მთავარი,სიახლეები

რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის საფრთხე? – ინტერვიუ

26.06.2026
რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის საფრთხე? – ინტერვიუ

„თუ რუსეთი ცხინვალის რეგიონს შეუერთებს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკას, რომელიც რუსეთის შემადგენლობაშია, მაშინ რუსეთის ფედერაცია იურიდიულად სამხრეთ კავკასიაშიც გადმოვა. რა თქმა უნდა, ეს ეგზისტენციალური საფრთხეა ქართული სახელმწიფოსთვის და სომხური სახელმწიფოსთვისაც, რეალურად“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ტუმასიანი „ბათუმელებთან“.

რამდენად რეალურია რუსეთის მხრიდან ცხინვალის რეგიონის ანექსიის საფრთხე? – გიორგი ტუმასიანს თემაზე ვესაუბრეთ.

გიორგი ტუმასიანი

  • ბატონო გიორგი, ბოლო დროს გახშირდა როგორც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის, ასევე რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საუბარი ცხინვალის რეგიონის რუსეთთან გაერთიანებაზე. გაგლოევმა ჯერ კიდევ 9 მაისს, პუტინთან შეხვედრისას თქვა, რომ „კიდევ ერთ ნაბიჯს დგამენ ქვეყნების და ხალხების დაახლოებისკენ და ეს ნაბიჯები იქნება ოსი ხალხის გაერთიანების პროცესის დასაწყისი“. შესაძლოა, რომ ამ ტექსტების ქვეშ სამაჩაბლოს ანექსია იგულისხმებოდეს?

პრინციპში, რუსეთი სისტემურად ახორციელებს ანექსიურ პოლიტიკას ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. იმავეს ცდილობს რეალურად აფხაზეთის მიმართულებითაც და აშკარაა, რომ ცხინვალის რეგიონში, მათ შორის შიდა განწყობების გათვალისწინებით და საკუთარი ზრახვებიდან გამომდინარე, რუსეთმა შეძლო გაცილებით უფრო ღრმა ანექსიური დოკუმენტის მიღწევა სულ ახლახან, რასაც ხელი მოაწერა მოსკოვში გაგლოევმა.

შემდეგ ჩვენ ვნახეთ ჩანაცვლების სისტემური ნაბიჯები, რადგან დოკუმენტი პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ რუსეთს შეუძლია საკუთარი მოქალაქე დანიშნოს ხელმძღვანელად ცხინვალის რეგიონში, რაც აქამდე არ ყოფილა.

ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უკვე ექნება სრული კონტროლი ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რაც არის რეგიონის დე ფაქტო ანექსია.

  • როგორ ფიქრობთ, ეს არის მორიგი შანტაჟი რუსეთის მხრიდან, მართლა გადაწყვიტა პუტინმა ცხინვალის რეგიონის ანექსია უკრაინაში წარუმატებლობის ფონზე თუ ახლა რატომ წამოსწია ეს საკითხი სწორედ ახლა? ცოცხალი ძალა ხომ არ სჭირდება ფრონტზე ოსების სახით?

ოსები ისედაც მონაწილეობენ ფრონტზე და კი, ეს ფაქტორიც შეიძლება იყოს, რადგანაც ოსები საკმაოდ უკმაყოფილოები არიან იმით, რომ უწევთ ფრონტზე წასვლა. მაგრამ ეს არ არის აქ მთავარი საკვანძო საკითხი.

ერთი მხრივ, ეს ნამდვილად არის ზეწოლა თბილისზე, რაც გულისხმობს კიდევ უფრო მეტი დათმობების მიღებას და სწორედ ამას ვამბობდით, რომ რუსეთთან დათმობების პოლიტიკას არ ექნება ბოლო, რადგანაც კიდევ ახალ დათმობებს მოითხოვს და ეს იქნება სწორედ ამ წნეხის ფარგლებში.

მეორე მხრივ, რუსეთი ცდილობს გამაგრებას სამხრეთ კავკასიაში. მათ შორის, ჩვენ უნდა ვხედავდეთ პროცესებს, რომელიც ვითარდება სომხეთში, სადაც მნიშვნელოვნად იკლებს რუსეთის გავლენები. შესაბამისად, რუსეთი ქედს აქეთ გამაგრებას შეეცდება და თუ ცხინვალის რეგიონს შეუერთებს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკას, რომელიც რუსეთის შემადგენლობაშია, მაშინ რუსეთის ფედერაცია იურიდიულად სამხრეთ კავკასიაშიც გადმოვა.

რა თქმა უნდა, ეს ეგზისტენციალური საფრთხეა ქართული სახელმწიფოსთვის და სომხური სახელმწიფოსთვისაც, რეალურად.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ ოსები როგორც გადაწყვეტილებაზე შესაძლო ზეგავლენის მქონეები, საერთოდ მოხსნილი არიან და ახლა ხდება რუსეთის მიერ ავტორიტარული ვერტიკალის ჩამოყალიბება.

შესაბამისად, სამხედრო საფრთხე ცხინვალის რეგიონიდან იზრდება საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის და სომხეთის მიმართულებითაც, რადგანაც რუსეთმა არაერთხელ ახსენა ბოლო თვეების განმავლობაში, რომ სომხეთის მიმართულებით აუცილებელია სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარება და საჯაროდ იყო ეს ნათქვამი რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში.

  • საქართველოში სტალინმა დატოვა გარკვეული ნაღმები ამ ე.წ ავტონომიების სახით. სომხეთთან დაკავშირებით რის საფუძველზე შეიძლება იმანიპულიროს. ყარაბაღის საკითხი ისედაც დასრულებულია და რა დარჩა სხვა?

რუსეთს დიდი მიზეზები არ სჭირდება. ჩვენ უკვე ვნახეთ არჩევნების შემდეგ მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ მემორიალზე ვანდალიზმი გიუმრიში, რაზეც სომხურმა მედიამ თქვა, რომ ეს თავად რუსეთის მოწყობილი იყო. რუსულ პროპაგანდაში სულ უფრო ხშირად ისმის ის, რაც პუტინმა თქვა – უკრაინული სცენარისკენ მიდისო სომხეთიო.

გეოგრაფიულად, რუსეთის სომხეთთან მდებარე ყველაზე ახლო სამხედრო ბაზა არის ცხინვალის რეგიონში. სომხეთის ტერიტორიაზე რა ბაზებიცაა, ესეც საკმაოდ სერიოზული დაკვირვებისა და კონტროლის ქვეშაა. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ამ ბაზების შესაძლებლობები, რაოდენობრივი თუ ტექნიკური თვალსაზრისით, ამჟამად შემცირებულია უკრაინაში კონფლიქტის გამო და თავად სომხეთიც, ასე ვთქვათ, ხელს არ უწყობს ამ ბაზების გადაიარაღებას ან პერსონალით შევსებას. შესაბამისად, ეს ბაზები ნაკლებად წარმოადგენენ პოტენციურ საფრთხეს.

  • თქვენ თქვით, რომ ცხინვალის რეგიონის შესაძლო ანექსია ერთგვარი ზეწოლაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე. რისთვის ახდენს ზეწოლას? „ოცნება“, ფაქტობრივად, რუსულ პოლიტიკას ატარებს და ყველა გზას ჭრის ევროპასთან. რატომ სჭირდება ეს დამატებითი ზეწოლა რუსეთს?

რუსეთს არ აწყობს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს თავისუფალი მედია, თავისუფალი საზოგადოება, პროტესტი, ოპოზიციური პარტიები და სრულად არ არის დამყარებული დიქტატურა, ქართველი ერის ბრძოლის შედეგად.

მეორე მხრივ, ივანიშვილის და მისი გუნდის პოლიტიკა, იურიდიულად მაინც, ჯერ კიდევ ღიად რუსეთის მიმართულებით ინტეგრაციას არ გულისხმობს. რა თქმა უნდა, რუსეთს უნდა დაინახოს არა თუ ანტიდასავლური საქართველო, არამედ პრორუსული საქართველო და ამისთვის სჭირდება მრავალი ნაბიჯი.

ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიის მიერ ნეიტრალიტეტის თემა წამოიწია მაგალითად, ვხედავთ 78-ე მუხლზე სრულად უარის თქმას, მათ შორის საჯარო რიტორიკაში ჩანს ეს და ასე შემდეგ. შესაბამისად, რუსეთს უნდა სრული მორჩილების მიღება საქართველოსგან, დასავლეთთან კომუნიკაციის სრული შეზღუდვა.

რუსეთის მიზანი არის ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმება და დღეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვნად დასუსტებულია ეს სახელმწიფოებრიობა, მაგრამ სრულად არ აქვს რუსეთს მიღებული ის, რაც მას უნდა.

ყველაზე ცუდი ამ სცენარში ის არის, რომ რაც არ უნდა გააკეთოს საქართველომ, რუსეთი მაინც ვერ დაკმაყოფილდება ამით, გარდა იმისა, რომ სრული კონტროლი მიიღოს საქართველოზე. შესაბამისად, თბილისის მანევრირების საშუალება ძალიან სერიოზულად მცირდება.

  • ოკუპირებული ტერიტორიის შესაძლო ანექსიის საფრთხეზე განცხადებები გააკეთა ოპოზიციამ. გახარიას პარტიის წევრებმა პარლამენტშიც დასვეს კითხვები. ამის ფონზე „ოცნება“ დღედაღამ იმაზე საუბრობს, რომ თურმე ევროპა არ აცნობს საქართველოს სუვერენიტეტს. უფრო მეტიც, პაპუაშვილი საუბრობდა იმაზე, რომ თურმე საბჭოთა კავშირში საქართველოს უფრო მეტი უფლებები ჰქონდა, ვიდრე ეს ექნება ევროკავშირში. რას ნიშნავს ასეთი განცხადებები?

ამ განცხადებებით ხალხს ამზადებენ ბელარუსის სცენარისთვის. იმედი აქვთ, რომ ბელარუსის სცენარი გამოუვათ, რადგან ბელარუსი ფორმალურად რჩება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მაგრამ რეალურად მისი დამოუკიდებლობა მხოლოდ ფურცელზეა.

სწორედ ეს არის მთელი ამ ანტიდასავლური რიტორიკის მიზანი, იმედი აქვთ, რომ რუსეთი ამით დაკმაყოფილდება, მაგრამ აქ ელით ყველაზე დიდი მოულოდნელობა, რადგან რუსეთი გააგრძელებს კიდევ უფრო დიდ ზეწოლას.

მეორე – ის რაც ხდება ცხინვალის რეგიონში, მარტივად ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, სულ რომ ნეიტრალურად შევაფასოთ გარე დამკვირვებლის ლოგიკით, უკვე ჩავარდნილია რუსეთის მიმართულებით.

ამას არ ვამბობ შიდა პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ქვეყნის სტრატეგიული მიზანი – ანექსიური პოლიტიკა შეჩერებული ყოფილიყო დასავლეთთან ასეთი დაპირისპირების მეშვეობით, უბრალოდ ამას ვერ აღწევს, რადგან მარტივია – რუსეთი პატივს სცემს ძლიერ სუვერენულ სახელმწიფოს.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ სუვერენიტეტი კი გახადა მთავარ სასაუბრო თემად, მაგრამ ამის უკან დგას წარმოუდგენლად დასუსტებული შეიარაღებული ძალები, დასუსტებული საერთაშორისო კავშირები, პირდაპირი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და ა.შ. შესაბამისად, რატომ უნდა გაითვალისწინოს რუსეთმა საქართველოს ინტერესი მაშინ, როდესაც თავად თბილისი საქართველოს ინტერესების გათვალისწინებისთვის არაფერს არ აკეთებს?!

საკუთარი ქვეყნის ინტერესების რუსეთისთვის ჩაბარებით, რუსეთი არ გაგითვალისწინებს, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც პრინციპში ბევრმა დაუშვა, მაგალითად სომხეთმაც მრავალი წლის განმავლობაში და ძალიან უცნაურია, რომ საქართველო მაინც ამ მიმართულებით მიდის.

რეალურად, ივანიშვილი საქართველოს ნელ-ნელა ამზადებს რუსეთის გავლენის სფეროში სრულად დასაბრუნებლად.

  • ანუ, თავს კიდევ უფრო დახრიან და ანექსიას შეეგუებიან?

თუ რუსეთს ექნება ცხინვალის რეგიონში საკუთარი წარმომადგენლის დანიშვნის უფლება, რაც ვერ მოახერხა, მაგალითად, აფხაზეთში, რადგან იქ შეხვდა წინააღმდეგობა, როცა ინალ არძინბა ჩამოიყვანეს და დასვეს, მაგრამ, არ გამოუვიდათ; თუ რუსი მართავს ცხინვალის რეგიონს და ამას შეეგუება „ქართული ოცნება“ პირდაპირი გაგებით, მაშინ რა გამოდის – ანექსია გამოდის ფაქტობრივად, ხომ?! აქამდე ფორმალურად მაინც ასე არ იყო.

მეორეა აფხაზეთი, სადაც მიმდინარეობს სამხედრო ბაზების გაფართოება, მიმდინარეობს აპარტ-ოტელების მშენებლობა, რაც პირდაპირ ნიშნავს ეთნიკური კომპონენტის შეცვლას, ანუ რუსების ჩასახლება მოხდება პირდაპირ, რომლის შედეგადაც მკვეთრად შემცირდება ეთნიკური სტატუს-კვო და თავად აფხაზებსაც ესმით, რომ ამას ძალიან სერიოზული რისკები შეიძლება ჰქონდეს.

აფხაზები მეტ-ნაკლებად იბრძვიან გარკვეული ავტონომიისთვის, სრული ანექსიის არდაშვებისთვის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი იქაც არ იშურებს ძალისხმევას.

და რა ხდება დანარჩენ საქართველოში? – მიმდინარეობს პოლიტიკური ინტეგრაცია რუსეთთან. თბილისი იმეორებს რუსეთის გზავნილებს ვაშინგტონის, ბრიუსელის, ლონდონის მიმართულებით, გვაქვს ეკონომიკური ინტეგრაცია რუსეთთან და საქართველოს მთელი ეკონომიკა მიზანმიმართულად დამოკიდებული ხდება რუსეთზე.

რუსეთის საელჩოს წარმომადგენლობა საქართველოში სიამაყით აცხადებს, რომ 90% -იანი დამოკიდებულება გვაქვს რუსულ ხორბალზე და ამას ემატება გაზი, ამას ემატება ეთნიკური მდგენელი, რადგან მკვეთრად იზრდება რუსების რაოდენობა საქართველოში „ოცნების“ პოლიტიკის შედეგად. გვაქვს სრული სინქრონიზაცია კანონებში, შიდა მმართველობაში და ფაქტობრივად, სრული ინტეგრაცია მიმდინარეობს რუსეთთან.

  • ცხინვალის თემას რომ დავუბრუნდეთ, როგორც ვიცით, გაგლოევი ჩაანაცვლეს მარატ კამბოლოვით. ვინ არის ეს ადამიანი, რატომ გააკეთეს მასზე აქცენტი?

პირველ რიგში იმიტომ, რომ კამბოლოვი დაბადებულია ჩრდილოეთ ოსეთში და შესაბამისად, არ არის ადგილობრივი. ეთნიკურად ოსია, მაგრამ ადგილობრივი არაა, რუსეთის მოქალაქეა, რაც სრულიად ცვლის ბალანსს და დინამიკას.

გაგლოევი ცხინვალში იყო დაბადებული 1981 წელს, ანუ საქართველოშია დაბადებული და მარატ კამბოლოვი დაბადებულია 1965 წელს, ჩრდილოეთ ოსეთში, ანუ რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ რესპუბლიკაში. ეს არის რადიკალური განსხვავება ამ ორს შორის.

ერთი არის ჩვენი მოქალაქე, მაგრამ სეპარატისტი, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით სხვა პრიზმაში გადის, მეორე არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და შეიძლება ითქვას გაულაიტერი, ანუ ოკუპანტის მიერ დანიშნული ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

  • სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, მანამდე იყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთს უნდოდა საბჭოთა კავშირის საზღვრების აღდგენა და რეალურად, ომიც ამიტომ დაიწყო უკრაინაში. მაგრამ ფაქტია, რომ ვერ აღწევს მიზანს. რამდენად შეძლებს რუსეთი უკრაინაში მარცხის საკომპენსაციოდ მიიღოს კავკასია იმ ფონზე, როცა არც აზერბაიჯანს მიუწევს გული რუსეთისკენ და არც სომხეთს?

ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს იმედი აქვს. პირველ რიგში იმის, რომ მისთვის მარტივია ცხინვალის რეგიონში ანექსიის პოლიტიკა და აუცილებლად ეცდება აფხაზეთშიც იმავეს, სადაც უფრო მეტი წინააღმდეგობა ელის.

დანარჩენ საქართველოშიც ცდილობს უკვე რამდენი წელია ამ პოლიტიკის გატარებას ღიად, დაწყებული გავრილოვის ჩამოყვანით. აქ ქართველი ხალხის წინააღმდეგობა ხვდება, მაგრამ მაინც.

სომხეთშიც ცდილობდა ამას არჩევნების კონტექსტში, მაგრამ ამ მომენტისთვის რუსეთს მკვეთრად არ აქვს გადაწყვეტილი რას მოიმოქმედებს სომხეთთან მიმართებით. არ არის გამორიცხული სომხეთში არსებული ბაზების გამოყენება გარკვეულწილად, პროპაგანდის ჩართვა ან არც ის არის გამორიცხული, რომ ცხინვალის ბაზიდან დაიწყოს პროვოკაციები სომხეთის მიმართულებით.

  • ამ ეტაპისთვის დასავლეთისგან ვისმენთ გზავნილებს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებასთან არაფერი აქვთ სახვეწარი, ევროკავშირის მხრიდანაც გვესმის მკაცრი შეფასებები და ამ ყველაფრის ფონზე, რა ელოდება საქართველოს მომავალს, რა გზით შეიძლება თავი დავაღწიოთ რუსეთის გავლენებს?

რა თქმა უნდა, აუცილებელია დემოკრატიული ძალების კონსოლიდაციით დავაბრუნოთ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამისთვის გარდაუვალია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა, ქართული სახელმწიფოს გაძლიერება, რაც გულისხმობს ეკონომიკურ დივერსიფიცირებას, შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და მოკავშირეებთან ურთიერთობის გაღრმავებას, იმიტომ, რომ ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია ძლიერი მოკავშირეების გარეშე.

ეს მოკავშირეები უნდა იყვნენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მეზობელი ქვეყნები – თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რადგან სამივე ჩვენი ახლო პარტნიორია და პირველ რიგში, ევროკავშირი, რომელიც ჩვენი ისტორიული არჩევანია და ყველაზე ახლო პარტნიორი, რომელიც ძლიერდება სამხედრო-პოლიტიკური მიმართულებით, უზარმაზარი ეკონომიკური შესაძლებლობის მქონეა და ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი.

არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა არის ერთადერთი სწორი გზა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოების კონსოლიდაცია.

რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ კონტურზეც. რუსეთი, როგორც ხედავთ, მნიშვნელოვნად სუსტდება. ყირიმის მიმართულებით რაც ხდება, ეს მნიშვნელოვნად ასუსტებს მოსკოვს და ასუსტებს „ქართულ ოცნებას“, მის ძირითად დასაყრდენს საქართველოში. ასევე, ასუსტებს „ოცნების“ პროპაგანდას – „აბა ომი გინდათ?“.

როგორც კი რუსეთი უუნარო იქნება, მისი მხრიდან სერიოზული საფრთხეები იქნება შემცირებული საქართველოს მიმართაც.

  • როგორ ფიქრობთ, შესაძლოა რუსეთი იმ დონეზე დასუსტდეს, რომ კავკასიის დასაპყრობად აღარ დარჩეს ძალები?

არავინ იცის ზუსტი პასუხი ამაზე. მაგრამ მე შემიძლია ჩვენი წარსული გავიხსენო და ვთქვა, რომ 90-იან წლებში, სწორედ რუსეთის სერიოზული დასუსტების და საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში გახდა შესაძლებელი დამოუკიდებლობის მოპოვება.

შესაბამისად, ამის გამორიცხვა დაუშვებელია.

ამ მომენტისთვის ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი საკმაოდ სერიოზული სისტემური პრობლემებისკენ მიდის. ეს ნიშნავს სისტემურ პრობლემებს ეკონომიკაში, რადგან ნავთობის საკითხი და ნავთობის გადამუშავების არა მარტო დღევანდელი ომის მომავლის, არამედ ეკონომიკის საკითხია, პრობლემები აქვთ დემოგრაფიაში, რადგან ამდენი მოქალაქე წასულია ომში და უმრავი დაიღუპა. სისტემური პრობლემები აქვს იდეოლოგიური კუთხით, კონტროლის, საერთაშორისო გავლენის კუთხით და ასე შემდეგ. თუნდაც ის ფაქტი, რომ ზელენსკის მოთხოვნით ლუკაშენკო იძულებული გახდა მოეხსნა რუსეთის დანადგარები საზღვრიდან კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ რუსეთის გავლენები ბელარუსშიც კი სუსტდება.

_____________

მთავარ ფოტოზე: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მარატ კამბოლოვი.

ამავე თემაზე: 

ვის ჩააბარა მოსკოვმა ცხინვალი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: