მთავარი,სიახლეები

ბათუმში ჩამოვიდა 72 წლის ქალი, რომელიც იტალიიდან ჩინეთში ფეხით მიდის

13.10.2022 • 2746
ბათუმში ჩამოვიდა 72 წლის ქალი, რომელიც იტალიიდან ჩინეთში ფეხით მიდის

„მე აპრილიდან მოვდივარ ფეხით იტალიიდან, ვაპირებ 15 ქვეყანა გავიარო და 2025 წელს ჩავიდე პეკინში,“ – ლაღი და გადამდები ემოციით გვეცნობა 72 წლის ვენა კამაროტა, რომელსაც მოგზაურობაზე სალაპარაკოდ ბათუმის ერთი პატარა კაფე შეურჩევია, ტროტუარის მოაჯირთან მიდგმულ მაგიდაზე გაუშლია მარკო პოლოს ისტორიული რუკა. ისტორიულ რუკაზე შავი წყვეტილითაა აღნიშნული პოლოს გზა ვენეციიდან პეკინამდე.

ცნობილი მოგზაურის მარკო პოლოს ისტორიული გზა საქართველოზეც გადის. „ეს აბრეშუმის ისტორიული სავაჭრო გზაა, ყველა ქვეყანა ძალიან საინტერესოა, სადაც ვიყავი და სადაც კიდევ აღმოვჩნდები,“ – რუკას თვალს არ აშორებს ვენა კამაროტა, თითქოს პირველად ხედავსო.

ახლა ვენა კამაროტა ბათუმშია და ამბობს, რომ უბრალო ადამიანების ცხოვრება აინტერესებს, ყოველდღიურობა, განსხვავება კულტურებს შორის.

ვენასთვის გვერდითი სუფრიდან უკვე შეუთავაზებიათ ჭიქა შავი ღვინო. ქართული არ მესმის, მაგრამ თქვენ მოსვლამდეც გვერდით სუფრასთან მსხდომების ქართულად საუბრის ჟღერადობას ვაკვირდებოდიო, გვიზიარებს ვენა და შემდეგ მარკო პოლოს ჩანაწერს გვიკითხავს საქართველოს შესახებ:

„ქართველები მამაცი მებრძოლები არიან, კარგი მეომრები ბრძოლის ველზე… კარგი მშვილდოსნები არიან, მოკლე თმას ატარებენ“, – კითხულობს კამაროტა წიგნიდან გამოთქმით და ემოციით ინტერესდება: ვის როგორ მოსწონს მარკო პოლოს ნათქვამი ქართველებზე.

„გავიგე, რაც მითხრეს, სახლში დამზადებული ღვინოაო,“ – დასძენს ვენა ღვინოზე და ისევ გაშლილ, გრძელ რუკას უბრუნდება, მაგიდაზე რომ ვეღარ ეტევა, რუკის ერთი ნაწილი ტროტუარს ეფინება.

„მარკო პოლო ვენეციიდან გემით პირდაპირ თურქეთში ჩავიდა, მე კი ცოტა შევცვალე ეს მარშრუტი,“ – ვენა რუკაზე გვაჩვენებს, რომ პოლო თურქეთიდან სომხეთში გადავიდა და ისე განაგრძო გზა ჩინეთისკენ.

ვენა კამაროტა

„მარკომ უკან გზაზე ნახა საქართველო, მე კი უკვე ვნახე,“ – იღიმის ვენა და განმარტავს, ბალკანეთის ქვეყნები მაინტერესებდა და ამიტომაც გადავუხვიე მარკო პოლოს გზასო. „ამიტომაც მე გემით არ წავედი და იტალიიდან სლოვენიაში გადავედი, ვიყავი ხორვატიაში, სერბეთში, ბულგარეთში და ისე ჩავედი თურქეთში,“ – თითებით ითვლის ვენა ქვეყნებს, რომლებიც ფეხით მოიარა და ხელახლა შლის თითებს, რომ გვაჩვენოს, რამდენი ქვეყანა დარჩა გასავლელი ჩინეთამდე.

„აქედან წავალ აზერბაიჯანში, მერე ირანი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, მონღოლეთი და პეკინში ჩავალ… მთავარია, ადამიანების ცხოვრების და ემოციის გაგება, კულტურა, განსხვავება ადამიანებს შორის, რომელიც პოზიტივით გავსებს,“ – გვიყვება ვენა.

„მართლა სულ ფეხით დადის?“ – კითხულობს ლია ეჭვიანი სახით, ნამცხვრებიან დახლთან დგას მდუმარედ და თან ჩიტებს პურის ნამცეცებს უყრის.

„ძირითადად ფეხით დავდივარ, ზოგჯერ ვიყენებ მხოლოდ ავტობუსს,“ – კაფეს მზარეულს გაჰყურებს ვენა და პაუზის შემდეგ ამატებს:

„როცა ფეხით ბევრს დადიხარ, სხვანაირად გრძნობ თავისუფლებას, სუნთქვაც სხვანაირი ხდება, სხეულს გრძნობ… ფეხით სიარულს ყველაზე დიდი, პოზიტიური გავლენა აქვს ტვინზე.

მთავარია, კარგი ფეხსაცმელი გქონდეს, ხილის ჩირი და თხილეული,“ – სიცილით ასრულებს თხრობას მოგზაური.

ვენა კამაროტა ამბობს, რომ მარკო პოლოს გზის გაცოცხლება მას შემდე გადაწყვიტა, როცა უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო.

„ვინც ომს იწყებს, ყველა დამარცხებულია, ესაა ჩემი მოგზაურობის გზავნილი,“ – განაწყენება ეტყობა ვენა კამაროტას რუსეთის გამო, რუკას ისევ გრაგნილის ფორმით კეცავს და ვიდრე ჩანთაში დააბრუნებს, ამატებს, აპრილის 24-ში წამოვიწყე ეს მრავალწლიანი მოგზაურობაო.

„იცით, ბათუმში ყველაზე მეტად „ალი და ნინოს“ ქანდაკება მომეწონა. ეს ქანდაკებაც მშვიდობის სიმბოლოა, რომ ნებისმიერ მტრობაზე ძლიერი სიყვარულია,“ – აღნიშნავს ვენა.

მოგზაური ქალის თქმით, ქალაქებში ჰოსტელებში ჩერდება, სოფლებში კი – ოჯახების სტუმარია.

„კარავი არ მაქვს, არ მინდა მარტოობა, მირჩევნია, ადამიანები ვნახო, როგორ არიან… მთავარია არა ფული, არამედ კულტურა, როგორ ცხოვრობენ ადამიანები, როგორია სტუმარმასპინძლობა, მაგალითად, ანატოლიაში განსაკუთრებულად უყვართ სტუმარი,“ – გვიყვება ვენა კამაროტა, მარკო პოლოს გადაშლილ წიგნში რამდენიმე გვერდს ფურცლავს და ამატებს:

„ყველაზე რთული ჩემთვის ის კი არ არის, როგორ ვიღლები გზაში, მომშივდა თუ შემცივდა, არამედ ენის ბარიერი: ძალიან რთულია, როცა არ გესმის ადამიანების, ვუღიმი, ისინიც მიღიმიან. ვაკვირდები ადამიანებს, მათ ემოციებს, ეს მაბედნიერებს… განსაკუთრებით მაინტერესებს კულტურული მემკვიდრეობა, არქიტექტურა, ბუნება.

სამზარეულო ნაკლებად მაინტერესებს. ბათუმში ხარჩო მომეწონა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბათუმი გამორჩეულად სუფთა ქალაქია,“ – ისევ გვიღიმის ვენა კამაროტა.

„მუხლში ისეთი ჯანი მისცეს ღმერთმა, მარკო პოლოს გზა კი არა, მთელი მსოფლიო მოევლოს,“ – გვერდით სუფრიდან საუბარში გვერთვება კაცი. მეორე კაცი კი, ჩუმად წუწუნებს, არ უთარგმნოთ, მაგრამ რა ჯანი აქვთ ისე ამ ევროპელებს, ჩვენ ბულვარში ძლივს გამოვდივართო.

და ვენას ისევ უსხამენ ღვინოს. ვენას სათქმელი აქვს:

„სხვები ყიდულობენ ოქროს, ჩვენ ვყიდულობთ ღვინოს, მგონი, იტალიაში და საქართველოშიც ასეა,“ – იცინის მოგზაური და კაცებს მიმართავს, მრავალწლიანი მოგზაურობის დაწყებამდე ტიბეტშიც რომ მოგზაურობდა, პალესტინაში იყო, ისრაელსა და მადაგასკარზე.

„კიდევ ნიჩბოსნობა მიყვარს მდინარეზე ძალიან,“ – სიცილით ამატებს ვენა კამაროტა. ვენასთან მეეზოვე მიდის, ჯიბის დანით ვაშლს ოსტატურად აცლის კანს და ქალს აწვდის: „მოგზაური ყოფილა, დაღლილი იქნება, მოეწონება ჩვენებური ვაშლი,“ – მეეზოვე კმაყოფილია, სტუმარი მის მიერ მიწოდებულ ვაშლს რომ აგემოვნებს.

„დღეში რამდენ კილომეტრს გადის?“ – ინტერესდება მეეზოვე.

„დაახლოებით 15 – 20 კილომეტრი შემიძლია ვიარო ფეხით,“ – ამბობს ვენა და შემდეგ გვიყვება, რომ სამხრეთ იტალიაში წლობით ტურიზმის სექტორში მუშაობდა, იყო გიდიც.

„მყავს ოჯახი. ჩემი სამი შვილიშვილი მომენატრა ახლა ყველაზე მეტად,“ – დასძენს მოგზაური.

ჯამში ვენა კამაროტას გასავლელი გზა დაახლოებით 22 ათასი კილომეტრია. ვენა გზადაგზა იღებს ვიდეოებს, ფოტოებს, წერს დღიურებს.

„…საქართველოზეც დავწერ, ვაპირებ, რომ წიგნად გამოვცე ჩემი მოგზაურობის ამბავი. ჯერ ვერ გეტყვით, რას დავწერ საქართველოზე,“ – ამბობს ვენა კამაროტა, მარკო პოლოს წიგნს ხურავს, ჩანთაში აბრუნებს და გზას განაგრძობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: