სიახლეები

„ეს იგივეა, მოკლა ადამიანი. ხელისუფლება თავადაა ეჭვმიტანილი“ – ბესელია ფარული კადრებით ქალების შანტაჟზე

09.03.2024 •
„ეს იგივეა, მოკლა ადამიანი. ხელისუფლება თავადაა ეჭვმიტანილი“ – ბესელია ფარული კადრებით ქალების შანტაჟზე

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში გავლენიან და ცნობილ რამდენიმე ქალს პირადი ცხოვრების ფარული კადრები გაუვრცელეს, ზოგს კი ამით დაემუქრნენ. სწორედ მას შემდეგ ფარული კადრების გავრცელებით დაშანტაჟების შემთხვევებმა იმატა – ამ მეთოდით ემუქრებიან უკვე არამხოლოდ ცნობილი ქალებს, არამედ დიასახლისებს და მოზარდ გოგონებსაც კი.

კაცი პარტნიორ ქალს ინტიმური ფოტოების გავრცელებით ემუქრებოდა – ეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციაა იმაზე, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით კაცი დააკავეს.

„მე ვერ დავინახე სხვაობა: თუ წინა ხელისუფლების დროს ეს ფარული ბრძოლის საშუალება იყო, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ეს კიდევ უფრო გამძაფრდა და აგრესიულად გამოჩნდა,“ – საკუთარ ხედვას გვიზიარებს ეკა ბესელია, პარლამენტის ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“, რომელსაც ფარული კადრების გავრცელების პრობლემაზე ვესაუბრეთ და ვკითხეთ: ცნობილი ქალების ინტიმური კადრების გავრცელების შემთხვევები ხომ არ უკავშირდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის გაზრდილ მაჩვენებელს?

ეკა ბესელია ერთ-ერთი პოლიტიკოსი ქალია, ვისაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2019 წელს გაუვრცელეს და ეს მას შემდეგ მოხდა, როცა ის „ოცნებას“ და სასამართლოს გავლენიან ფიგურებს დაუპირისპირდა.

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ „ვიდრე ხელისუფლება თავად არის ეჭვმიტანილი“, მნიშვნელობას კარგავს კანონის ჩანაწერი და ვერც კონკრეტულ შედეგზე გავალთ, რადგან ეს ახალისებს ადამიანებს.

„ყველა ასეთი შემთხვევა ახალისებს ამ კატეგორიის დანაშაულს, რადგან ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებით შეუვალი უნდა იყოს მსგავს შემთხვევებში, არათუ არ სჯის დამნაშავეს, პირიქით, ეჭვმიტანილია,“ – კატეგორიულია ეკა ბესელია.

ეკა ბესელიას დაკვირვებით, განსაკუთრებით ქალი პოლიტიკოსების დასამორჩილებლად ყველაზე ხშირად ამ მეთოდს იყენებენ, რადგან ჯერ კიდევ არსებობს საყრდენი საზოგადოებაში „გენდერული სტერეოტიპების“ სახით.

„ეს არის დაახლოებით იგივე, რომ მოკლა ადამიანი, ამის ტოლფასია,“ – გვიყვება ეკა ბესელია. – „წარმოუდგენელი ძალისხმევა სჭირდება ადამიანს, რომ ამ მდგომარეობიდან დაუბრუნდე აქტიურ რეჟიმს.

ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა იმ დღეებში და პირად მიმოწერაში საკუთარ გამოცდილებას მიზიარებდა. ჩემთვის მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ეს სისტემური პრობლემა იყო.

რასაც ვაკვირდები პოლიტიკაში, ყველაზე ამაზრზენი მეთოდი, რასაც იყენებენ ქალის გასანეიტრალებლად, არის ქალის გენდერული ნიშნით დამორჩილების მცდელობა, რომ ის ქალია და საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული სტერეოტიპული შეხედულებები ქალის პირად ცხოვრებაზე. ჩემი მაგალითი ალბათ ყველაზე მკაფიო მაგალითია ამის, მაგრამ დუმილი გამოსავალი არ არის. ეს არის საშუალება, გაგანეიტრალონ.

როგორც კი ეს გავაცნობიერე შოკური მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, ვიპოვე ძალა, რომ მეთქვა: მე არანაირ ზეწოლას არ დავემორჩილები,“ – გვითხრა ეკა ბესელიამ.

ჯერ კიდევ პარლამენტის წევრი იყო ეკა ბესელია, როცა მისი ინიციატივით „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება შევიდა და „პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა“ მძიმე კატეგორიის დანაშაული გახდა.

კადრების გავრცელების შემდეგ ეკა ბესელია ამბობდა, რომ კადრები, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლების დროს გავრცელდა, წინა ხელისუფლების დროსაა ჩაწერილი და მაშინ იგივე კადრების გავრცელება ვერავინ გაბედა. ბესელიამ მაშინ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უმრავლესობის წევრებსაც აშანტაჟებენ და „შანტაჟის მოჯადოებული წრე უნდა გაირღვეს“.

ვინ აგო პასუხი ამ შემთხვევიდან 5 წლის თავზე?

„ვითხოვდი და დღემდე ვითხოვ, რომ გამოვლინდეს პირველწყარო: ვინ იყო დამგეგმავი, ორგანიზატორი. ეს არ გამოვლინდა – როგორც ჩანს, სასამართლოს კლანი მიდის სახელისუფლებო შტოებთან.

ამ მასშტაბის გავრცელებას და დანაშაულის ჩადენას კერძო პირები ვერ შეძლებენ ხელისუფლების გარეშე, ეს გამორიცხულია. თუ კერძო პირები ახერხებენ მსგავსი მასშტაბის დანაშაულის ჩადენას, გამოდის, რომ საერთოდ მოშლილია ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემა. მეორეა კონტექსტი: როცა მქონდა კონფლიქტი ჩემსავე პარტიასა და სასამართლოსთან, მაშინ ჩნდება ეს უკანონო ჩანაწერი.

მე ვიცოდი ამ ჩანაწერის შესახებ, რადგან წინა ხელისუფლების რამდენიმე პირი გაასამართლეს ამ ჩანაწერის განხორციელებისთვის და ეს ჩანაწერი იდო სასამართლოში, ხელმისაწვდომი იმ პირთათვის, ვისაც ძალაუფლება აქვთ.

დააპატიმრეს 19 ახალგაზრდა, რომლებსაც აღმოაჩნდათ ეს უკანონო ჩანაწერები. შემდეგ მე თვითონ დამჭირდა ჩარევა, რომ ეს ახალგაზრდები გაეთავისუფლებინათ და ვითხოვე, ყველასთან გაეფორმებინათ საპროცესო შეთანხმება – არ შეიძლება, ბავშვები ამის გამო ციხეში გაეშვათ. ორგანიზატორთაგან არავინ დაისაჯა.

ამ მეთოდს იყენებენ ამ დრომდე. ბევრი გააჩუმეს კიდეც, რადგან ვხედავთ ყველა, რომ პირველწყარო არ ისჯება, არ აჩვენებს სახელმწიფო, რომ ამ საკითხში შეუვალია,“ – ამბობს ეკა ბესელია „ბათუმელებთან“.

უფლებადამცველს ვუთხარით სასამართლოს დასაბუთების მთავარ არგუმენტზეც, როცა პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება პოლიტიკოსს და ცნობილ ადამიანებს არ ეხება: ძალადობის მსხვერპლი ქალები მსგავსი კატეგორიის დანაშაულზე ხშირად დუმილს ამჯობინებენ. მოსამართლეები კი წერენ, რომ მათ ხელში მტკიცებულება აღარ რჩებათ.

„სადაც არ გაჩუმდნენ და ხმა ამოიღეს, სადაც ძლიერი იყო მტკიცებულებები, იქ რა გააკეთეს? იქ რატომ მოხდა კომპრომისების დაშვება?“ – შეკითხვები აქვს ეკა ბესელიას მოსამართლეებთან.

პოლიტიკოსს საზოგადოების რეაქცია აფიქრებს, განსაკუთრებით, „სუსის ცნობილი ფაილების სკანდალის“ შემდეგ:

„ამას არ მოჰყვა მასობრივი გამოსვლები, რომ პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო… ეს იყო ცუდი სიმპტომი, თითქოს ყველა შეეჩვია, რომ ეს შეიძლება ნორმად იქცეს, რაც ძალიან სახიფათოა.

მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების და ეკონომიკური გაძლიერების გარდა, საჭიროა, ძლიერი საზოგადოება, რომელიც არ პატიობს, პასუხს სთხოვს ხელისუფლებას ასეთ ფაქტებზე. ეჭვიც კი საკმარისია ასეთ დროს, რომ ხელისუფლება თავად შეიძლება იყოს მონაწილე ადამიანების პირადი ცხოვრების თემებით მანიპულირებაში,“ – გვითხრა ეკა ბესელიამ.

___

სტატიის სრული ვერსია:

ქორწინებაში მყოფ 3 შვილის დედას კაცი აედევნა – რას ამბობს სასამართლო ქალების შანტაჟზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: