მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ ამოვიცნოთ გულის შეტევა განსხვავებული ნიშნებით

26.12.2023 •
როგორ ამოვიცნოთ გულის შეტევა განსხვავებული ნიშნებით

სტატისტიკა მოწმობს, რომ საახალწლო პერიოდი დაკავშირებულია როგორც გულის არითმიის, ასევე ინფარქტისა და ინსულტის შემთხვევების მატებასთან. მიიჩნევა, რომ გულთან დაკავშირებული პრობლემების ამ პერიოდში ზრდა რამდენიმე ფაქტორის შედეგია. „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ კარდიოლოგი ელიტა ეგზუბაია ამბობს, რომ ამ მიზეზებს შორის წამყვანია ალკოჰოლის მოხმარების გაზრდა, სტრესი/ემოციური ფონი და დიეტასთან დაკავშირებული ისეთი ცვლილებები, როგორიცაა ჩვეულებრივზე მეტი მარილის მიღება.

აი, რას წერია კვლევებში იმის შესახებ, თუ რატომ არის საახალწლო დღესასწაული განსაკუთრებით სტრესული გულისთვის და რისი გაკეთება შეუძლიათ ადამიანებს გულის შეტევის, ინსულტისა და არითმიის რისკის შესამცირებლად.

ამერიკის გულის ასოციაცია, სანდიეგოს პაციენტთა უსაფრთხოების ცენტრისა (D.P.P.) და ტაფტსის ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტის კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ დეკემბრის ბოლო კვირას უფრო მეტი ადამიანი იღუპება გულის შეტევით, ვიდრე წლის ნებისმიერ სხვა დროს. 

  • ალკოჰოლი

სადღესასწაულო გულის სინდრომი“ გულისხმობს გულის არარეგულარული რითმის ზრდას, რომელიც ცნობილია, როგორც წინაგულების ფიბრილაცია, რაც დაკავშირებულია ალკოჰოლის მოხმარების უეცარ ზრდასთან.

კარდიოლოგი ელიტა ეზუგბაია განმარტავს ალკოჰოლის მავნე ზეგავლენის მექანიზმს და ამბობს, რომ სისხლის ალკოჰოლით გაჯერებისას იზრდება გულზე დატვირთვა, რის გამოც გული იწყებს გაძლიერებულ მუშაობას:

„ამ დროს ირღვევა სისხლის ნორმალური მიმოქცევა, იზრდება არტერიული წნევა, რასაც, რა თქმა უნდა, შესაძლოა მოჰყვეს გართულებები.

იზრდება არითმიის წარმოქმნის რისკი, რაც განპირობებულია უშუალოდ სასმელში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებების ზეგავლენით, რომელიც მოქმედებს იმუნურ ცვლაზე, განსაკუთრებით ელექტროლიტებზე (როგორიცაა ნატრიუმი და კალიუმი). ამ ელექტროლიტური დისბალანსის ფონზე, შესაძლებელია, ახალგაზრდა ადამიანსაც კი (ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის გარეშე, მხოლოდ მისი შემადგენლობიდან გამომდინარე) განუვითარდეს გარკვეული სახის არითმია, მათ შორის წინაგულთა ფიბრილაცია, ანუ მოციმციმე არითმია“, – ამბობს ის.

„ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, ვისაც დიაგნოსტირებული აქვს გულის იშემიური დაავადება, ასოცირდება უეცარ კარდიალურ სიკვდილთან. ამის მიზეზი ხდება პარკუჭთა ფიბრილაცია, განვითარებული მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი“ – ელიტა ეზუგბაია. 

  • საგანგაშო ნიშნების ამოცნობა

დღესასწაულის პერიოდში ადამიანებს განსაკუთრებით არ სურთ ექიმთან მისვლა, თუმცა კარდიოლოგი ამბობს, რომ ასეთ დროს მკურნალობის დაგვიანებას შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს, მათ შორის უნარშეზღუდულობა და სიკვდილიც კი. 

ამისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მიოკარდიუმის ინფარქტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ტკივილი გულმკერდის არეში, ირადიაციით [ტკივილის გავრცელება] ორივე ზედა კიდურში, ქვედა ყბაში, რომელიც შეიძლება დაიწყოს უცებ, ან შესაძლებელია გარკვეული პერიოდი პატარ-პატარა სიმპტომებით იჩენდეს თავს. 

„მოსახლეობისთვის კარგად არის ცნობილი ინფარქტის ტიპური სიმპტომატიკა, რისი შიშიც ყოველთვის აქვთ და ხვდებიან, რომ ამ დროს ადამიანის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია შეგვეძლოს მისი ატიპიური ფორმის ამოცნობა, ხაზი მინდა გავუსვა მის აბდომინალურ ფორმას, ანუ რომელიც ხასიათდება ტკივილით მუცლის ზედა ნაწილში. 

ამას თან ახლავს შებერილობა, გულისრევა, ღებინების შეგრძნება, სლოკინი, დიარეა, რომელიც განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდში ჰგავს ინტოქსიკაციას და თვითნებური მკურნალობის მიზნით იწყება ბინაზე გარკვეული მანიპულაციების ჩატარება. ეს, ხშირ შემთხვევაში, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის მიზეზი ხდება და პაციენტი უკვე გართულებულ მდგომარეობაში ხვდება კლინიკაში“, – ამბობს ექიმი.

ასევე, საკმაოდ საყურადღებო სიმპტომებია არტერიული ჰიპერტენზია და მის ფონზე მიმდინარე ჰაერის უკმარისობა, მოხრჩობის შეგრძნება, განსაკუთრებით ასაკოვან და დიაბეტიან პაციენტებში, რადგან მათთან გულის კუნთის მგრძნობელობა ტკივილთან მიმართებაში ნაკლებია და უფრო წამყვანია ეს სიმპტომატიკა.

  • როგორია გულისთვის ჯანსაღი დღესასწაული

იმისთვის, რომ შევამციროთ ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებული გულის პრობლემების განვითარების რისკები, მთავარი რეკომენდაციაა შეინარჩუნოთ ჯანსაღი ჩვევები კვებასა და ფიზიკურ აქტივობასთან მიმართებაში – ჯანსაღი კვება; მავნე ჩვევების გამორიცხვა; არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლი; რეგულარული ფიზიკური აქტივობა; და ბოლოს, დარწმუნდით, რომ საკმარისად გძინავთ.

„თითოეულმა პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს მისი მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად გაცემული რეკომენდაცია, მათ შორის სადღესასწაულო დღეებშიც“, – ამბობს ელიტა ეზუგბაია.

ექიმი ამბობს, რომ თუ ადამიანს გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ რაიმე ჩივილი აწუხებს და აღენიშნება ზემოთჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რათა ჩატარდეს პრევენციული კლინიკური კვლევები და დაიგეგმოს დროული და ადეკვატური მკურნალობა.

„როგორც კი პატარა ეჭვი გაჩნდება, რომ ამის უკან შესაძლოა იდგეს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, აუცილებელია ასეთ პაციენტის ძალიან სწრაფი ჰოსპიტალიზაცია, რათა დროულად და სწორად დაისვას დიფერენცირებული დიაგნოზი და დაიწყოს მკურნალობა“, – ამბობს ექიმი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: