38 წლის ალექსეი ზინინი საქართველოში ლარსის გავლით რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. რუსეთიდან სამხედრო მობილიზაციას გამოექცა და ახლა ბათუმში ცხოვრობს. ჯერ ზუსტად არ იცის, სად გააგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ ამბობს, რომ პუტინის რუსეთში არ დაბრუნდება.
ალექსეი ზინინს აფხაზეთის, ყირიმის, დონბასის შესახებ ვკითხეთ. მობილიზაციას გამოქცეულმა რუსეთის მოქალაქემ ისაუბრა ასევე საკუთარ დამოკიდებულებებზე: რა იყო მისთვის მობილიზაციის გარდა ყველაზე გაუსაძლისი რუსეთში და როგორ წარმოუდგენია ცვლილებები სამომავლოდ რუსულ საზოგადოებაში.
- ხალხი ჰყვება, რომ ქუჩაში პოლიციელები დგანან მეტროს ამოსასვლელებთან მოსკოვში და ხალხს აკავებენ. ამბობენ, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, ძალით მიჰყავთ ხალხი ომში.
მე ყაზანში ვცხოვრობ, მოსკოვში კი, პატიმრებისთვის განკუთვნილი ბევრი ავტომანქანა დგას ქუჩებში. კი, ყაზანშიც ასეა, თითქმის ყველა ცენტრალურ უბანში დგანან და ეძებენ ხალხს, ვინც პროტესტს გამოხატავს.
ვინმე თუ ომს გააპროტესტებს, მივარდებიან მას ფორმიანი პოლიციელები, მიჰყავთ და ავტომანქანებში კეტავენ, რამდენიმე დღით აპატიმრებენ, გამოუწერენ ჯარიმას და მერე უშვებენ. თუ რამდენჯერმე დაგემართა ასე, მერე ჯარიმები იზრდება ან შენ მიმართ იწყებენ რაიმე სხვა მუხლით დევნას, აღძრავენ საქმეს, შეგიქმნიან პრობლემებს და გაპატიმრებენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია რუსეთში.
- თქვენ მოგივიდათ ომში გაწვევის ცნობა?
ომში გაწვევის საბუთი მიუვიდა მასაც, ვისაც ნაწილობრივი მობილიზაციის წესით არ ეკუთვნოდა ომში წასვლა, ამიტომაც დატოვა ბევრმა რუსეთი. მე, წესით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ მიწევს ომში წასვლა და არ უნდა გამოვეძახებინე არავის, მაგრამ ყველას იძახებენ, არ გაქვს გარანტია, რომ არ გამოგიძახებენ.
შეიძლება დაგაპატიმრონ სოციალურ ქსელში ისეთი სიახლის გაზიარებისთვის, რასაც კრემლი მისთვის არასასურველ, ცრუ ინფორმაციად მიიჩნევს. დაგაპატიმრებენ 20 წლით. ამიტომ ჩუმად ხარ. შენ მიერ გაზიარებული ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება ჩაითვალოს დეზინფორმაციად.
ყველა მივეჩვიეთ ძალიან ფრთხილად ცხოვრებას, ვურთიერთობდით ფრთხილად, არ დავდიოდით საპროტესტო აქციებზე და ვითმენდით. მობილიზაციის დაწყების შემდეგ სასწრაფოდ გამოვიქეცით.
- როგორ ფიქრობთ, თუ ყველა, ვინც სისტემის მოწინააღმდეგეა, გაიქცევა რუსეთიდან, ვინ შეცვლის პუტინის რეჟიმს, ვინ აიღებს ამაზე საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, თუ არა რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებსაც პროტესტი აქვთ?
ჭკვიანი და განათლებული ხალხი გარბის რუსეთიდან, ვინც ფიქრობს და აანალიზებს რაღაცებს. ისინი არ არიან მებრძოლები და სამხედროები, არ არიან მზად, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიონ პუტინის რეჟიმს.
რეჟიმის შესაცვლელად კი რუსეთში სწორედ შეიარაღებული პროტესტია საჭირო, რადგან ჩვეულებრივი მშვიდობიანი პროტესტი უშედეგოა. აქციას შლიან და მონაწილეებს აკავებენ.
რეჟიმის შეცვლა ამ პირობებში შეუძლებელია. მხოლოდ 10- 20%-ს თუ სურს რაიმეს შეცვლა, დანარჩენს პროტესტი არ აქვს.
უმრავლესობას აქვს არც ისე კარგი ხელფასი, დილას სამსახურში მიდიან, საღამოს ბრუნდებიან, არ აქვთ ფული, რომ გაიქცნენ რუსეთიდან და იმის დაკარგვისაც ეშინიათ, რაც აქვთ. თუ მათ პოლიცია წაასწრებს პროტესტზე, სამსახურიდან გაათავისუფლებენ.
- თქვენი აზრით, რა შეცვლის მდგომარეობას რუსეთში, რა შეაჩერებს პუტინს?
IT სპეციალისტების უმრავლესობამ, ბევრმა ახალგაზრდამ დატოვა რუსეთი, იქ არაფერი შეიცვლება. სისტემის მოწინააღმდეგე მოქალაქეების 10, 20% ძალიან ცოტაა რეჟიმის შესაცვლელად. ამისთვის საჭიროა ყველა ერთად გამოვიდეს საპროტესტო აქციებზე.
ყველა კი ჯერ არ გამოდის, რადგან სახლში სხედან და სჯერათ იმის, რასაც ტელევიზიები ამბობენ. სჯერათ, რომ პუტინი ჩვენს ქვეყანას იცავს, თუმცა ვისგან, გაუგებარია. რისგან გვიცავს, ვინ დაგვესხა თავს, ამას პუტინი არ ამბობს, არ აქცევს ამას დიდ ყურადღებას.
რეჟიმი შეიცვლება მაშინ, როცა ყველა გამოვა საპროტესტო აქციებზე. ყველა კი მაშინ გამოვა, როცა ძალიან ცუდად იქნება საქმე. შეიძლება სწორედ მობილიზაციამ აგრძნობინოს ყველას თავი ცუდად. თუ პუტინი წააგებს ომს, მას ძალიან გაუჭირდება აუხსნას ხალხს, რატომ შესწირა წაგებულ ომს ამდენი ადამიანი.
- რას ფიქრობთ ყირიმსა და დონბასზე? ვისია ეს ტერიტორიები და მიიჩნევთ თუ არა, რომ ყირიმი და დონბასი რუსეთის მიერ არის ანექსირებული?
სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება, რუსული ტელევიზიები სხვა რამეს ამბობენ, მე მათი არ მჯერა. დამოუკიდებელი მედია სულ სხვა რამეს ამბობს, მე მათი უფრო მჯერა. თუმცა ყირიმის ამბებისას იქ არ ვყოფილვარ, საკუთარი თვალით არაფერი მინახავს და ზუსტად ვერაფერს ვიტყვი.
როცა ყირიმი ავიღეთ, ყველა ზეიმობდა, რომ ყირიმი ჩვენია. კარგი, ვთქვათ, ყირიმი ჩვენია, მაგრამ პირადად მე რაში მჭირდება ეს ყირიმი? იცით, რა ძვირია იქ დასვენება? თუ ყირიმში წავალ, გაცილებით მეტი ფული დამეხარჯება, ვიდრე საქართველოში ან თურქეთში. ასე, რომ ყირიმში დასვენებას ჩემთვის აზრი არ აქვს, შესაბამისად, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ყირიმი ჩვენი იქნება თუ არა.
- გარდა მობილიზაციისა, რამ გადაგაწყვეტინათ ქვეყნიდან წასვლა, რა იყო თქვენთვის რუსეთში გაუსაძლისი?
თუ პუტინი ომს მოიგებს, რუსეთში სანქციები დარჩება, ეს ცალსახაა. სანქციები კი პირადად მე ძალიან მვნებს, ეს სანქციები მაღალ ტექნოლოგიებს და ბევრ სხვა მნიშვნელოვან პროდუქტს არახელმისაწვდომს ხდის რუსეთში. ნელ-ნელა ჩრდილოეთ კორეას დავემსგავსებით.
პირადად მე სწორედ სანქციები მაწუხებს ყველაზე მეტად. ვისაც მეცნიერება და მაღალი ტექნოლოგიები არ აინტერესებს, მისთვის შეიძლება სულერთია ეს ყველაფერი.
ქარხნის ხელოსნების და საშუალო ხელფასზე მომუშავეებისთვის რუსეთში მთავარია ჰქონდეთ მაკარონი, ყოველდღიური საჭმელი და მორჩა. ჩემთვის კი მნიშვნელოვანია Apple-ის მაღაზიები, iPhone-ის ყიდვის შესაძლებლობა და საერთაშორისო კომპანიების მომსახურებაზე წვდომა.
მნიშვნელოვანია ჩემთვის მქონდეს ვიზაბარათების გამოყენების უფლება, რომ უცხოეთიდან პროდუქტის გამოწერა შევძლო. ესაა ჩემთვის მთავარი. ამ ყველაფრის გარეშე კი რუსეთში არაფერი მესაქმება.
მინდა, ომი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს, რომ მოიხსნას სანქციები. თუ პუტინი მოიგებს, სანქციები არ გაუქმდება. ასეთ შემთხვევაში კი, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, ყირიმი და უკრაინა თუ ჩვენი გახდება. ჩემთვის სასარგებლოს ამაში ვერაფერს ვხედავ.
- თუ იცით, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. გსმენიათ რამე აფხაზეთისა და 2008 წლის ომების შესახებ?
საერთოდ არაფერი ვიცი ამ კონფლიქტის შესახებ, მე ამ დროს ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, იყო რაღაც ომი, პუტინმა რაღაც თქვა და მას ყველამ დაუჯერა. მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ პუტინის მიმართ ასეთი ზიზღი, როგორც ახლა, სჯეროდათ რაღაცნაირად მისი. კი, რაღაც მოხდა, ვიცი, მაგრამ რუსეთში ამის გამო რამე მღელვარება ყოფილიყოს აფხაზეთის და 2008 წლის ამბების გამო, არ მახსოვს.
მეც დიდად არ ვინტერესდებოდი ამ ამბებით და ახლა უკვე ვიწყებ გააზრებას, რომ ალბათ იგივე მოხდა აფხაზეთშიც, რაც ყირიმში.
- ორი დღის წინ წითელ მოედანზე უკრაინის ოთხი რეგიონის შეერთება იზეიმა რუსეთმა, ამაზე რას იტყვით?
აქციასა და კონცერტზე მიიყვანეს მასწავლებლები, სამოქალაქო სამოსში გადაცმული სამხედროები, თითქოს ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ, მიიყვანეს წითელ მოედანზე და აიძულეს ტერიტორიების შემოერთება აღენიშნათ.
სინამდვილეში კი, არანაირი დღესასწაული არ ყოფილა და არავის უზეიმია.
ყოველთვის ასე აკეთებენ, მიჰყავთ საჯარო სამსახურებში დასაქმებულები და ძალით აზეიმებენ. ალბათ არის ხალხი, ვინც მართლა ზეიმობს და იმიტომ გადის ნებით წითელ მოედანზე, მაგრამ მათი რაოდენობა ძალიან მცირეა.
ძალით მიჰყავთ სტუდენტებიც, რაზეც ისინი უარს ვერ ამბობენ – შეიძლება უნივერსიტეტებიდან გარიცხონ.
პენსიონერ ბებიებს ურიგებენ 500-500, 1000-1000 რუბლს, რომ დაესწრონ კონცერტს და იქ იდგნენ. უამრავი ვიდეო ვრცელდება ინტერნეტში, სადაც ჩანს, რომ ეს ბებიები ფულს იღებდნენ, ცოტა ხანს იდგნენ და პირველივე შესაძლებლობისას ტოვებდნენ წითელ მოედანს.
- რა პროფესიის ხართ, როგორ აპირებთ ცხოვრებას ბათუმში?
პროგრამისტი ვარ და კომპანიების პროგრამული უზრუნველყოფა შემიძლია. ვმუშაობ დისტანციურად ამერიკული კომპანიისთვის, ხელფასს კრიპტოვალუტით მიხდიან, რომლის განაღდება და დახარჯვაც საქართველოში უპრობლემოდ შემიძლია, როგორც ჩვეულებრივ ტურისტს.
ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, სად ვიცხოვრებ, ერთადერთი უსიამოვნება ის არის, რომ ქირაში უნდა ვიხადო ფული და უნდა ვიპოვო კომფორტული ბინა, ფული უნდა ვხარჯო ბინაში. აქ მომწონს ყოფნა, მაგრამ შეიძლება სადმე სხვაგანაც წავიდე, ჯერ არ გადამიწყვეტია, ზუსტად რას ვიზამ.
- მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის მოქალაქეები ჩვენთან ხშირად ამბობენ, რომ პუტინის რეჟიმის რუსეთში არ დაბრუნდებიან, თქვენ რა შემთხვევაში დაბრუნდებოდით საკუთარ ქვეყანაში?
დავბრუნდებოდი პუტინი თუ არ იქნება. თუმცა ძალიან ცუდი კლიმატია რუსეთში, მე კი უკვე აქ მომწონს, ოქტომბერია და თბილა, რუსეთში ახლა ზამთრის სიცივე დგას. არაკომფორტულია ჩემთვის ასე ხანგრძლივი ზამთარი, ძალიან ცივა, სულ თოვს, ძალიან დიდი საცობებია, ვერ გადაადგილდები ნორმალურად, სულ სახლში ვსხედვართ, აქ კი თბილა, გაისეირნებ ნორმალურად. აქ სჯობს გამოზამთრება და იმედს ვიტოვებ, ამასობაში რეჟიმიც შეიცვლება.
შეიძლება კვიპროსზე ან კოსტა-რიკაზეც წავიდე, ვათვალიერებ ადგილებს, სადაც ზამთარი არაა და სამუდამოდ დავტოვებდი ასეთ შემთხვევაში რუსეთს. ვსწავლობ სხვადასხვა ქვეყნის პირობებს, სად უფრო მარტივია მოქალაქეობის მიღება საბოლოოდ და დამკვიდრება, რომელ ქვეყანას რა პირობები აქვს, ჯერ ეს არ შემისწავლია, ვნახოთ.