უკვე მეორე წელია ბათუმში, ახალი წლის დღეებში, თურქეთის მოქალაქეების რაოდენობა შესამჩნევად იზრდება. მეზობელი ქვეყნის ათასობით მოქალაქე საქართველოში საგანგებოდ ჩამოდის ახალი წლის შესახვედრად.
ამ ფაქტმა თურქული მედიის ყურადღებაც მიიქცია. თურქული გამოცემა „ჰაბერი“ წერს, რომ სარფის სასაზღვრო პუნქტი გადაჭედილი იყო ახალი წლის საქართველოში გატარების მსურველებით.
„ჰაბერის“ ცნობით, სარფის საზღვრის გავლით თურქეთიდან საქართველოში, ახალი წლის წინ, 29, 30 და 31 დეკემბერს, 67 350 ქვეითი და 6 980 ავტომანქანა შემოვიდა, პირველ იანვარს კი საქართველოდან თურქეთში დაბრუნების მსურველების უზარმაზარი რიგი იყო.
„ჰაბერი“ ესაუბრა თურქეთის რამდენიმე მოქალაქეს, რომელთაც თქვეს, რომ მსგავსი რიგი სარფის საბაჟოზე არ ახსოვთ.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სარფის საბაჟოზე რიგები შენობის გარე პერიმეტრიდან იწყებოდა.
ბათუმში ახალი წლის შესახვედრად ძირითადად საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეები ჩამოდიან, ბათუმში 1-2 დღით რჩებიან და უკან ბრუნდებიან.
___________
ფოტოზე: რიგი სარფის საბაჟოსთან. კადრი „ტიკტოკზე“ გამოქვეყნებული ვიდეოდან.
ამავე თემაზე:
სმარტფონების ტურიზმის გამო სარფის საზღვრის კვეთა 293%-ით გაიზარდა – თურქული მედია