მთავარი,სიახლეები

ეს არ მოხდება – პესკოვი ზაპოროჟიეს ატომური სადგურიდან რუსების შესაძლო გასვლაზე

28.11.2022 • 1062
ეს არ მოხდება – პესკოვი ზაპოროჟიეს ატომური სადგურიდან რუსების შესაძლო გასვლაზე

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან რუსეთის არმია არავითარ შემთხვევაში არ გავა.

„არაა საჭირო რაღაც ნიშნების ძებნა იქ, სადაც ისინი არ არის და ვერც იქნება,“ – ასე უპასუხა პესკოვმა შეკითხვას იმის შესახებ, ემზადება თუ არა რუსეთის ჯარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად.

პესკოვს ეს შეკითხვა მას შემდეგ დაუსვეს, რაც გუშინ უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ პრეზიდენტმა პიოტრ კოტინმა განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთის არმია ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან გასვლას აპირებდეს.

„ბოლო კვირებში მიღებული ინფორმაციით, გაჩნდა ნიშნები, რომ ისინი შესაძლოა ზაესის დატოვებას აპირებენ და ამისთვის ემზადებიან. პირველ რიგში, ძალიან ბევრი ცნობა ჩნდება რუსულ მედიაში იმაზე, რომ ალბათ, აჯობებდა რუსეთის არმიას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაეტოვებინა და კონტროლი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის გადაეცა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩემოდნებს ალაგებენ, თან ძარცვავენ ყველაფერს, რისი გაძარცვაც შეუძლიათ მოასწრონ,“ – ამბობს კოტინი და დასძენს, რომ „ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გადიან, თუმცა შეიძლება იმის თქმა, რომ ემზადებიან“.

რუსულ საინფორმაციო სივრცეში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესახებ გაჩენილ ცნობებზე დღევანდელ ანგარიშში ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტიც (ISW) წერს. როგორც ანალიტიკოსები მიუთითებენ, რუსეთის საინფორმაციო სივრცეში ნელ-ნელა კარგავენ იმედს, რომ რუსეთისა არმია ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილის შენარჩუნებას შეძლებს.

„რუსმა სამხედრო ბლოგერებმა განაცხადეს, რომ უკრაინის არმია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასაბრუნებლად კონტრშეტევას იწყებს. „ვაგნერთან“ დაკავშირებული ჯგუფები ტვიტერზე აქტიურად მსჯელობენ იმის შესახებ, რომ რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები და დასძენენ, რომ „ამგვარი დისკურსი შესაძლოა მართლაც ქმნიდეს საინფორმაციო წინაპირობებს ზაპოროჟიედან ძალების გაყვანისთვის“.

ზაპოროჟიეს ოლქი უკრაინის იმ ოთხ ოკუპირებულ ოლქს შორისაა, სადაც რუსეთმა ე.წ. რეფერენდუმები ჩაატარა და რუსეთის ნაწილად გამოაცხადა.

რუსეთმა „შეიერთა“ ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები, თუმცა ნოემბრის დასაწყისში, ფაქტობრივად, მომარაგების გარეშე დარჩენილი რუსეთის არმია იძულებული გახდა, ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილი დაეტოვებინა და დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე გადასულიყო.

თავის დროზე ხერსონიდან ჯარების გაყვანასაც მსგავსი საინფორმაციო კამპანია უძღოდა წინ. ომის კვლევის ინსტიტუტი ჯერ კიდევ ოქტომბერში წერდა, რომ თავდაცვითი პოზიციების გამაგრების პარალელურად, კრემლი საინფორმაციო სივრცეს ხერსონში მარცხისთვის ამზადებდა.

მანამდე, აგვისტოს ბოლოდან, მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევა დაიწყო, რუსეთმა ხერსონში თავისი დანაყოფები მაქსიმალურად გააძლიერა, ჩნდებოდა ცნობები, რომ რუსეთის არმია ქალაქის ბრძოლებისთვის ემზადებოდა. მიუხედავად ამისა, 9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ხერსონის დასავლეთი ნაწილიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა, 11 ნოემბერს კი ქალაქში უკრაინის არმია შევიდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: