13 წლის თენგოს ორი წლის წინ თავში გამონაზარდი აღმოაჩნდა. „გვეგონა, ჩვეულებრივი ცხიმგროვა იყო, მაგრამ სიმსივნეა“, – გვიყვება თენგოს დედა, ნარგიზ ბიბინეიშვილი. ქალის თქმით, მოზარდს უცხოეთში ესაჭიროება მკურნალობა, რასაც სახელმწიფო აფინანსებს. თუმცა ასევე სჭირდება მგზავრობის და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები – დაახლოებით 3000 ლარი, რისთვისაც ნარგიზი დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს.
ნარგიზი მარტოხელა დედაა. ამბობს, რომ ახლა ხანდაზმულ დედასთან ერთად, რომელიც ასევე ონკოპაციენტია, ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცხოვრობს.
„ჩვენ პრობლემა დაგვეწყო 2022 წელს, თავზე გამონაზარდი ჰქონდა – სიმსივნური წამონაზარდი აღმოჩნდა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ არის უიშვიათესი დაავადება“, – გვიყვება დედა.
იაშვილის კლინიკის მიერ გაცემული ფორმა 100-ის თანახმად ბავშვის დიაგნოზია „მულიტიფოკალური და მულტისისტემური ლანჰერგანსისი უჯრედების ჰისტიოციტოზი“.
13 წლის მოზარდის დედის თქმით, თენგოს პირველი ოპერაცია თბილისში 2 წლის წინ გაუკეთეს: „ოპერაციის შემდეგ 14 ქიმიოთერაპია გაიკეთა, რაღაც პერიოდი სტაბილურად იყო, გამოწერეს სახლში და დავდიოდით კონსულტაციებზე – სამ თვეში ერთხელ მთლიან სხეულს ვაკონტროლებდით – პეტკატეს და ტომოგრაფიას ვუღებდით.
ახლა, 2 თვის უკან რომ გადავიღეთ პეტკატე, აღმოჩნდა, რომ არის რეციდივი. ძველი რაც ჰქონდა, ალაგებულია, მაგრამ აქვს ახალი გამონაზარდები, რომელიც არის მწვავე ფორმის. სჭირდება საზღვარგარეთ მკურნალობა.
ბავშვის წაყვანა გვინდა სტამბულში, სამინისტრომ მითხრა, რომ ისრაელში არ გაგვიშვებენ და სხვა ქვეყნებში კალკულაციის მოძებნა ძალიან გამიჭირდა. სამინისტრო დამეხმარა, რომ სტამბულიდან კალკულაცია მიმიღო.
ახლა დასვენების დღეები შეგვხვდა. ველოდებით სამინისტროსგან ზარს, რომ წავიდეთ. სამინისტრო აფინანსებს ერთ გზას და თავმდგურს, მაგრამ არის სხვა ხარჯები, მაგალითად მეორე გზა და ასე სხვა ყოფითი ხარჯები. არ გვეგონა, რომ ამ დღეში აღმოვჩნდებოდით და არ ვიყავით მომზადებულები.
ჩემი გადაანგარიშებით ხარჯები, სადღაც 3000 ლარზე გადის. სამინისტრო ამიღებს აქედან გამგზავრების ბილეთს, მაგრამ უკან წამოსასვლელი ბილეთი არ მექნება.
ჩვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია, მე ბავშვის გამო უკვე ორი წელია უმუშევარი ვარ, დედაც ონკოპაციენტია. ასაკოვანია თან ძალიან. ბავშვის შემწეობა გვაქვს 200 ლარი და დედაჩემის პენსია. არც საცხოვრებელი მაქვს ისეთი გამართული, რომ უცებ სოფელში მივიყვანო ბანკი და დავაიპოთეკო. მოვიკითხე და ჩემ ლოკაციაზე იპოთეკას არ მიკეთებენ“.
ნარგიზ ბიბინეიშვილის თქმით, მისი შვილი ამ ეტაპზე გადაადგილებას ახერხებს, თუმცა ძალიან სწრაფად იღლება. ეფექტურობის თვალსაზრისით კლინიკაში მოზარდის ოპერატიულად გადაყვანა ძალიან მნიშვნელოვანია.
______________________________
13 წლის თენგოს დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:
ლიბერთი ბანკი:
GE95LB0211121962646000 მიმღები ნარგიზ ბიბინეიშვილი, დედა
საქართველოს ბანკი
GE62BG0000000937242600 მიმღები ნარგიზ ბიბინეიშვილი, დედა






