„ახალი წელი მოდის და არაფერი გვაქვს, რომ რაიმე ვიყიდოთ, ჩაი და „დოშირაკის“ სუპი რომ გვქონდეს. დედა სუსტადაა, არავინ გვეხმარება,“ – გვითხრა ახალი წლის წინა დღეს, 30 დეკემბერს, 43 წლის ამიდ მამედოვმა, რომელმაც გვთხოვა, „ბათუმელების“ მკითხველებისთვის მისი ამბის შესახებ გვეამბო.
ამიდი უზბეკეთის მოქალაქეა, მას საქართველოში ბინადრობის მოწმობა აქვს და როგორც გვიყვება, დედასთან, 63 წლის სივილ მამედოვასთან ერთად აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა 8 წლის წინ. ამიდი ამბობს, რომ ისინი ბაქოელი ირანელები არიან და აზერბაიჯანში ანტი-ირანული განწყობის გამო იძულებული გახდნენ აზერბაიჯანი დაეტოვებინათ.
ამიდი ამბობს, რომ აზერბაიჯანში არაერთხელ გახდნენ დისკრიმინაციის, დამცირების მსხვერპლები და იძულებული გახდნენ, ქვეყანა დაეტოვებინათ.
აქამდე დედა-შვილი თბილისში ცხოვრობდა, სადაც ბინას დღიურად ქირაობდნენ. როგორც ამიდი ამბობს, ბინის ქირას ვერ იხდიდნენ, 2800 ლარი დაუგროვდათ, ამის გამო ბინის მესაკუთრემ რამდენიმე თვის წინ, ისინი სახლიდან გამოაძევა, ხოლო მათი პირადი ნივთები და საბუთები, დაიტოვა. ამიდი ამბობს, რომ პოლიციასაც მიმართა, თუმცა ამაოდ.
ამიდი 63 წლის დედასთან ერთად ბათუმში ჩამოვიდა.
დედა-შვილი ბათუმში დღიურად ქირაობს ბინას და ყოველ დღე ერთი და იგივე საწუხარი და პრობლემა აქვთ – როგორ გადაიხადონ ბინის ფული და როგორ იშოვონ საკვებისთვის საჭირო თანხა? – ამიდი ამბობს, რომ ახლა სწორედ ასეთი დღეები უდგათ – ყოველი დღე ტანჯვაა და თავის და დედის გადარჩენის მცდელობა.
„ბათუმელები“ ამიდის დედას, სივილ მამედოვასაც ესაუბრა. ქალი ამბობს, რომ გადაუხდელი ქირის გამო, ბინის მეპატრონემ, ვისგანაც თბილისში ბინას ქირაობდა, დაიტოვა ბევრი მნიშვნელოვანი ნივთი, საბუთები და 300 ლარამდე თანხაც. სივილ მამედოვას თქმით, მას ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა აქვს, რომელსაც მოგვარება სჭირდება, აწუხებს სისხლ-ძარღვების პრობლემა, გადაადგილება უჭირს და კუჭ-ნაწლავის დაავადება აქვს, თუმცა მკურნალობას ვერ ახერხებს.
„2008 წლიდან სახლის გარეშე დავრჩით აზერბაიჯანში, მოატყუეს დედა, 3 000 დოლარად გაყიდა ბინა და ქუჩაში დავრჩით. ვმუშაობდი, მაგრამ ძალიან სუსტი, შერყეული ჯანმრთელობა მაქვს, მიჭირს ფიზიკურად შრომა.
8 წლის წინ საქართველოში ჩამოვედით. ევროპაში, მესამე ქვეყანაში გვინდა წასვლა, არ გვინდა აქ დავრჩეთ და ქუჩაში მოვკვდეთ“ – გვითხრა ამიდმა.
ბათუმში ამიდ და სივილ მამედოვები ისე ჩამოვიდნენ, რომ ფაქტობრივად არანაირი პირადი ნივთი არ ჰქონდათ თან. აუცილებელი, პირველადი ტანსაცმლის შეგროვება შეძლეს, თუმცა ამიდი ამბობს, რომ პრობლემები ამით არ სრულდება.
„ყოველ დღე ქუჩაში ადამიანებს ვუყვები ჩემს ამბავს და დახმარებას ვთხოვ. არაერთმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა ჩამწერა, მაგრამ ადამიანების დიდი ნაწილი გულგრილია, არ აინტერესებთ.
ადრე ტელეფონი მქონდა, სმარტფონი და ფეისბუქზე ვყვებოდი ჩემი გასაჭირის შესახებ, ბევრი ადამიანი მეხმარებოდა უფრო.
ახლა ვოცნებობ, ნეტავ მქონდეს ტელეფონი, რომ შევძლო, ადამიანებს მოვუყვე იმ გასაჭირზე, იმ პრობლემებზე, რის წინაშეც ვარ“ – სწუხს ამიდი.
საახალწლოდ დედა-შვილი მხოლოდ იმაზე დარდობს, შეძლებენ თუ არა თანხის შეგროვებას იმისთვის, რომ ყოველდღიური ბინის ფული შეაგროვონ და საკვები ჰქონდეთ. 1 იანვარს ამიდი დედასთან ერთად, რომელსაც უკვე სიარული უჭირს, ისევ შეეცდება თავი გადაირჩინოს და ადამიანებს უთხრას, რომ დახმარება სჭირდებათ.
ამიდ და სევილ მამედოვების დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე:
თიბისი ბანკი:
GE93TB7748645064300027
მიმღები: ამიდ მამედოვი






