მთავარი,სიახლეები

პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ბახმუტში ეპატიჟება

12.05.2023 • 958
პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ბახმუტში ეპატიჟება

დღეს, 12 მაისს, „ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურის არხზე ტელეგრამში, ოფიციალური წერილი გამოჩნდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუსადმი მიმართვით.

„მძიმე ოპერატიული მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე საბრძოლო მოქმედებებში თქვენი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, გთხოვთ, მობრძანდეთ ბახმუტის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის გასამხედროებული ქვედანაყოფების კონტროლქვეშ იმყოფება და დამოუკიდებლად შეაფასოთ არსებული ვითარება“ – წერია წერილში.

პრიგოჟინი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ამჟამად „ვაგნერი“ აკონტროლებს ბახმუტის დასახლების 95%-ზე მეტს.

ამ წერილს წინ უძღოდა 5 მაისს გამოქვეყნებული პრიგოჟინის ვიდეომიმართვა, რომელშიც მან, ფაქტობრივად, აგინა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსს, გერასიმოვს. ვიდეოში პრიგოჟინი ამბობდა, რომ მის დაჯგუფებას საბრძოლო მასალების ხელოვნური დეფიციტი შეუქმნეს რუსეთის სამხედრო ბიუროკრატებმა.

მოგვიანებით პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერი“ 10 მაისს დატოვებდა ბახმუტს და პოზიციებს გადასცემდა კადიროველებს, თუმცა, დღეის მდგომარეობით, „ვაგნერი“ ბახმუტში რჩება.

ბოლო დღეებში, უკრაინული მხარის განცხადებით, უკრაინელმა მებრძოლებმა ორი კილომეტრით წაიწიეს წინ ბახმუტში და უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე მოიერიშე ბრიგადის შეტევითი მოქმედებების შედეგად რუსეთის ფედერაციის 72-ე ბრიგადის ქვედანაყოფები, ამ ბრიგადის მე-6 და მე-8 ასეულები, ფაქტობრივად, მთლიანად გაანადგურეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: