მთავარი,სიახლეები

საპატრიარქო მონაზონზე ძალადობას აღიქვამს არა ქალზე, არამედ საკრალურზე თავდასხმად – ინტერვიუ

28.11.2022 •
საპატრიარქო მონაზონზე ძალადობას აღიქვამს არა ქალზე, არამედ საკრალურზე თავდასხმად – ინტერვიუ

„დააკვირდით, ჯაღმაიძეს ამ განცხადებაშიც კი ფემიციდი საერთოდ არ უხსენებია, მონასტერზე საუბრის დროსაც ქალი არსად ფიგურირებს… ის, რომ მონაზონი იყო ქალი და ამის გამოც გახდა იგი ძალადობის მსხვერპლი, ის ამაზე საერთოდ არ ამახვილებს ყურადღებას. საპატრიარქო მონასტერში ჩადენილ დანაშაულსაც განიხილავს, როგორც რაღაც საკრალურზე თავდასხმად და არა ქალზე ძალადობად,“ – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე გვესაუბრება.

პერიოდულად ქალების დაკნინების და, მაგალითად, პატრიარქისგან ქმრებისთვის ფეხის დაბანის მოწოდებების შემდეგ, საპატრიარქო საკუთარ პასუხისმგებლობას ვერც ახლა ხედავს, როცა მონაზონზე იძალადეს. ანდრია ჯაღმაიძემ ხაშურში, მონასტერში ჩადენილი დანაშაული მედიას დააბრალა.

რას აჩვენებს ეს გადაბრალება? – თეოლოგი სიტუაციის ახსნას ერთი ფრაზით ცდილობს: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. უბრალოდ ქარავნის წინამძღოლს სურს, რომ ძაღლიც არ ყეფდეს“.

„ბათუმელებმა“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო მირიან, თქვენი აზრით, საპატრიარქომ პრესცენტრის ხელმძღვანელის პოზიციით, ამჯერადაც სცადა ქალების დაკნინება, როცა ანდრია ჯაღმაიძემ თერჯოლაში მომხდარ ფემიციდის საქმეში განქორწინებული კაცის მიერ ყოფილი ცოლის დაწვა დაუკავშირა „ოჯახური ტრადიციების ნგრევას“? 

სამყაროს განვითარებული ნაწილი, ის ქვეყნები, რომლებიც სწორედაც რომ ქრისტიანული რელიგიის ფასეულობათა სისტემით არიან ფორმირებული [და არამხოლოდ], ვითარდებიან კონკრეტული მიმართულებით. მაგალითად, ბუნებისთვის მიყენებული ზიანი მიუღებელი ნორმაა, მიმდინარეობს ამის სათანადოდ გააზრება, მას ასწავლიან სკოლებსა და სასწავლებლებში. აქტიურად მიმდინარეობს ასევე ქალისა და მამაკაცის ისტორიული როლების გადააზრება.

ამ ყველაფრის პარალელურად კი, ჩვენი საზოგადოება ვითარდება ამის საპირისპირო მიმართულებით. ხსენებული გაუკუღმართებული განვითარების ფლაგმანი საქართველოში არის საპატრიარქო.

რაციონალურია, რომ, მაგალითად, როდესაც იხდი დიდ თანხას ავტომანქანაში,  შეგიძლია იყიდო ელექტრომანქანა, ან წყალბადზე მომუშავე ავტომობილი. მაინც იხდი ფულს და იმდენი ჭკუა იქნებ გეყოს, რომ აი, გადაიხადე დიდი თანხა ავტომანქანაში, მაგრამ სამაგიეროდ, ბუნებას ნაკლებად აზიანებ, რაც არის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი კომპონენტი. ეს ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან. ეს ხამობა და უსასრულო მანია ბენზინის მხვრეპავი ჯიპების მიმართ, არის ერთგვარი დიაგნოზი.

იგივე ქალის და მამაკაცის თანასწორობის დისკურსზე მთელი სამყარო ცდილობს ამ ყველაფრის გადააზრებას და საქართველოს ამის გამოცდილება ჯერ კიდევ მე-9 საუკუნიდან გააჩნია [არსებობს ლიტერატურულად დოკუმენტირებული დისკუსია]. ამ ყველაფრის პარალელურად, თვეგამოშვებით საპატრიარქოს სახელით, ხან უშუალოდ პატრიარქი, დიდ მიზოგინიას [ქალთმოძულეობა] გამოაცხობს ხოლმე: ხან მოუწოდებს ქალებს, რომ ფეხი დაბანონ ქმრებს, ხან მოუწოდებს მორჩილებისკენ. ცოტაღა აკლია პატრიარქს, რომ პირდაპირ უთხრას ქალებს: მონები ხართ, მონად ხართ დაბადებულნიო.

ჯაღმაიძე ახმოვანებს საპატრიარქოს დამოკიდებულებებს, რომელიც ოჯახური კონფლიქტების დროს ყოველთვის ცალსახად მიზოგინურია.  საპატრიარქო ცდილობს ცალსახად, ყველაფერში მაინც დამნაშავედ გამოიყვანოს ქალი. როცა ცდილობ გამოზარდო მოძალადეების მთელი სოციალური ფენა, ბრიყვი უნდა იყო ფიქრობდე, რომ ეს მოძალადეები შენვე არ მოგიბრუნდებიან. გამაოგნებელია, რომ იგივე ჯაღმაიძე ამ ყველაფერს აბრალებს მედიას.

  • ექსპერტებსაც აბრალებს, თქვენც იგულისხმებით ალბათ, ანტიეკლესიური კამპანია მიდისო. 

მე თუ მიგულისხმა, მადლობა, მნიშვნელოვანი ყოფილა ჩემი საუბარი.

ქართული ქრისტიანობა სამწუხაროდ აგებულია შიშის ფენომენზე. პრიალა პიჯაკებში გამოწყობილი ბიზნესმენები მართლა სწირავენ ფულს ვიღაც მღვდლებს, მაგრამ სწორედ შიშის საფუძველზე. ძალიან რთულია, საქართველოში იპოვოთ გააზრებული ქრისტიანი, ადამიანი, რომელმაც გაიაზრა ქრისტიანობა. ყველა არის დაშინებული, დაკომპლექსებული.

ჯაღმაიძის ფილოსოფია შემდეგში ძევს: თუ ეს საკრალური შიში შენარჩუნდება ეკლესიის მიმართ, მაშინ ადამიანები ვერ გაბედავენ რელიგიურ სივრცეს  უხეშად შეეხონ. აი, როგორც სოფლებშია შეხედულება, რომ სასაფლაოდან არაფრის წამოღება არ შეიძლება.

სიბრიყვეა, დაადანაშაულო ადამიანები [ჟურნალისტები], რომლებიც უბრალოდ ამბობენ, რა ხდება ქვეყანაში. ჩვენ ხომ არ მოგვიგონია 120 000-დოლარიანი ჯიპების ამბავი? ჩვენ ხომ არ გვიცთუნებია მღვდელმთავრები, რომ იყვნენ ასეთი ხამები?

  • ანდრია ჯაღმაიძე ეკლესიის დესაკრალიზაციას უკავშირებს „ოჯახური ტრადიციების ნგრევას“, შემდეგ კი პარალელს ავლებს თერჯოლაში ქალის მკვლელობასთან. რის წარმოჩენას ცდილობს ამით საპატრიარქო? 

გენდერული ემანსიპაციის პროცესი მიმდინარეობს სამყაროში და ქართველი ქალებიც გადიან საკუთარ გზას ამ მხრივ. ბოლო ათწლეულებია საქართველოში ეკონომიკა, ფაქტობრივად, დგას ქალზე, როგორც შრომით რესურსზე. მთელი ლეგალური და არალეგალური ემიგრაციის დიდი ნაწილი ქალები არიან, რომლებიც მონურ შრომას გადიან ევროპის ქვეყნებსა თუ აშშ-ში. მათი ფულადი გზავნილები წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკაში დიდ ხვედრით წილს.

ვფიქრობ, რომ ოჯახის ის ხატება, რაც დღეს საპატრიარქოშია პოპულარული, ნასაზრდოებია თავად პატრიარქის ბავშვობისდროინდელი მეხსიერებით, ვინაიდან მთაში მართლაც უფრო პატრიარქალური იყო ოჯახური ცხოვრება, ვიდრე ბარში. სხვაგვარად გაუგებარია, ტრადიციული ოჯახი რატომ უნდა გულისხმობდეს ერთის მიერ მეორეს ჩაგვრას.

  • განქორწინების შესახებ როგორი იყო ტრადიციულად ეკლესიის ხედვა? საპატრიარქოს პრესსპიკერი განქორწინებული ქმრისგან ცოლის მკვლელობის საქმეზე საუბრის დროს არ ახსენებს „მკვლელობას“, „ფემიციდს“. ის წერს, რომ გახშირდა „ოჯახური კონფლიქტები“ და ეს „ოჯახური ტრაგედიაა“.  

საინტერესო ამბავია, რომ განქორწინების საკითხი დასავლეთში უფრო მკაცრადაა რეგულირებული, ვიდრე აღმოსავლეთში. კათოლიკური ეკლესია, მაგალითად, არ ცნობს ერთზე მეტ განქორწინებას. თუ დაქორწინდები ხელახლა და კვლავ გინდა ჯვრისწერა, საჭიროა ეს საქმე განიხილოს უშუალოდ პაპმა. იქ რამდენიმე საკითხი ითვლება განქორწინებისთვის საკმარის საფუძვლად,  მათ შორის ძალადობა, რომლის შემთხვევაშიც პაპი გაძლევს ხელახლა დაქორწინების უფლებას.

აღმოსავლეთში კი, როგორც ჩანს, თავიდანვე მიხვდნენ მამები, რომ ადამიანი ასეთი მყარი არ არის თავის გადაწყვეტილებებში და შესაბამისად, სამგზის ქორწინება დაუშვეს. ჩვენთანაც, კანონიკური თვალსაზრისით, სამგზის ქორწინებაა შესაძლებელი, მესამე ქორწინებაზე სპეციალური ლოცვა იკითხება და სრულფასოვან ჯვრისწერად არ მიიჩნევა.  თუმცა ამათ მოდაში შემოიღეს კათოლიკური მოდელი და განუმეორებლობის პოსტულატი.

  • ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით ჩანს თუ არა უკიდურესი პატრიარქალური დამოკიდებულება, რომ განქორწინებული ქალიც კი ექვემდებარება ყოფილ ქმარს?  

მამაკაცებს შთააგონებენ, მათ შორის, ეკლესია, რომ ქალი მის მფლობელობაში არსებული ნივთია. ქალს კი შთააგონებენ, რომ ის მამაკაცზე დაქვემდებარებულია მუდმივად. ეს ყველაფერი, პირიქით, ანტიოჯახური ფილოსოფიაა.

  • რაში აწყობს საპატრიარქოს ქალების დაკნინება? 

ჩვენი მრევლის უმეტესობა როგორია? თქვენ როგორ მამაკაცებს იცნობთ თქვენ ირგვლივ?

ჭკვიანი კაცია პატრიარქი, ისინი უყურებენ ყოველთვის იმას, მოსახლეობაში რა აზრი მუსირებს.

იგივე ხაშურში [სადაც მონასტერი დააყაჩაღეს და მონაზონი გააუპატიურეს], დარწმუნებული ვარ, თითქმის ყველა იზიარებს აზრს, რომ ქალის თავი მამაკაცია, მისი ბატონი და მფლობელია.

რასაც ეკლესია არ ცდილობს, არის ის, რომ განავითაროს საზოგადოების აზრი, გამოაღვიძოს საზოგადოება და აიძულოს, გაიაზროს ჭეშმარიტი ქრისტიანობა. მედიაც ხომ ხშირად მსგავს, საკრალურ წარმოდგენებს უწყობს ხელს? თქვენს მედიასაშუალებას ეს არ ეხება, მაგრამ ხშირად ვხედავთ ტელევიზიით რაღაც ჯადოქრობებს, ჯადოების ახსნას, გამოლოცვას და ასე შემდეგ. მედიაც, ხშირად, სააზროვნო მასალის შეთავაზების ნაცვლად, ადამიანებს აგიჟებს.

  • თუმცა ქალთა უფლებების გააქტიურებას მედია აქტიურად ცდილობს.

რა თქმა უნდა,  საპატრიარქოს და მედიის შედარება არც კი შეიძლება… ჩვენ ყველას გვახსოვს „5 ივლისი“, როცა ლეგიტიმური ძალადობა განახორციელა საპატრიარქომ, რაზმების ორგანიზებას შეუწყო ხელი და მიუსია ჟურნალისტებს.

ამჯერად რას ცდილობს საპატრიარქო, როცა ის მონასტერში მომხდარი დანაშაულის შემდეგაც საკუთარი პასუხისმგებლობის დანახვის ნაცვლად, მედიის ბრალს ხედავს? 

საპატრიარქოს ძალიან აწყობს, თუ მედიასაშუალებები რელიგიურ თემატიკასთან მიმართებაში ენას საერთოდ ჩაიგდებენ, არაფერს გააშუქებენ, თუნდაც მრევლი მონებად გაყიდონ. ან თუ გაშუქდება რამე, ეს იყოს დაფუძნებული შიშზე, რომ აი, მოჩვენება გამოესახა ადამიანს სადღაც, „მამაომ გამოულოცა“ და მსგავსი სისულელეები.

ჟურნალისტები საპატრიარქოს ხელს უშლიან თვითნებობაში, თუმცა მეორეა, რომ მედიის კრიტიკის გამო მათ არაფერი გადაუდიათ, ან არ შეუცვლიათ მიდგომები. იგივე მოსკოვშიც ჩადიან, მოსკოვიდანაც ჩამოდიან… უბრალოდ, საზოგადოების რაღაც ნაწილთან უხერხულობა ექმნებათ, მაგალითად, როცა გაშუქდა, რომ პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა.

უკრაინის თემა ხომ მარტო პოლიტიკა არ არის?! რეგიონის დონეზე ჩვენ ვართ ერთი ბედის ქვეყნები და ამას ხალხი ძალიან კარგად გრძნობს. ამ დროს შენი პატრიარქი ლოცავდეს იმ ქვეყნის პატრიარქს, რომელიც ადამიანებს ხოცავს და ჰუმანიტარულ კატასტროფას აწყობს, არ მოგწონს.

თუმცა ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. ეს რეალობაა. უბრალოდ ქარავნის წინამძღოლს სურს, რომ ძაღლიც არ ყეფდეს.

  • აღნიშნეთ, არ ეგონათ, თუ წახალისებული მოძალადეები მასაც მიუბრუნდებოდნენო. მონასტერში მომხდარი შემთხვევა არ იქნება ფაქტორი, რამაც შესაძლოა საპატრიარქო მინიმუმ ძალადობის წამხალისებლის როლში აღარ დატოვოს? 

დააკვირდით, ჯაღმაიძეს ამ განცხადებაშიც კი ფემიციდი საერთოდ არ უხსენებია, მონასტერზე საუბრის დროსაც ქალი არსად ფიგურირებს, ანუ ის, რომ მონაზონი იყო ქალი და ამის გამოც გახდა იგი ძალადობის მსხვერპლი, ის ამაზე საერთოდ არ ამახვილებს ყურადღებას.

საპატრიარქო მონასტერში ჩადენილ დანაშაულსაც განიხილავს, როგორც რაღაც საკრალურზე თავდასხმად და არა ქალზე ძალადობად.

  • ეს რას აჩვენებს? 

იმას, რომ მათ საკუთარი თანაგუნდელებიც კი არ აინტერესებთ. მათ უბრალოდ ვერ გათვალეს ის, რომ როდესაც საპატრიარქო უკვე 17 მაისიდან აგენერირებს ძალადობრივ ჯგუფებს და მოძალადის წახალისებას აქცევს საზოგადოებრივ ნორმად, ეს მასაც შემოუტრიალდება.

მსგავსი ამბავი მოხდა 1921 წელსაც, როცა ეკლესიამ ისე გადაამეტა და ხალხი გააღიზიანა, რომ მთელი ძალისხმევა მიმართეს უკვე საეკლესიო ობიექტების წინააღმდეგ. ეს სიმდიდრის დემონსტრირებაც სამღვდელოების მხრიდან შეიძლება იყოს ძალადობის წამახალისებელი. წარმოიდგინეთ, ადამიანი შრომობს მთელი დღე-ღამე და ხშირად ლუკმა-პურის ფული არ აქვს, ამ დროს მღვდელი ლამის ხომალდით დადის სადღაც, პროვინციის ქუჩებში. ეს აჩენს უსამართლობის განცდას.

ჩემი აზრით, საპატრიარქო არაფერს შეცვლის, მიიყვანენ სიტუაციას უმაღლეს კრიზისამდე და შემდეგ შესაძლოა, რაღაც მოხდეს. ვიდრე სისტემა მუშაობს, ისინი არ ეცდებიან რაიმეს შეცვლას.

იგივე ჯაღმაიძე და მეუფე შიო, რომლებიც თითქოს ახალ თაობას წარმოადგენენ – გააჩინეს გარკვეული მოლოდინი, რომ სიახლეების ინიცირებას დაიწყებდნენ, რომ ქრისტიანობის გადააზრების მცდელობას მინიმუმ ექნებოდა ადგილი და პირიქით მოხდა: მათ პატრიარქის ფილოსოფიიდან ამოიღეს ყველაზე არქაული თემები და იმას ჩაებღაუჭნენ. ეს ანომალიური განვითარებაა. ახალგაზრდა მღვდლებიც კი სრულ სიგიჟეებს ქადაგებენ.

მეუფე შიომ, მაგალითად, შექმნა ოჯახის პრობლემატიკის კვლევის კომისია, დაუძახა სამღვდელოებას, ფოტოებიც გამოაქვეყნეს, თუმცა ამ შეხვედრაზე, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები უნდა განეხილათ, საწერი კალმითა და წიგნაკით მისული იყო მხოლოდ თეოლოგი ლევან აბაშიძე. დანარჩენი ყველა ჯიბეში ხელებჩაწყობილნი უსმენდა შიოს რაღაც მოსაზრებებს.

ამ დროს დასავლეთში ოჯახის ინსტიტუტზე არსებობს მთელი სოციოლოგიური გამოკითხვები, დაკვირვებები ოჯახურ ფასეულობებზე, მაგალითად, გერმანიაშიც განქორწინების დროს არსებობს სამრჩევლო ადგილები, მათ შორის, ეკლესია ძალიან აქტიურად ჩართულია ამ პროცესში, მედიაციას სთავაზობს წყვილს, მრჩეველს და კრიზისის დაძლევას, ასევე ეკლესიას აქვს თავშესაფრები ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და ა.შ.

საქართველოში კი მარტივად დაინახეს ეს საკითხი: ჩაავლეს პატრიარქის მოსაზრებას, რომ შენ ქალი ხარ და უნდა იყო მონა, კაცი კი, შენი ბატონია. არც კვლევა გჭირდება, არც მრჩეველი, არც კრიზისის დაძლევის კონსულტანტი.

  • როდის გააქტიურდა ქალის მიმართ დამამცირებელი დამოკიდებულება მართლმადიდებელ ეკლესიაში და რამ შეუწყო ამას ხელი? 

ზოგადად კულტურები ყველგან არის პატრიარქალური ფორმაციის, რადგან მას შემდეგ, რაც ადამიანმა დაიწყო ჯოხის და ქვის გამოყენება, მეორე ადამიანი გახდა მოწყვლადი. მამაკაცი უნდა ყოფილიყო საზარბაზნე ხორცი, ვისაც უნდა უზრუნველეყო უსაფრთხოება გარკვეული სოციუმის, ქალი კი, გადავიდა მეორე პლანზე, რაც ერთგვარი თავდაცვის მექანიზმი იყო. კაცს ამ დროს დამატებით „დრაივები“ ჩაურთეს, რომ შენ ხარ ძლიერი, შენ შეგიძლია, თუ საჭიროა, თავი უნდა გაწირო და ასე შემდეგ, ეს ერთგვარი ანთროპოლოგიური საფუძველი შემდეგ ქრისტიანობაშიც აისახა, თუმცა თვითონ სახარება ძალიან ემანსიპატორულია. მაგალითად, იუდაიზმმა ვერ გაიაზრა ეს მომენტი, როცა ქრისტე სჯულის შესახებ ესაუბრება ჭასთან მეძავ ქალს.

ეს მიზოგინია კი, რაც დღეს აქვს ქართულ ეკლესიას, გააქტიურდა 2009 – 2010 წლებიდან, მანამდე ეს არ იყო ამ ფორმით. პირიქით, საბჭოთა კავშირის დროს მრევლის დიდი ნაწილი იყვნენ ქალები და თვითონ პატრიარქის არჩევნებზეც მონაწილეობა აქვთ მიღებული ქალებს. შემდეგ შეცვალეს ეს წესი და მომავალ პატრიარქს უკვე მხოლოდ კაცები აირჩევენ.

სამრევლო ცხოვრებაც თბილისში ქალებმა შემოინახეს. შემდეგ იყო 2012 წლის საშობაო ეპისტოლე, სადაც უკვე საუბარი იყო ქმრისთვის ფეხის დაბანაზე. ეპისტოლეში იდება  ის, რაც ზოგადსაკაცობრიოა, ჩვენს ეპისტოლეში კი ასახეს მსგავსი დამცირების აქტი. თუ დააკვირდებით, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება უკვე ცერემონიული მკვლელობები: მოკლეს გოგო, რომელმაც მოდელობა გადაწყვიტა; მოკლეს ლექტორი ქალი სტუდენტების თვალწინ…

  • რატომ არ აწყობს საპატრიარქოს, თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს? გვახსოვს სამღვდელოების აქტიური წინააღმდეგობა სკოლაში სქესობრივ,სექსუალურ განათლებაზეც, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა.  

დიახ, ასეა, რეალურად ძალიან დიდი სამუშაოა სექსუალურ განათლებაზე, რასაც თავგამოდებით ებრძვის საპატრიარქო. გვახსოვს იქ საკომიტეტო განხილვის სხდომებზე შევარდნა და ასე შემდეგ.

რეალურად კი, სექსუალური განათლების ნაწილია იმის გააზრებაც, თუ როგორ მუშაობს ადამიანის სხეული, რომ შენ არ ხარ სხვისი მფლობელი.

ჩვენ, საქართველოში, არ ვიცით, რა არის სიყვარული. განსაკუთრებით ქართველ კაცს სასწავლი აქვს ახლიდან – რა არის ქალის სიყვარული. მას სურს, რომ ფლობდეს ქალს და ამიტომაც განქორწინებული კაციც რაღაცას აღიქვამს ისე, როგორც თალიბანი, რომ ეს არის თითქოს ღირსების შელახვა. თალიბანს უფრო ვენათესავებით  ჩვენ დღეს, ვიდრე ქრისტიანულ კულტურას.

ღირსების დაცვაზე გამახსენდა: ირანში გოგო დაშორდა ქმარს და წავიდა თურქეთში. ეს ქალი მისმა მამამ და ძმამ შეიტყუა უკან, მის ქმარს რომ თავი მოეჭრა მისთვის. ეს მამაკაცი დადიოდა მერე ამ ქალის მოჭრილი თავით ხელში, მას მიაჩნდა, რომ ღირსება დაიცვა.

ჩვენ გვაქვს დაახლოებით იგივე სიტუაცია, რაც ირანში იმ კუთხით, რომ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს აქვს გააზრებული ეს პრობლემები. კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება მთლიანი სურათის შესაცვლელად არ არის საკმარისი. თვალხილულად ჩანს, რომ მრევლი თბილისში, მაგალითად, შემცირებულია – წინათ პატრიარქის წირვებზე ხალხი ტაძრის გარეთაც იდგა, თუმცა ეკლესიას ამაზე არ აქვს სწორება – მთავარია, რომ პოლიტიკურ მეინსტრიმში დარჩეს, უმრავლესობას მოსწონდეს.

ჩვენთან გოროზი პატრიარქალურობა დამკვიდრდა და ახალ სამყაროში ქართველმა კაცებმა თავიანთი თავი ვერ იპოვეს. ქალებმა შედარებით აუღეს ალღო გამოწვევებს, უცხოეთში გაიქცნენ, კაცების უმრავლესობა კი, ფუნქციადაკარგულია… ქვეყნის ეკონომიკაც მათ ვერაფერს სთავაზობს.

ამ დროს საპატრიარქოს ცვლილება არ აწყობს, რადგან  შიში აქვს: თუკი საპატრიარქო თანასწორობაზე დაიწყებს საუბარს, ალბათ მთელი ეს ხორხოცა, ცეხავიკი ბიზნესმენები აღარ აჩუქებენ ფულს, მანქანებს. ჩვენი ბიზნესმენების ცოლები სადმე გინახავთ? მათ ჰყავთ 4-5 საყვარელი და ცოლი სახლში გამოკეტილი.

საპატრიარქოს რეიტინგიც სატყუარასავითაა – მას იმიტომ აქვს რეიტინგი, რომ აქვს გავლენა. თუ ის დაკარგავს ამ გავლენას, ბიზნესმენები, ბატონი ჩხარტიშვილის თამადობით, ეტყვიან, წადით თქვენი თანასწორობიანადო.

პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში ეკლესიას, როგორც საზოგადოებრივი საზრისის შემოქმედს, კონკურენტი ამ დრომდე ვერ გამოუჩნდა, ჩვენი მთელი განათლების სისტემა ჩაფლავებულია… გამოსავალი არის ალბათ ის, რომ არ შედრკეს ისევ მედია და კრიტიკული ანალიზი.

რაც კეთდება, შესაძლოა, ზღვაში წვეთია, მაგრამ იყოს, თორემ მერე მართლაც სრულად დაღამდება, როგორც ირანში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: