განათლება,მთავარი,სიახლეები

„დღეს ვარ სკოლაში“- მასწავლებლების ფლეშმობი „ოცნების“ კონტრაქციის წინააღმდეგ

29.04.2024 •
„დღეს ვარ სკოლაში“- მასწავლებლების ფლეშმობი „ოცნების“ კონტრაქციის წინააღმდეგ

„ამ დილით სკოლაში ვარ“ – წერს ფეისბუქში ირმა გორდელაძე, მასწავლებელი გურიიდან, რომელიც „ქართული ოცნების“ რუსულ კანონპროექტს აპროტესტებს და კოლეგებს მოუწოდებს, არ წავიდნენ „ოცნების“ მიერ დაანონსებულ კონტრაქციაზე.

„ოცნების“ კონტრაქციაზე საჯარო მოხელეები და სკოლის პედაგოგები დღეს, 29 აპრილს წაიყვანეს სპეციალურად დაქირავებული ავტობუსებით.

მასწავლებლების ნაწილმა უარი თქვა ანტიევროპულ მარშში მონაწილეობაზე და იმის ნიშნად, რომ ისინი დღეს გაკვეთილზე არიან და არა სახელისუფლებო აქციაზე, კლასში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს.

საქართველოს დროშის ფონზე აქვს ფოტო გადაღებული პედაგოგ მარიამ სიჭინავას. „დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება“ – ჰეშთეგით – „არა რუსულ კანონს“.

„გაკვეთილის თემა „ძალა ერთობაშია“ – ამ წარწერით აქვეყნებს კლასიდან ფოტოს პედაგოგი ეკა წულუკიძეც.

ირმა გორდელაძე და ეკა წულუკიძე

ქართულის მასწავლებელი სოფო გოგოხიაც უერთდება კოლეგების ფლეშმობს და წერს – „გაკვეთილის თემა „ჯაყოს ხიზნები“, არა რუსულ კანონს“.

პედაგოგი გულგუნ მამედლი ასევე წერს: „დღეს ვარ სკოლაში, ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას, თავისუფლება განათლებაშია“.

პედაგოგი მიკო მიქავაც საქართველოს და ევროკავშირის დროშების ფონზე წერს: „სხვანაირად ვის წარმოუდგენია, მაგრამ მაინც“.

„გუშინ აქციაზე, დღეს სკოლაში – სხვანაირად შეუძლებელია, რადგან ეს ის შემთხვევაა, მიმდევრობის და ქრონოლოგიის გადანაცვლებით შედეგი და ჩემი და ჩემი მოსწავლეების მომავალი იცვლება“- წერს პედაგოგი ნანა ზარდიაშვილი.

გულგუნ მამედლი და ქეთი ცირეკიძე- პედაგოგები რუსული კანონის წინააღმდეგ

„რა თქმა უნდა სკოლაში ვარ. გაკვეთილის თემაა ილია და ევროპა“- წერს კიდევ ერთი პედაგოგი ეთერ ხარებაშვილი.

„კი, ეს ფლეშმობიც იმის დემონსტრირებაა, რომ არ ვართ იქ [ხელისუფლების აქციაზე]. ჩვენი სკოლიდან ერთადერთი მასწავლებელი წავიდა სამთავრობო აქციაზე და ისიც იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ წევრია.

ჩვენმა სკოლამ ყველაზე დემოკრატიული სკოლის ჯილდოც დაიმსახურა USAID-ის სამოქალაქო განათლების კონკურსის ფარგლებში და მაინც სხვანაირი სიტუაცია გვაქვს სკოლაში, მაგრამ გუშინდელმა აქციამაც, ვფიქრობ, განაპირობა ის, რომ ადამიანებმა თავი შეიკავეს და არ გავიდნენ დღეს, სამთავრობო აქციაზე“-ამბობს „ბათუმელებთან“ სოფო გოგოხია, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი.

ფლეშმობს ის პედაგოგებიც შეუერთდნენ, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს და აპროტესტებს რუსულ კანონს.

ახალგაზრდა პედაგოგი ნიკა მჭედლიშვილი ამ ფოტოთი ჩაერთო ფლეშმობში.

„საკლასო ოთახიდან გაკვეთილის თემა: „საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე“.

თემა, რომელზეც 2019 წელს საბაკალავრო დავიცავი დღესაც აქტუალურია. ევროპა, ევროკავშირი და ევროპული განვითარება ჩვენი და ჩვენი მოსწავლეების მომავალია“- წერს პედაგოგი ნიკა მჭედლიშვილი.

ფლეშმობს შეუერთდა ლადო აფხაზავაც, ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: