მთავარი,სიახლეები

კრემლი შესაძლო სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადება – The Insider

21.11.2022 • 1242
კრემლი შესაძლო სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადება – The Insider

მოსკოვის ცენტრში 26 ოქტომბერს სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებული ხალხი გამოჩნდა. დაცვის ფედერალურ სამსახურში განმარტეს, რომ მიმდინარეობდა „ტაქტიკური სწავლება ტერორიზმის საფრთხის განეიტრალებისა და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ობიექტების დასაცავად“.

რუსულმა გამოცემა The Insider-მა გამოარკვია, რომ დაცვის ფედერალური სამსახური გადატრიალებისთვის ემზადება, ეს ტაქტიკური სწავლებები კი მხოლოდ ნაწილია იმ სპეცღონისძიებების, რომელთა გატარებაც მაშინ უნდა დაიწყოს, თუ დაცვის ფედერალური სამსახური საომარ მდგომარეობაზე გადავა.

გამოცემა წერს, რომ მოიპოვა საიდუმლო დოკუმენტი (პროექტი) – „დაცვის ფედერალური სამსახურის ოპერატიული განყოფილების საომარ მდგომარეობაში გადაყვანის მორალურ-ფსიქოლოგიური უზრუნველყოფის გეგმა“.

The Insider-ის ცნობით, სწორედ ოპერატიული განყოფილებაა პასუხისმგებელი კრემლის დაცვაზე და არამხოლოდ პირველი პირების უსაფრთხოებაზე, არამედ დაცვის ფედერალური სამსახურის შიგნით კონტრდაზვერვის ფუნქციასაც ასრულებს.

გამოცემის თანახმად, პროექტი ოთხ ნაწილადაა დაყოფილი:

  • „ღონისძიებები, რომლებიც ტარდება საომარი მდგომარეობის პირობებში გადაყვანამდე, მოსამზადებელ ეტაპზე“;
  • ღონისძიებები, რომლებიც ტარდება საბრძოლო მზადყოფნის გამოცხადებისას – სტატუსი „მომატებული“;
  • ღონისძიებები, რომლებიც ტარდება საბრძოლო მზადყოფნის გამოცხადებისას – სტატუსი „სამხედრო საფრთხე“;
  • ღონისძიებები, რომლებიც ტარდება საბრძოლო მზადყოფნის გამოცხადებისას – სტატუსი „სრული“.

„სამხედრო საფრთხის“ ეტაპზე გათვალისწინებულია „ოპერატიული ინფორმაციის და დავალებების მიცემა დანაყოფებისთვის. ამ ეტაპზე ასევე არ გამოირიცხება მოსკოვიდან კრემლის დაცვის ოფიცრების ოჯახების ევაკუაცია.

„სრული საბრძოლო მზადყოფნის“ პირობებში აუცილებელია „პირადი შემადგენლობისთვის რუსეთის კანონმდებლობის განმარტება საომარ დანაშაულობებზე“, ასევე მუშაობა, „რათა არ დაუშვან პანიკა სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს შორის“.

პროექტში აღნიშნულია, რომ სამხედრო გადატრიალების შემთხვევაში, კრემლის დამცველებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ: საბრძოლო განწყობის დაქვეითება, ჩაკეტილობა, უნდობლობა ხელმძღვანელობის მიმართ და შიშის გრძნობა. საპასუხო ზომების სახით შეთავაზებულია „კონტრჩანერგვა“ „კონტრდარწმუნება“ „ინიციატივის ჩამორთმევა“, „ობიექტის ცვლილება“ და დამაჯერებელი საუბრების ჩატარება ახალგაზრდა თანამშრომლებთან, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ნერვულ-ფსიქიკური არასტაბილურობისკენ.

ფედერალური დაცვის სამსახური ხაზს უსვამს, რომ მტერი ვერაგი და მოხერხებულია და პირველ რიგში ეცდება „პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იმოქმედოს, მოახერხოს მისი მორალური დეზორიენტაცია და მიიყვანოს იქამდე, რომ უარი ათქმევინოს წინააღმდეგობის გაწევაზე“. მთავარ საფრთხეებს შორის დასახელებულია ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, სოციალური ქსელები, წიგნები, ბროშურები და პლაკატები.

გეგმის პროექტში ასევე ხაზგასმულია, რომ უცხო ქვეყნების აგენტებმა შესაძლოა სცადონ და გამოიყენონ საზოგადოებრივი მოძრაობები, არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციებიც კი.

მთავარი ფოტო: The Insider

გადაბეჭდვის წესი


ასევე: