მთავარი,სიახლეები

კიევში სკვერს ქართული ეროვნული ლეგიონის სახელი მიანიჭეს

24.12.2025
კიევში სკვერს ქართული ეროვნული ლეგიონის სახელი მიანიჭეს

უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ კიევის მერიის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ სკვერს ქართული ეროვნული ლეგიონის სახელი მიენიჭა.

„დღეს ჩვენ მივიღეთ ქალაქ კიევის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სკვერს მიენიჭა სახელწოდება ქართული ეროვნული ლეგიონის Georgian Legion – Грузинський Легіон ქართული ლეგიონი – მოხალისეთა ფორმირების – პატივსაცემად.

მსურს გულწრფელად მადლობა გადავუხადო ქალაქ კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს, ასევე კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატებს, რადგან ეს გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული – „წინააღმდეგ“ არც ერთი ხმა არ ყოფილა.

ასევე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ ინიციატივაში მონაწილეობდა და ყველას, ვინც პატივი მიაგო ქართველი ლეგიონის მებრძოლებს.

ძალიან სიმბოლურია ისიც, რომ ეს სკვერი მდებარეობს ვახტანგ კიკაბიძის სახელობის ქუჩაზე – ადამიანის, რომელსაც გულწრფელად უყვარდა უკრაინა.

ეს ისტორიული მომენტია. იგი დარჩება უკრაინის ისტორიის ფურცლებზე. ეს არის აღიარება იმისა, რომ შევძელით  და დავწერეთ საკუთარი – თუნდაც პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი გვერდი უკრაინის ისტორიაში და ჩვენი ხალხების მეგობრობის ისტორიაში.

ქართველი  მებრძოლები დარჩებიან უკრაინელთა თაობების მეხსიერებაში, როგორც ადამიანები, რომლებიც ყველაზე რთულ დროს უკრაინელი ხალხის გვერდით იდგნენ“, – წერს მამუკა მამულაშვილი ფეისბუქზე.

პოსტი დღეს, 24 დეკემბერს გამოქვეყნდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, არაერთი ქართველი მებრძოლი იბრძვის უკრაინის მხარეს, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

ქართველი მებრძოლების თქმით, ისინი უკრაინაში საქართველოს ინტერესებს იცავენ, რადგან რუსეთი, უკრაინისა და საქართველოს საერთო მტერია.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის 70-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ. მათ შორისაა „ქართული ლეგიონის“ დამაარსებელი მამუკა მამულაშვილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: