„სასწრაფომ საავადმყოფოში გადაყვანა შემომთავაზა, მაგრამ მე უარი ვუთხარი – ფულს ვერ გადავიხდიდი. გონება დავკარგე და მთელი ღამე სისხლი მდიოდა ცხვირიდან,“ – გვიყვება ნინო ხინთიბიძე. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 45 წლის ქალია და ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, 75 წლის დედასთან ერთად ცხოვრობს.
უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ დედა-შვილს სოციალური შემწეობა მოუხსნეს. ისინი უფასოდ ექიმთანაც ვერ მივლენ და ვერც უფასო სასადილოთი სარგებლობენ, სადაც ნინოს თქმით, სანიტარიული პრობლემებია და დისბაქტერიოზი დაემართა.
„არის ისეთი დღეები, როცა საერთოდ მშივრები ვართ,“ – ამბობს ნინო ხინთიბიძე და ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე, მოაჯირის გარეშე დარჩენილ კიბეს მიუყვება. დედა-შვილს სახლში მხოლოდ ორი პატარა ოთახი ეკუთვნის – ნესტიანი, ბზარგაჩენილი კედლებით, ნახევრადჩამოქცეული ბათქაშით და ბევრი ხატით.
ნინოს დედა – ასიე ჯინჭარაძე გაზის ღუმელთან ზის. ის ჯერ არაფერს ამბობს, ხელი უკან მიაქვს და კედელზე მიმაგრებული კარადის კარს აღებს: ორივე თარო მედიკამენტებითაა სავსე.
„რაც სააკაშვილმა აამოქმედა ეს დახმარება, მას შემდეგ ვიღებთ შემწეობას. ახლა მოგვიხსნეს, ვერ გავიგეთ, რატომ? სააგენტოში მითხრეს, რომ პენსიები გაგეზარდათო. რა პენსია გამეზარდა ასეთი, მილიონერი გავხდი? მართლა ისეთები იღებენ დახმარებას, რომლებიც დასაქმებული არიან და ავტომანქანებიც აქვთ,“ – ამბობს ნინო ხინთიბიძე და სამზარეულოში გავყავართ.
„ადრე სასადილოდან მოგვქონდა საჭმელი. იმის გამო, რომ ანტისანიტარიული მდგომარეობა იყო, დამემართა დისბაქტერიოზი, ძალიან ძვირიანი წამლები სჭირდება, დიდი ხანი მკურნალობა, არ მქონდა ამის საშუალება. ისეთი ტკივილები მქონდა მუცელში, ორჯერ გონება დავკარგე,
ბოლოს აღარ ვსარგებლობდით სასადილოთი, წყალი, პური და ჩაი მერჩივნა. ახლა საერთოდ აღარ გვეკუთვნის და ვინ შეგვაყოფინებს ცხვირს სასადილოში.
მაწვნის სუპი გვექნება დღეს სადილად, ახლა მოვამზადე, ორთქლიც კი ასდის… იაფი ესაა და სასარგებლო,“ – გაღიმებას ცდილობს ნინო ხინთიბიძე და სამზარეულოში იმ ნივთებს გვაჩვენებს, რაც „ჩერნოვეცკის ფონდიდან“ და ბათუმის მერიიდან მიუტანეს.
„მერია რომ არ დაგვხმარებოდა, აქ არც კი შემოისვლებოდა, სკამიც არ გვქონდა,“ – სამზარეულოში შემოდის ასიე ჯინჭარაძე და ქურასთან ჩერდება, სადაც კარტოფილით სავსე ტომარაც დევს- „სახურავზეც არჩილ ჩიქოვანი დაგვეხმარა, წყალიც ჩამოდიოდა,“ – ამატებს ის და ოთახის მეორე ნაწილს გვაჩვენებს, სადაც ჭერი ჩამოქცევის პირასაა.
ასიე ჯინჭარაძე გვანიშნებს, სათქმელი მაქვს მეცო.
„ისე აგვიწიეს ქულები, სასწრაფოს ვერ გავატანე შვილი საავადმყოფოში, ვერ გადავიხდიდი, არ გვაქვს საშუალება. ჩვენ ცხოვრების საშუალება არ გვაქვს, რომ ვიარსებოთ და ვიცხოვროთ, ისეთი სისტემაა შექმნილი.
მოვუსმინე ბატონ ირაკლის [ღარიბაშვილი], სიღარიბე უნდა დავძლიოთო. გამიკვირდა. ვიფიქრე, რანაირად უნდა დაძლიოს სიღარიბე, როცა არც ფაბრიკაა, არც წარმოება არ არსებობს. ჩვენ ვართ მსხვერპლი ამ განცხადების. თურმე, გავმდიდრებულვარ და შემოსავალი მაქვს აწეული. თურმე, პენსია მოგვიმატეს. სასაცილოა ეს, სატირალი რომ არ იყოს.
პირველი მედროშე ვიყავი, არჩევნებზე დავდიოდი, მიხაროდა კიდეც და იმედი მქონდა, ვიცავდი „ქართულ ოცნებას“. ივანიშვილზე მქონდა ძალიან დიდი სიმპათია და დიდი იმედი, რომ ეს კაცი ჩვენ, საქართველოს, ჩემისთანა ადამიანებს გვერდში დაუდგებოდა, მაგრამ მე რასაც ვხედავ, ყველაფერი აბსოლუტური სიცრუეა,“ – ასრულებს ასიე ჯინჭარაძე და ისევ სავარძელში ჯდება.
რას შეცვლის ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება? – ვეკითხები სოციალურად დაუცველს.
„არაფერიც არ იქნება, უარესი იქნება, იმიტომ, რომ თავისი ხედვა აქვს. ეს ხედვა არ არის მისაღები… მე ვხედავ კორუფციას, უმუშევრობას, გარიგებებს ვხედავ… ყველა ხომ არ დავტოვებთ საქართველოს და საზღვარგარეთ ხომ არ წავალთ? თავს ატყუებს, თუ ხალხს ატყუებს, თვითონ გაარჩიოს, მარა ხალხს ვერ მოატყუებს,“ – კატეგორიულია პენსიონერი.
ასიე ჯინჭარაძე ახლა მხოლოდ პენსიას იღებს, რაც თვეში 415 ლარია, თუმცა იმის გამო, რომ დედა-შვილი საპენსიო სესხით სარგებლობს, ასიე ჯინჭარაძეს 350 ლარი უწევს.
შშმ პირის პენსია ერგება ნინო ხინთიბიძეს, ის 200 ლარის ნაცვლად, 155 ლარს იღებს.
„საპენსიო სესხი ავიღეთ იმის გამო, რომ აბანო მოგვეწყო, სხვაგან დავდიოდით სიცივეში… შეიძლება, ვინმეს გაუკვირდეს, რატომ არ ვმუშაობ, როცა 45 წლის ვარ, მაგრამ შრომისუუნარო ვარ,“ – სამედიცინო დოკუმენტაციას გვაცნობს ნინო ხინთიბიძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილობით პასუხსაც. სააგენტოს სოცდაუცველ ადამიანებს არ უკონკრეტებს, თუმცა მთავრობის იმ დადგენილებაზე მიუთითებს, რაც ხელფასის, ან „ყველა სხვა ანაზღაურების“ ზრდის გამო შემწეობის შეწყვეტას ითვალისწინებს.
„უნივერსიტეტში პრეზიდენტის სტიპენდიატი ვიყავი, წყლის ბიორესურსები და ეკოლოგიის საფუძვლები მაქვს დამთავრებული და ზოოლოგიის მაგისტრატურა. სანამ შშმ პირი გავხდებოდი, გარემოს დაცვის სამმართველოში ვმუშაობდი 2010 წლამდე.
ახლა ზოგი 20 ლარს მირიცხავს, ზოგი – 30 ლარს. სხვებსაც გაუჭირდა. ფულს ასე რომ არ მირიცხავდნენ, კომუნალურებს ვერ გადავიხდიდი და სიცივეში დავრჩებოდი. სიცივე არ შეგვიძლია მე და დედას, როგორც შიმშილი. თანაც მე ძვლების სისუსტე მაქვს, დედას – ართრიტი.
როცა მშიერი ვრჩებით, მივადგები რომელიმე მეგობარს, ან ფეისბუქის ჯგუფში დავწერ, სადაც ადამიანებს ეხმარებიან. ესეც იგივე მათხოვრობა არაა? ქუჩაში ხელგაწვდილი არ ვდგავარ. მე ალბათ ასეთი, ოფიციალური მათხოვარ ვარ, ინტელიგენტი,“ – გვიყვება ნინო ხინთიბიძე.
ნინო ხინთიბიძე ლექსებს და ნოველებსაც წერს. მეგობრების დახმარებით რამდენიმე კრებულიც დამიბეჭდესო. ასიე ჯინჭარაძე კი დასძენს – ბათუმის მანქანათმშენებელში ბევრი წელი ვმუშაობდი, ვიდრე გაანადგურებდნენო.
„დედას ინფარქტი აქვს გადატანილი, ორივეს დიაბეტი გვაქვს ინსულინდამოკიდებული, მე ასთმა მაქვს, დედას – ქრონიკული ბრონქიტი.
ძალიან მძიმე პირობებში ვცხოვრობდით: სიცივეში, შიმშილში, ცემაში… ეს სახლი სამ ნაწილად გაიყო დეიდაშვილებზე და ჩემზე, გვიწევდა შეხლა-შემოხლა, სასამართლოში იყო საქმე.
სააგენტოში იმ დოკუმენტსაც არ მაძლევდნენ, თუ რის გამო შემიჩერეს დახმარება, ინტერნეტი არ გვაქვსო. საბოლოოდ მომცეს, მაგრამ მანამდე ძალიან ბევრი მარბენინეს. მერე ვუთხარი, ჟურნალისტებს მოვიყვან-მეთქი და უცებ გამოჩნდა ყველაფერი.
პატრონი თუ არ გყავს და ვინმე „ოცნებაში“, პარლამენტში და ზემდგომ ორგანოებში, ესე იგი, უნდა დაიჩაგრო. მე არ მყავს ასეთი არავინ. ამიტომაც, დამჩაგრეს,“ – გვითხრა ნინო ხინთიბიძემ.