მთავარი,სიახლეები

ადიგენში პარასკევის ლოცვებს მუსლიმები აღარ ჩაატარებენ

10.04.2024 • 3436
ადიგენში პარასკევის ლოცვებს მუსლიმები აღარ ჩაატარებენ

დღეს, 10 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის მუფთმა, მამუკა ვაშაყმაძემ განაცხადა, რომ ადიგენში შეაჩერეს პარასკევის ლოცვა.

„ჩვენ, ადიგენში აღნიშნული მიზეზების გამო, შევაჩერეთ პარასკევის ლოცვა, ბაირამის ლოცვა და დანარჩენი მიდის მოლაპარაკებების გზით“, – ამბობს მუფთი ვიდეო მიმართვაში, რომელიც თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა. იმის გასარკვევად, თუ რას გულისხმობდა მუფთი „აღნიშნულ მიზეზებში“ „ბათუმელებმა“ მამუკა ვაშაყმაძესთან სცადა დაკავშირება, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „ბათუმელები“ დაუკავშირდა მერაბ მიქელაძეს, აქამდე ვის სახლშიც ტარდებოდა პარასკევის ლოცვები ადიგენში. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირები, მრევლთან ერთად, სწორედ მის სახლთან იკრიბებოდნენ და შეურაცხმყოფელი ფორმებით სთხოვდნენ მუსლიმებს შეეწყვიტათ პარასკევის ლოცვა.

პარასკევის ლოცვების შეჩერებას „ბათუმელებთან“ მერაბ მიქელაძეც ადასტურებს.

„ჩვენ ერთად გავაკეთეთ ეს განცხადება. პარასკევის ლოცვები შევაჩერეთ. ალტერნატივაზე ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი და სტაბილურობაზე“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მერაბ მიქელაძე.

მას ვკითხეთ, თუ რა არის ლოცვების შეჩერების მიზეზი და რას დაჰპირდა ხელისუფლება მუსლიმებს?

„ჩვენ დაგვპირდნენ ალტერნატიული მეჩეთის გაკეთებას.

ეს ჩემი სახლია, ისედაც კერძო საკუთრებაა, აქ აღევლინება ყოველდღიური ხუთი ნამაზი, გაკეთდება ეზო, ყველაფერი და დანარჩენ მოვლენებს დაველოდებით იმის მიხედვით, რა მოხდება. პარასკევის ლოცვაზე ჰქონიათ გართულება და ეს გადავა სხვაგან, სოფელ იჯარეთში გაკეთდება, ოფიციალურად სამუფთო სამმართველო გააკეთებს მეჩეთს და იქ აღევლინება პარასკევის ლოცვები.

ხელისუფლება ითხოვდა დამეტოვებინა ეს ადგილი და ეს ყოვლად მიუღებელი იყო, რადგან ჩემი საკუთრებაა ეს და როგორ დავტოვებდი?

აქ რაც იყო და როგორც ფუნქციონირებდა აქამდე, ყველაფერი გაგრძელდება“, – ამბობს მერაბ მიქელაძე.

_____

ადიგენის ცენტრში, მოქალაქე მერაბ მიქელაძის კერძო საკუთრებაში ადგილობრივი მუსლიმები პარასკევის ლოცვას ატარებდნენ, რის გამოც, მათ რამდენიმე მართლმადიდებელი სასულიერო პირი და მრევლის წევრები მიუვარდნენ.

სასულიერო პირი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა მერაბ მიქელაძეს.

ადგილობრივი მუსლიმების განცხადებით, მსგავსი თავდასხმები პირველი არ ყოფილა და ისინი მოძალადეების დასჯას და მუსლიმებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას სთხოვდნენ ხელისუფლებას.

აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, მერაბ მიქელაძეს და სამცხე-ჯავახეთის მუფთ მამუკა ვაშაყმაძეს, ადიგენის მერი, გოჩა ქიმაძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ და მიქელაძეს პარასკევის მსახურების შეწყვეტა მოსთხოვეს.

მაშინ ითქვა, რომ მუსლიმებს ალტერნატიულ ადგილს გადასცემდნენ მეზობელ სოფელში ლოცვისთვის. მოლაპარაკებისთვის ხელისუფლებას მუსლიმებმა ერთი კვირა მისცეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: