დღეს, 16 აგვისტოს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს დასახლება ურაჟაინოე დონეცკის ოლქში.
ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა:
„ურაჟაინოე გათავისუფლდა, ჩვენი დამცველები ხაზებზე მაგრდებიან. შეტევა გრძელდება.“
ასევე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერმა ანდრეი კოვალიოვმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით.
რატომ არის ურაჟაინოეს გათავისუფლება მნიშვნელოვანი უკრაინისთვის, ამის შესახებ „ბათუმელებთან“ გადამდგარმა გენერალმა, ვახტანგ კაპანაძემ ისაუბრა.
„ურაჟაინოე და კიდევ რამდენიმე დასახლება მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რათა შეძლონ მთავარი ძალისხმევის მიმართვა ტოკმაკის მიმართულებაზე. ეს არის რუსეთის მიერ მომზადებული თავდაცვითი რაიონი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული რაიონია – ფაქტობრივად, ტოკმაკი არის ცენტრალური პოზიცია იმ თავდაცვის სისტემაში, რომელიც რუსებმა მოამზადეს ზაპოროჟიეს ოლქში.“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.
ამავე თემაზე:
გადაწყვიტეს, მეორე ბახმუტად უქციონ რუსეთს კუპიანსკი – ინტერვიუ






