერთაშორისო სასამართლოებში? 

არ არის სიმართლე, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა. ამიტომაც, ეს არანაირად არ დააზიანებს საქართველოს იმიჯს. ეს არის მხოლოდ მცდელობა ამ დაზიანების, მაგრამ ვერ დააზიანებს – ჩვენმა პარტნიორებმა და, საერთოდ, მთელმა მსოფლიომ ძალიან კარგად იცის, ვინ და როგორ, როდის და რამდენი ხანი აწარმოებდა ომს საქართველოს წინააღმდეგ.

7 აგვისტოს იყო შემოჭრა, შესაბამისად 8-ში საქართველო ომს ვერ დაიწყებდა – ეს იყო მხოლოდ პასუხი იმ საჯარისო ფორმირებების შემოჭრაზე საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც განახორციელა რუსეთმა. ისევ ვიმეორებ, ამ რეგულარულ ქვედანაყოფებს არაფერი საერთო სამშვიდობოებთან არ ჰქონდათ. ცალსახად და ყველანაირი სამართლებრივი ნორმით ეს იყო აგრესია დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ.

რატომ ვერ შეარყევს ეს ჩვენს იმიჯს? – იმიტომ, რომ მთელმა მსოფლიომ ძალიან კარგად იცის სინამდვილეში რა არის რუსეთი და რა პოლიტიკას აწარმოებს: ის ესხმის მეზობლებს და არა მხოლოდ საქართველოს. ეს დაადასტურა ძალიან მნიშვნელოვანმა დოკუმენტმა – ვგულისხმობ ოთხი წამყვანი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივ განცხადებას: გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და დიდი ბრიტანეთის განცხადებას, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ 7-ში შემოიჭრა საქართველოში რუსეთი და რუსეთმა დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დაიწყო ომი, შემდგომ არ შეასრულა 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმება და ასე შემდეგ.

ამიტომაც, რაც არ უნდა თქვას ვინმემ, რომ თითქოსდა საქართველომ დაიწყო ომი, ეს საქართველოს იმიჯზე ნამდვილად ვერ მოახდენს ზემოქმედებას, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის სინამდვილეში რა მოხდა.

გულსატკენია ეს და სულ ვფიქრობ: რისთვის იყო ეს ნათქვამი? – პირველი, რაც მომდის თავში, ეს არის პოლიტიკური იარაღი პოლიტიკური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. სურვილი, რომ ოპოზიციური ძალა წარმოაჩინოს ნეგატიურად, მაგრამ ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, ვინც ამაზე საუბრობს, რომ საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში, მინიმუმ, დიპლომატიურად რომ ვთქვათ, ვნებს საქართველოს ინტერესებს. ეს იმით დასტურდება, რომ ეს პროქსი რეჟიმები აფხაზეთსა და ცხინვალში, ასევე რუსეთი, ხშირად ეყრდნობიან ამ გამონათქვამებს და იმეორებენ.

  • ამ რიტორიკის გარდა, კიდევ როგორ შეიძლება კობახიძის ეს განცხადება გამოიყენოს კრემლმა? 

ვერ გამოიყენებს, ეს არის რიტორიკისთვის მხოლოდ, ნეგატიური რიტორიკისთვის საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არენაზე. ამის მორიგი დადასტურებაა ისიც, რომ ნაურუმ გაიწვია საკუთარი ცნობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის. ახლა ვინ დარჩა? სირია, ვენესუელა და ნიკარაგუა.

თუ ელემენტარული ძალისხმევას გაიღებს საქართველოს ხელისუფლება, შეიძლება ვენესუელამ და სირიამ ძალიან მარტივად გაიწვიონ ამ ორი წარმონაქმნის ცნობა. ეს ორი ქვეყანა სულ უფრო დამოკიდებულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე, მათ შორის, ფინანსური კუთხითაც. ამიტომაც, ელემენტარული კომუნიკაციების აღდგენა ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ძალიან მარტივად უზრუნველყოფდა რუსეთის დიპლომატიურ კუთხეში მომწყვდევას, რომელსაც ხელში მარტო ნიკარაგუა შერჩებოდა.

ნიკარაგუა არის იზოლირებული რეჟიმი და ძალიან სუსტი პოზიციები გააჩნია საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში.

ამიტომაც, კობახიძის ეს განაცხადი ვერ ავნებს საქართველოს ინტერესებს დიდ სურათში, მაგრამ ეს შეფასებები უკვე გამოყენებულია და შემდეგშიც აუცილებლად გამოიყენებს მოსკოვი, ცხინვალი და სოხუმი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.

  • განცხადება გაავრცელეს კრემლიდან და მოუწოდეს საქართველოს, რომ გაფორმდეს ძალის არგამოყენების შეთანხმება თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორისო.

გაგახსენებთ, რომ სააკაშვილის მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადება იყო: საქართველო უარს ამბობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ძალისმიერი სამხედრო მეთოდებით. შემდგომ ეს გაიმეორა „ქართული ოცნების“ მთავრობამ და ძალიან კარგი, რომ ეს გაიმეორა. ეს არის ამომწურავი პასუხი რუსეთის ამ კვაზი შემოთავაზებაზე.

ჩვენ ხომ რეალობაში ომი არ გვიწარმოებია: არც აფხაზებს ვეომებოდით და არც ოსებს. ჩვენ ვომობდით რუსებთან. ამიტომ ჩვენი კონტრშეთავაზება მათ წინადადებაზე [სხვათა შორის, ეს თავის დროზე პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობამაც გააკეთა] უნდა იყოს ის, რომ თავდაუსხმელობის და ძალის გამოყენებაზე უარის თქმის ხელშეკრულებას მოვაწეროთ რუსეთთან და არა ამ პროქსი რეჟიმებთან.

ჩვენ რა ხელშეკრულებას უნდა მოვაწეროთ გინდა სოხუმთან და ცხინვალთან? ეს იქნება მხოლოდ მათი ირიბი აღიარება და ზუსტად ამისთვის უნდათ ეს რუსებს.

  • თქვენი აზრით, რის მიღწევას ცდილობს მსგავსი განცხადებებით რეალურად ივანიშვილი? მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ გაშავების მორიგი მცდელობაა ეს საქართველოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე? 

„ოცნება“ ამ ნარატივს დიდი ხანია  ატარებს. გახსოვთ ხომ „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის გამოსვლა, საკუთარ თავში უნდა გამოვნახოთ ძალა და ბოდიში უნდა მოვიხადოთო… ამ ნარატივს ხშირად იმეორებს ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, თუ კახა კალაძე.

ვფიქრობ, დასკვნა უნდა გაეკეთებინათ აქამდეც, რომ ამ ნარატივებმა ვერანაირად შეცვალა განწყობები საქართველოში.  ჩემი აზრით, ცდილობენ განწყობების შეცვლას, საკუთარი გავლენების გაძლიერებას, მაგრამ ეს ძალიან სახიფათო თამაშია.

  • გამორიცხავთ რუსეთის დავალებას, რომ შეიძლება ამზადებდნენ საზოგადოებას საქართველოში, მაგალითად, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ? 

არ ვფიქრობ, რომ ამას „ქართულ ოცნებაში“ სერიოზულად განიხილავდნენ, რადგან იქაც ჰყავთ კარგი ანალიტიკოსები, რომლებსაც ესმით, რომ იქნება ეს „ოცნება“, თუ ნებისმიერი სხვა ძალა, ვინც აქეთკენ გადადგამს ნაბიჯს, ან თუ ტერიტორიული მთლიანობის წინაპირობის აღსრულების გარეშე დაიწყებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარს, ის მეორე დღეს მთავრობა აღარ იქნება.

თუ დავაკვირდებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იყო ძალიან კარგად ჩამოყალიბებული – კარგი ლექსიკით. იქ იყო პირდაპირი მითითება იმაზე, რომ რუსეთი არის აგრესორი და მან დაიწყო ომი. იქ არ არის არანაირი მინიშნება იმაზე, რომ ეს შეიძლება იყოს გადახედილი. იყო მადლობა მეგობრებისადმი ჩვენი პრინციპული მხარდაჭერისთვის.

იქ იყო ასევე გამახვილებული ყურადღება 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების აუცილებელ შესრულებაზე და ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასმა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი არის ერთადერთი ფორმატი, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მე დადებითად ვაფასებ, აი, იმ გამონაკლისის გარდა: 7 და 8 აგვისტო.

მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ ეს არის 7 აგვისტო. უფრო მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშიც არის მითითებული 7-8 აგვისტოს მოვლენები, შემდგომ უკვე თავისი რიტორიკაა ჩართული, სააკაშვილის რეჟიმი და ასე შემდეგ, მაგრამ თარიღი – 7 აგვისტო რუსების განცხადებაშიც კი გაჩნდა, რადგან ამის უარყოფა შეუძლებელია.

მე მოგიყევით სელიპეტოვის შესახებ, მაგრამ არსებობს დენის ვეჩინოვის საქმე, ალექსანდრე პოპოვის და სხვა რუსი სამხედროების საქმეები. ამას რუსეთი ვერ უარყოფს.

მით უმეტეს, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამ ქვეყნებთან მაინცადამაინც კარგი ურთიერთობა არ გვაქვს – გაიხსენეთ, ჩვენი მთავრობის დამოკიდებულება გერმანიის, ან დიდი ბრიტანეთის მიმართ, ელჩების გამოძახება და ასე შემდეგ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ნამდვილი და ღირსეული პარტნიორები ღირსეულად იქცევიან და საქართველოს მხარს უჭერენ, ხაზს უსვამენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობას და იმას, რომ 7 აგვისტოს დაიწყო ეს აგრესია.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის რატომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი 8 აგვისტო?  

7 აგვისტო ანგრევს „ოცნების“ მთელ კონცეფციას, რაც ამ თემაზე აქვს. საფუძველი ეცლება მთელ სპეკულაციას იმაზე, რომ საქართველომ დაიწყო ომი. როცა ამბობ, რომ 7 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის რეგულარული ჯარი და ამის შემდეგ იწყება სამხედრო მოქმედებები, ვეღარანაირად დაადანაშაულებ საქართველოს – საქართველოს ტერიტორიაზე იყო შემოსული მტერი. ამიტომაც, 7 აგვისტო ძალიან აღიზიანებთ მმართველ პარტიაში და ცდილობენ მას დაუპირისპირდნენ.

ეს ჩანაწერები დაზვერვასაც აქვს ხომ რადიოსაუბრების? არსებობს სერგეი ბაღაფშის 7 აგვისტოს განცხადება და ბევრი სხვა მტკიცებულება. უნდა თუ არ უნდა, სამწუხაროდ, ბატონი ირაკლი კობახიძე უპირისპირდება არა მხოლოდ სიმართლეს, არამედ იმ სიმართლეს, რომელიც კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ, უპირველეს ყოვლისა, იციან ჩვენმა ჯარისკაცებმა…

მე არ მაქვს ექსპერტიზა, რომ დავსვა დიაგნოზი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ლოგიკასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ხშირად ეს ლოგიკა არ მესმის. „ოცნება“, როგორც პარტია, ძალიან დახურულია. ცდილობს, საკუთარ მთავარ არგუმენტად აქციოს „გამჭვირვალობა“, ამ დროს თვითონ არის ძალიან დახურული სისტემა, რომელიც არ პასუხობს არანაირ გამჭვირვალობის კრიტერიუმებს. ამიტომაც ჩვენ ხშირად გვიწევს რაღაც ვარაუდებით საუბარი იმის თაობაზე, თუ რა ხდება ამ პარტიაში.

არანაირი ლოგიკა არ აქვს იმას, რომ უპირისპირდები სიმართლეს, უპირისპირდები პრაქტიკულად ყველას, რუსეთის გარდა და ამბობ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი, როცა მთელი მსოფლიო გეუბნება, რომ 7-ში შემოიჭრნენ ისინი და შენ თავი დაიცავი.

სხვათა შორის, დღეს, შინდისში ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ რუსეთთან არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებზე არ შეიძლება საუბარი, ვიდრე არ იქნება აღდგენილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა წინსწრებად. ეს რომ ასე მკაფიოდ აქვთ ჩამოყალიბებული, ძალიან კარგია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: