მთავარი,სიახლეები

მშიშრები და ხელმოცარულები ძლიერ ერს ვერ გატეხენ – ერმაკი დაბომბვაზე

18.10.2022 • 830
მშიშრები და ხელმოცარულები ძლიერ ერს ვერ გატეხენ – ერმაკი დაბომბვაზე

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ჯარებმა დღეს კიდევ ერთხელ დაბომბეს უკრაინის ქალაქები და შეტევა მიიტანეს კიევის ენერგოინფრასტრუქტურაზე.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა სარაკეტო შეტევას უკრაინელთა დაშინების მცდელობა უწოდა.

„ტერორისტები რუსეთიდან განაგრძობენ გულუბრყვილო მცდელობას, შეგვაშინონ და გაგვტეხონ. იმედი აქვთ, რომ გაყინავენ უკრაინელებს, დენისა და სითბოს გარეშე დატოვებენ, მაგრამ ეს გულუბრყვილობაა, რადგან ხელმოცარულებსა და მშიშრებს ძლიერი ერის გატეხა არ შეუძლიათ,“ – წერს ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ტელეგრამზე.

მისი თქმით, ადრე თუ გვიან რუსეთს ყველაფერზე პასუხისგება მოუწევს.

„ყველაფრისთვის გადახდა მოუწევთ. როგორც ისტორია აჩვენებს, ორმაგად და ზოგჯერ სამმაგადაც კი. 78 წლის წინ ზოგიერთი ამავე სცენარით მოქმედებდა – ეს იყო აგონია, ისეთივე, როგორიც ახლა რუსეთს აქვს. მერე რაც მოხდა – ყველას ახსოვს. რა დაემართება რუსეთს შემდეგში – ესეც უკვე იოლი მისახვედრია“.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დღეს დილით კიევში კვლავ აფეთქებების ხმა ისმოდა. აფეთქებები იყო ხარკოვში, კრივოი როგსა და დნეპრშიც. ერმაკის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ დაადასტურა, რომ რუსეთის არმიამ შეუტია ჟიტომირის ენერგომომარაგების ქსელსაც.

რუსეთმა სარაკეტო და საავიაციო შეტევა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე 10 ოქტომბერს დაიწყო. მას შემდეგ რამდენჯერმე დაიბომბა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები.

ბოლო თავდასხმა გუშინ, 17 ოქტომბერს მოხდა. უკრაინის ხელისუფლებისა და მედიის ცნობით, რუსეთის არმიამ „შაჰედებით“ დაბომბა კიევი და კიდევ რამდენიმე ქალაქი. დედაქალაქში რაკეტა საცხოვრებელ კორპუსსაც მოხვდა, პირველადი ინფორმაციით, დაიღუპა 4 ადამიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: