მთავარი,სიახლეები

ქმარი ფიზიკურად ძალადობდა ჩემზე, თვალი მან დამიზიანა – მარტოხელა ქალი

08.11.2022 • 40536
ქმარი ფიზიკურად ძალადობდა ჩემზე, თვალი მან დამიზიანა – მარტოხელა ქალი

„ზოგჯერ პურს ვასხამ ცხელ წყალს და მაგით ვერევი შიმშილს… ზამთარი მოდის, ისევ უნდა გადავიტანო სიცივე გათბობის გარეშე ფაცხაში, რომელიც ჩემი არ არის,“ – ამბობს ნადიკო ცეცხლაძე. ის 61 წლისაა და ბათუმში, კახაბრის დასახლებაში ცხოვრობს.

„მცემდა ქმარი, ვერ მოვდიოდი ოჯახიდან და მაშინ წამოვედი, როცა თივის „ვილკა“ გამიყარა ყელში… ქუჩაში დავრჩი, ეს იყო 28 წლის წინ,“ – გვიყვება მარტოხელა ქალი.

  • „სასადილოსთან მისვლამდე ხშირად ვსველდები, გადაადგილება მიჭირს…“ – მარტოხელა ქალის ამბავი 

კახაბრის დასახლებაში, კერძო სახლებს შორის ჩიხში შევდივართ – ნადიკო გარეთ გვხდება და გვაჩვენებს, გარედანაც როგორი საგრძნობია, ფიცრულ, პატარა სახლში სიცივეს რომ ვერაფერი დააკავებს, როგორ აწვიმს და ათოვს.

მარტოხელა ქალს მეორე სართულზე ავყავართ ვიწრო, მოუხერხებელი კიბით. ის თან გვიყვება, როგორ იყიდა ქუჩაში დარჩენილმა პატარა ქოხი დაახლოებით 15 წლის წინ 300 ლარად. ფიცრული სახლი, რაც შემდეგ ქალმა მოაწყო, მისი საკუთრება ამ დრომდე არ არის.

ნადიკო ცეცხლაძის სახლი

ფიცრულს ერთი შეხედვითაც ეტყობა, სხვადასხვა მორჩენილი ნივთისგან რომ არის ნაშენები. ნადიკო სავარძლის კუთხეში ჯდება და, პირველ რიგში, იმას აღწერს, რატომ რჩება ხშირად მშიერი, როცა უფასო სასადილოთი სარგებლობს.

„აქედან ჯერ უნდა გავიდე ავტობუსის მოსაცდელთან, ხერხემალი მაწუხებს, ძვლები მტკივა, გადაადგილება მიჭირს…“ – გვიყვება ნადიკო ცეცხლაძე, – „ამ ავტობუსში სულ ხალხია, არასდროს არაა თავისუფალი ადგილი. ხშირად ფეხზე ვრჩები, არავინ მითმობს ადგილს, ხალხში აჭყლეტილი ავდივარ და აჭყლეტილი ჩამოვდივარ.

ავტობუსსაც ნახევარი საათი უნდა ელოდო… ხელვაჩაურის სასადილოთი ვსარგებლობდი ადრე, მაგრამ აქ სამი საათი რიგში უნდა იდგე, ნახევარი პური რომ მოგიწიოს. „ოცნების ქალაქის“ ხალხი სულ მაქ დადის და ამიტომ ბათუმში ჩავდივარ, ჯავახიშვილზე… ხშირად ვსველდები. სახლში ვბრუნდები და გათბობაც არ მაქვს, მეზობლების კომუნალურებზე ვარ, რას ჩავრთავ?

ნადიკო ცეცხლაძე

სასადილოში ნახევარ პურს გვაძლევენ დღეში, არ მყოფნის, რა ვქნა?

მე ის მერჩივნა, პანდემიის დროს რომ საკვებ პროდუქტებს გვირიგებდნენ, ჩემს ჭკუაზე ვაკეთებდი, როგორც მინდოდა და დიდხანს მყოფნიდა. ახლა გაკეთებულ საჭმელს, რაც სასადილოდან მომაქვს, იმას ხომ არ დავამატებ წყალს? ყველა დღე ვერ ვახერხებ მისვლას სასადილომდე…“, – გვითხრა ნადიკო ცეცხლაძემ.

მარტოხელა ქალის თქმით, მას პენსია და შემწეობა მედიკამენტებში არ ჰყოფნის, საჭმლის ფული კი, აღარ რჩება.

„კვირაში ერთხელ მაინც რომ ვიყიდო რომელიმე ხილი, თუნდაც ნახევარი კილო, ვერ მოვირჩინე ამის ფული,“ – დასძინა მან.

ნადიკო ცეცხლაძე ყოველთვიურად პენსიას იღებს 260 ლარს, რასაც სოციალური შემწეობა ემატება – 60 ლარი. ის შეშით მომარაგების პროგრამაში არ ჩართეს და ვერც სახურავის შეკეთება დაუფინანსეს.

„შეშა რომც მომიტანონ, სად დავდგა ღუმელი, არ ვიცი, აქ ქარს რა გააჩერებს, რა გაათბობს ამ სახლს?“ – კითხულობს ნადიკო და კედლებს შორის ღია ღრიჭოებისკენ მიგვითითებს.

„სახურავსაც ვერ მოგცემთ, არაა თქვენი საკუთრებაო,“ – ამბობს ნადიკო ცეცხლაძე და მედიკამენტების პარკს გვაჩვენებს, მათ შორის, იმ წამლებს, უფასოდ რომ მისცეს.

„აი, ეს სამი წამალია მხოლოდ უფასო, წნევის წამლებია, დანარჩენი კი, ყველა ძალიან ძვირია,“ – გვიყვება მარტოხელა ქალი და თან გვიხსნის, შემოსავლები სრულად რომ არ ჰყოფნის ყველა იმ მედიკამენტის შეძენას, რაც ექიმებმა გამოუწერეს.

  • „ბევრი წელი ვითმინე ძალადობა, მერე თივის „ვილკა“ რომ გამიყარა ყელში წამოვედი…“  

ნადიკო ცეცხლაძე ამბობს, რომ ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი წლების განმავლობაში იყო ქმრისგან.

„მეუბნებოდნენ, რომ ამას უნდა შევგუებოდი, რომ ის ჩემი ქმარია და ქალი უკან ვეღარ დავბრუნდებოდი ვერსად,“ –  წარსულის გახსენებაც ვთხოვეთ მარტოხელა ქალს. ნადიკო ცეცხლაძე მოგვიყვა, როგორ დარჩა ახალგაზრდა ქალი სრულიად მარტო.

ბათუმში ჩამოსვლამდე ნადიკო ცეცხლაძე ხულოს ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა.

„ორჯერ გავიქეცი შვილებით დედასთან, შემიფარე-მეთქი, ნაცემი ვიყავი, მაგრამ რამდენიმე დღეში ისევ უკან დამაბრუნეს. ჩემი ყოფილი ქმარი პერიოდულად ცუდად ხდებოდა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და უმიზეზოდ იწყებდა ჩხუბს… სცემდა ბავშვებს, დედამისსაც. მერვეკლასელი იყო უკვე უფროსი შვილი ოჯახიდან რომ წავედი, იმ დღეს თივის „ვილკა“ გამიყარა ყელში და მივხვდი, რომ საშველი აღარ იყო.

თვალიც მაშინ დამიზიანდა ისე, რომ ამ დრომდე ვმკურნალობ.

ბათუმში ჩამოვედი, მაგრამ არ ვიცოდი, სად მივდიოდი. უნდა დავმალოდი ყველას. დავრჩი ქუჩაში მარტო, ბათუმის ავტოსადგურში დავდექი ბოძთან და ავტირდი,“ – გვიყვება ნადიკო.

მარტოხელა ქალს ახსენდება ერთი ქალი, მოულოდნელად მისი შეფარება რომ გადაწყვიტა.

„თურმე, ისიც ნაქირავებში ცხოვრობდა, მასთან წამიყვანა,“ – თხრობას განაგრძობს ნადიკო. – „მითხრა, რომ არ უნდა შემეშინდეს, მისი ქმარი ციხეში იყო, ორი გოგო ჰყავდა და ბავშვების საწოლი მე დამითმო, ბავშვი ერთი შენ დაიწვინე, მეორეს – მეო.

20 დღე შემიფარა იმ კეთილმა ქალმა. მერე ბოსტნეულით ვაჭრობა დავიწყე ავტოსადგურთან მოწყობილ პატარა დახლზე, კარტოფილს ვყიდდი და ბინაც ჩემით ვიქირავე, მაშინ 15 მანეთს ვიხდიდი თვეში, მაგრამ როგორი პატარა ოთახი იყო, იცით? – გვერდულად უნდა შესულიყავი ოთახში… „ხაზეიკას“ შევეცოდე და საწოლის თავზე მიმიჭედა თარო, ერთი ჭიქა და თეფში რომ შემომედგა.

დღისით ვვაჭრობდი და კარტოფილის „პერაშკს“ ვჭამდი. „პერაშკს“ ერთი ქალი აცხობდა, მალვინა ერქვა და ხელით დაატარებდა ცხელ-ცხელს. როცა ფული არ მქონდა, ნისიადაც მაძლევდა ორ-ორ ცალს. კარგი ქალი იყო, მალვინა, მხიარული…“ – იხსენებს ნადიკო.

ერთ დღესაც დახლთან მდგომ ნადიკოს დაუნახავს, რომ მალვინასთან ერთად მისკენ თავისი დედაც მოდიოდა.

„თურმე მეძებდა დედა,“ – ცრემლს იწმენდს მარტოხელა ქალი და პაუზის შემდეგ განაგრძობს, – „სიზმარი უნახავს დედას იმ დღეებში, მღვრიე წყალს მიჰყავდიო. იცოდა, ქმარი რომ მცემდა, ინერვიულა და წამოსულა ჩემ სანახავად ჩემი ქმრის სოფელში.

დედამთილს უსაყვედურია, სად წაიყვანე კი მაგრამ ჩემი რძალიო, არ იჯერებდა, რომ მე მარტო წამოვედი სახლიდან და დედაჩემმაც არაფერი იცოდა.

დედაც ავტობუსით ჩამოვიდა და დამიწყო ძებნა. ყველასთვის უკითხავს, ჩემი გოგო ხომ არ გინახავთ სადმე, ლამაზი თვალები აქვს და გრძელი თმაო. მერე ამ ჩემს მალვინას არ შეხვედრია? წამოდი, მე გაჩვენებ თქვენს გოგოსო – უთქვამს მალვინას.

ნახე, როგორი საჩუქარი გაგიკეთეო, შორიდან მომესმა იმ დღეს მალვინას ხმა: დახლთან ვიდექი, კარტოფილს ვყიდდი. მალვინას გვერდით ჩემი დედა იდგა.

სული რომ მოვითქვი, ვუთხარი დედას, რომ ვეღარ დავბრუნდებოდი ქმრის ოჯახში, გთხოვ, არ დამავალო ეს-მეთქი.

მერე ის ჩემს ნაქირავებ ბინაშიც წამოვიდა, ვაიმე, ეს როგორ ჩავარდნილა იატაკიო, როგორი ნესტია, აქ როგორ იქნებიო… ეს მითხრა წასვლამდე.

„დედაჩემი გუშინ დავკრძალეთ,“ – დაასრულა ნადიკო ცეცხლაძემ და თან გარდაცვლილი მამის სურათი გვაჩვენა – ის ავარიით დაღუპულა, როცა ნადიკო ბავშვი იყო.

  • „ჩათვალეს, რომ უნდა მომკვდარიყავი მოძალადესთან, ეს ჯობდა“ – როგორ გახდა 2  შვილის დედა მარტოხელა ქალი? 

„ჩემს ბიჭს ოთხი შვილი ჰყავს ახლა და მამამისს უვლის. ძალიან უჭირთ, სოფელში არიან, შეიძლება წლები გავიდეს და ვერ ვნახო. გოგოს მძიმე დაავადება აქვს, მის თავსაც ვერ შველის…,“ – ნადიკოს აქვს სათქმელი საზოგადოებისთვის, რომელიც ზოგჯერ მოძალადეზე ბევრად სასტიკია.

მარტოხელა ქალს ეტყობა, რამდენი აქვს ნაფიქრი განსაკუთრებით ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რასაც მსხვერპლი ამ დრომდე განიცდის. ნადიკომ ახლა ზუსტად იცის, რა როლი აქვს მხარდაჭერას მსხვერპლისთვის, რაც მას ყველაზე მეტად დააკლდა.

ხალხისგანაც იმავეს ვგრძნობ: როცა ერთად ვართ, სადმე სატირალში, მაგალითად, სად ჩემი და სად ჩემი დის ფასი, რომელსაც ოჯახი აქვს?“ – კითხულობს ნადიკო ცეცხლაძე და არ ელის პასუხს. იცის, რომ საზოგადოების ეს დაკვეთა უსამართლოა.

დამშვიდობებამდე მას თავშესაფარზეც ვკითხეთ:

„არ მაქვს ჯერ გადაწყვეტილი, უნდა მოვიკითხო, ასე თუ ვიქნები იქაც მშიერი და უწამლო, არ ვიცი. იქაც თუ ატირებული უნდა ვიყო…“ – წინადადების დასრულება უჭირს მარტოხელა ქალს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: