მთავარი,სიახლეები

როგორ ამუშავებენ პლასტმასს ოზურგეთის ინოვაციურ საამქროში ახალგაზრდები

20.07.2022 • 2019
როგორ ამუშავებენ პლასტმასს ოზურგეთის ინოვაციურ საამქროში ახალგაზრდები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ერთი უცნაური საამქროა. აქ ნებისმიერ მსურველს სასურველი ფორმის სამგანზომილებიან ნივთს, ფიგურას დაუმზადებენ უმოკლეს დროში, ბიოდეგრადირებადი პლასტმასის მსგავსი მასალისგან. ამისთვის ერთადერთი რამაა საჭირო: დამკვეთს ზუსტად უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, როგორი ფიგურის ან რა საგნის დამზადება სურს სამგანზომილებიანი ფორმატით.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2021 წელს საბა სირაძეს და დათა ვაშაყმაძეს მეგობარმა, ვახტანგ დოლიძემ უამბო დანადგარების შესახებ, რომლითაც ნარჩენების გადამუშავება და მაღალი კომერციალიზაციის პროდუქტების დამზადება შეიძლებოდა.

საბამ და დათამ ამ იდეაზე ბევრი იფიქრეს – ეკოლოგიურ სარგებელზე, რასაც ეს  დანადგარები მოიტანდა საზოგადოებისთვის და იდეის ბიზნესპოტენციალზე.

ბიჭებმა პროექტი დაწერეს და მალევე, 2021 წლის გაზაფხულზე, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ გამოცხადებულ სოციალური ინოვაციების კონკურსში შეიტანეს.

საბას, დათას და ვახტანგის პროექტი ამ კონკურსზე 5 გამარჯვებულიდან ერთ-ერთი იყო.

30 ათასლარიანი გრანტით ბიჭებმა 5 ერთეული 3D პრინტერი და ერთი მცირე მასშტაბის პლასტმასის გადამამუშავებელი დანადგარი იყიდეს.

„დარგი, რომლითაც დავინტერესდით, რთული, ძვირადღირებული მიმართულებაა და დიდ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მოითხოვს. „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ წარმომადგენლებმა დაინახეს ჩვენში იმის პოტენციალი, რომ თეორიულ ცოდნას  პრაქტიკულად განვახორციელებდით.

დათა ვაშაყმაძე და საბა სირაძე 3D პრინტერით სამგანზომილებიან ნივთებს ამზადებენ

ბევრ სირთულესაც წავაწყდით პრაქტიკული მუშაობის პროცესში და კონცეფცია ნაწილობრივ შევცვალეთ: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პლასტმასის ნარჩენების კიდევ უფრო დიდი რაოდენობით გადამუშავება დავიწყეთ.

თუ 6 თვის წინ თვეში მხოლოდ 50 კილოგრამ პლასტმასას გადავამუშვებდით ახლა ეს რიცხვი 100-დან 200 კილოგრამამდეა.

ვგეგმავთ კიდევ უფრო დიდი წარმადობის დანადგარების შეძენას, რომელიც გარემოსთვის მავნე პლასტმასას ბიოდეგრადირებად პლასტმასის მსგავს მასალად გარდაქმნის“ – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი, საბა სირაძე.

საბას თქმით, დიდი პრობლემაა საქართველოში ნარჩენების სეპარირების კულტურის ნაკლებობა.

იგი პროექტის თანაავტორებთან ერთად გეგმავს შეხვედრებს მოსახლეობასთან, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებამდე მიიტანოს ინფორმაცია, თუ რა მნიშვნელობა აქვს ნარჩენების დახარისხებას.

პროექტის ავტორები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სეპარირებული ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნების დადგმასაც გეგმავენ.

„თუ გვექნება დანადგარი, რომელიც სამიდან ხუთ ტონამდე პლასტმასის ნარჩენს გადაამუშავებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მივიღებთ საწარმოს, რომელიც ნარჩენისგან შექმნის მაღალი კომერციალიზაციის უნარის მქონე პროდუქტებს, შესაბამისად ფიზიკურ პირებს კონკრეტულ სარგებელსაც შევთავაზებთ, დამატებითი ფინანსური მოტივაციის წყაროც კი შეიძლება გახდეს ჩვენი საწარმო მუნიციპალიტეტში, ადამიანები შეიძლება დასაქმდნენ“ – ამბობს საბა სირაძე.

პლასტმასის გადამამუშავებელი დანადგარი

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის კონკურსის გამარჯვებულებს ონლაინმაღაზიაც აქვთ, რომელსაც სოციალურ ქსელში იპოვით სახელით „3დ საამქრო“. გრანტით შეძენილი პრინტერებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია სამგანზომილებიანი სასურველ ნივთი ან გამოსახულება შეუკვეთოს საწარმოს.

როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, ჯერჯერობით გაყიდვები მათი ძლიერი მხარე არ არის და მოცემულ მომენტში თვეში სიმბოლურ რაოდენობას, 1000-1500 ლარის პროდუქციას ყიდიან, თუმცა მომავალში პროდუქციის გამრავალფეროვნებით ამ მაჩვენებლის გაზრდას გეგმავენ.

დათა ვაშაყმაძეც პროექტის ერთ-ერთი ავტორია. ის გვეუბნება, რომ საინტერესო პროცესია 3D პრინტერით ფიგურების დამზადება, თუმცა დათა თანამოაზრეებთან ერთად გეგმავს პლასტმასის გადამუშავების შედეგად სხვადასხვა პროდუქტი შექმნას, რაც სხვა ბიზნესებისთვის იქნება საინტერესო, როგორც ნედლეული – მაგალითად, პლასტმასის გრანულები.

„ჩვენი პრინტერებისთვის ფიგურების დასამზადებლად რამდენიმე ტიპის ძაფი გამოიყენება, ეს ძაფი ძალიან მოთხოვნადია მსოფლიო ბაზარზე. ერთ-ერთი ასეთი ძაფი სიმინდისგან მზადდება და პლასტმასის ალტერნატივად მიიჩნევა.

ამ ძაფის დამზადებაც შედიოდა ჩვენს გეგმებში, რომ საჭირო ნედლეულისთვის ცალკე ფული არ დაგვეხარჯა, თუმცა საჭირო ხარისხის ძაფის დამზადება ჩვენი დანადგარით გამორიცხულია, ვერ ხერხდება.

დათა ვაშაყმაძე

მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი მოიხმარს 3D პრინტერებისთვის საჭირო ერთგვარ კატრიჯ-ძაფს. ბაზარზე მთავარი მომწოდებლები არიან ჩინეთი, ამერიკა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. ამ ბაზარზე შესვლა ჩვენი სამომავლო პერსპექტივაა, ჩვენი ბიზნესის განვითარებას ამ მიმართულებით ვგეგმავთ, ეს ძაფი უნდა ვაწარმოოთ. თუმცა კარგი ხარისხის ამ ძაფის საწარმოებლად ახალი დანადგარია საჭირო, რომლის ღირებულებაც ცალკე 30 ათასი დოლარია.

3D პრინტერისთვის აუცილებელი ერთი კილოგრამი ძაფის საბაზრო ღირებულება გლობალურ ბაზარზე 20-30 დოლარია“ – ამბობს დათა ვაშაყმაძე.


პროექტი „3დ საამქრო“ დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სოციალური ინოვაციების პლატფორმის პროგრამის ფარგლებში, ჰეკს/ეპერ სამხრეთ კავკასიის მხარდაჭერით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: