მთავარი,სიახლეები

ხერსონზე ერთ დღეში 54 საარტილერიო შეტევა განხორციელდა – ბრიტანეთის დაზვერვა

28.11.2022
ხერსონზე ერთ დღეში 54 საარტილერიო შეტევა განხორციელდა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 27 ნოემბერს ქალაქ ხერსონზე 54 საარტილერიო შეტევა განხორციელდა. უწყების ცნობით, რუსეთის არმია ქალაქზე თავდასხმისთვის ძირითადად ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, კერძოდ კი BM-21 გრადს“ იყენებს.

„ხერსონი უკრაინის არმიამ 11 ნოემბერს გაათავისუფლა, თუმცა ქალაქი მას შემდეგ თითქმის ყოველდღიურად იბომბება რუსული არტილერიით. მხოლოდ 24 ნოემბერს 10 ადამიანი დაიღუპა,“ – წერს დაზვერვა 28 ნოემბრის რელიზში. – „ახლა რუსები ხერსონს დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე ახლახან მოწყობილი თავდაცვითი ხაზის ზურგიდან ისვრიან.“

უწყება მიუთითებს, რომ გათავისუფლების მიუხედავად, ქალაქი დაუცველი დარჩა, რადგან ის რუსული საარტილერიო სისტემების წვდომის არეალშია.

უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი ოლქი ხერსონი და მისი ადმინისტრაციული ცენტრი რუსეთის არმიამ ჯერ კიდევ ომის დასაწყისში დაიკავა, 8-თვიანი ოკუპაციის შემდეგ კი ქალაქი და ოლქის დასავლეთი ნაწილი უკრაინამ დაიბრუნა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ხერსონის დასავლეთი ნაწილიდან ჯარების გაყვანის ბრძანება 9 ნოემბერს გასცა, 11 ნოემბერს ქალაქში უკრაინის არმია შევიდა.

როგორც სამხედრო ექსპერტები, სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის უწყებები და საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რუსეთის არმიის ხერსონიდან გასვლა უკრაინის არმიის კარგად დაგეგმილმა სამხედრო კამპანიამ განაპირობა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: