ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია პარკთან ახლოს მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის შენობას ყიდის

06.05.2024
ბათუმის მერია პარკთან ახლოს მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის შენობას ყიდის

ბათუმის მერია ცენტრალურ პარკთან, ნურიგელის ტბასთან ახლოს 2821 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობის გაყიდვას გეგმავს.

ეს ქონება საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაშია, რომელიც მერიამ საკრებულოს გასულ სხდომაზე, 30 აპრილს დააზუსტა. შენობის ფართობი 3267 კვ.მეტრია და აქ უკვე წლებია მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრი ფუნქციონირებს. შენობა საზღვაო აკადემიას უზურფრუქტით ჰქონდა გადაცემული.

სად გადავა ეს ცენტრი შენობის გაყიდვის შემთხვევაში, ჯერ არ არის ცნობილი.

საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის მიხედვით მერიას ქონების გაყიდვას 9 მილიონამდე ლარად, პირობებიანი აუქციონით გეგმავს. პირობებზე დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ არის, ერთადერთი მითითება ნუსხაში არის ის, რომ მყიდველმა საპრივატიზებო საფასური 12 თვეში სრულად უნდა დაფაროს.

9 მილიონ 823 500 ლარი ქონების საწყისი ფასია, ელექტრონულ აუქციონზე ეს ფასი შეიძლება გაიზარდოს. საწყისი ფასის მიხედვით თუ დავიანგარიშებთ მყიდველს, ერთ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთში 3127 ლარის გადახდა მოუწევს, თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ნაკვეთზე სამსართულიანი შენობაც დგას.

ზღვასთან ახლოს ბათუმის მერია კიდევ ერთი ნაკვეთის გაყიდვას გეგმავს. საპრივატიზებო ნუსხაშია 1126 კვ.მეტრი ფართობი ანდრია პირველწოდებულის მესამე ჩიხის №2-ის მიმდებარედ. ამ ნაკვეთის საწყისი ფასი 1 მილიონ 182 300 ლარია და მერია მის გასხვისებას პირობებიანი აუქციონით გეგმავს, მყიდველმა საფასური ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.

ზღვასთან ახლოს, ჩაქვში, მიწის ნაკვეთს აუქციონის წესით ყიდის ასევე ქონების ეროვნული სააგენტო. აუქციონი 15 მაისს უნდა დასრულდეს. გასაყიდი მიწის ნაკვეთი ზღვასთან ახლოს 1488 კვ.მეტრია. ქონების საწყისი ფასი 273 750 ლარია, ვაჭრობის ბიჯი – 2000 ლარი.

ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, ამ საპრივატიზებო ობიექტს კვეთს დაურეგისტრირებელი ელექტროგადამცემი ხაზი, 2.70 კვ.მეტრსა და 335 კვ.მეტრზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება.

გარდა ამისა, საპრივატიზებო ობიექტი მდებარეობს მდინარე ჩაქვის წყლის სიახლოვეს, ასევე გამანაწილებელ არხთან და ხელოვნურ ტბორთან, შესაბამისად, მყიდველის მიერ გასათვალისწინებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონი და „წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები და აკრძალვები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: