მთავარი,სიახლეები

ქმარმა სცემა ცოლს, რომელიც დაბადების დღეზე „უნებართვოდ“ წავიდა – პროკურატურის ვერსია

23.11.2023 • 2289
ქმარმა სცემა ცოლს, რომელიც დაბადების დღეზე „უნებართვოდ“ წავიდა – პროკურატურის ვერსია

„დაბადების დღეზე ქმრის ნებართვის გარეშე წასვლის გამო ნ. კ-მ, ხელების, თავისა და სახის არეში დარტყმების გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – ლ. ძ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – ვკითხულობთ ოჯახში ძალადობის ერთ-ერთ საქმეში, სადაც ბრალდებული კაცი გამართლდა და საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

პროკურატურის ვერსიით, ნ.კ.-მ 2023 წლის იანვარში, საკუთარ სახლში ცოლს იმიტომ სცემა, რომ ის ქმრის ნებართვის გარეშე დაბადების დღეზე წავიდა.

„გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, დაბადების დღეზე ქმრის ნებართვის გარეშე წასვლის გამო ნ. კ-მ, ხელების, თავისა და სახის არეში დარტყმების გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – ლ. ძ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2023 წლის 20 იანვრის, დაახლოებით 12:00 საათზე… დაბადების დღეზე ქმრის ნებართვის გარეშე წასვლის გამო, სიტყვით „მოგკლავ“, ნ. კ-ძე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ლ. ძ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში,“ – ეწერა დადგენილებაში ბრალის წარდგენის შესახებ.

პროკურატურამ ნ.კ.-ს ბრალი წარუდგინა ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის მუხლებით. ორივე მუხლში ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია. განაჩენის გამოტანამდე ბრალდებული გირაოთი იყო გათავისუფლებული.

„გამართლებულ ნ. კ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება,“ – ვკითხულობთ საქმის მასალებში. უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეზე განჩინება 2023 წლის 9 ნოემბერს მიიღო.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი უცვლელი დატოვა. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა კი, საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და ნ. კ-ის დამნაშავედ ცნობა.

მრავალი სხვა საქმის მსგავსად, უზენაესი სასამართლო ამ შემთხვევაშიც მიუთითებს იმაზე, რომ დაზარალებულად ცნობილმა ქალმა სასამართლოში დუმილი არჩია. საქმეში მოწმეები დარჩნენ, რომლებიც თვითმხილველები არ იყვნენ.

მაგალითად, მოწმე თ. ნ-ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2023 წლის 17 იანვარს მეგობარ ლ. ძ-ან ერთად წავიდა თ-ში მისი მ-ის დაბადების დღეზე. აღნიშნულის შესახებ არაფერი იცოდა მეუღლემ – მ. ზ-მა. 2023 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 11:00 საათზე, მან თვითონ უთხრა მეუღლეს ამ ფაქტის შესახებ, რაზეც იგი გაუბრაზდა, მაგრამ აპატია, ასევე სთხოვა, რომ სხვა დროს აღარ გაემეორებინა. შემდეგ მას დაურეკა ლ. ძ-მ და უთხრა, რომ ქმარმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გამოაგდო სახლიდან, იგი მიდიოდა სახლიდან და მოწმეს გაყოლა შესთავაზა; ამ დროს მისი ქმარი სახლში იყო და ვერ მოახერხა სახლიდან გასვლა.

დაახლოებით 16:00 საათზე, მეუღლე გავიდა სახლიდან, რის შემდეგაც მან აიღო ხელჩანთა და წავიდა. ლ-ს შეხვდა თბილისში,  დაალომბარდეს ოქრო და საქართველოდან წასვლა გადაწყვიტეს. 2023 წლის 27 იანვარს ლ-ან ერთად მივიდა ქ-ის აეროპორტში და აპირებდნენ პ-ში გამგზავრებას, სადაც პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და უთხრეს, რომ მ-ის პოლიციის მიერ იძებნებოდა და უნდა გამოეკითხათ. შეკითხვაზე მოწმემ უპასუხა, რომ, როგორც მისთვის ცნობილია, ლ. ძ-ს ქმარი – ნ. კ-ე აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და ზუსტად ამის გამო წამოვიდა სახლიდან.

„საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულებით არასაკმარისია ნ. კ-ს მიმართ წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად. არცერთი მოწმის ჩვენება და წერილობითი მტკიცებულება სრულყოფილად და უტყუარად არ ადასტურებს ნ. კ-ის მიერ მეუღლის მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტს,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესი,“ – ამ დასაბუთებით საკასაციო საჩივარი უზენაესმა სასამართლომ განუხილველი დატოვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: