„ეს არის ორმაგი სტანდარტი: მოჩვენებითად დასაჯეს თავიანთი ზონდერები, ენმ-ს მომხრეები კი, მკაცრად დასაჯეს“, – ეს ადვოკატ დავით ჯაფარიძის შეფასებაა 2 გახმაურებულ საქმეზე, რაზეც უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილებები უკვე მიიღო.
ორივე საქმე 2021 წლის ამბებს ეხება: „5 ივლისის საქმე“ და „ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის საქმე“. პირველ შემთხვევაში აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს სასტიკად სცემეს, აქციაზე ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, დააზიანეს ჟურნალისტების ტექნიკა და დაარბიეს ოფისები.
მეორე საქმეში კი დაზარალებულები, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ – უძლიერესი კაცები არიან.
არ მოგესმათ. ამ სახელწოდებით „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ წევრმა სამმა კაცმა 2021 წელს გამოძიებას უთხრა, რომ ქუთაისში, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე სცემეს ბათუმიდან იმ დღეს ჩასულმა ძმებმა წულუკიძეებმა, ჭელიძეებმა და ელდარ ანთაძემ, ანუ იმ ადამიანებმა, რომლებიც „ოცნების“ ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებენ და, მაგალითად, ხულოში, სოფელ დიდაჭარაში თორნიკე რიჟვაძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 2020 წელს წინასაარჩევნოდ არ შეუშვეს.
ორივე საქმეში ბრალდებულები სსკ-ის 225-ე მუხლის მიხედვით გაასამართლეს. ეს მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას, ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.
განსხვავება ისაა, რომ სააპელაციო განხილვის ეტაპზე „5 ივლისის“ საქმეზე ბრალდებული ექვსეული სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკისრებულ მსჯავრში [ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა]. ასე მოხდა იმის მიუხედავად, რომ დღემდე არაერთი სამოქალაქო ორგანიზაცია მიუთითებს – „5 ივლისის საქმეში“ ჩანს ხელისუფლებასთან დაახლოებული „ალტ-ინფოს“ მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ორგანიზატორებიდან არავინ დასჯილაო.
ამ მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ორგანიზატორების დასჯა კი არა, ორგანიზებული საერთოდ არ ყოფილა ის, რაც ყველამ ერთად თბილისის ქუჩებში, 2021 წლის 5 ივლისს ვნახეთ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ „5 ივლისის საქმეზე“ განაჩენი შეცვალა და მსჯავრდებულები სსკ-ის 118-ე მუხლით დასაჯა: „ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება“. მსჯავრდებულები გასამართლდნენ დევნის, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მუხლებითაც, თუმცა ყველაზე მკაცრ სასჯელს 118-ე მუხლი ითვალისწინებს – 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ ამჯერად შეფარდებული „5 ივლისის საქმეზე“ მსჯავრდებულებს.
როცა „5 ივლისის საქმეზე“ 2023 წლის 16 იანვარს გადაწყვეტილება მიიღო თბილისის სააპელაციო სასამართლომ და შემდეგ უზენაესმაც არაფერი შეცვალა, „წულუკიძეების, ჭელიძეების და ანთაძის“ საქმის ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ უზენაეს სასამართლოს სწორედ ამ საქმის შესახებ მისწერა, უკვე დადგენილია პრაქტიკა და „5 ივლისის საქმეში“ თუ არ იკვეთებოდა ჯგუფური ძალადობა, „ნამახვენჰესის“ აქციაში მით უმეტეს არსად ჩანდა ორგანიზებულობის ნიშნებიო.
„ჩვენ ვითხოვდით მსჯავრდებულების გამართლებას, ან თუ დაინახავდა სასამართლო დანაშაულის ნიშნებს, ეს შეიძლება მაქსიმუმ ცემა ყოფილიყო, ფიზიკური ძალადობა, არაფერი არ ადასტურებდა იმას, რომ ორგანიზებულად წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე თავს დაესხნენ ამ უძლიერეს მამაკაცებს,“ – გვიყვება ადვოკატი დავით ჯაფარიძე.
უზენაესი სასამართლოს განჩინებაში დავით ჯაფარიძის საპასუხოდ ეს ჩაუწერია:
„მსჯავრდებულ ელდარ ანთაძის ინტერესების დამცველი ადვოკატი დავით ჯაფარიძე პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან, რის გამოც, აღნიშნული არგუმენტიც გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი,“ – ჩაწერეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ნინო სანდოძემ [თავმჯდომარე], მერაბ გაბინაშვილმა და შალვა თადუმაძემ განჩინებაში.
თუმცა მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნები, რაც ამ ორ საქმის მასალებშია: რა სახის დაზიანებები მიიღეს აქციის მონაწილეებმა და ჟურნალისტებმა თბილისში 5 ივლისს და როგორ დაზიანდნენ უძლიერესი მამაკაცები „ნამახვანჰესის“ აქციაზე?
მაგალითად, „წულუკიძეების, ჭელიძეები და ელდარ ანთაძის საქმის“ მასალების მიხედვით, ერთ-ერთ უძლიერეს მამაკაცს – ავთანდილ ახვლედიანს „სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, სისხლჩაქცევებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის [საგნების] ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად…
დავით ჭოხონელიძეს [ესეც უძლიერესი მამაკაცია] სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად“, – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
„5 ივლისის საქმის“ მასალებში კი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს შორის შეგხვდებათ ასეთი დასკვნაც:
„…სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია დაზარალებულის მხედველობის დაქვეითება და დაკარგვა, ასევე საერთო შრომისუნარიანობის მყარი – არანაკლებ 1/3-ით დაკარგვა,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
ზიანის ამ მასშტაბის მიუხედავად, „5 ივლისის საქმეზე“ მსჯავრდებულებს სასჯელი 5 -5 წლიდან პირიქით შეუმსუბუქდათ 4 – 4 წლამდე. „წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის“ საქმეზე კი, უზენაესმა სასამართლომ არაფერი შეცვალა: ძმებ წულუკიძეებს და ელდარ ანთაძეს ისევ 5 წლით მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა, ჭელიძეებს კი 4 – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ისინი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის იხდიან სასჯელს.
2023 წლის 28 ივლისს ძმები თამაზ და თორნიკე ჭელიძეები პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
„ნეიტრალური მოწმეებით ირკვეოდა ის, რომ პირიქით, ეს უძლიერესი კაცები დაახვედრეს აქციაზე წულუკიძეებს, ელდარ ანთაძეს და ჭელიძეებს, აქ რატომ მოხვედით, ქართული მიწა თათრების და ნაცების დასაცავი არ არის და დაუწყეს ცემა,“ – გვიყვება ადვოკატი დავით ჯაფარიძე და ამ საქმის ერთ-ერთ ვიდეომტკიცებულებასაც გვაჩვენებს იმის საილუსტრაციოდ, რომ ფიზიკური დაპირისპირებას სპონტანური ხასიათი ჰქონდა.
„ჯგუფური მოქმედებას თან ახლავს რბევა, ლეწვა, საზოგადოებაზე თავდასხმა, სად ჩანს აქ ეს?“ – კითხულობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.
- რის საფუძველზე ჩათვალა სააპელაციომ, რომ „5 ივლისის საქმე“ ორგანიზებული არ იყო?
„სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა აკაკი ნაკაშიძის, თორნიკე დავლაშერიძის, ცოტნე ჩიხლაძის, დავით კუტალაძის, გია გოგიაშვილის, ოთარ გელაშვილის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის [სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება] ჩადენას,“ – ვკითხულობთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში „5 ივლისის საქმეზე“
პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ბრალდების ნაწილში მსჯავრდებულები: აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, დავით კუტალაძე, გია გიგუაშვილი და ოთარ გელაშვილი უნდა გამართლდნენ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა; ხოლო მეორე ნაწილით კრიმინალიზებულია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა.
ამდენად, საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ერთი მხრივ ადგილი აქვს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მეორე მხრივ კონკრეტული პირთა მონაწილეობას ამ ქმედებაში.
პალატა განმარტავს, რომ ჯგუფური ძალადობა აუცილებლად ორგანიზებული დანაშაულია.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება გამოიხატება არეულობის ადგილის შერჩევაში, მასობრივი არეულობის დროისა და მისი ჩადენის ხერხის განსაზღვრაში, პირთა ჯგუფის თავმოყრაში ამ ადგილას და სხვა. ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა კი, შეიძლება გამოიხატოს არეულობის დროს ჯგუფისათვის მითითების მიცემაში, თუ კონკრეტულად რა ქმედება ჩაიდინონ მათ, მოწოდებაში არ შეწყვიტონ ძალადობა და ა.შ.
იმისათვის, რომ კონკრეტული პირი მიეცეს პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედების ჩადენის გამო, ბრალდების მხარემ უნდა დაადასტუროს, რომ არსებობდა ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ან ხელმძღვანელობის ფაქტი და რომ კონკრეტული პირი მონაწილეობას იღებდა ამ ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქმედებაში.
ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა შეუძლებელია განხორციელდეს წინასწარი შეთანხმებისა და ჯგუფის მიერ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის, ორგანიზატორის ან ხელმძღვანელი პირის და მითითებების შემსრულებელ პირთა არსებობის გარეშე.
გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებულები: აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, დავით კუტალაძე, გია გიგუაშვილი და ოთარ გელაშვილი 2021 წლის 5 ივლისს იმყოფებოდნენ ქ.თბილისში, 9 აპრილის ქუჩა N3- ში მდებარე მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისის შენობაში, თუმცა მათი ერთმანეთთან კავშირი, ნაცნობობა, განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებული ხასიათი, ანდა მათ მიერ აღნიშნული ქმედებების ვინმეს მითითებით შესრულების ფაქტი ვერ დადასტურდა. ისინი მოქმედებდნენ სპონტანურად, ჯგუფურად, კონკრეტულ დროს სიტუაციიდან გამომდინარე,“ – ვკითხულობთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ეს პოზიცია სრულად გაიზიარა უზენაესმა სასამართლომ.
მართალია, უზენაესი სასამართლო თავის განაჩენში ამბობს, რომ „5 ივლისის საქმისგან“ ჭელიძეების, წულუკიძეების და ელდარ ანთაძის საქმეში „ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან“, თუმცა განჩინებაში ვცერ ვიპოვეთ შესაბამისი დასაბუთება, რის გამო მიიჩნია უზენაესმა სასამართლომ „ნამახვანჰესის“ აქციაზე საქმე ორგანიზებულ დანაშაულთან გვქონდა?
- კიდევ რა ჩანს საქმის მასალებიდან?
„2021 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, გუმათჰესის კასკადის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავთანდილ ახვლედიანი, დავით ჭოხონელიძე და გიორგი ბარჯაძე, ავთანდილ ახვლედიანის კუთვნილი „NISSAN X TRAIL“-ის მარკისა და მოდელის ავტომობილით მივიდნენ და შეუერთდნენ აქციას, სადაც მოქალაქეები აპროტესტებდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელ ნამოხვანში, რიონის ხეობაში, თურქული კომპანია „ენკას“ მიერ, იჯარით აღებულ ტერიტორიაზე, „ნამახვანჰესის“ მშენებლობას,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში „წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის საქმეზე“
„გუმათჰესის დასახლებაში მდებარე თურქული კომპანია „ენკას“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვა პირებთან ერთად ასევე მივიდნენ ელდარ ანთაძე, რეზო წულუკიძე, ფირუზ წულუკიძე, თორნიკე ჭელიძე, თამაზ ჭელიძე, ირაკლი ჭელიძე და გელა ჭელიძე.
…შუადღის საათებში, ავთანდილ ახვლედიანი, თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა „ენკას“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მყოფ რეზო და ფირუზ წულუკიძეებს მოუწოდა, დაეტოვებინათ საპროტესტო აქცია, ვინაიდან ისინი რეალურად არ აპროტესტებდნენ ჰესის მშენებლობას და ჰქონდათ სხვა ინტერესები, რასაც მათ შორის შელაპარაკება მოჰყვა.
აღნიშნული შელაპარაკებიდან რამდენიმე საათში, აქციის ქ. ქუთაისში გაგრძელების მიზნით, აქციის მონაწილეები, მათ შორის, ავთანდილ ახვლედიანი, დავით ჭოხონელიძე და გიორგი ბარჯაძე, ფეხით მივიდნენ გუმათჰესის კასკადის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ, ავთანდილ ახვლედიანის კუთვნილ ავტომობილთან.
…თავდაპირველად რეზო წულუკიძემ ავთანდილ ახვლედიანს მიმართა, თუ რატომ მოითხოვა მათი აქციიდან წასვლა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი დაარტყა სახის არეში, რის შემდეგ, რეზო წულუკიძემ, ელდარ ანთაძემ, ფირუზ წულუკიძემ, თორნიკე ჭელიძემ, თამაზ ჭელიძემ, ირაკლი ჭელიძემ და გელა ჭელიძემ, დაუდგენელ პირებთან ერთად, სხეულის სხვადასხვა ადგილებში სცემეს ავთანდილ ახვლედიანს, დავით ჭოხონელიძეს და გიორგი ბარჯაძეს, რომლებმაც განიცადეს ფიზიკური ტკივილი, ასევე მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანებები. ასევე ფირუზ წულუკიძემ, ხელის დარტყმით, დააზიანა ავთანდილ ახვლედიანის ავტომანქანის წინა მხარეს განთავსებული მცირე ზომის სარკის ხუფი,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
ამ საქმეზე რეზო წულუკიძის და თამაზ ჭელიძის ინტერესების დამცველი ადვოკატი, ირაკლი შავაძე უზენაეს სასამართლოს ასევე წერდა, რომ უნდა შეფასებულიყო უტყუარი მტკიცებულება – თამაზ ჭელიძე საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ამას სატელეფონო ანძების მონაცემების ამონაწერიც დასტურდებოდა.
ამას გარდა, ირაკლი შავაძის შეფასებით, დაირღვა დაცვის უფლება, „ვინაიდან პირველი წარდგენის სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა საქმის გაცნობისა და მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენის მიზნით სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე. ნეიტრალური მოწმე ნიკა ნოზაძის ჩვენებით დგინდება, რომ შეხლა-შემოხლა სამ წუთზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა, რაც ეწინააღმდეგება დაზარალებულ ავთანდილ ახვლედიანის ჩვენებას, რომ ინციდენტი 10 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
განჩინება ამ ჩანაწერით სრულდება:
„საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რეზო წულუკიძის, ფირუზ წულუკიძის, ელდარ ანთაძის, ირაკლი ჭელიძის, თამაზ ჭელიძის, თორნიკე ჭელიძის და გელა ჭელიძის მიერ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
„5 ივლისის საქმეზე“ კი, გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებმა მერაბ განინაშვილმა [თავმჯდომარე], ნინო სანდოძემ და რევაზ ნადარაიამ 2023 წლის 4 ივლისს მიიღეს. ვიდრე სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები დაადგენდნენ, რომ „5 ივლისის საქმეში“ მსჯავრდებული ორგანიზატორების გარეშე მოქმედებდნენ, პროკურატურის ვერსიით და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, საქმე ჯგუფურ მოქმედებასთან გვქონდა, თუმცა გამოძიებამ თითქოს ვერ დაადგინა, ვინ იყო ამ ძალადობის ორგანიზატორი.
„2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე…. გამოძიებით დაუდგენელ დროსა და დაუდგენელი პირების მიერ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, აქციის მონაწილეების, მათი მხარდამჭერებისა და ჟურნალისტების მიმართ ორგანიზებულ იქნა ჯგუფური ძალადობა… მიაყენეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება, დააზიანეს და გაანადგურეს მათ მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები…“, – ეს იყო პროკურატურის ვერსიაა „5 ივლისის საქმეზე“.
„ა. ნ-ე, თ. დ-ე, დ. კ-ე, გ. გ-ი, ო. გ-ი და ც. ჩ-ე ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ
ბრალდებებში,“ – ჩაიწერა უკვე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში „5 ივლისის საქმეზე“.
„საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ა. ნ- ის, თ. დ-ის, დ. კ-ის, გ. გ-ისა და ო. გ-ის ბრალეულობას მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო ც. ჩ-ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ,“ – ვკითხულობთ უკვე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ამ საქმეზე:
რა ადასტურებს, რომ ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს