მთავარი,სიახლეები

რაში დასჭირდა „ოცნებას“ დელეგატები მაჟორიტარების ნაცვლად

22.07.2024 •
რაში დასჭირდა „ოცნებას“ დელეგატები მაჟორიტარების ნაცვლად

„ეს არის ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება“ ამას გამოიყენებს იმისთვის, რომ ამომრჩეველს შესთავაზოს კონკრეტული კანდიდატი დელეგატად, თითქოსდა მაჟორიტარის სამართალმემკვიდრე,“ – ამბობს შოთა ნარსია, „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ უფროსი მკვლევარი. ის  დელეგატების შესახებ გვესაუბრება, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რომ გვეყოლებიან პარლამენტში.

არჩევნების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასება პრაქტიკულად ემთხვევა პოლიტიკური ოპოზიციის ხედვას ამ საკითხზე: „ოცნება“ ცდილობს ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანოს და დააჯეროს, თითქოს მაჟორიტარები პრაქტიკულად დელეგატები არიან, რომლის პირდაპირ არჩევის საშუალება ამომრჩეველს არ ექნება – გვიყვებიან ისინი.

შემდეგი მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები აღარ გვეყოლება და ამომრჩეველი მხოლოდ მისთვის სასურველ პარტიას აირჩევს, პარტიას კი, უფლება აქვს, საარჩევნო სიაში კონკრეტული სახელის და გვარის გასწვრივ მიუთითოს – კონკრეტული ოლქის დელეგატობის კანდიდატი, მაგალითად, „ქართული ოცნების“ დელეგატობის კანდიდატი ბათუმიდან.

დელეგატი მხოლოდ ის კანდიდატი გახდება, ვისი პარტიაც კონკრეტულ ოლქში ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულია სულ 30 ოლქი და ის თითქმის სრულად ემთხვევა 2020 წლისთვის განსაზღვრულ 30 მაჟორიტარულ ოლქს.

მაგალითად, აჭარის რეგიონში ისევ სამი ოლქი გვექნება, თუმცა არის ცვლილებაც: ხელვაჩაურს და ბათუმს ამჯერად საერთო დელეგატი ეყოლება, ერთი დელეგატი ქობულეთს ერგება, ერთიც – ხულოს, შუახევსა და ქედას. ეყოლება თუ არა დელეგატობის კანდიდატები ოპოზიციას და როგორ აფასებენ დელეგატების მოდელის შემოღებას სამოქალაქო ორგანიზაციები?

შოთა ნარსია: „ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“ 

გარდა იმისა, რომ შესაძლოა, საქმე პოლიტიკურ მანიპულაციასთან გვქონდეს, დელეგატების მოდელის შემოღებას პირდაპირ ანტიკონსტიტუციურს უწოდებენ „სამართლიან არჩევნებში“. აქ კონსტიტუციის იმ სამართლებრივ ნორმაზე მიუთითებენ, რომლის მიხედვითაც „პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან“.

„ერთიანი, მრავალმანდატიანი ოლქი ნიშნავს იმას, რომ მთელი ქვეყანა მხოლოდ ერთი ოლქია და დაუშვებელია, რაიმე სხვა ოლქის გამოყოფა, გარდა ადმინისტრაციული ხასიათისა,“ -„სამართლიანი არჩევნების“ უფროსი მკვლევარი შოთა ნარსია განმარტავს, რომ არჩევნების ადმინისტრირებისთვის ისევ იმუშავებს 73 საარჩევნო ოლქი, თუმცა ამის პარალელურად არსებობდეს 30 ოლქი, ეს უკვე უპირისპირდება კონსტიტუციის ჩანაწერს, „ერთიანი საარჩევნო ოლქის“ შესახებ.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს 30 ოლქი თითქმის ემთხვევა 2020 წლის მაჟორიტარული ოლქის საზღვრებს, ანუ „ქართული ოცნება“ შეეცდება მაჟორიტარები დელეგატებით ჩანაცვლდნენ.

შოთა ნარსია

„ეს აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნების“ რეალური მოტივაცია არის არა ის, რომ რეგიონების წარმომადგენლები იყვნენ პარლამენტში, არამედ ის, რომ წინასაარჩევნო კამპანია გახდეს განსაკუთრებით რეგიონებში მეტად პერსონიფიცირებული, დელეგატობის კანდიდატებად დაასახელონ ადამიანები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე ავტორიტეტულ ფიგურებს წარმოადგენენ და მოახერხებენ ხმების მოზიდვას.

ეს ცვლილება ვერ უზრუნველყოფს რეგიონების რეალურ წარმომადგენლობას, რადგან ბიულეტენში ამომრჩეველს არ ექნება შესაძლებლობა, რომელიმე დელეგატი აირჩიოს.

პრობლემაა ისიც, რომ ყველა პარტიის მიერ განსაზღვრული დელეგატობის კანდიდატი კი არ გახდება დელეგატი, რომელი პარტიაც არჩევნებს მოიგებს, არამედ ის პარტია, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს კონკრეტულ ოლქში. ეს არ იქნება არც ღია სიითი კენჭისყრა, სადაც ამომრჩეველი თავად განსაზღვრავს კანდიდატების რიგითობას,“ – გვითხრა შოთა ნარსიამ.

არსებობს იგივე რისკი, რაც მაჟორიტარული სისტემის არსებობის შემთხვევაში გვქონდა, როცა თითქმის ყველა არჩევნებს სახელისუფლებო კანდიდატი იგებდა? – მკვლევრის დაკვირვებით, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ამომრჩევლის მოტყუების მცდელობა იქნება, როცა ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ კონკრეტული ფიგურა დელეგატობის კანდიდატია, სინამდვილეში კი, ამომრჩეველს ხელში არავითარი ბერკეტი არ ექნება, მისთვის მისაღები კანდიდატი დელეგატი გახდეს.

„სამართლიანი არჩევნების“ იურისტმა ასევე გვითხრა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს კონკრეტული სამართლებრივი რეგულირება, რაც მაჟორიტარი დეპუტატის მსგავსად, დელეგატს კონკრეტულ უფლებამოსილებას მიანიჭებს, პარლამენტის სხვა წევრებისგან განსხვავებით.

„თუ ასეთი ცვლილებები მიიღეს, ეს იქნება დამატებით არგუმენტი, რომ ეს ცვლილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია – ეს სტატუსი კონსტიტუციის სულისკვეთების საწინააღმდეგოა,“ – შოთა ნარსია გვიყვება, მსგავსი მოდელი დასავლეთის არცერთ ქვეყანაში არ გვხდება და უმთავრესი კონსტიტუციით განსაზღვრული პროპორციული საარჩევნო მოდელის საწინააღმდეგო სვლაა – ეს მოდელი პარტიული დემოკრატიის გაძლიერებას, შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო პროგრამებით კონკურენციას და იდეოლოგიურ ბრძოლას ითვალისწინებს და არა კონკრეტული მაჟორიტარებით თუ მათთვის სახელის გადარქმევით ფონს გასვლა.

შოთა ნარსია უახლოეს პოლიტიკურ წარსულსაც გვახსენებს:

„შერეული საარჩევნო მოდელის პირობებში მმართველ პარტიებს ჰქონდათ არასამართლიანი ბერკეტი იმისა, რომ მნიშვნელოვნად არაპროპორციულად ყოფილიყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში – პრაქტიკულად უმცირესობის მხარდაჭერით ახერხებდა მმართველი პოლიტიკური ძალა, დაეგროვებინა უმრავლესობა, როგორც ეს, მაგალითად, 2016 წელს იყო. მაჟორიტარული ადგილები კი, მნიშვნელოვანი ბონუსი იყო მმართველი პოლიტიკური ძალისთვის.

ეს ცვლილება [დელეგატები] გავლენას არ ახდენს საარჩევნო ფორმულაზე მათემატიკურად – პროპორციული წესით მანდატების განაწილება ძალაში რჩება, მაგრამ რისკი დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ ეფექტზე, როცა ამომრჩეველი შეიძლება შეცდომაში იქნას შეყვანილი, უთხრან, რომ კონკრეტული პირი მისი ოლქის დელეგატი გახდება, მაგრამ ის შეიძლება პარლამენტის წევრი ვერ გახდეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ შოთა ნარსიამ.

ირმა პავლიაშვილი: „ქართული ოცნება“ ისევ მაჟორიტარული სისტემის ეფექტის გამოყენებას ცდილობს პროპორციული სისტემის ფარგლებში. 

„ეს ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ ადგილი აქვს მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას, რომელიც იყო საქართველოში დამკვიდრებული მაჟორიტარული სისტემის ფარგლებში,“ – მიიჩნევს ირმა პავლიაშვილი, „ღია სივრცე კავკასიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

საარჩევნო საკითხებში დიდი გამოცდილების მქონე იურისტი ყურადღებას ამახვილებს „30 ოლქზე“, რომელიც წინა არჩევნების დროს განსაზღვრულ მაჟორიტარულ ოლქებს ემთხვევა.

„რატომ დასჭირდა მმართველ პარტიას კონკრეტულ ოლქზე კანდიდატის მიბმა?“ – კითხულობს იურისტი გვახსენებს, კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის ნებისმიერი წევრი მთლიანად საქართველოს მოსახლეობის სახელით საუბრობსო, ამ შემთხვევაში კი, როცა საპროტესტო აქციებზე მრავალწლიანი, დაჟინებული მოთხოვნის და საბოლოოდ „გავრილოვის ღამის“ კრიზისის შემდეგ, „ოცნებამ“ პირობა დადო, არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებაო, დააკანონა ცვლილება, რაც მაჟორიტარული სისტემისთვისაა დამახასიათებელი.

ირმა პავლიაშვილი

„ვიცით, როგორი ძალადობრივი გარემო იქმნებოდა წინასაარჩევნო პერიოდში, ვხედავდით, როგორ ირჩეოდნენ ეს კანდიდატები, გავლენების, მათი ეკონომიკური სიძლიერის მიხედვით, რომ წინასაარჩევნო კამპანია მაჟორიტარობის კანდიდატს დაეფინანსებინა და მეტი ბენეფიტი მიეღო კონკრეტულ პარტიას, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა აძლევდა მმართველ პარტიას დამატებით მანდატებს, როცა ძალაუფლების კონცენტრაცია სჭირდებოდა უმრავლესობას, ან კონსტიტუციური უმრავლესობა სურდა მიეღო.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა გააქტიურდა ჯერ კიდევ 2008 წელს, როცა ოპოზიცია გაერთიანდა, საბოლოოდ კი, გავრილოვის ღამის შემდეგ დასთანხმდა ხელისუფლება ამ ცვლილებას, დათანხმდა ხელისუფლება მოსახლეობის უმრავლესობის ხედვას.

ამის შედეგი უნდა ყოფილიყო შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება და კონკურენციის ზრდა, პოლიტიკური პარტიები უნდა გადაწყობილიყვნენ პროპორციული სისტემისთვის, რომ იყოს წინასაარჩევნო კამპანია ორიენტირებული შინაარსობრივ, საგნობრივ დისკუსიაზე, იმ საჭიროებებზე, რაც რეალურად მოსახლეობას აქვს, ამ შემთხვევაში კი, კვლავ ცდილობს მმართველი პოლიტიკური პარტია დელეგატების ინსტიტუტების შემოტანით ნეგატიური საარჩევნო ტექნოლოგიები გამოიყენოს წინასაარჩევნო პერიოდში, რაც წინა წლებში გვქონდა.

ეს არის გარკვეული ტექნოლოგიების გამოყენებით ამომრჩევლის განწყობაზე გავლენის მოხდების მცდელობა, რომ პროპორციული სისტემის ფარგლებში მეტი შედეგი მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“, რაც შემდეგ აისახება მანდატებში.

საინტერესოა, ვის დაასახელებენ დელეგატობის კანდიდატებად, იქნებიან თუ არა მათ შორის ყოფილი მაჟორიტარები?

ასევე საინტერესოა დელეგატობის კანდიდატები იქნებიან თუ არა ქალები. მაჟორიტარებად ქალი კანდიდატების დასახელება არ ხდებოდა, რადგან მათ არ ჰქონდათ ის ეკონომიკური სიძლიერე, რაც მნიშვნელოვანი იყო წინასაარჩევნო კამპანიისთვის.

„ქართულ ოცნებას“ შეეძლო სისტემის შეცვლის ეტაპზე ეთქვა, რომ რეგიონული კონტექსტი რომ დაიკარგოს, ირჩევდა რეგიონულ-პროპორციულ საარჩევნო სისტემას, რაც დამკვიდრებული პრაქტიკაა ასევე, მაგრამ პროპორციული სისტემისთვის დელეგატების სისტემა დამახასიათებელი არ არის,“ – გვითხრა ირმა პავლიაშვილმა.

გიორგი კირთაძე: „მინი ოლიგარქების სისტემის შენარჩუნებას ცდილობს „ოცნება“ 

„დელეგატები მოიგონეს იმიტომ, რომ მინი ოლიგარქების სისტემა, რაზეც აქვს მოწყობილი „ქართულ ოცნებას“ მუდმივად თავისი საარჩევნო სისტემა, ეს შეინარჩუნოს. ამას უკავშირდებოდა იგივე ქალთა კვოტირების გაუქმება, ხელის შემშლელი რომ არ ჰყავდეთ – თავიდან ბოლომდე ისევ მინი ოლიგარქებით დააკომპლექტებენ საარჩევნო სიას,“ – მიიჩნევს გიორგი კირთაძე, პარტია „ახალის“ აღმასრულებელი მდივანი.

პოლიტიკური ოპოზიცია უარყოფითად აფასებს დელეგატების მოდელს და ამბობს, რომ ამ გზით „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად მაჟორიტარებით ფონს გასვლას ეცდება. ოპოზიციურ პარტიებში და მათ შორის, პარტია „ახალში“ ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, განსაზღრავენ თუ არა თავად საარჩევნო სიებში ამა თუ იმ ოლქის, მაგალითად, ბათუმის დელეგატობის კანდიდატებს.

გიორგი კირთაძე

„სარჩევნო სიაში აუცილებლად გვეყოლება რეგიონული წარმომადგენლები, რომლებიც რეალურად გამოხატავენ მოსახლეობის საჭიროებებს, იქნება თუ არა მიწერილი სახელის და გვარის გასწვრივ, რომ ის არის დელეგატი, არ ვიცი, ამაზე პოლიტიკური საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას. გეტყვით იმას, რომ რეგიონები აუცილებლად იქნება დაფარული,“ – გვითხრა გიორგი კირთაძემ.

ოპოზიციონერს „ქართული ოცნების“ მთავარი არგუმენტი ვუთხარით, რეგიონების წარმომადგენლობა რომ არ დაიკარგოს, ამიტომაც გვჭირდება დელეგატებიო.

„ვიცით, როგორი მაჟორიტარები ჰყავდათ თავის დროზე. რომელიმე წარმოადგენდა მოსახლეობის ინტერესებს? არჩევენ დიდი ფულის ადამიანებს, რომელიც შეძლებს ამა თუ იმ ოლქში არჩევნების ყიდვას.

ახლაც ასე წარმოუდგენია „ოცნებას“, რომ ვიღაც დახარჯავს დიდ ფულს და შემდეგ ტენდერებით დაწყებული, ყველა ფინანსურ ამბებში ეს მინი ოლიგარქები გადაინაწილებენ მთელს ქვეყანას, იშოვიან ფულს, მაგრამ ეს ფული უნდა მოახმარონ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენას. რაც ახლა ხდება, იგივე მოდელია.

ამიტომაც, იგივე მინიოლიგარქებს დაასახელებენ, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, ვინმე ახალი, უფრო შეძლებული ოლიგარქი ჩასვან სიაში, ასე წარმოუდგენია ივანიშვილს არჩევნების მოგება, მაგრამ ეს არ იქნება ის არჩევნები, სადაც თუნდაც დიდი ფულით ამომრჩევლის მოსყიდვა იქნება ეფექტური,“ – გიორგი კირთაძის დაკვირვებით, ამ არჩევნებში იმდენად ძლიერია საპროტესტო განწყობა, რომ „ოცნების“ გათვლა არ იმუშავებს.

რას დაუპირისპირებს „ქართული ოცნების“ მეთოდებს ოპოზიცია, იგივე დელეგატების მოდელის ამუშავების დროს?

„ეს იქნება ერთტურიანი არჩევნები. მათ არ აქვთ ამის რესურსი, დაშანტაჟებით, მოსყიდვით და დაშინებით იმუშაონ ყველა უბანზე.

ჩვენ გვეყოლება ხალხი, რომელიც მართლაც წამოწევს რეგიონის პრობლემატიკას. მთავარია ეფექტურად ვიმუშაოთ ველზე და ადამიანებს გავუჩინოთ რწმენა, რომ თუ ბევრი მივალთ არჩევნებზე, ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება. მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იყიდება, არც შანტაჟს და მოსყიდვას არ ექვემდებარება. ამიტომაც, მთავარია არჩევნებზე მივიდეთ,“ – გვითხრა გიორგი კირთაძემ.

ბაკურ კვაშილავა: ეს არის მანიპულაცია, როგორც ამომრჩეველზე, ისე პოტენციურ კანდიდატებზე 

„დელეგატების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხოს რეკრუტირება ადამიანების, რომლებსაც გააჩნია ფინანსური რესურსი. ეს არანაირად არ არის ხალხის წარმომადგენლობა, პირიქით, მანიპულაციაა,“ – დელეგატების მოდელს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბაკურ კვაშილავაც, პოლიტიკური მოძრაობის „თავისუფლების მოედანი“ წევრი.

ბაკურ კვაშილავა, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს მოდელი კონსტიტუციით განსაზღვრულ პროპორციული საარჩევნო სისტემის იდეას უპირისპირდება და ის ანტიკონსტიტუციურია.

რატომ არის ეს ცვლილება მანიპულაციური? – ვკითხეთ ახლადშექმნილი პოლიტიკური მოძრაობის წევრს. ბაკურ კვაშილავა პროფესიით პოლიტოლოგია.

ბაკურ კვაშილავა

„ქართული ოცნება“ ცდილობს, ის მექანიზმი დაიტოვოს, რაც გააქრო პროპორციულმა სისტემამ. ამ მოდელით ისინი ამომრჩეველს ეტყვიან და კანდიდატებსაც, რომ აი, მაჟორიტარები აღარ არიან, მაგრამ დავტოვეთ დელეგატები, შემოვიტანეთ ეს ახალი ინსტიტუცია. ასე შეეცდებიან ისინი ძალაუფლების მქონე ბიზნესმენების რეკრუტირებას… რეალურად ეს პროპორციული საარჩევნო სისტემის სულისკვეთების გვერდის ავლაა.

ვიცით, რამდენად ცუდია მაჟორიტარების კომპონენტი ქართული დემოკრატიისთვის, რადგან ის არ ასახავდა ამომრჩევლის რეალურ განწყობას.

გვეყოლება თუ არა დელეგატების კანდიდატები, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. მე პირადად ვთვლი, რომ ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემის სულისკვეთების წინააღმდეგ,“ – აღნიშნა ბაკურ კვაშილავამ „ბათუმელებთან“.

გია აბულაძე: „რეალურად ძალაში დატოვეს მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ ამომრჩეველს ვეღარ მოატყუებენ“ 

გია აბულაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად მაჟორიტარული სისტემა დატოვა ძალაში, როცა ცვლილება დაამტკიცა დელეგატებზე.

„შესაძლოა მედიაში პირდაპირ არ თქვან, მაგრამ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს იტყვიან, დაგიტოვეთ მაჟორიტარი, დელეგატიაო, იმასაც არ იტყვიან, აი, ეს იქნება თქვენი პატრონიო. სინამდვილეში ხალხს პატრონი კი არა, ნორმალური ხელისუფლება სჭირდება, რომელიც პასუხისმგებელია ხალხის წინაშე და ივლის ევროპისკენ.

რეალურად „ოცნებამ“ ამ გზით ძალაში დატოვა მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ მოსახლეობა გაცილებით მომზადებულია, ვიდრე „ოცნებას“ წარმოუდგენია, ამომრჩეველს ვეღარ მოატყუებენ,“ – გვითხრა გია აბულაძემ. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საარჩევნო ბიულეტენში ამომრჩეველს რომელიმე დელეგატობის კანდიდატის სახელი და გვარი არ დახვდება. შესაბამისად, ის დელეგატსაც პირდაპირ ვერ აირჩევს.

გია აბულაძე

გია აბულაძის აზრით, დელეგატების სისტემის შემოღებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოატყუა საქართველო და პარტნიორები, როცა „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დადო, მორიგი არჩევნები პროპორციული იქნებაო.

„შემოიღეს მაჟორიტარული არჩევნების ალტერნატივა და უნდათ, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში. ეტყვიან, რომ აი, ეს იქნება თქვენი მაჟორიტარი. იგივე ცვლილება დააინიციირეს აჭარის უმაღლეს საბჭოშიც.

ეს აჩვენებს იმას, რომ ძალიან უჭირს ივანიშვილს და სხვადასხვა მეთოდით და ტყუილებით აპირებს, გავიდეს ფონს.

თუ „ოცნებას“ სურდა რეგიონების წარმომადგენლობა, რეგიონულ-პროპორციული სისტემა არსებობს ამისთვის. ეს მიდგომა გაგრძელებაა იმ ამბის, როცა გვეუბნებიან, ევროპა გვინდაო, სინამდვილეში კი, პირდაპირ არღვევენ კონსტიტუციას და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ გავხდეთ ევროკავშირის წევრი. აქაც გვითხრეს, რომ აღარ იქნება მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ მათი საარჩევნო კამპანია იქნება ისევ მაჟორიტარული ფორმით.

ეს არის არაკონსტიტუციური. კონსტიტუცია ამბობს, რომ პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარდეს. ჩემი მოსაზრებაა, რომ ხელისუფლებას ამ კამპანიაში არ უნდა შევყვეთ, თუმცა პარტიაში ამ საკითხზე საბოლოო გდაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის,“ – გვითხრა გია აბულაძემ.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: