მთავარი,სიახლეები

ვინ არის კაცი, რომელსაც ზელენსკიზე მაღალი რეიტინგი აქვს და „მადიარის ჩიტები“ შექმნა

09.07.2026
ვინ არის კაცი, რომელსაც ზელენსკიზე მაღალი რეიტინგი აქვს და „მადიარის ჩიტები“ შექმნა

50 წლის რობერტ ბროვდის უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე ნდობის უფრო მაღალი რეიტინგი აქვს ბოლო გამოკითხვის თანახმად. რატომ ენდობიან უკრაინელები მას? – ამ სტატიაში, უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით, გიამბობთ, ვინ არის რობერტ ბროვდი.

რობერტ ბროვდი წარმოშობით უნგრელია, თუმცა უკრაინაში დაიბადა და გაიზარდა. მისი მეტსახელი – „მადიარი“ – სწორედ მის ფესვებს უკავშირდება. „მადიარი“ უნგრელს ნიშნავს. ასე გამოხატავს იგი პატივისცემას საკუთარი წარმოშობის მიმართ.

ბროვდი პროფესიით ეკონომისტია, წლების განმავლობაში ჰქონდა არაერთი კომპანია, თუმცა უკრაინული მედიის ცნობით, მისი სახელი ბიზნესში ყველაზე მეტად  აგროსექტორს უკავშირდება. ბროვდი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტიორთა ტოპ ხუთეულში შედიოდა და არ დარჩენილა არც პოლიტიკის მიღმა – ხელმძღვანელობდა პარტია „ფრონტ ზმინის“ (ცვლილებათა ფრონტი) ორგანიზაციას იმიერკარპატიაში და იყო საოლქო საბჭოს დეპუტატიც. პარალელურად დააფუძნა არტ-ფონდი „ბროვდიარტი“, რომელიც თანამედროვე უკრაინულ ხელოვნებას უწევდა პოპულარიზაციას.

უკრაინული მედია წერს, რომ 2022 წლის ომამდე რობერტ ბროვდი კლასიკურ წარმატებულ მეწარმეს ჰგავდა: მდიდარ, თანამედროვე ხელოვნების კოლექციონერ, ფილანთროპსა და კარგი კავშირების მქონე ბიზნესმენს, მაგრამ ომმა ყველაფერი შეცვალა.

ეს განსხვავება ბროვდის ომამდელ და ომის შემდეგ ფოტოებში განსაკუთრებით ცხადად იგრძნობა.

რობერტ ბროვდი, 2017 წელი/facebook

რობერტ ბროვდი/telegram

ჯერ კიდევ 2022 წლის 7 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე, ბროვდი კიევში, ობოლონის ტერიტორიულ თავდაცვაში ჩაირიცხა. ის ოცეულის მეთაური იყო. ომის დაწყების პირველივე დღეს კი, 24 თებერვალს, ბროვდი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა და პირველი კვირების განმავლობაში ირპენიდან, ბუჩადან და ბოროდიანკადან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში მონაწილეობდა.

2022 წლის აპრილ-ივნისში ქვედანაყოფი ხერსონის მიმართულებაზე გაემგზავრა. უკრაინული მედია წერს, რომ სწორედ იქ გაჩნდა იდეა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა – ბროვდი მიხვდა, რომ ტრადიციულ არტილერიასა და ქვეით ჯარს „თვალები“ სჭირდებოდათ. მან სახალხო დონაციის შესახებ გამოაცხადა, იყიდა პირველი დრონები და აეროდაზვერვის ქვედანაყოფი შექმნა.

ასე გაჩნდა „მადიარის ჩიტები“, დრონების ქვედანაყოფი, რომელიც წლების განმავლობაში განვითარდა და უკრაინის თავდაცვის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

„მადიარის ჩიტებმა“ მუშაობა რამდენიმე ათეული პილოტითა და ასობით ჩინური დრონით დაიწყო, თუმცა, როგორც მედია წერს, პირველივე დღეებიდან ისინი ხუთი სახის ამოცანას ასრულებდნენ: აეროდაზვერვა, პატრულირება, ცეცხლის კორექტირება, დარტყმები დრონი-კამიკაძეებით და საბრძოლო მასალის ჩამოგდება.

2022 წლის ნოემბრიდან ქვედანაყოფი ტერიტორიული დაცვის 251-ე ცალკეული ბრიგადის შემადგენლობაში იყო; 2023 წლის ივნისიდან – ოპერატიულ-ტაქტიკურ ჯგუფ „დონეცკში“, ხოლო 2023 წლის ოქტომბრიდან საზღვაო ქვეითთა კორპუსის სარდლობას დაექვემდებარა.

2024 წლის 16 იანვარს კი ქვედანაყოფი დარტყმითი უპილოტო საავიაციო სისტემების 414-ე ცალკეულ ბრიგადად გადაკეთდა. ისინი მხოლოდ კი არ იბრძოდნენ, არამედ სხვა ქვედანაყოფებსაც ასწავლიდნენ დისტანციურ დანაღმვას, დრონების მართვასა და სხვა მნიშვნელოვანი ოპერაციების წარმართვას. 

2025 წლის 3 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაიორი რობერტ ბროვდი უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების სარდლად დანიშნა.

ბროვდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დრონები არა მხოლოდ უბრალოდ ტექნიკაა, არამედ ეფექტური პასუხია მტრის რიცხობრივ უპირატესობაზე.

იგი ამბობს, რომ „მადიარის ჩიტებს“ განსაკუთრებულს ხდის არა მხოლოდ დრონების რაოდენობა, არამედ მიდგომა – დრონების ინტეგრაცია რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებთან, დისტანციური დანაღმვა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამიზნეების ამოსაცნობად და ა.შ., რასაც ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

ბროვდის არაერთი ჯილდო აქვს მიღებული ომში, მათ შორის უკრაინის გმირის „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენი.

2025 წლის 28 აგვისტოს ორბანის უნგრეთმა ბროვდის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, როგორც ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ განხორციელებული დარტყმების ორგანიზატორს.

თავად ბროვდი მაშინ უნგრეთის გადაწყვეტილებას პოსტის გამოქვეყნებით გამოეხმაურა და ვიქტორ ორბანს მიმართა:

„…მე უკრაინელი ვარ და მამაჩემის სამშობლოში თქვენს შემდეგ ჩავალ. ნამდვილი მადიარები უნგრეთში საკმარისად არიან და ოდესმე მათაც ყელში ამოუხვალთ“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: