მთავარი,სიახლეები

როგორ აღნიშნეს ბათუმში ბელარუსის მოქალაქეებმა დამოუკიდებლობის დღე

28.07.2022 • 1243
როგორ აღნიშნეს ბათუმში ბელარუსის მოქალაქეებმა დამოუკიდებლობის დღე

დღეს, 27 ივლისს ბათუმში შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის წინ ბათუმში მცხოვრებმა ბელარუსის მოქალაქეებმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

ბათუმში ბელარუსის ათასობით მოქალაქე ცხოვრობს. მათი ნაწილი ლუკაშენკოს რეჟიმს გამოექცა საქართველოში. ბელარუსის მოქალაქეები ბათუმში ხშირად მართავენ აქციებს და უერთდებიან უკრაინის სოლიდარობის აქციებსაც.

დამოუკიდებლობის დღე ბელარუსის მთავარი სახელმწიფო დღესასწაულია, რომელიც 1991 წლიდან აღინიშნება.  ამ დღეს მიიღეს დეკლარაცია ბელარუსის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ. თეთრ-წითელი დროშა და გერბი ცხენოსანი მხედრით ბელარუსის სუვერენული, დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიციალურ ატრიბუტებად იქცა.

ბათუმში შეკრებილი აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ლუკაშენკას რეჟიმი თავიდანვე მტრულად იყო განწყობილი ბელარუსის სუვერენიტეტის მიმართ და 1995 წელს ეროვნული გერბი და დროშა საბჭოთა ანალოგებით შეიცვალა.

1996 წლის რეფერენდუმის შემდეგ, რომელსაც „საკონსტიტუციო გადატრიალებასაც“ უწოდებენ, ბელარუსში გაუქმდა დამოუკიდებლობის დღესასწაულიც – იგი საბჭოთა დღესასწაულით, 3 ივლისით ჩანაცვლდა (მინსკის განთავისუფლების დღე), რასაც ბათუმში დღეს შეკრებილი ბელარუსის მოქალაქეები და ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეები დღესასწაულად არ აღიარებენ.

დღეს, 27 ივლისს ბათუმში შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის წინ ბელორუსის მოქალაქეებმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

ტატიანა სუხოდსკაია, ბათუმში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ბელარუსის დამოუკიდებლობის დღედ 27 ივლისს მიიჩნევს:

„ბელარუსში ახლაც ყველაფერი არც ისე მარტივადაა. მაგალითად, გვაქვს ასეთი დამოუკიდებელი, „გაერთიანებული სამოქალაქო პარტია“ (УГП). ამ პარტიის წევრების ძებნაა გამოცხადებული და აკავებენ, დღევანდელ დღეს ნორმალური ბელარუსები ზეიმობენ, ასეთი რამ ხდება ჩვენთან, ეს საშინელებაა. არ ვიცი ამას რა უნდა ეშველოს. ახალი ამბებით გავიგე, რომ ამ პარტიის ახლანდელი თავმჯდომარე დააკავეს“ – ამბობს ტატიანა სუხოდსკაია.

ტატიანა სუხოდსკაია, ბელორუსის მოქალაქე

ანდრეი მილევსკი ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტია. მან გვითხრა, რომ თითქმის ერთი წელია ბათუმში ცხოვრობს:

„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დღე, რომელსაც აღვნიშნავთ, სახელმწიფო დღესასწაული იყო 1996 წლამდე, 1996 წლის რეფერენდუმის შემდეგ კი ეს დღე ჩვეულებრივ დღედ იქცა.

რადიოში ვმუშაობდი, 2021 წლის აგვისტოში ქვეყნის დატოვება მომიხდა, რადგან ერთი დღის განმავლობაში ჩემთან ხუთი სხვადასხვა სპეცსამსახურის თანამშრომელი მოვიდა

საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო მაშინ, სადაც წამოსვლა შეიძლებოდა. ჩემი ოჯახი დარჩა ბელარუსში. ძალიან რთულია ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტად მუშაობა, რადგან შენს მიერ ნათქვამი, სპეცსამსახურების აზრით „რაღაც ისეთი“ ნებისმიერი სიტყვის გამო შეიძლება დაგაპატიმრონ“ – ამბობს ჟურნალისტი.

ანდრეი მილევსკი გვეუბნება, რომ მისი კოლეგა ჟურნალისტი უკვე 500 დღეა პატიმრობაშია და მისთვის ბრალი ჯერ კიდევ არ წარუდგენიათ:

ანდრეი მილევსკი, ბელორუსის მოქალაქე

„ჩემი კოლეგის მსგავსად ახლა ბელარუსის დამოუკიდებელი მედიის 30 თანამშრომელია ციხეში. ჩვენ არც კი ვიცით, რამდენ ხანს ისხდებიან ისინი იქ“ – ამბობს ანდრეი.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, იგორი, გვარის დასახელებისგან თავს იკავებს. მისი თქმით, ყველა თავისუფალი ბელარუსი 27 ივლისს ზეიმობს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მთელ მსოფლიოში, ბელარუსში მყოფებს კი არ შეუძლიათ საკუთარი აზრის გამოთქმა და მხოლოდ შინ ზეიმობენ დღესასწაულს, ოჯახებში:

„ბელორუსში დიდი რეპრესიებია, მათ შორის მეც რეპრესიების გამო მომიწია ბელორუსის დატოვება. პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული ჩემს წინააღმდეგ, ეს ნონსენსია, მშვიდობიანი მარშით გადავადგილდებოდით ბელორუსში და დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, რადგან ვეხმარებოდით სხვა ადამიანებს“.

იგორი, ბელორუსის მოქალაქე

იგორი განმარტავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო ქვეყნებში მცხოვრებმა ბელარუსებმა გამოთქვან საკუთარი აზრი და  ბელარუსში მყოფი თანამოქალაქეების აზრიც, რადგან მათ იქ  თავისუფალი თვითგამოხატვის უფლება შეზღუდული აქვთ.

ამავე თემაზე:

ბელარუსში 8 წელი მიუსაჯეს ჟურნალისტს, რომელმაც აქციის დარბევა გააშუქა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: