სახალხო დამცველის ახალი ანგარიშის მიხედვით, ე.წ. ქურდულ სამყაროს ისევ აქვს გავლენა ციხეებში. ომბუდსმენს პატიმრებმა უთხრეს, რომ პრივილეგირებული პატიმრები „მაღალი კრიმინალური სტატუსის გამოყენებით“ ციხის ადმინისტრაციასთან არიან დაახლოებული.
„ამ პრაქტიკის არსებობა – ადმინისტრაციასთან დაახლოებული, პრივილეგირებული პატიმრები, მაღალი კრიმინალური სტატუსის გამოყენებით, გავლენას ახდენენ სხვა პატიმრებზე, აგვარებენ კონფლიქტებს და, მათ შორის, იძულების გზით აგროვებენ ე.წ. ობშიაკს, – დაადასტურეს იმ პატიმრებმა, რომლებსაც 2025 წელს მოუწიათ ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში ყოფნა,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის ახალ ანგარიშში, სადაც 2025 წლის მონაცემებია მოცემული.
ციხეებში გავრცელებული პრაქტიკა აღწერილია ომბუდსმენის ანგარიშის სქოლიოში.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ე.წ. მაყურებლების გავლენა პრობლემაა მე-14, მე-15 და მე-17 დაწესებულებებში.
„პატიმრების ძალადობისგან დაცვის თვალსაზრისით კვლავ გამოწვევად რჩება №14, №15 და №17 დაწესებულებებში პრივილეგირებული პატიმრების [ე.წ. მაყურებლების] დაწესებულებების მართვაში არაფორმალური მონაწილეობა, რაც არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს და პატიმართა შორის ფიზიკურ და მძიმე ფსიქოლოგიურ ძალადობას იწვევს.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა პატიმრებისგან №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში პატიმართა არაფორმალური იერარქიის არსებობის შესახებაც მიიღო ინფორმაცია.
არასრულწლოვან პატიმრებს შორის კრიმინალური სუბკულტურის გავლენების და მისი დაძლევის აუცილებლობაზე საუბრობდა ამავე დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელიც.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი თავის ანგარიშებში არაფორმალური ლიდერებისთვის უფლებამოსილების დელეგირების ფაქტებსა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში დამკვიდრებულ კრიმინალურ სუბკულტურაზე მიუთითებს. №17 და №14 დაწესებულებებში პატიმრების არაფორმალური იერარქიის აშკარა ნიშნებზე საუბრობს გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტიც,“ – აღნიშნულია ომბუდსმენის ახალ ანგარიშში.
———
ამ თემაზე:






