მთავარი,სიახლეები

„არის ხალხი ზევიდან რომ გიყურებს, რაც ვართ, ჩვენ ვართო“ – მძღოლების დამხმარე ბათუმიდან

10.11.2022 •
„არის ხალხი ზევიდან რომ გიყურებს, რაც ვართ, ჩვენ ვართო“ – მძღოლების დამხმარე ბათუმიდან

„ასე თუ გააჩერებ, 50 ლარით დაგაჯარიმებენ, არ შეიძლება“, – ეუბნებოდა 59 წლის გიორგი ჩხეიძე მძღოლს, როცა მას შევხვდით. გიორგი ბოლო 5 წელია, რაც ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ე.წ. „სტაიანშიკად“ მუშაობს. თუმცა მას სიტყვა „სტაიანშიკი“ კატეგორიულად არ მოსწონს:

„რუსულად იძახით „სტაიანშიკიო“ – ეს მაღიზიანებს. „სტაიანშიკი“ რანაირი სათქმელია, თითქოსდა სალანძღავი სიტყვაა. ხომ შეიძლება, ქართულად ბოლოს და ბოლოს [მანქანების] გამჩერებელი ან უბრალოდ მძღოლების დამხმარე დავარქვათ“, – ამბობს გიორგი.

სანამ გიორგი მძღოლების დამხმარედ დაიწყებდა მუშაობას, ბათუმის უნივერმაღში წიგნების მაღაზია ჰქონდა.

„შემდეგ წაგვართვეს, დაშალეს უნივერმაღი და ქუჩაში დავრჩით. იქვე, სარდაფში გავხსენით მაღაზია. მოგვიანებით იქაც სხვა შეასახლა მეპატრონემ და ისევ ქუჩაში დავრჩით,“ – გვიყვება გიორგი.

მერე იყო რკინის შემდუღებელი, კიდევ ბევრ საქმეს მოჰკიდა ხელი, ამბობს, რომ თავდაუზოგავად მუშაობდა, თუმცა საკმარისი ფული არასდროს ჰქონია.

„ახლა მგონია, რომ სხვა საქმეს ხელს აღარ მოვკიდებ, მაგრამ თუ დავბრუნდებოდი, ისევ შემდუღებლად, იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი შრომა ეს იყო. მაგრამ მეტი შედეგი აქ ვნახე, ვიდრე იქ.

შემდუღებლად დიდი დატვირთვით მუშაობ და ვთქვათ, 100 ლარს მოგცემენ დღეში, მაგრამ სახლში რომ მიხვალ, სანამ დაისვენებ, უკვე ადგომის დროა, ძილსაც ვეღარ ასწრებ. რკინის შედუღების საშუალებას მხედველობაც აღარ მაძლევს. მანქანებს ვხედავ“, – გვეუბნება გიორგი.

მისი თქმით, თავის დროზე მეგობარმა სთხოვა, დროებით ჩანაცვლებოდა მძღოლების დამხმარედ.

„შევენაცვლე და ვნახე, რომ აქ უკეთესი იყო, დღეში 20-25 ლარი ფული მქონდა. გემზე წავედი, მოვედი, არაფერი არ მქონდა, თავისუფალი პატიმარი ვიყავი, ვერსად გახვიდოდი. იქ სიარულს აქ ყოფნა ვარჩიე, სახლში მაინც ვიქნებოდი და ჩემს ლოგინში დავიძინებდი.

ვინც ჩავანაცვლე, გამოჯანმრთელების შემდეგ არ უთქვამს ჩემთვის წადიო. ხან მას ვეხმარები, ხან ის მეხმარება,“ – გვიყვება გიორგი.

მას ამ საქმით გამომუშავებული მაქსიმალური თანხა დღეში 50-60 ლარი ახსენდება, ეს მხოლოდ ახალი წლის დღეებში.

„აქ ჩვენ ნებაყოფლობით ვართ. ფულს არ ვითხოვთ. ჩვენს შრომას შეაფასებს მძღოლი და რასაც მოგცემს, კმაყოფილი უნდა იყო. ზოგს მეტი აქვს – მეტს მოგცემს, ზოგი – ნაკლებს, ზოგი საერთოდ არ მოგცემს. ზოგს არ აქვს, მაგრამ იმითაც კმაყოფილი უნდა იყო, რომ აკეთებ საქმეს, რითაც ხალხს რაღაცაში არგიხარ. ვიღაცისთვის საჭირო ხარ და აბა, ამ სიბერეში მეტი რაღა ვქნა?!

აი, ხომ არის უბრალო ხალხი. უბრალო ხალხი უფრო გულალალია. არის ხალხი, მდიდრული მანქანებით რომ მოდიან და რაც ვართ, ჩვენ ვართო – ზევიდან გიყურებს. მატლი რომ ჰგონიხარ, გესმით? რატომ არიან აქო – ჩვენზე ფიქრობენ და ჰგონიათ, რომ ჩვენ ვაბინძურებთ ჰაერს.

შენ კაცს დიდ საქმეს არაფერს უკეთებ, მაგრამ ტკბილ სიტყვას რომ გეტყვის, ამითაც კმაყოფილდები. როცა რაღაცნაირად არ დაგაფასებს, სხვა თვალებით შემოგხედავს … ეუბნები, რომ ასე დაგაჯარიმებენ, არ გინდა, შემოტრიალდი, დადექი ასე და ისე შემოგხედავს, მიხვდები რაც იფიქრა და გეწყინება, ხომ?!

ხანდახან კონფლიქტებიცაა – „შენ უნდა შეგეკითხო როგორ გავჩერდე?“ კი ბატონო, მე კი არ უნდა შემეკითხო, გაჩერდი, მაგრამ ხომ უნდა იფიქრო იმაზე, რომ შენ რომ გაჩერდი, შენ გარდა სხვასაც უნდა გაჩერება და ერთი მანქანით რომ სამი დასაპარკინგებელი ადგილი დაბლოკე, ამას გეუბნები. ყველას შენ უნდა დაუღუნო თავი, კლიენტი ყოველთვის მართალიაო – ნათქვამია, მაგრამ ყოველთვის მართალი არ არის, ხომ?!“ – ამბობს გიორგი.

გიორგის თქმით, მძღოლების დამხმარეები უფრო დატვირთული საღამოს 5 საათიდან არიან.

გიორგი ქედიდანაა. მას შემდეგ ცხოვრობს ბათუმში, რაც სკოლა დაამთავრა. ამბობს, რომ ახლა ცხოვრება ბათუმში სულ სხვანაირია.

„ქალაქში ვითომ აკეთებენ რაღაცას, ვითომ ყველაფერი კარგად კეთდება. ამ დროს კი ამხელა შენობები შენდება და ერთხელ თუ გინახავთ სადმე დიდი კანალიზაცია გაეჭრათ?! ხვალ და ზეგ ამდენი შენობის ჩამონადენი სად უნდა წავიდეს, მითხრით?!

ამხელა შენობები რომ დადგეს, ზღვისპირი გადაკეტეს ქალაქში. გახედავ, ქუჩის თავში უზარმაზარი შენობა დგას. ვეღარ ნიავდება ქუჩა.

ამ შენობების ფონზე ეს ელექტრომობილებიც რომ არ იყოს, საერთოდ ვეღარ ისუნთქებ ზამთარში ამ ქალაქში. ხალხი დაზოგვის გულისთვისაც ყიდულობს ალბათ მაგ მანქანას. ნამდვილად მეტად ეკოლოგიურია და თან უხმაურო, გეგონება, ქარის შრიალის ხმას გამოსცემს. დანარჩენი, ხომ გესმით, როგორი ხმაურია.

რომ დავწვები, თითქოს თავში მრიცხველია ჩართული, ღამითაც მესმის მანქანების ხმა,“ – ამბობს გიორგი.

მას ავტომანქანის საყვირის ხმა არ უყვარს, ფიქრობს, რომ სასწრაფოს დახმარების მანქანის ხმაც კი ხალხს პანიკაში აგდებს. ისე უნდა იყოს, რომ სასწრაფოსაც არ დასჭირდეს სიგნალით გადაადგილებაო – ამბობს.

„ახალგაზრდებს რა ენაღვლებათ, წინ აქვთ ცხოვრება და სულ არ ფიქრობენ სიკვდილზე, მაგრამ, კაცს, რომელიც სიცოცხლის ბოლო წვიმას უახლოვდები, ბევრი გაიარე და ცოტა გრჩება უკვე, გაფრთხობს ეს პატარა სიგნალიც. გგონია, რომ მორჩა, მოვიდა მიქელ გაბრიელი“, – გვეუბნება გიორგი.

სეზონურ სამუშაოებზეც ყოფილა, თურქეთში გადადიოდა თხილისა და ჩაის მოსაკრეფად, მაგრამ იქაურ 90 ლარს, აქ აღებული 10 ლარი მირჩევნიაო – ამბობს.

მარტივი შესამჩნევია, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე გიორგის უკვე ბევრი მძღოლი იცნობს. მუშაობს ყოველდღე, წვიმაშიც, ქარშიც.

„კაცს ცუდ ამინდში უნდა მომსახურება და გვერდში დგომა, თორემ კარგ ამინდში მარტოც ყველაფერს გააკეთებს. რა თქმა უნდა, მარტო დგომაც დამღლელია. ჩვენ საღამომდე ვდგავართ და მიხვდებით, რა დღეშიცაა ფეხები საღამოს“.

გიორგის ოჯახში დედა, მეუღლე და შვილები ჰყავს. პროდუქტზე გაზრდილი ფასები ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აწუხებს:

„მაღაზიაში რომ ახლა შეხვიდე და გამოხვიდე, 30 ლარი საკმარისი არაფერშია. ცელოფანს აიღებ, მიდიხარ და იცინი, რა ვიყიდე ახლაო. არაფერი, მთელი დღის ნამუშევარი დამთავრებულა და რას იყიდი – პური, რძე ან ყველი, მაგრამ ყველზე და ხორცზე ხომ იცით, ზედმეტია საუბარი“.

ის ჩვენთან საუბრისას თავის გამოცდილებასაც იხსენებს, როცა უფასო სამედიცინო გამოკვლევით ისარგებლა და ყველაფერი რიგზეაო, უთხრეს: „მერე, ფული რომ გადავიხადე გამოკვლევაში, 1000 რაღაც აღმომაჩნდა. უფასო სამედიცინო მომსახურებებს გულისყურით არ უდგებიან,“ – წუხს გიორგი.

ჩვენთან საუბრისას გიორგის მძღოლი ეძახის, იქნებ ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილი გამომინახოო. გიორგი ადგილს ათვალიერებს, ყველა ადგილი დაკავებულიაო – პასუხობს.

– „ვიცი, გამონახავ სადმე,“ – არ ნებდება მძღოლი.

– „მანქანას ხომ ვერ ავიღებ და გადავდგამ?!“ – იცინის გიორგი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: