მთავარი,სიახლეები

„მადლობელი უნდა ვიყო, რუსეთში რომ გავიზარდე“ – ინტერვიუ პეტერბურგელ ქართველთან

20.12.2022 • 3506
„მადლობელი უნდა ვიყო, რუსეთში რომ გავიზარდე“ – ინტერვიუ პეტერბურგელ ქართველთან

რას ფიქრობენ რუსეთ-უკრაინის ომზე რუსეთში მცხოვრები ქართველები, რა მდგომარეობაა მათი დაკვირვებით რუსეთში, შეცვალა თუ არა ომმა იქ მცხოვრებთა ყოველდღიურობა და როგორ აფასებენ რუსეთში მცხოვრები ქართველები მიმდინარე ომს, აფხაზეთისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომებს.

ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელებს“ 33 წლის მარიამ გ-ს ესაუბრა პეტერბურგიდან. მარიამი გვარის და პროფესიის დაფარვას გვთხოვს. რუსეთში ომის წოდება ისჯება და კონტროლდება. მარიამს კი, როგორც თავად გვეუბნება, პეტერბურგში ნაცნობების დიდი წრე ჰყავს და ღიად საუბარი მისთვის საფრთხეს შეიცავს.

მარიამ გ. ფიქრობს, რომ „არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიწყო ომი [უკრაინაში]“. მისი აზრით, ამ საკითხში უკრაინელი ხალხის აზრიც ორად იყოფა, ხოლო პირადად მას „საერთოდ არ ესიმპათიურება უკრაინის სათავეში ვინც არის“. როგორ შეიცვალა ცხოვრება უკრაინის ომის დაწყებიდან 300 დღის თავზე რუსეთში? – მარიამ გ-ს კომენტარს სტილის დაცვით გთავაზობთ.

  • მარიამ გ. რუსეთში მცხოვრები ქართველი

ომის შემდეგ ძალიან შეიცვალა რუსეთში ჩემთვის რამე-მეთქი, ვერ ვიტყვი.

თუმცა ბევრისთვის შეიცვალა რადიკალურად ყველაფერი – ვინც საკუთარი პოზიცია გამოამჟღავნა და ხალხზე ზეგავლენა ჰქონდა, მალევე დატოვა კიდეც ქვეყანა.

ვერ ვიტყვი, რომ საშუალო ფენას ახლა რუსეთში რამე უჭირს, ცვლილებები მხოლოდ ნაწილობრივ იგრძნობა.

მაგალითად, თუ საშუალო შესაძლებლობის რუსეთის მოქალაქეები ომამდე ხშირად დადიოდნენ საზღვარგარეთ, ასე მარტივად ვეღარ დადიან. ძალიან გაძვირდა მოგზაურობა, გაძვირდა თვითმფრინავის ბილეთები. საქართველოს მიმართულებითაც გაძვირდა ფრენა, მაგრამ განსაკუთრებით გაძვირდა ფრენა ევროპის მიმართულებით.

გაძვირდა შიდა ტრანსპორტით მგზავრობისა და საკვების ფასი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს მოულოდნელი იყო. ზოგადად რუსეთი, პეტერბურგი, ძვირიანი ქალაქებია. ყველგან ვარ ნამყოფი, ევროპის ქვეყნებში, ამერიკაშიც და ყოველთვის ვამბობდი, ადრეც შემიდარებია, რომ რუსეთში გაცილებით ძვირი იყო სულ ცხოვრება.

არ მაქვს განცდა, რომ ომმა გააძვირა ყველაფერი, რადგან 2, 3 წელიწადში ერთხელ ყოველთვის ძვირდებოდა რუსეთში ფასები, მათ შორის საკვებ პროდუქტებზეც.

იცით, რომ დაიხურა ტანსაცმლის ზოგიერთი ბრენდის მაღაზია, ზარა და ეიჩ ენდ ემი მაგალითად. ეს არ არის მაღალი კლასის ბრენდები, მაგრამ საშუალო შესაძლებლობის ხალხი ძირითადად ამ მაღაზიებში ყიდულობდა ტანსაცმელს. რუსეთში დარჩა პოლონური და თურქული ბრენდის ტანსაცმლის მაღაზიები.

Apple-ის სმარტფონის უახლესი მოდელი რამდენიმე დღის წინ ვიყიდე პეტერბურგში, ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს.

მაკდონალდსიც თითქოს დაიხურა რუსეთში, მაგრამ არ ვიცი რა ქნეს მხარეებმა – მოილაპარაკეს თუ რა როგორ გადაწყვიტეს, ფაქტია, რომ ხალხის საყვარელი სწრაფი კვების ობიექტი იყო და ზუსტად იგივეა, რაც იყო, უბრალოდ სახელი და შეფუთვა აქვს სხვანაირი.

კოკა-კოლა ჯერჯერობით არის მაღაზიებში, მაგრამ მგონი მარაგები იწურება და ალბათ ახალი შეფუთვით გაყიდიან.

სოციალური ქსელები და ინტერნეტი ჩვეულებრივად მუშაობს თუკი აპლიკაცია VPN გაქვს გადმოწერილი. ჩინეთშიც ეს პრინციპია, ხანდახან  VPN-ის გარეშეც ჩვეულებრივად მუშაობს სოცქსელები მთელი კვირა, შევდივართ ყველა პლატფორმაზე, სადაც გვინდა, ინფორმაციის მისაღებად.

ადამიანების აზრი რუსეთში ორადაა გაყოფილი: უმეტესობა ომის წინააღმდეგია, მაგრამ წასასვლელი არსად აქვთ. ხალხზე ამბობენ, რატომ ითმენენ ამ ხელისუფლებას, როგორ ძლებენ რუსეთშიო, მაგრამ ძალიან დიდია რუსეთი, დიდი ნაწილი საჯარო სამსახურზე, ხელფასსა და პენსიაზეა დამოკიდებული. არ აქვთ საშუალება სადმე წავიდნენ, სად უნდა წავიდნენ? ვისაც შეეძლო დატოვა ქვეყანა. ბევრმა შვილები გაუშვა და თვითონ აქ დარჩა.

პირადად ჩემთვის, როგორც აქ მცხოვრები ქართველისთვის, რუსეთი და უკრაინა ერთია. მთელი ცხოვრება რუსების და უკრაინელების გვერდით გავატარე, ყოველთვის ვთვლიდი, რომ ერთნი არიან. ქუჩაში რომ გააჩერო რუსი, ბებია, ბაბუა, დედა ან ბიძა უკრაინელი ჰყავს, ამიტომ ესენი ყველანი ერთნი არიან.

ომამდე ამ საკითხს ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა.

რა ხდება ომში? ჩვენ ვერასდროს გავიგებთ სიმართლეს. ჩემთვის საკვირველია, რომ 21-ე საუკუნეში ხდება ეს ყველაფერი, როცა განვითარებულები ვართ თითქოს ადამიანები.

მე არცერთ მხარეს ვემხრობი, არც მეორეს. ჩვეულებრივ ადამიანებს ვემხრობი, რომლებიც ამ ყველაფერში იჭყლიტებიან, რუსი იქნება ეს თუ უკრაინელი. ყველა იჩაგრება. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიწყო ომი ან ვინ დაამთავრებს და ვინ მოიქცა ცუდად.

უკრაინის სათავეში ვინც არის, საერთოდ არ მესიმპათიურება. პირადად ვიცი რაც ხდება, ბევრი მეგობარი მყავს უკრაინაში, ბევრს ვურეკავდი და ვეკითხებოდი, როგორ არიან, რას შვრებიან და მათგან ვიცი ბევრი რამ.

უკრაინელი ხალხის აზრიც იყოფა ორად: ზოგი ამტყუნებს თავის სახელმწიფოს და ზოგი სხვას. ამიტომ ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა ხდება. ბევრი უკრაინელი ემხრობა მოწინააღმდეგის [რუსეთის] მხარეს.

უკრაინელების ერთი ნაწილი თავად ამბობს, რომ ხედავდნენ, მათი ქვეყანა როგორ იშლებოდა, თუმცა ამბობდნენ: ეს არის ჩემი პრეზიდენტის და ჩემი ხალხის ბრალიო, ამიტომ არავინ ვიცით სიმართლე.

30 წელია რუსეთში ვცხოვრობ. ბაღი, სკოლა და ინსტიტუტიც აქ დავამთავრე. 90-იან წლებში შევედი სკოლაში, რუსეთში ამ დროს რთული პერიოდი იდგა კავკასიელებისთვის, სკინჰედებს არ მოსწონდათ კავკასიელები და ებრაელები, „ნერუსკებს“ გვეძახდნენ, ქართველი და კავკასიელი ბიჭები სულ ჩხუბობდნენ სკინჰედებთან. ზოგს ჭრიდნენ, ბანდებად დადიოდნენ, ერჩოდნენ ებრაელებს და კავკასიელებს, ზოგი კავკასიელი ბიჭი, მათ შორის ქართველებიც შეეწირნენ  ამ დაპირისპირებებს.

პუტინის გამოჩენის შემდეგ სკინჰედები სადღაც გაქრნენ. სკოლა რომ დავამთავრე და ინსტიტუტში ჩავაბარე, ეს დამოკიდებულება გაქრა. სკოლიდან და ინსტიტუტიდან ბევრი კარგი მეგობარი მყავს, ჩამოდიან საქართველოში, უყვართ აქაურობა, ვმეგობრობთ ოჯახებით.

ინსტიტუტში სხვაგან მინდოდა ჩაბარება, მაგრამ რუსეთში ჩავაბარე და ბედნიერი ვარ. ჩემი ქვეყანა რუსებმა შემაყვარეს. მეუბნებოდნენ პედაგოგები ინსტიტუტში: ქართველი ხარ? მაშინ შეუძლებელია ნიჭიერი არ იყო, ცისფერსისხლიანი ხარო.

მას შემდეგ მთელი ჩემი ცხოვრება ძალიან ვამაყობ და ვამაყობდი, რომ ქართველი ვარ.

რუსეთმა მომცა საშუალება ვიამაყო, რომ ქართველი ვარ.

აქ ბევრი ქართველი მართავს კონცერტს, ვზეიმობთ ქართულ დღესასწაულებს, ქართველები გამოდიოდნენ და გამოდიან დიდი ქართულ დროშებით, შეძახილებით „გაუმარჯოს საქართველოს“. ასე იყო 10, 15, 20 წლის წინაც. ვაფრიალებდით ამ დროშებს და ვყვიროდით „გაუმარჯოს საქართველოს“. არავინ მოსულა და არ უთქვამს, ვინ ხართ, რატომ აფრიალებთ თქვენს დროშას შუა პროსპექტზეო, ასეთი რამ არასდროს მომხდარა.

ვერ წარმოიდგენთ როგორ უყვართ რუსებს ქართველები და საქართველო.

რამდენიმე წლის წინ მყავდა სტუმარი საქართველოში რუსეთიდან, ჩვენი მეგობარი ქალი ორი შვილით, წავიყვანე კონცერტზე რიყის პარკში, ქართული ხმების კონცერტი იყო და „თბილისო“ იმღერეს, ცრემლები წამომცვივდა. ბავშვობა მახსენდებოდა, როგორ ჩამოვდიოდი საქართველოში. გავხედე ამ ქალს და ისიც ტიროდა, გამიკვირდა, შენ რაღატომ ტირიხარ-მეთქი, ვკითხე. როგორ თუ რატომ ვტირი, ეს ხომ ჩემი ბავშვობაცაა, ჩემი სტუდენტობა და ჩვენი საერთო ისტორია, მაჟრიალებს ამ ყველაფერზეო.

ცოტა რომ წამოვიზარდე მივხვდი, მადლობელი უნდა ვიყო რუსეთში რომ გავიზარდე, რადგან დიდი სიყვარული გვაქვს საქართველოს მიმართ, ეს არამხოლოდ ჩვენი მშობლების, არამედ გარშემომყოფი რუსების დამსახურებაცაა, იცით როგორ არის? როცა გეუბნებიან, რომ ქართველი თუ ხარ, მაგარი ხარ, ეს კარგია, სულ სხვა სიყვარული აქვთ ქართველების. ამიტომ მე მადლობელი ვარ.

მეკითხებით, რას ვფიქრობ აფხაზეთის და 2008 წლის ომებზე. საქართველოში ვიყავი 2008 წლის ომის დროს. 17, 18 წლის ვიქნებოდი. დიდი განცდები მქონდა, ვნერვიულობდი. ტკივილი, ზიზღი, ყველა გრძნობა ერთად იყო. იმავე წლის სექტემბერში დავბრუნდი რუსეთში, სასწავლებელში. ომის ერთი და იგივე კადრები გადიოდა საქართველოშიც და რუსეთშიც, მაგრამ სხვანაირად მოწოდებული და გაჟღერებული, საინფორმაციო ომი იყო.

ანწუხელიძის და შინდისის გმირების ამბები თუ ვიცი, მეკითხებით. ვიცი, მაგრამ მაშინ ამ ამბებს ვერ ვწვდებოდი. ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია და რა ვიცი, რა უნდა ვთქვა.

ნორმალურ ადამიანს უნდა აწუხებდეს, რაც ახლა მსოფლიოში ხდება. რაღაცნაირად არ გაქვს ხალისი და ვეღარ ხედავ მომავალს, ძალიან რთულია ახლა რამე დაგეგმო და იფიქრო მომავალზე, ბევრი ადამიანია ასე, ჩემსავით.

რაც ომი დაიწყო, დეპრესიაში ვარ, აქედან ბევრი წავიდა და ჩემს მშობლებსაც დიდი ხანია უნდათ დაბრუნდნენ საქართველოში, მაგრამ არ იყო და არ არის ამის საშუალება, რა სჯობს საქართველოში ცხოვრებას, სადაც სულ მზეა, შენი ახლობლები ცხოვრობენ და შენი სახლია, მაგრამ ბევრნი ვართ ოჯახში და ყოველ წელს მთელი ოჯახი რომ თითოჯერ ჩამოვიდეთ ზაფხულობით, ესეც დიდ ხარჯებს მოითხოვს.

5,6 წლიდან ვფიქრობდი, რომ რუსეთიდან სხვაგან მინდოდა წასვლა და ცხოვრება. ვოცნებობ სულ სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე, რომლის სახელსაც არ ვასახელებ. სულ მინდოდა იქ სწავლა და ცხოვრება. ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებ, ვიყავი ჩემი ოცნების ქვეყანაში, იქ დარჩენის შესაძლებლობაც მქონდა, მაგრამ მშობლები მარტო ვერ დავტოვე, მერე პანდემია დაიწყო და ა.შ.

ომის გამო არა, სხვა დროსაც მიოცნებია რუსეთიდან წასვლაზე, მაგრამ მადლობელი ვარ, რომ აქ ვარ, აქ გავიზარდე. ბევრს ვმოგზაურობდი ევროპაში. ახლა, სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა აღარაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: