მთავარი,სიახლეები

„ჩვენ მოტყუებას ცდილობენ, მაგრამ ტყუილად“ – ბათუმელი სტუდენტი რუსულ კანონზე

06.04.2024 • 3853
„ჩვენ მოტყუებას ცდილობენ, მაგრამ ტყუილად“ – ბათუმელი სტუდენტი რუსულ კანონზე

21 წლის ლინდა ცინცაძე სტუდენტია. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე ფარმაციას სწავლობს. ლინდა 2023 წელს ბსუ-ს სხვა სტუდენტებთან ერთად საქართველოში რუსული კანონის მიღების პირველ მცდელობას აპროტესტებდა.

„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. რუსული კანონი ხელახლა შეიტანა პარლამენტში განსახილველად. ლინდა ისევ აპირებს ამ კანონის გაპროტესტებას. იგი ფიქრობს, რომ ბსუ-ს სტუდენტები ისევ მოაწყობენ აქციას და რუსული კანონის წინააღმდეგ ახლა უფრო ბევრი ადამიანი გაერთიანდება და დადგება აქციებზე პროტესტის გამოსახატად.

  • ლინდა, როგორი რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ ქართულმა ოცნებამ ისევ შემოაბრუნა რუსული კანონი?

სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის ეს არ ყოფილა სიახლე და ამის გარკვეული მოლოდინიც მქონდა, რადგან მმართველმა გუნდმა ნახა, როგორი ერთიანობა შეგვიძლია. ფეხბურთში ჩვენი გამარჯვება მახსენდება. რაღაც პერიოდი გვაცადეს ჩვენი ქარიშხალი მინელებულიყო და თან დაამთხვიეს ყველაზე მეტად ემოციურ მომენტებს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. ალბათ იფიქრეს, „გაჩვენებთ როგორია ძალა და ძალის მმართველობაო“.

ამ კანონის ჩაგდება მათი დროებითი რეაქცია იყო. თითქოს დაივიწყეს, თუმცა მათი რეალური სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინეს ახლანდელი გადაწყვეტილებებით. ჩვენ მოტყუებას ცდილობენ, მაგრამ ტყუილად.

ამ კანონის შემობრუნება ჩემთვის ნამდვილად არ იყო მოულოდნელი.

  • რა უნდა გააკეთოს ხალხმა, ვინც ერთი წლის წინ ამ კანონის გამო ძალიან გაბრაზებული იყო? თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესში საკუთარ თავს, აპირებთ თქვენ და თქვენი მეგობრები გააპროტესტოთ, შეუერთდეთ აქციებს?

უფრო მეტი ახალგაზრდა უნდა გავერთიანდეთ და როგორი რეაქციაც იყო, იმაზე მეტად ხმაურიანი აქციები მოვაწყოთ. მძლავრი პროტესტი უნდა გვქონდეს. არ უნდა გავჩერდეთ იმ ფონზე, რომ აქციები უკვე გვქონდა და მთავრობა იმავეს აკეთებს. გასულ აქციებს ჰქონდა შედეგი. ახლაც ექნება. კიდევ უფრო მეტად უნდა გავძლიერდეთ.

ყველას ჩართულობაა საჭირო ამ საქმეში, რადგან, როგორც ჩანს, არ იყო საკმარისი ეს მიდგომები მათთვის და უნდა ვაჩვენოთ, რომ უფრო მეტი შეგვიძლია და მათ ამ ტყუილებს არ შევარჩენთ.

ყველა უნდა ჩავერთოთ ამ პროცესში, ასაკის და საერთოდ ყველაფრის მიუხედავად, რადგან ჩვენი მომავალი წყდება. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში, „ქართული ოცნების“ ეს ქმედებები კი გვიკლავს მომავალს ამ ქვეყანაში, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ. აუცილებლად უნდა შევეწინააღმდეგოთ ამ უმსგავსობას. არ უნდა მივცეთ თავს იმის უფლება, რომ ამ ყველაფერს შევეშვათ, ბრძოლა დავასრულოთ, პირიქით.

  • როგორია თქვენი ხედვა, ვის ეხება ეს კანონი და თქვენ, როგორც ახალგაზრდას, რა საფრთხეებს შეგიქმნიდათ ამ კანონის მიღება?

სიგიჟეა, როცა დასავლეთისგან ასეთი მხარდაჭერაა და რაღაც ძალებით ცდილობენ ამ მხარდაჭერის გაუქმებას. ჩვენ ფაქტობრივად ისევ ავტორიტარული რეჟიმის ზღვარზე ვდგავართ. ყველა ვარიანტში ვართ დამოკიდებული დასავლეთზე და დასავლეთის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებზე, რომლებიც მოქალაქეების გვერდით დგანან.

ძალიან დიდ საფრთხეებს შეიცავს ე.წ. რუსული კანონი, რაც არ ეხება მხოლოდ კრიტიკულ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ გარკვეულ ორგანიზაციებს.

ამ ფორმით მმართველი გუნდი საზოგადოების გაკონტროლებას შეძლებს. ქვეყანაში მოკვდება თავისუფალი სიტყვა.

  • ვიცით, რომ მსგავსმა კანონმა რუსეთში გააქრო სიტყვის თავისუფლება, დემოკრატიული ინსტიტუტები თუ სხვა. ამ კანონის მიღება გააქრობს თუ არა კრიტიკულ მედიას და არასამთავრობოებს ჩვენთან და როგორი ქვეყანა დაგვრჩება კრიტიკული მედიის გარეშე?

თანდათან მივალთ იქამდე, რომ საქართველო ისევ ძველ რეჟიმს დაუბრუნდება და მთლიანად დაექვემდებარება რუსეთის მმართველობას პირდაპირ თუ ირიბად. ზუსტად იგივე განმეორდება, რაც იყო რუსეთში, იმიტომ, რომ ჩვენ ვწყვეტთ ამ კანონის მიღებით კავშირს დასავლეთთან და უარს ვეუბნებით, მაშინ როცა გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა მათკენ.

მმართველი გუნდის ყველა ქმედება რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

ჩვენ მთავრობას გამოხატულად პრორუსული დამოკიდებულები აქვს. თუნდაც პარლამენტის სხდომაზე რომ მოუწოდებდნენ, არ ახსენოთ რუსული კანონი და თუ ახსენებთ მიკროფონებს გაგითიშავთო, ეს როგორი აგრესიული, არადემოკრატიული დამოკიდებულებაა?!

სხვა უამრავი ამისთანა და ამაზე უარესი რამ ისმის პარლამენტში, რაც საშინელებაა და წარმოუდგენელი დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებისთვის.

  • ფიქრობთ, რომ ამ კანონის შემობრუნება ხელისუფლებისგან ევროინტეგრაციის გამიზნულად შეფერხების მცდელობაა?

რა თქმა უნდა, ეს არის ევროატლანტიკური კურსის გამიზნულად ჩაგდება. მაშინ, როცა მოგვიწოდებენ დასავლეთიდან, რომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი და ჩვენ საპირისპიროდ ვიქცევით, პირდაპირ ვეუბნებით უარს დასავლეთს და ვიხურავთ კარს.

  • გასულ წელს საკმაოდ დიდი აქცია ჰქონდათ ბსუ-ს სტუდენტებს რუსული კანონის წინააღმდეგ. როგორია თქვენი მოლოდინი, ახლაც იქნება ასეთი აქციები თქვენგან, სტუდენტებისგან?

ვინც არ მონაწილეობდა მაშინ, უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია მაქსიმალურად სწორად და უფრო მეტ ახალგაზრდას გავაგებინოთ, თუ რა საფრთხის წინაშე ვდგავართ. აუცილებლად დავაორგანიზებთ მასშტაბურს აქციებს.

  • რას ეტყოდი ამ კანონის ინიცირების ავტორებს?

ჩვენთან თამაში არ ღირს. ვერაფერს გამოგვაპარებენ. სულ იქ არ იქნებიან, სადაც ახლა არიან და აჯობებს მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ.

სამარცხვინო და საწყენია, თუ როგორი მმართველობა გვყავს დღეს და საითკენ მიგვაქანებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: