განათლება,მთავარი,სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის გამოცდა 1 საათით გახანგრძლივდება – ცვლილება

29.12.2022 • 2510
წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის გამოცდა 1 საათით გახანგრძლივდება – ცვლილება

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის ხანგრძლივობა 5 საათი იქნება. წელს გამოცდის ხანგრძლივობა 4 საათი იყო, რის გამოც პედაგოგები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს მცირეოდენი ცვლილებები იგეგმება პედაგოგებისთვის განკუთვნილ გეოგრაფიისა  და ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგამოცდო ტესტებში.

კერძოდ, გეოგრაფიის მასწავლებლების ტესტში ტოპოგრაფიული რუკის ანალიზის დავალება დაიშლება 1 და 2-ქულიან რამდენიმე კითხვად.

„მასწავლებლებისთვის უფრო კომფორტული გახდება ტესტზე მუშაობა, რადგან მათ აღარ დაურიგდებათ A3-ის ფორმატის ტოპოგრაფიული რუკები, თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი.

რუკის ნაცვლად ამ ფრაგმენტის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა“, – ამბობს ნაეკი.

ცვლილება დაგეგმილია კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის გამოცდის მიმართულებით.

„შეიცვლება გამოცდის სახელწოდება, კერძოდ, „ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლის გამოცდას“ დაერქმევა „კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლის გამოცდა“.

რაც შეეხება საგამოცდო პროგრამას, მასში არსებულ შვიდ საკითხს, დაემატება მერვე თავი – ვიზუალური პროგრამირების საკითხები. ვიზუალური პროგრამირებისთვის შეთავაზებული იქნება პროგრამა Scratch-ის გარემო.

პროგრამაში მოცემული თემატიკა შესაძლოა შევიდეს გამოცდის როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ნაწილში. ტესტის მოცულობა და გამოცდის ხანგრძლივობა უცვლელია“.

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდები წელს პირველად ჩატარდა განსხვავებული ფორმატით.

მენტორის გამოცდას სულ 2 744 წამყვანი მასწავლებელი აბარებდა, თუმცა ბარიერი მხოლოდ 184-მა პედაგოგმა გადალახა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: