მთავარი,სიახლეები

ამბავი ბახმუტში დაღუპულ 29 წლის მებრძოლზე – „დათო კონსპექტებსაც ძველი ქართულით წერდა“

05.07.2023 • 9521
ამბავი ბახმუტში დაღუპულ 29 წლის მებრძოლზე – „დათო კონსპექტებსაც ძველი ქართულით წერდა“

„მაშინვე მითიშავდა ტელეფონს, როგორც კი ვკითხავდი: როდის ბრუნდები ომიდან?“ – ნანა მადოსიანი იმ დღეებს იხსენებს, როცა უკრაინაში, ომში წასულ შვილთან, დავით ქუჩუკიანთან დალაპარაკება ჯერ კიდევ შეეძლო. 29 წლის ქართველი მებრძოლი 2023 წლის 4 აპრილს უკრაინაში, ბახმუტში დაიღუპა.

„ჩემს შვილს ასე სჯეროდა: თუ უკრაინა ომს მოიგებს, საქართველოც გამთლიანდება და გაიმარჯვებსო. მე მჯერა, რომ უკრაინა მოიგებს ომს,“ – სიმტკიცე ეტყობა ნანა მადოსიანს. ის შიდა ქართლში, სოფელ ბებნისში ცხოვრობს.

უკრაინაში დაღუპული მებრძოლის დედას „ბათუმელები“ ტელეფონით ესაუბრა.

დავით ქუჩუკიანი უკრაინაში 2022 წლის 28 თებერვალს წასულა, ომის დაწყებამდე კი იგი პოლონეთში მუშაობდა ხელოსნად. ჰქონდა 8-წლიანი სამხედრო გამოცდილება და კიდევ – დავით ქუჩუკიანი ავღანეთში ნატოს საერთაშორისო მისიის მონაწილე იყო ორჯერ.

„ვიდრე უკრაინაში ომი დაიწყებოდა, დათო 9 თვე ხელოსნად მუშაობდა პოლონეთში,“ – გვიყვება ნანა მადოსიანი, – „არც ის გვითხრა, რომ ომში აპირებდა წასვლა. მანამდე მითხრა, ჩემს მედლებს სურათი გადაუღე და გამომიგზავნეო. რად გინდა-მეთქი და პოლონეთში რაღაც ჯგუფები იქმნება და უნდა მოვამზადო ხალხიო.

თურმე უკვე უკრაინაში ყოფილა. მერე დაგვირეკა ვიდეოზარით.

ყოველთვის ახერხებდა შემართებით ყოფილიყო. თანამებრძოლებიც ამბობენ, ისეთ სიტუაციაში გაიხუმრებდა და გაგვაცინებდა ყველას, წარმოუდგენელი იყოო.

ყოველ დარეკვაზე ისეთ პოზიტიურ ხასიათზე იყო, მავიწყდებოდა ხანდახან, ომში რომ მყავდა შვილი,“ – ამბობს ნანა მადოსიანი.

დავით ქუჩუკიანი – ქართველი მებრძოლი, რომელიც უკრაინაში 2023 წელს დაიღუპა

ქართველი მებრძოლის ოჯახმა ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში გაიგო, რომ უკრაინაში, გოსტომელის აეროდრომის აფეთქების შემდეგ ქართველებიც მოიწამლნენ.

„თურმე კიევის საავადმყოფოში ჰყოლიათ გადაყვანილი, არ ინერვიულოთ კარგად ვარო, გვითხრა. ისეთი შემართება ჰქონდა, თვითონ უნდა აეღო ყველაფერი.

სოციალურ ქსელში რაღაც ვიდეოებს ვნახულობდი უკრაინაში გადაღებულს და ერთხელ დათო ხმით ვიცანი – თვითონ არ ჩანდა. რომ დარეკა, ვუთხარი და კი, მე ვიყავი, შენ საიდან ნახეო.

თურმე სამჯერ დაჭრილა კიდეც. ეს მერე მითხრეს ბიჭებმა, დათო რომ უკვე აღარ იყო,“ – თხრობის გაგრძელება უჭირს ნანა მადოსიანს.

დავით ქუჩუკიანი ბახმუტში დაიღუპა. მებრძოლის დედა დათოს თანამებრძოლების მონაყოლს გვიზიარებს და ჯერ იმას აღნიშნავს, რომ ვიდრე ჭურვი მოხვდებოდა, დათომ სამი თანამებრძოლის სამშვიდობოს გამოყვანა შეძლო.

„…დრონიდან ისროდნენ ჭურვებსო, ესენი სანგრებში იყვნენ. დათოს მარჯვენა მხარი სულ დაუფლეთია. სულ სამი საათი უცოცხლია კიდევ.

მერე ვეკითხებოდი ბიჭებს, რას ამბობდა ბოლოს, არ გვახსენა-მეთქი? – არა, სხვებს ამხნევებდა, ყველაფერი კარგად იქნება, აი, ნახავთ, ყველა გადავრჩებითო.

სამი დღის შემდეგ დათო ჩამოგვიყვანეს საქართველოში.

დათოს 8 წლის გოგო ჰყავს – ნინი,“ – გვიყვება ნანა მადოსიანი.

დავით ქუჩუკიანი – ქართველი მებრძოლი, რომელიც უკრაინაში 2023 წელს დაიღუპა

ქართველი მებრძოლის დედა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათ ხელისუფლებიდან არავინ დაჰკავშირებია. საქართველოსთვის მებრძოლ და საერთაშორისო მისიაში ორგზის მონაწილე კაცს ოჯახის შესანახად პოლონეთში დასჭირდა წასვლა, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპვის შემდეგ კი, სახელმწიფო მხოლოდ 100 ლარს უხდის მებრძოლის დაობლებულ შვილს.

„სოფელში ვცხოვრობდთ, ბაღი გვაქვს, ესაა ჩვენი შემოსავალი. ჩემი მეუღლე მუშაობს ასევე ხელოსნად… რამდენიმე წლის სოციალური დახმარებაც ვითხოვეთ, მაგრამ არ მოგვცეს.

ხელისუფლება ამბობს, რომ მშვიდობას უფრთხილდება. მშვიდობა ალბათ ყველაზე კარგია, მაგრამ ვინ გაცდის?

მშვიდობა გვაქვს ახლა ჩვენ ქვეყანაში? ახლა რაც ჩვენს გარშემო ხდება, ამას მშვიდობა ჰქვია?

ჩემი შვილი სულ იმეორებდა და უკვირდა უკრაინელების შემართების, ერთსულოვნების.

ჩვენ ეროვნებით სომხები ვართ, მაგრამ ჩემი შვილები ქართულად გავზარდე. დათოს განსაკუთრებით ძველი ქართულით წერა უყვარდა. აი, სამხედრო სწავლების დროს კონსპექტებსაც ძველი ქართულით ამზადებდა. ეს უფრო მელამაზება და მეხალისებაო.

დავით ქუჩუკიანის ჩანაწერი მოგვაწოდა მებრძოლის დედამ, ნანა მადოსიანმა.

დათოს უმაღლესში არ უსწავლია, სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში წავიდა და მერე საკონტრაქტო გააფორმა… შემდეგ ქართული ჯარიც არ მოსწონდა, ხელოსნობა დაიწყო. მერე პოლონეთში წავიდა. აქ სად დასაქმდებოდა სხვაგან, აბა?!

აგვისტოს ომის დროს დათო 15 წლის იყო… მაშინ სულ კითხულობდა – რატომ იჭრებიან რუსები ჩვენთან, რატომ არ გვანებებენ თავსო? დათოს ჩემი ბიძაშვილისთვის უთქვამს, ავტომატები ვიშოვოთ და ჩვენც წავიდეთ ომშიო.

ეს ჩანაწერიც ნახეთ, დათოს ლექსია – ავღანეთში ყოფნის დროს დაუწერია:

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით ქუჩუკიანის ლექსი. ჩანაწერი მოგვაწოდა მებრძოლის დედამ, ნანა მადოსიანმა.

ხშირად იმეორებდა დათო, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მარტო არ უნდა დავრჩეთ ბრძოლაში, უკრაინა ჩვენ გვეხმარებოდა, ახლა ჩვენ უნდა დავეხმაროთ და ერთად დავამარცხოთ საერთო მტერიო.

ხელისუფლებასაც ამას ვეტყოდი: ხალხი ბრმა არ არის, ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს.

ახლა როგორც ჩემს შვილს, ისე ვკითხულობ ქართველ მებრძოლებს უკრაინაში – არც ისინი აპირებენ დაბრუნებას,“ – ასე ასრულებს ჩვენთან საუბარს მებრძოლის დედა, ნანა მადოსიანი.

დავით ქუჩუკიანი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: