„ჩემთვის მზია ამაღლობელი არის ბრძოლის, ამ წინააღმდეგობის ხერხემალი. ეს ხერხემალი არ უნდა გატყდეს – რეჟიმი უნდა გადატყდეს,“ – ამბობს მაია ადუაშვილი. ის უკვე 30 წელია ნიდერლანდებში ცხოვრობს, თუმცა ამბობს, რომ მძიმე ეტაპების დროს ყოველთვის სამშობლოს უბრუნდება.
მაია ადუაშვილი ახლაც თბილისშია, დღესაც რუსთაველზე აპირებს გასვლას. აღარ სურს, დაუბრუნდეს ევროპას, ვიდრე ბრძოლას არ მოიგებს!
„1988 წელს გავხდი ჟურნალისტიკის სტუდენტი, როცა ეროვნული მოძრაობა დაიწყო და პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. მეც შევუერთდი შიმშილობას. ერთი კვირა ვიშიმშილე. ვიცოდი და მწამდა: სადღაც, რკინის ფარდის მიღმა, ის სამყარო იყო, სადაც თავისუფლება არსებობდა.
ბაბუაჩემი გადასახლებული იყო. მშობლებიც გვერდით დამიდგნენ. სამწუხაროდ, 8 აპრილს დავტოვე რუსთაველის პროსპექტი – დედაჩემმა მოგვძებნა და წაგვიყვანა სახლში, რადგან მანამდე დიდი ხანი ვიდექით ქუჩაში. სამწუხაროდ, 9 აპრილს იქ არ ვიყავი…
დღესაც ჩვენ თავისუფლებისთვის ვიბრძვით. ახლაც გრძელდება ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის, რადგან ევროპის გარეშე საქართველოს დამოუკიდებლობა არ გამოვა,“ – მიიჩნევს მაია ადუაშვილი.

მაია ადუაშვილი
მაია ადუაშვილს უვიზო რეჟიმზე ვესაუბრეთ: როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება, თუ უვიზო მიმოსვლას საქართველოს შეუჩერებენ?
„დღეს ჩემს ქვეყანას აქვს ურთულესი მომენტი. ცხადია, პასუხისმგებლობას ვაკისრებ „ქართულ ოცნებას“. მე მას ხელისუფლებად არ მივიჩნევ, რადგან ის ჩვენ არ აგვირჩევია. ეს რეჟიმი მიაქანებს საქართველოს უფსკრულისკენ.
ევროპული ინტეგრაციის გარეშე ჩვენ ვერ გადავრჩებით. ეს გვიწერია კიდეც კონსტიტუციაში. ჩვენი წინაპრებიც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძოდნენ, ამისთვის იბრძოდა ილია ჭავჭავაძე. რუსეთი რომ გამოსავალი არ არის, ეს ვნახეთ ყველამ ერთად 70 წლის განმავლობაში.
უვიზო რეჟიმის შეჩერებაც აჩვენებს, საით იცვლება ჩვენი ქვეყნის საგარეო ვექტორი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, როგორ აისახება ეს ყველა სფეროზე, პირველ რიგში, ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე: რამდენი კაცის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა ევროპულ სახელმწიფოებში? ეს ადამიანები ვიზის მიღების გრძელ რიგებში რომ დამდგარიყვნენ, რა მოხდებოდა? მამაჩემსაც დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია და წარმოიდგინეთ, რამხელა ფუფუნებაა: მამა ჩამოდის უვიზოდ და შენ შეგიძლია მისი სიცოცხლე გადაარჩინო.
„ოცნება“ ჩვენ ახლა გვაკარგვინებს ისტორიულ შანსს – გავხდეთ ევროპული სივრცის ნაწილი. გავხდეთ ის სახელმწიფო, სადაც ყველაფერი მოწყობილია ადამიანების კეთილდღეობაზე. ეს ეხება ჯანმრთელობას, სოციალურ პირობებს, საცხოვრისს, განათლებას.
ამ დრომდე მაინც არ ვიღებ ნიდერლანდების მოქალაქეობას. ჩემი მეუღლე ჰოლანდიელია, სამი შვილი გვყავს, მე ნიდერლანდების მუდმივი ბინადრობა მაქვს, არც კი დამიწყია მოქალაქეობის მიღების პროცედურა: ვერ წარმომიდგენია, რომ უცხოური პასპორტით შემოვიდე ჩემს ქვეყანაში.
ჩემი გონება მუდმივად საქართველოშია!
სამწუხაროდ, იქ, ამსტერდამში უფრო დაცულად ვგრძნობ თავს, ვიდრე ჩემს ქვეყანაში. ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა „ოცნებამ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მაია ადუაშვილი.
მაია ადუაშვილი ნიდერლანდებში ალცჰაიმერის და დემენციის მქონე ადამიანების სერვისის მონიტორინგის სამსახურშია. ამბობს, რომ ეს სფეროც კარგად აჩვენებს, რამდენად დაცულია ადამიანის უფლებები ევროპულ სახელმწიფოში:
„პირველ რიგში, ეს ადამიანები არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, სახელმწიფო მათ ყველანაირ კომფორტს უქმნის, რომ თავი სრულფასოვნად იგრძნონ.
ჩვენ მივდივართ ამ ადამიანებთან ოჯახებში და ვესაუბრებით. თუ არსებობს სტაციონარში გადაყვანის საჭიროება, იქ გადაჰყავთ. დემენციის სხვადასხვა ფორმა არსებობს: თუ ადამიანი, მაგალითად, ვეღარ ჩერდება სახლში, გადაგვყავს ძალიან კომფორტულ სივრცეში, სადაც მასთან სპეციალისტები მუშაობენ. ამ ადამიანებს აქვთ სამედიცინო მომსახურება, ერთობიან, სხვადასხვა ლექციას ესწრებიან, ზოგს ხელოვნება უყვარს, მხატვრობა, სეირნობენ ქუჩაში და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს მორგებულია ინდივიდუალური ადამიანის საჭიროებებზე.
საქართველოდან ბევრი ახალგაზრდა სწავლობს ევროპაში. სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი უკან აღარ ბრუნდება. ტვინების გადინება საქართველოს უმძიმესი პრობლემაა. „ქართული ოცნება“ ქმნის იმ ნიადაგს, რომ ეს ადამიანები უკან აღარ დაბრუნდნენ,“ – გვითხრა მაია ადუაშვილმა.
მაია ადუაშვილი ემიგრანტების მიერ დაარსებული მოძრაობის – „მზია“ აქტიური წევრია. იგი „მზიას სიაზეც“ მოგვიყვა, ამ სიის სათავეში ირაკლი დგებუაძე უნდა იყოსო – პოლიციელი, ლოყა რომ ეტკინაო.
„ამ სიის ფუნქცია ისიცაა, მომავალმა თაობებმაც გაიგონ, ვინ მოხვდა ამ სიაში, როგორც მოძალადე და მოღალატე.
მზია ამაღლობელის ბოლო სასამართლო სხდომის ამბებს რომ ვიგებდი, 7 საათს გრძელდებოდა სხდომა და ერთხელაც არ ჩამომჯდარა მზიაო. ვფიქრობდი, რომ ის არ დაჯდა საბრალდებო სკამზე, რადგან იცის, რომ მას ეს არ ეკუთვნის. მეც ასე ვთვლი: მზია დამნაშავე არ არის, პირიქით, მზია ჩემთვის სამაგალითო ადამიანია.
ვალდებული ვართ, სამაგალითოდ ვიბრძოლოთ,“ – მიიჩნევს მაია ადუაშვილი და გორის საკრებულოში მომხდარ ამბავსაც გვიყვება: 2025 წლის აგვისტოში „ნიუ იორკ ტაიმსმა“ გორის საკრებულოს თავმჯდომარესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა – ინტერვიუში დავით რაზმაძე რუს ოკუპანტებს მშვიდობისმყოფელებს უწოდებს.
„მივედი გორის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მისი იმპიჩმენტი მოითხოვეს. მეც გორიდან ვარ.
დავით რაზმაძეს, როგორც მოქალაქემ, პირდაპირ დავუსვი კითხვა: არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი? მან პასუხი ვერ გამცა.
დღეს რუსეთი გვმართავს, ანუ ჩვენ ქვეყანა არ გვეკუთვნის. ეს ამ ე.წ. ხელისუფლების დამსახურებაა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ქვეყნის საგარეო კურსი.
მე მესმის, რომ საზოგადოებას ხშირად აქვს ნიჰილიზმის განცდა, მაგრამ ესეც ნორმალურია – ეს პროცესია. ჩვენ ძალიან ვერაგი მტერი გვყავს, რასაც ჰქვია რუსეთი, მას უზარმაზარი გავლენები აქვს საქართველოში. პროპაგანდა არაერთი მიმართულებით მუშაობს და არ ვგულისხმობ მხოლოდ 4 სახელისუფლებო ტელევიზიას.
შესაძლოა, არ გვყავს ძლიერი ოპოზიცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლა შევწყვიტოთ. მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე დგანან თითქმის 300 დღეა – ეს ადამიანები არიან ჩემთვის გმირები, მათ დღემდე შეინარჩუნეს ბრძოლის უნარი და გამძლეობა. ჩვენ მათ უნდა მივბაძოთ, მათ გვერდით დავდგეთ.
რუსეთი ვერაგია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – თავდაჯერებულობა ეტყობა მაია ადუაშვილს.






