მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოს წევრი მერიის თანამშრომლებს პროფესიულ ეთიკაზე მიუთითებს

28.06.2024
ბათუმის საკრებულოს წევრი მერიის თანამშრომლებს პროფესიულ ეთიკაზე მიუთითებს

„ჩვენ არ გვაქვს უფლება არაადეკვატური ვუწოდოთ მოქალაქეს, თუნდაც მას ასჯერ დასჭირდეს რაღაცის ახსნა, ჩვენ ამის ვალდებულება გვაქვს“ – განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა ქეთი ლასტაკანიძემ დღეს საკრებულოს სხდომაზე. მან მსგავსი შემთხვევების კონტროლის აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი, საკრებულოს თავმჯდომარეს სთხოვა ჩაერთოს ამაში და მისცეს მერიას შესაბამისი გაფრთხილება.

ბათუმის საკრებულოს წევრმა სხდომაზე განაცხადა, რომ შეესწრო ფაქტს, როცა მერიის თანამშრომელმა მოქალაქეს არაადეკვატური უწოდა:

„ამ შენობაში იყო შემთხვევა და ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი შეესწრო ამას, როცა საჯარო მოხელემ განაცხადა, რომ დაიღალა რამდენიმეჯერ ერთი და იმავეს ახსნით და მისი აზრით, ეს მოქალაქე იყო არაადეკვატური. ვფიქრობ, რომ საჯარო მოხელეს და ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, ჩვენი პირადი გადმოსახედიდან ვუყუროთ, მოქალაქე რამდენად ადეკვატურია ან არ არის ადეკვატური.

მინდა სამსახურებრივი ეთიკის გათვალისწინებით მოხდეს ამ კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება, დისციპლინარული შენიშვნა მაინც მიიღოს ამ ადამიანმა.

ასჯერაც რომ დასჭირდეს, არა აქვს მნიშვნელობა პოზიცია იქნება თუ ოპოზიცია, მომართვის შემთხვევაში, მე მზად ვარ დავჯდე და თუნდაც ასმეერთედ კონკრეტული დიალოგი გავიარო. არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ეს კონკრეტული პირი ოპოზიციის მხარდამჭერი იყო. არა, ჩვენც მივიღეთ მისგან „კურთხევა“. ის იყო ბათუმის მკვიდრი, რომელსაც ესაჭიროებოდა კონკრეტული ინფორმაციის მიღება, თუნდაც არაერთხელ.

მერიასაც მივმართოთ ამაზე, გთხოვთ, როგორც ხელმძღვანელს“ – მიმართა ქეთი ლასტაკანიძემ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს.

მას ინციდენტის მონაწილე პირის სახელი და გვარი სხდომაზე არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ ამ საკითხს თავმჯდომარესთან ცალკე გაივლის. ქეთი ლასტაკანიძის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მერიის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქის მიმართ მსგავს დამოკიდებულებებს ტერიტორიულ ორგანოებშიც აქვს ადგილი.

ქეთი ლასტაკანიძე ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით შევიდა, ახლა ის პარტია „ახალს“ წარმოადგენს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: