რა შემთხვევაში შეიძლება შეეხოს კანონით გათვალისწინებული „ვადამდე გათავისუფლება“, ე.წ. უდოს მექანიზმი სინდისის პატიმრებს? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ერთ-ერთი სინდისის პატიმრის, სტუდენტ ზვიად ცეცხლაძის მამას, ზურაბ ცეცხლაძეს ესაუბრა, რომელიც პროფესიით ადვოკატია.
ზურაბ ცეცხლაძე განმარტავს, რით განსხვავდება ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი შეწყალებისგან და ვინ როგორ განიხილავს პატიმრების საქმეებს.
- ბატონო ზურაბ, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმზე რას ფიქრობთ? დაახლოებით თვე-ნახევარში სასჯელის ნახევარი მოხდილი ექნება ზვიად ცეცხლაძეს და მასაც შეიძლება შეეხოს ეს მექანიზმი.
პირდაპირ გაცხადებული აქვს რეჟიმს, რომ ბრალის აღიარების და მონანიების გარეშე ერთ დღესაც კი არ აპატიებენ სინდისის პატიმრებს. ასე რომ, გამორიცხულია, ჩემი აზრით, ე.წ. უდოს კომისიის გზით გამოუშვან რომელიმე სინდისის პატიმარი.
ჩემი პოზიცია ასეთი იყო და ჩვენი ოჯახების პოზიცია გაცხადებული იყო, რომ კანონით დადგენილი უდო როგორიც არის, მხოლოდ პატიმრის თანხმობით და არა ბრალის აღიარებით ან მონანიებით, ჩვენ თანახმა ვიყავით, რომ სინდისის პატიმრები გამოსულიყვნენ.
პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის აუცილებელია მსჯავრდებულის თანხმობა. სინდისის პატიმრებს, რომლებმაც უკვე მოიხადეს სასჯელის ნახევარი, ისეთი ტექსტი მიაწოდა ციხის ადმინისტრაციამ, რომელსაც თითქოს თანხმობის განცხადება ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში გამოდის, რომ ინანიებენ და აღიარებენ დანაშაულს. მე არ მინახავს ეს განცხადება, კონკრეტულად ტექსტი ციხიდან არ გამოსულა, მაგრამ თქვეს პატიმრებმა, რომ არ მოაწერეს ხელი ამ განცხადებას, რადგან ეს რეალურად თანხმობა კი არა, მონანიებაა.
თანხმობა გულისხმობს მხოლოდ იმის დადასტურებას, რომ მსჯავრდებული თანახმაა, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისმა საბჭომ განიხილოს მისი საქმე.
თანხმობის წერილები რომ არ არსებობს, ამის მიზეზი არის ის ტექსტი, რაზეც ცდილობდა ციხის ადმინისტრაცია ხელი მოეწერათ სინდისის პატიმრებს.
მე როგორც ვიცი, სინდისის პატიმრებს ამ წერილზე ხელი არ მოუწერიათ. შესაბამისად, არც საბჭოს განუხილავს რომელიმე სინდისის პატიმრის საქმე, ვისაც სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი აქვს.
როცა მსჯავრდებულს სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი აქვს, კანონის საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა. ეს არ არის დამოკიდებული მსჯავრდებულის მოთხოვნაზე. კანონის მიხედვით, საბჭო ვალდებულია დაუყოვნებლივ ამოიღოს ეს დოკუმენტები.
- ე.წ. უდოს კომისიამ რომ განიხილოს პატიმრის საქმე, ამისთვის არც ბრალის აღიარებაა საჭირო?
არ არის საჭირო ბრალის აღიარება. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, კონკრეტული მსჯავრდებული სასჯელის მოხდის გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ [ვადები დანაშაულის სიმძიმის მიხედვით კანონითაა განსაზღვრული] და პატიმრის თანხმობის შემთხვევაში, დოკუმენტაცია მიაწოდოს შესაბამის საბჭოს. ამის შემდეგ იწყება ოფიციალური წარმოება.
არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, მაგალითად, როგორია პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა? ხომ არ აქვს მას ადმინისტრაციული გადაცდომები? აქვს თუ არა პრობლემები ადმინისტრაციასთან? როგორია მისი ოჯახური მდგომარეობა? ამ კრიტერიუმების შეჯერებით იღებს საბჭო გადაწყვეტილებას.
ე.წ. უდო იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გამოუშვან პატიმარი ციხიდან. შესაძლებელია პატიმრობა, მაგალითად, შინაპატიმრობით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეიცვალოს.
- რით განსხვავდება პირობით ვადამდე გათავისუფლება შეწყალებისგან?
შეწყალებისგან განსხვავებით, ე.წ. უდოს მექანიზმი მსჯავრდებულზე ვრცელდება ავტომატურ რეჟიმში, როცა მოიხდი სასჯელის ნახევარს. თუ საბჭო იღებს დადებით გადაწყვეტილებას, ის უნდა გათავისუფლდეს სასჯელისგან ან შემსუბუქდეს სასჯელი, მაგალითად, ელექტრონული სამაჯურით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით….
შეწყალება კი პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. პრეზიდენტი იწყალებს არა უდანაშაულოს, არამედ დამნაშავეს და მოიცავს იმას, რომ მსჯავრდებულმა უნდა აღიაროს ბრალი. ამის მიუხედავად, ჩვენ პრაქტიკაში ვნახეთ, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძეს ბრალი არ უღიარებიათ და შეწყალებით გამოუშვეს.
- რაც შეხება ისევ ე.წ. უდოს მექანიზმს, როგორ არჩევენ საბჭოს წევრებს?
ე.წ. უდოს საბჭო ხუთი წევრისგან შედგება: პენიტენციური სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითო წარმომადგენელი, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი სასწავლებლის ორი წარმომადგენელი. საბჭოს წევრები ერთი წლის ვადით ინიშნებიან.
რამდენიმე საბჭო არსებობს პენიტენციურ დაწესებულებების მიხედვით. არსებობს ცალკე საბჭოები ქალი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის.
საბჭო განიხილავს საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშეც.
- ანუ შესაძლოა საბჭო ფიზიკურად არც შეიკრიბოს. რამდენად დამოუკიდებელია ეს საბჭო თავის გადაწყვეტილებებში?
დამოუკიდებლობის ხარისხი, რა თქმა უნდა, ძალიან დაბალია. ძირითადად გადაწყვეტილებები მიიღება გავლენებით, პატრონაჟით, ასევე, არჩევნების მოახლოების შემთხვევაში პირდაპირ პატიმრების ოჯახებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ აი, შეუძლიათ, უდოთი გამოუშვან მისი შვილი, ქმარი, ასე შემდეგ.
ამ გზით საარჩევნო ხმებზე მონადირეებად აქციეს პატიმრების ოჯახები.
ამ ქვეყანაში დარჩა დამოუკიდებელი ინსტიტუტი და ორგანო? შესაბამისად, ისინი ვერ მიიღებენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, რეჟიმის თანამდებობის პირები თავიანთი განცხადებებით პირდაპირ მიანიშნებენ ასეთ სამუშაო ორგანოებს, რაც უნდა გააკეთონ. ზეწოლას ახდენენ გარედან.
წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ სასამართლოს ბრალდებულისთვის მისჯილი ჯერ არა აქვს, გამოდის პრემიერი და ამბობს, რომ ის დამნაშავეა. უდანაშაულობის პრეზუმფცია არ არსებობს ამ ქვეყანაში. ბევრი რამ არ არსებობს. შესაბამისად, არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ქვეყანაში არ არის.
- რა გამოჩნდა თქვენთვის 19 იანვარს, როცა „ოცნების“ პრეზიდენტის შეწყალების აქტს ელოდით?
„ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უბოროტესი და ძალიან ვერაგი ძალაა, რომელმაც ყველა ინსტიტუტი მიითვისა, დამოუკიდებლობა დაუკარგა ყველა ინსტიტუტს და დამოუკიდებლობა დაუკარგა ლამის ქვეყანასაც.
ის, რაც იმ დღეს გააკეთეს, მთელი დღის განმავლობაში აქტი არ გამოაქვეყნეს, ხომ? ეს იყო პირდაპირი მნიშვნელობით ადამიანების წამება, პატიმრების ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც გარეთ ქარში, ბუქში, სიცივეში, ყინვაში იდგნენ, განხორციელდა წამების, არაადამიანობის უპრეცედენტო მაგალითები. მე არ ვგულისხმობ მარტო იმას, რომ მაინცდამაინც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები იყვნენ იქ, სხვა პატიმრების ოჯახის წევრებიც ლამის დილამდე ელოდნენ თავიანთ პატიმრებს.
სიამოვნებდათ იმის დანახვა, როგორ იქნებოდნენ სინდისის პატიმრები და პატიმრების ოჯახის წევრები გარეთ. პირდაპირი მნიშვნელობით და ხაზგასმით ვამბობ – ესენი არიან სადისტები და მანიაკალური აზრებით შეპყრობილი ადამიანები, რომლებსაც სიამოვნებთ სხვისი ტანჯვა და წამება.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აქტის გამოცემიდან დაუყოვნებლივ უნდა გაეთავისუფლებინათ ისინი საპატიმროებიდან და ეს მეორე დღეზე არ უნდა გადასულიყო. ფაქტობრივად, რეჟიმმა გარეთ ხალხი აწამა, ხოლო ციხის შიგნით უკანონო პატიმრობაში ჰყავდათ 12-13 საათის განმავლობაში შეწყალებული და ბრალისგან უკვე გათავისუფლებული პირები. ისინი მსჯავრდებულები აღარ იყვნენ ისე ისხდნენ 12-13 საათი ციხეებში. მსგავსი რამ წინა წლებში, როცა ასობით სხვა პატიმარი შეიწყალეს, არ ყოფილა.






