მთავარი,სიახლეები

რუსებმა უკვე უკრაინის ელექტროსადგურების 30% გაანადგურეს – ზელენსკი

18.10.2022
რუსებმა უკვე უკრაინის ელექტროსადგურების 30% გაანადგურეს – ზელენსკი

რუსეთის თითქმის ერთკვირიანი სარაკეტო და საავიაციო შეტევების შედეგად, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის ელექტროსადგურების მესამედი უკვე განადგურდა.

„რუსეთის ტერორისტული თავდასხმების კიდევ ერთი სახეობა: მიმართულია ენერგო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. 10 ოქტომბრის შემდეგ უკრაინის ელექტროსადგურების 30% განადგურდა, რის გამოც მთელ ქვეყანაში ელექტროენერგიის მასობრივი გამორთვებია“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე და დასძენს, რომ პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებებისთვის უბრალოდ „სივრცე აღარ რჩება“.

დღესვე უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ თუ რუსეთი ენერგოობიექტებზე დარტყმას გააგრძელებს, უკრაინის რაიონებში შესაძლოა ელექტროენერგიის რეგულარული გამორთვები დაიწყოს.

„უახლოეს მომავალში მძიმე დროება გველოდება, ამიტომაც ყველაფრისთვის უნდა მოვემზადოთ. პირველ რიგში, ელექტროენერგიის ეკონომიისთვის – შესაძლებელია, დაიწყოს ელექტროენერგიის მონაცვლეობით გამორთვა. ჩვენ გვესმის, რომ რუსებს ასეთი მიზანი აქვთ – დააშინონ მოსახლეობა, დატოვონ ენერგომომარაგების, წყლისა და გათბობის გარეშე, ამიტომაც ყველა უნდა მოვემზადოთ მძიმე ზამთრისთვის“, – განაცხადეს ზელენსკის ოფისში.

უკრაინული მედიის ცნობით, 18 ოქტომბრის დილას რუსეთმა სერიოზული დარტყმა მიაყენა დნეპრის ენერგოსისტემას. დაზიანდა ენერგოინფრასტრუქტურა კიევსა და ჟიტომირში. აფეთქებები იყო ხარკოვსა და კრივოი როგშიც.

რუსეთმა სარაკეტო და საავიაციო შეტევა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე 10 ოქტომბერს დაიწყო. მას შემდეგ რამდენჯერმე დაიბომბა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები.

ერთ-ერთი მასშტაბური თავდასხმა 17 ოქტომბერს მოხდა. უკრაინის ხელისუფლებისა და მედიის ცნობით, რუსეთის არმიამ „შაჰედებით“ დაბომბა კიევი და კიდევ რამდენიმე ქალაქი. დედაქალაქში ერთი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დღეს განახლებული ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი.

უკრაინის ქალაქების ინტენსიური დაბომბვის ფონზე პოლონეთში ლტოლვილთა ახალ ნაკადს ელოდებიან. პოლონეთის ხელისუფლების ვარაუდით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად მათ ქვეყანაში შესაძლოა თავშესაფარი დაახლოებით 800 ათასმა უკრაინელმა ეძებოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: