მთავარი,სიახლეები

მედვედევი ისრაელს აფრთხილებს: უკრაინისთვის იარაღის მიწოდება წინდაუხედაობა იქნება

17.10.2022 • 1152
მედვედევი ისრაელს აფრთხილებს: უკრაინისთვის იარაღის მიწოდება წინდაუხედაობა იქნება

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ისრაელს აფრთხილებს. მისი თქმით, ისრაელის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება „წინდაუხედავი ნაბიჯი იქნება“.

„ისრაელი თითქოს აპირებს კიევის რეჟიმს იარაღი მიაწოდოს. ძალიან წინდაუხედავი ნაბიჯია. ეს ჩვენს ქვეყნებს შორის საერთაშორისო ურთიერთობებს დაანგრევს,“ – წერს მედვედევი ტელეგრამზე და დასძენს, რომ „ბანდერელებისთვის“ სამხედრო დახმარებით, ისრაელი ნაცისტებს დაეხმარება, – „ბარემ ბანდერა და შუხევიჩი თავის გმირებად გამოაცხადონ.“

მედვედევის გაფრთხილება ისრაელის დიასპორის მინისტრის, ნახმან შაის გუშინდელ განცხადებას მოჰყვა. შაიმ ტვიტერზე დაწერა, რომ დროა ისრაელმა უკრაინის სამხედრო დახმარება დაიწყოს:

„ამ დილით გავრცელდა ინფორმაცია, ირანი აპირებს ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას რუსეთისთვის. უკვე აღარაა არანაირი ეჭვი, სად უნდა იდგეს ისრაელის სახელმწიფო ამ სისხლიან კონფლიქტში. დადგა დრო, უკრაინამ მიიღოს სამხედრო დახმარება ისევე, როგორც შეერთებული შტატებისა და NATO-ს ქვეყნებისგან იღებს.“

ნახმან შაი თავის პოსტში სავარაუდოდ გულისხმობდა The Washington Post-ის მიერ აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ირანი რუსეთის სამხედრო მხარდაჭერას ზრდის და რუსეთისთვის არამხოლოდ დრონების, არამედ ირანული წარმოების რაკეტების მიწოდებასაც აპირებს.

როგორც The Times of Israel წერს, ისრაელის ხელისუფლებას არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, გეგმავს თუ არა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნას.

გამოცემის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბევრჯერ უსაყვედურა ისრაელის ხელისუფლებას იმის გამო, რომ მისი დახმარება მხოლოდ ჰუმანიტარულ ტვირთს მოიცავს.

„ისრაელს არაფერი მოუცია. არაფერი, ნული“, – უთხრა ზელენსკიმ გასულ თვეში ფრანგულ TV5Monde-ს. – „მე მესმის, რომ მათ რთული ვითარება აქვთ სირიასთან და რუსეთთანაც. მესმის, რომ მათ საკუთარი მიწის დაცვა სჭირდებათ, მაგრამ ჩემი დაზვერვისგან ვიღებ იმ ინფორმაციასაც, რომ ისრაელი აწვდის საჰაერო თავდაცვის სისტემებს სხვა ქვეყნებს. ყიდიან, ექსპორტს აკეთებენ, ამიტომაც ვარ გაოგნებული“.

ამ განცხადებების პარალელურად, გასულ კვირას The New York Times-მა კონფიდენციალურ უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ისრაელი უკრაინას „სადაზვერვო ინფორმაციით“ ეხმარება ირანულ კამიკაძე-დრონებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, უკრაინული წყარო გამოცემას ეუბნება, რომ უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე კერძო კომპანია ისრაელიდან უკრაინელებს რუსეთის სამხედრო პოზიციების სატელიტურ გამოსახულებებსაც აწვდის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: